 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 2 ოქტომბერი, 2013 |
გვიანი შემოდგომის საღამოხანია. ძლიერი ქარი ხეზე შერჩენილ შეყვითლებულ ფოთლებს აქეთ-იქეთ ფანტავს. გამვლელებს პირდაპირ სახეში აყრის, თანაც ონავარი ბიჭივით სტვენს. პარკში, ხის ძირში მწვანედ შეღებილ გრძელ სკამზე სიმპათიური მოხუცი კაცი ზის, თავი ქურთუკის სახელოში ჩაურგია, ღრმად ჩაფიქრებულს სახეზე ხან წყენა, ხანაც ღიმილი ეხატება. მოშორებით სკამზე ახალგაზრდა ქალი ზის, მალ-მალე საათზე იყურება, აშკარად ეტყობა რომ ვიღაცას ელოდება. ქალმა მოხუცს გახედა. იგი თვალებს ისრესს. ქალი ვერ ხედავს ცრემლს იწმენდს თუ ქარისგან მიყრილ მტვერს. ისეთი კეთილშობილური გამომეტყველება აქვს, რომ სურვილი ებადება ახლოს მივიდეს და გამოელაპარაკოს. გულმა არ მოუთმინა მის სკამზე გადაინაცვლა და საღამომშვიდობისა უსურვა. მოხუცმა ცრემლიანი თვალებით ამოხედა, სალამზე უპასუხა. ქალი გაიყუჩა. მოხუცი თვითონ გამოელაპარაკა. -ელოდებით ვინმეს? -დიახ, მეგობარ ქალებს ველოდები....თქვენ?- კითხვა დაუბრუნა ქალმა მაშინვე. -მე შვილო ორმოცი წელია ველოდები ერთ ქალბატონს, მაგრამ ამაოდ. ქალს მიამიტად გაეცინა, მოხუცი მოიღუშა, აგრძნობინა, რომ არ ხუმრობდა. მართლა ელოდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს. ბოლო პაემანი აქ ჰქონიათ ამ პარკში დათქმული და მას შემდეგ რაც ამ ქალაქში დაბრუნდა, თითქმის ყოველ დღე შემოდის აქ, ერთ და იმავე დროს, ქარია, წვიმაა, თუ თოვლია და ელოდება მას ასე დაუსრულებლად. -კი მაგრამ მისამართი არ იცით?!- ცოტა გაოგნებულმა ჰკითხა ქალმა -არა! უმისამართოდ შემიყვარდა, შეაყოვნა პასუხი კაცმა. - სახელად ლონდა ჰქვია - დაუმატა ბოლოს. ქალმა მხრები აიჩეჩა და მოხუცს დააკვირდა. ”რა მოხდენილი იქნებოდა ახალგაზრდობაში, ნეტავი რა მოხდა მის ცხოვრებაში? იქნებ მოვიძიო კიდეც- გაიფიქრა გულში -ელოდე ძია-კაცო, იქნებ მოვიდეს კიდეც -ესღა უთხრა და მხრებზე მოწიწებით შეახო ხელი. მოხუცი ცოტათი მოხალისდა, თვალებში შუქი ჩაუდგა. რატომღაც მოუნდა ამ უცხო ქალისთვის გადაეშალა გული. წლობით ნაფიქრალი ამოეთქვა და გაენთავისუფლებინა დაღლილი სული. -ვიცი არ მოვა, მაგრამ ლოდინი მირჩევნია იმ აზრის შეჩვევას, რომ არასოდეს მოვა. -თქვა ხმადაბლა. ქალს გული ეტკინა. ჩააფიქრა მოხუცის ნათქვამმა. ’რა უცნაური მოხუცია, როგორ დამაინტერესა მისმა ცხოვრებამ” ამ ფიქრში იყო, რომ მეგობრების ძახილიც შემოესმა. სწრაფად წამოდგა, მოხუცს ჯანმრთელობა უსურვა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა მათკენ. -ლოდინი იმედია! მიაძახა უფრო სწორად დაუყვირა მოხუცმა, რომ შორს წასული ქალისთვის ხმა მიეწვდინა. -ლოდინი იმედია! -გაიმეორა ამჯერად მშვიდად, თითქმის ჩურჩულით. ”ლოდინი დამტანჯველი, ლოდინი დამქანცველი, ლოდინში იმედი ცოცხლობს” აეკვიატა ეს სიტყვები ქალს. ”ღმერთმა ლოდინის იმედი და ძალა არ მოგიშალოს საოცარო მოხუცო” ჩაილაპარაკა ქალმა და ჩაფიქრებული მეგობრებს შეუერთდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია. წარმატებები ავტორს 5. კარგია. წარმატებები ავტორს 5.
2. ეს მგონი იდო უკვე. დადეთ გაგრძელება. ) ეს მგონი იდო უკვე. დადეთ გაგრძელება. )
1. თუ დაგაინტერესებთ გაგრძელებას დავდებ. თუ დაგაინტერესებთ გაგრძელებას დავდებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|