ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2013


მადმუაზელ...

ბილბორდების ქალაქში და ბრდღვიალა სტენდების,
შორ სამებას რად უმზერ, აქ რად გიკვირს, მადმუაზელ?!
უკვე აღარც თამაშობ, ორი დილა თენდება
არ გბეზრდება, მადმუაზელ! გიფიქრია ამაზე?.

აქ წითელი კაზინო, იქ თბილისის ელიტა,
შენ კი ახლა მოგინდა ერის წარსულობანა...
შემოგაკლდა ,,ხაზიანა''? თუ მგზავრობას ვერ იტან?
მიპასუხე, მადმუაზელ, მიპასუხე, რომ ბანა-
ლურობას მიჩვეულმა თავი აღარ ვიმტვრიო,
ვიტრინების გასწვრივ რას, რას უყურებ კაფედან...
ქართლის დედა, მეტეხი, ნარიყალა- ეს ტრიო
დაივიწყე, მადმუაზელ, მომაშორე აქედან!

მომეჭიდე, წავიდეთ, ფრანგულ ცეკვებს ვუყუროთ,
ყელში ამომივიდა ეს დოლი და გარმონი!
ყარაჩოღლის შალახო, სადღეგრძელო თუ ხუროთ-
მოძღვრებებით ტრაბახი და ყანწების ამბორი!
წამომყევი მადმუაზელ, ნამდვილ თბილისს გაჩვენებ!
გაჩეჩილი თმებით და.. კლუბებით... და ბარებით...
ბარემ კრუასანებით ვივახშმოთ და გაჩერე-
ბაზე გამოგიტყდები თუ როგორ მეყვარები...

უკვე აღარც კი მისმენ... სკამიც შეარტიალე...
შემოგნატრი, შენ კიდე იმ ჩოხიანს ახარებ!
ეს ხომ თბილისობაა, ერთი თეატრი! ალე-
სილი ვზივარ და ვფიქრობ ასე რად დავახანე
მივმხვდარიყავ, მადმუაზელ, შენი ცივი ტონი და
დავითრგუნე... მადმუაზელ, ამეთრთვილა თვალები...
მრცხვენია რომ შენ გქვია ფრანგი ქალბატონი და
მე ტყუილად გეგონე პატრიოტი ქართველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები