ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2013


ჩემო სამშობლოვ

         
ჩემო სამშობლოვ, ხშირად ფრთხილად გისინჯავ მაჯას,
შენს გულისცემას ვუდარაჯებ სანამ ვიცოცხლებ,
დუშმანს უნდოდა გათიშვა და საერთოდ დაშლა
არ დაიჩოქებს, საქართველო, ყველამ იცოდეს!
თუმცა დიდგორი,ბასიანიც წარსულში დარჩა
წინ კიდევ დიდი ბრძოლა დაგვრჩა გადასახდელი,
რადგან ძნელია რეალობის გულგრილად აღქმა
დღეს კაცუნებმა მიითვისეს კაცის სახელი...
მე კუთხე კუთხედ დაგლეჯილი ქვეყნის შვილი ვარ,
სადღაა ცოტნე, სამეგრელოს დიდი მთავარი?!
ადრე გვიცავდა უძლეველი სამი თილისმა:
ღვთისმშობლის კალთა,რწმენის ძალა,დროშა თამარის!..
ხანი გავიდა... დრო აშუშებს ხშირად იარებს,
მაგრამ ულმობლად გვართმევს მაინც ყველაზე ძვირფასს
ბედის ბორბალი როგორც უწინ, ახლაც ტრიალებს,
სულის სიმდაბლემ დაგვანარცხა ზეციდან მიწას!
სანთელი იწვის, უმადურებს ბევრი გვაკლია,
თავს არ ვიწუხებთ და უფლისგან მოვითხოვთ შველას
თვალგახელილი ძილი ჩვენი დიდი ნაკლია
ნამუსზე ხელი ავიღეთ და აღარც რა შეგვრჩა...
კაცმა სიმტკიცე დაკარგა და ქალმა ღირსება
წინაპართა სისხლს და მათ სიტყვებს რატომ ვივიწყებთ?!
,,გაბრწყინდებაო ივერია“ როდის იქნება?
თუკი წუმპისკენ საკუთარი ნებით მივიწევთ!
                                                        20:45
                                                      22/08/13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები