ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2013


მგელთა ისტორია

ამბავი მოდგმისა, რომელთა ნაშიერებს დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წააწყდები. უსაშველოდ დანატრულებს თავიანთ მთა–გორიან, კლდოვან და მწვანედ შეფოთლილ მშობლიურ სამკვირდროზე, რომელიც ჟამთა დინებაში უმოწყალოდ გაუკაფავთ, თუმცაღა შავბრჭყალოსანთა ხელახლა გამოჩენის შიშით, უცვლელად დაუტოვებიათ იმ პატარა ალაგის სახელი – სამგელეთი.


ისინი მგლები იყვნენ, ღამედალეული, მრისხანე თვალებით
და მათი ლეკვებიც იყვნენ უმტკიცესნი სხვა დანარჩენ ლეკვთა.
მათგან თითოეული კლდეებზე ილესდა ბრჭყალებს გამალებით,
ბრძოლის წინ ზეცას და მრავალათასწლოვან მუხას იფიცებდა.

შემდეგ ძილგამწყრალნი ხროვად დარაჯობდნენ კუთვნილ იალაღებს
და მათი ყმუილი ჟღერდა ტყის გულიდან მზისფერ უდაბნომდე.
დღემდე უფრთხიან, რომ მგელთა ნაშიერი ხვალაც იამაყებს
და მათს არსებობას ბებერ ქარაფებში ახლაც უნდა გრძნობდე.

მაგრამ სანამ მგლები საკუთარ სამკვიდროს იცავდნენ კბილებით,
ლეკვებს სტაცებდნენ და მერე გასაყიდად სად აღარ გაჰყავდათ...
თბილი ხორცით მაძღარ დედის დალოცვილი რძით გამოზრდილები,
ცოტანი იყვნენო, თუმცაღა ბრძოლაში ბადალი არ ჰყავდათ.

ბუნების რჩეულნი ვაზით და  ბზის მადლით ირჩენდნენ ტკივილებს
მტერიც ბევრი ჰყავდათ სამხრეთის მელა თუ სტეპების აფთრები,
იმდენნი ყოფილან ჰოი, მგლის მუხლიც კი დაღლას რომ იჩივლებს...
სისხლი ისე ჩქეფდა, ცქერით კი არა და სუნით რომ დათვრები.

მგლებმა უთვალავნი ლეშის და გვამების გორებად დათვალეს,
ჯერ ერთნი გაწყვიტეს, მერე მათ სხვა მოჰყვა და მერეც შემდეგი,
ბოლოს დაღლილებმა ვეღარ გათვალესო და აღარც აცალეს,
ყველა უმოწყალოდ დაგლიჯეს და მაინც, რა იყო შედეგი –

სანამ აღმოსავლურ ტურებს გაუმკლავდნენ, მოხდა უცაბედად,
მგელთა ბუნაგებზე ჩრდილოურ დათვებმა დაბერტყეს ტორები,
მშიერი ლეკვები წინაპრის სისხლშემშრალ ბრჭყალებს ლოკავენ და
იალაღებზე კი მუხას ფესვს აგლეჯენ ცხვრები და ღორები. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები