ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერეზა
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2013


"გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა"...

„გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა“....
ზამთარი შარშან წინ  შემიყვარდა..
საშინელი დეპრესია მქონდა და ძალიან მსიამოვნებდა ადრე დაბნელება...
არის  წუთები, როცა  გინდა გაქრობა, მაგრამ ისე, რომ არავის მიაყენო ტკივილი.
„არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ“ გა–ქრო–ბა.
როცა უბრალოდ ვეღარ დაგინახავენ, მაგრამ ეცოდინებათ, რომ არ მომკვდარხარ და ბევრსაც არ იდარდებენ...
მინდოდა ჩემს დარდთან მარტო დარჩენა, ადამიანების თვალებისგან შორს...
ამიტომ ღამეს ვაფარებდი თავს... და ვიყავით  „ მე და ღამე“...
ღამეები კი იყო  „თოვლიანი, წვიმიანი, ქარიანი...“ , მაგრამ ზურიკელასავით სიხარულის ცრემლები არ მდიოდა...და  საერთოდაც გადავეჩვიე ტირილს...
ტკივილზე ბევრი რომ არ მეფიქრა უფრო და უფრო ვიტვირთავდი თავს. ვმუშაობდი ბევრს ... და  ეჰ...„რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა“... კაშნეში ცხვირჩაყოფილი  სწრაფად მივაბიჯებდი ქალაქის მთავარ პროსპექტზე...
მინდოდა დავღლილიყავი და დაღლილობისგან მალევე ჩამძინებოდა სახლში მისულს...
ციოდა და  მსიამოვნებდა ზამთრის სუსხი ...
ვეწეოდი „იოლად მისაჩვევ“ თამბაქოს და ვგრძნობდი თუ როგორ თბებოდა „გულის ფსკერი“... ვუსმენდი სერგი გვარჯალაძის „Artifitial love” –ს…
ზოგჯერ საღამოობით ჩავდიოდი სიონში, ვჯდებოდი  კუთხეში, თავს ვადებდი კედელს და ვეთიშებოდი სამყაროს...  ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი და ვერც ვლოცულობდი, ერთადერთი  რასაც გულში ვიმეორებდი  იყო – „მიშველე, გთხოვ“...
სანთლები ლიცლიცებდნენ ხატების წინ. ისმოდა ტაძარში შემოსულთა ფეხის ხმა და ჩუმი ლოცვა–ჩურჩული...
„ათოვდა ზამთრის ბაღებს“....
ვქექავდი წიგნებს, ვავლებდი პარალელებს და მიხაროდა, როცა ჩემთვის ნაცნობ ემოციას წავაწყდებოდი სადმე.  თუმცა ცხადი იყო, რომ „არ არიან სიტყვები გრძნობისთვის“...
დილაობით ყავის ფინჯანით ხელში ფანჯრიდან გავყურებდი დათოვლილ ხეებს და სახლის სახურავებს...
“გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა“...
მერე ჩამოვიდა ბაია, ცოტა ხანში ანაც... მივდიოდით „კალა“–ში და ვუსმენდით ჯაზს... ვსვამდით ლუდს და დავცინოდით საკუთარ თავს...
ზოგჯერ დავდიოდი თეატრში ეკასთან ერთად, ვსაუბრობდი დიტოსთან ლიმონიანი ჩაის თანხლებით...
– იცი რას მივხვდი?  - მეუბნებოდა დიტო მომღიმარი სახით... - самая большая утешения это женщина… წარმოიდგინე, ადამი ედემის ბაღში ცხოვრობდა, ღმერთს ელაპარაკებოდა და მოიწყინა... ღმერთთან მოიწყინა აზრზე ხარ?!...
ვხვდებოდი დიკას და თამუნას...
ვიხსენებდით ვენას...
როცა ზამთარმა გადაიარა გავაცნობიერე,  რომ  გავზრდილვარ...
რომ ეს ტკივილი და სევდა ლამაზიც კი იყო...
და რომ ეს ტკივილი – სიყვარულია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები