ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2013


სერაფიტა

” მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის ვინც იყო… არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით, და გარდაიცვალა 21 წლისა.” - არმაზის ბილინგვა

**********

სევდაა სასახლეში.
პიტიახშს კერპები უარჰყვია.
ყველაზე დიდი კერპი, შვილის კერპი, სიკვდილს ეზრახება.
მხედრები უფრენიათ იბერთ კუნჭულებში - დოსტაქრის საძიებლად.
- ქალი უკვდებაო, კერპი ინგრევაო ზევახისა!

ბჭენი საიმედოს გამოჩენის ნებით მოსილია.
- მკურნალს ხელს უშლისო ნადირთ სიმრავლე და გზათა იწროება.
მთელი დედაწული ახლა სასწაულის ლოდინშია.
ავის ნიშანია, ტბანი დაუტევეს კარის წეროებმა.

ფარეშთ უმზადიათ ქალის ნივთები და ვაშკარანი.
სამარხს სიმდიდრე და ოქრო ეკადრება პიტიახშთა.
ჭირთა დროებისას ზოგნი გამხდარანო აშკარანი,
კარზე უკეთურთა ავი სიტყვა თქმანი გაიმართა.

ყრიან ზვარაკები. კერპებს ეხეთქება მათი გულისწყრომა.
ყრიან ზვარაკები. კერპებს არაფერი ედარდებათ.
- ყველა შესწირაო, რაც კი ებადაო გულისსწორმა.
კერპებს არ ჰქონიათ თურმე სიყვარულის შებრალება.


სველი ენქერი და სატრფოს ცხელი შუბლი ხელთ არ გაუშვია
უქეს სიყვარული იოდმანგანს – უქეს სიმძიმილიც.
კაცი იქამომდე გულმაგარია და მხარბეჭჩაუქია,
სანამ საყვარელი ქალი გაუქრება ღიმილივით.

დღენი ქრებიანო, დრონი გადიანო რა იოლად.
როგორც ზმანებამ და ქართა აბორგებამ ისე ჩაიარა,
წელმა ოცდაერთმა ნატვრის ვარსკვლავივით ჩაიქროლა.
ქართლის გოჯ მიწაზე, თითქოს სხვამ იარა მან კი არა.

ურვაა სასახლეში.
კერპებს პიტიახში უარჰყვიათ.
მათზე დიდი კერპი, შვილის კერპი, სიკვდილს ეზრახება.
მხედრები უფრენიათ იბერთ კუნჭულებში - დოსტაქრის საძიებლად.
- ქალი უკვდებაო, კერპი ინგრევაო ზევახისა.
- მიდისო!
- გვტოვებსო!
- კვდებაო!
კერპზე ლამაზი
და
კერპზე დიდებული,
ქალი – სერაფიტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები