 | ავტორი: ცალუღელა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 ნოემბერი, 2008 |
მის დეკორატიული ხვიარებით დამშვენებულ სახლს ფერფლი ავადაც აქვს დაცდილი და კარგადაც... თბილისის ომმა ბატონი ვახუშტის არქივი, უნიკალური ხელნაწერები შეიწირა... მის სამზეოსთან გამოთხოვებისას ისევ იწვოდა ყველაფერი და ბატონი ვახუშტის ეს ლექსი გამახსენდა: „როცა ყველაფერი იწვის, ისე, როგორც წკირი წიწვის, იწვის წიგნი, იწვის ხატი, წარსული და აწმყო იწვის, როცა დგება აღზევება ღვარძლის, სულიერი სიძვის, როცა ტყვიის წვიმა დასწვიმს ჯვარს, ქაშუეთს, ილორს, ყინწვისს, როცა იწვის ყველაფერი, თავად რწმენა ცის თუ მიწის, მაშინ შეგვეწიე ღმერთო, როცა ყველაფერი იწვის.~ ერთხელ მითხრა, ჩემი მანქანა მთაში ვეღარ დადისო, მაგრამ `გამოუსწორებელი~ ოპტიმისტი იყო... თბილისის ომის დროს, ფშაველ-ხევსურ სახალხო მთქმელების წლობით ნაგროვებ-ნალოლიავები ლექსები მის კერასთან ერთად დაიწვა, ჩაიფერფლა... მისი სიცოცხლის მიმწუხრი კი თბილისი-მოსკოვის ქარ-ცეცხლიან ომს დაემთხვა... „მუხა ნამეხარი იყო, უფოთლო, უარაფრო...“ ვახუშტი კოტეტიშვილის ღვაწლი ქართულ ლიტერატურაში ფასდაუდებელი რომ არის, დიდი ხანია, ცნობილია. მან ირანულიდან შესანიშნავად თარგმნა ჰაფეზის, ომარ ხაიამის, აბდორაჰმან ჯამის პოეტური ნაწარმოებები. საუკეთესო მხატვრული თარგმანების გამო ირანმაც დააჯილდოვა. ჩვენ კი, უბრალო ფშავლებს თუ ხევსურებს, ბატონი ვახუშტი ჩვენი ფოლკლორის თავდაუზოგავი ქომაგობისთვისაც გვიყვარს და კიდევ იმიტომ რომ საოცრად თბილი, უბრალო და უშუალო, დიდებული პიროვნება გახლდათ. ფშაველი სახალო მთქმელი, ივლიტა შავერდაშვილი მეტყოდა ხოლმე, ვახუშტი მთაში რომ ამოვიდოდა, ჩემი `შკაფიდან~ დამბალ ხაჭოს გამოიღებდა და ცხელ ერბოიან ტაფაზე უკითხავად ჩაფშვნიდა, ისე ახლობლად ვთვლიდიო. ბატონ ვახუშტის ეს რომ ვუთხარი, გაიცინა: _ ივლიტა ფოლკლორულ საღამოზე გავიცანი. საოცარი პიროვნება იყო. ფშაური სილბო ჰქონდა. ერთხელაც მის სანახავად ავედით... მეხსისრებაში ჩამრჩა საოცარი სურეალისტური პეიზაჟი: ივლიტას სახლის უკან, ცოტა მოშორებით მუხა იდგა... მუხა ნამეხარი იყო, უფოთლო, უარაფრო... შავი. ეს სიშავე მუხას რაღაცნაირ მისტიკურ სიდიადეს მატებდა. ივლიტას ორსართულიანი სახლი ჰქონდა და გომურში შეგვიპატიჟა. ვკითხეთ, ქალო, აქ რა გინდა, რატო დიდ ოთახში არა ცხოვრობო. იქ, დიდ ოთახში საქონელი მყავ, ისინი ბევრნი არიან და აქ იმიტომ ვარო. ესეც ნიშანდობლივი იყო მისი კეთილი ბუნებისა რომ შინაური ცხოველისთვის და ფრინველისთვის უკეთესი პირობები შეექმნა და თავად უარეს პირობებში ეცხოვრა. სამწუხაროდ, მე რაც მქონდა შეგროვილი, სახლი რომ გადამიწვეს, მაშინ განადგურდა მთელი ჩემი არქივი. ივლიტას გარდაცვალების ამბავი გვიან გავიგე... ძალიან თბილად მახსენდება იოსებ გარაშვილი. თიანეთში რაიკომის მდივნად ჩოხელი რომ დანიშნეს, მითხრა, ასეთი ლექსი გამოვუთქვიო: რა გააკეთე, ჩოხელო, რაც თიანეთში მოხველო, კრანებში წყალი დაგვიშრე ჩემანატ...ვის ოხერო!(იცინის) ლექსობის, კაფიაობის დროს ეგეთი რამეები ჩვეულებრივ მოდიოდა. ფშაველ კაცს დედა რომ შეაგინო, თავს გაგიხეთქავს, მაგრამ ლექსში თუ შეაგინე და იმას ეწყინა, ესე იგი, დამარცხდა იმიტომ რომ თუ ერთი ადგილი აქვს, უნდა გიპასუხოს... _ ბატონო ვახუშტი, რა ხდება ქართულ ფოლკლორში, ვინმე კიდევ წერს რამეს? _ რა ვიცი! ვიცი?! იმის საშუალებაც კი არა მაქვს რომ ბენზინი ვიყიდო და მანქანაში ჩავასხა. ჯერ ერთი, ჩემი მანქნა მთებში ვეღარც ივლის ეხლა! აბსოლუტურ ვაკუუმში ვარ! აღარც ის კორესპონდენტები მყვანან, ვინცა მყავდნენ და მასალებს მაწვდიდნენ. აბა, მარტოკა მე რას გავწვდებოდი! ყოველ რაიონში, სოფელში, ასე ვთქვათ, ჩემი კაცი მყავდა... დაიხოცნენ, აღარ არიან.. იოსებ ჯუთაშვილი იყო ქვემო ქედში, არაჩვეულებრივი კაცი, ქვეყნის მასალა მომაწოდა, გარდაიცვალა, აცხონოს ღმერთმა... ბევრი საერთოდ გახიზნულია ლუკმა პურისთვის და უცხოეთში შავ სამუშაოს ასრულებს... იცით, რაშია საქმე? მე არა ვარ პესიმისტი კაცი! ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს მოევლება, მათ შორის ფოლკლორსაც! მთავარია, არ გადავგვარდეთ! ფშაურ ლექსსა და იუმორს სულ სხვა მუღამი აქვს. ეს უნდა იცოდე თორემ გეგონება, სერიოზულად ლაპარაკობს კაცი. თიანეთის ერთ-ერთ სოფელში ვართ. მასპინძელი შინ არ დაგვიხვდა. დაგვხვდა ქვრივი ქალი. დატრიალდა, სუფრა გაგვიშალა რომ ოჯახი დაგველოცა. მოგეხსენებათ, შინ კაცი თუ არ არის, მამაკაცების სტუმრობა ქალისთვის ცოტა უხერხულია. მეზობელ კაცს დაუძახა რომ იმას გაეწია მასპინძლობა ჩვენთვის. `ჩაგვედრასტა~ ის კაცი... დავიწყეთ, აბა ჟიპიტაური, აბა დამბალ ხაჭოს ერბო-ხაჭო, ხინკალიც მოიხვა და... ამ კაცმა დაიწყო, ძალიან კეთილი გული მაქვსო, ტრაბახით არ ვიტყვიო, ქათამი არ დამიკლავსო, ჩიტი არ მამიკლავსო. საქონელზე ლაპარაკი ზედმეტიაო. მარტო ერთი დათვი მყავ მოკლული და ერთიც ხევსურიო! ხევსურები ნადირებად გამოიყვანა! დავიხოცენით სიცილით... ალექსიც იქა მყავდა, ისიც ხომ ხევსურია და მოკვდა სიცილით...
„ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას“ ფშაური ხასიათის სილბოც იცოდა, იუმორის მუღამიც... ქომაგიც იყო, ჭირის შემმსუბუქებელი თუ ლხინის მოზიარე, თუმცა თავად დიდ ტკივილს დაატარებდა, რომელსაც მზის ქვეშეთში შემსუბუქება არ ეწერა. მამამ უდროოდ სიყრმისშვილი, ცნობილი კინომოღვაწე, ტატო კოტეტიშვილი დაკარგა... `დილით მე გავუარე მანქანით. ის ჰოლანდიელი კოლეგების გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო გაჩერებული ფალიაშვილის ქუჩაზე. ყველანი სხვა მანქანებში ჩასხა. მე მამაჩემთან ჩავჯდებიო და მთელი გზა აეროპორტამდე ქართულ და რუსულ ლექსებს კითხულობდა ჩემი ხმით. _ მამა, ნუ ხარ დაღონებული, ფილმს დავამონტაჟებ და მალე დავბრუნდები. ამასობაში სახლიც დამთავრდება და საბოლოოდ დავბრუნდები სამშობლოშიო. გამომემშვიდობა და გაფრინდა. ეროპორტიდან ლექციებზე წავედი. შემდეგ სტუდენტური დღეების გამო ჩვენი ინსტიტუტის მიერ გამართულ კონცერტს დავესწარი, სახლში მობრუნებულს ჰოლანდიიდან დამირეკეს, ტატო ინფარქტით გარდაიცვალაო. ეს მოხდა 1997 წლის 16 მაისს. მთელი ცხოვრება ღმერთს იმას ვთხოვდი, ჩემიანის სიკვდილს ნუ შემასწრებ, პირველი, დაე, მე ვიყო მეთქი. არც ამაში გამიმართლა.~ (`მართალს ვიტყვი~) `მეუღლემ მითხრა: ` „_ იცი, წუხელ ტატო მესიზმრა, შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი, ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო...~ `ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხრჩოლავ სიგარეტს. რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა. ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი, შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად„. აკი ვთქვით, მის დეკორატიული ხვიარებით დამშვენებულ სახლს ფერფლი ავადაც აქვს დაცდილი და კარგადაც... ბევრის მომსწრეა ეს კედლები. ვახუშტის მამა 1937 წელს დაუხვრიტეს. `როდესაც კოტეტიშვილების სახლს ჯალათები მიადგნენ, დიდ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს მათთვის უთხოვია, _ შვილი დამასაფლავებინეთ და მერე ხომ არსად გაგექცევითო. თხოვნა, რა თქმა უნდა, ამაო გამოდგა და რამდენიმე დღის შემდეგ პატარა მანანას პროცესიას, რომელიც უკვე ხალხის მტრის შვილი იყო, მხოლოდ რამდენიმე კაცი მიაცილებდა... მაშინ, ოცდაჩვიდმეტში, ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟი, ვახუშტი მხოლოდ ორი წლისა იყო...~ ბატონი ვახუშტი არც მაშინ იყო პესიმისტი კაცი, როცა წერდა: `ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი პატარა ბორცვი~. გაგვიჭირდება მასთან სულიერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დიალოგების გარეშე, თუნდაც იმიტომ რომ `ვახუშტი კოტეტიშვილმა თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით შექმნა სამყარო, რომლის მსგავსი აღარასოდეს განმეორდება, რადგან მისი ამქვეყნად ყოფნა განპირობებული იყო არსებობის განსაკუთრებული ნიშნით – ერთადერთობით.“ (ივანე ამირხანაშვილი, `მისი ინტელექტუალური მისია~) ძალიან გაუჭირდება საქართველოს და ქართულ ფოლკლორს ბატონი ვახუშტის გარეშე. იმ საქართველოს, რომელმაც თავსდამყდარი უბედურების გამო ღირსეული მამულიშვილი ღირსეულად ვერ იგლოვა... ამ დიდებულ ადამიანზე სათქმელს, მოკრძალებული წერილი ვერ დაიტევს. როგორც ფშაველს და ქართული ფოლკლორის მოყვარულს, ყოველთვის მემახსოვრება ბატონი ვახუშტის შესანიშნავი ნათქვამი: `მინდოდა, ჩვენი მოქალაქეების მზერა ცოტა ხნით მაინც იქით მიმებრუნებინა, სადაც ჯერ კიდევ სწამდათ ანდრეზად თქმული, სადაც ჯერ კიდევ ბჟუტავდა მითოსურ ხილვათა მიმქრალი ნათელი, სადაც ჯიუტად ჩაბღაუჭებოდნენ ტრადიციული ხალხური აზროვნების ფესვებს და ჭერშეჭვარტლულ ქოხმახებში კვლავაც აჩხაკუნებდნენ ჯორაშეცერებულ პაპისეულ ფანდურებს, სადაც სიყვარულს ჯერ კიდევ სიყვარული ერქვა, ხოლო სიძულვილს – სიძულვილი. სადაც პირქუში მზერის ნაცვლად ფარისევლურ ღიმილს არ მოგაგებებდნენ და თუ გაგიღიმებდნენ, ეს უკვე ნამდვილი ღიმილი იქნებოდა და არა ღვარძლის ნიღბად სახმარი გრიმასა. მოდით, ჩავხედოთ ჩვენი ფოლკლორის უსასრულოდ ფერადოვან სამყაროს და მისგან ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც არ ვიცით, ან რაც ვიცოდით და დაგვავიწყდა: თუნდაც ღირსება, თუნდაც ერთგულება, თუნდაც სიყვარული...~
ლევან ცალუღელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მიყვარდა ბ-ნი ვახუშტი. მახსოვს ბავშვობაში დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მის მიერ მოწყობილ ფოლკლორის საღამოებს კარგი ხარ ლევან რომ გაიხსენე და გაგვახსენე ძალიან მიყვარდა ბ-ნი ვახუშტი. მახსოვს ბავშვობაში დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მის მიერ მოწყობილ ფოლკლორის საღამოებს კარგი ხარ ლევან რომ გაიხსენე და გაგვახსენე
5. „სიკვდილიც სევდა, ადამიანად არყოფნის სევდა...“ გოდერძი ჩოხელი. „სიკვდილიც სევდა, ადამიანად არყოფნის სევდა...“ გოდერძი ჩოხელი.
4. თბილი გახსენებაა. გაიხარეთ თბილი გახსენებაა. გაიხარეთ
3. ბრავო, ლევან! =D> 10 ბრავო, ლევან! =D> 10
2. გაიხარეე ლევან ამის გამოქვეყნებისთვის, კარგია ძალიან5 გაიხარეე ლევან ამის გამოქვეყნებისთვის, კარგია ძალიან5
1. მართლაც დიდი საქმე გააკეთა ბატონმა ვახუშტიმ, ნათელში იყოს მისი სული.
თქვენ კი , მადლობა მისი თბილად გახსენებისათვის :) 5 მართლაც დიდი საქმე გააკეთა ბატონმა ვახუშტიმ, ნათელში იყოს მისი სული.
თქვენ კი , მადლობა მისი თბილად გახსენებისათვის :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|