ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
17 დეკემბერი, 2013


მუქთახორას

მუქთახორავ, ყურმოჭრილო
ყმავ და მონავ სიზარმაცის,
არ მოგბეზრდა დღე და ღამე
უქმობა და ქექვა ნაცრის?!

ჩამომჯდარხარ სხვის კისერზე,
დაგიღია ფართოდ პირი,
საყვედურებით აავსებ
თუ გაკადრა ვინმემ ძვირი.

არაფერი შენ არ მოგწონს
დახვალ მუდამ ბოღმით მთვრალი,
თითქოს შენთვის აეკიდოთ
მთელი ქვეყნის საფიქრალი.

მაინც ვინ ხარ ამისთანა
გამორჩეულ-თვალსაჩინო,
რომ ამბობ: "თუ გამაჩინეთ,
კიდევაც უნდა მარჩინოთ!.." ?!

თანაც ზედაც რომ გადაგყვნენ,
მაინც რჩები უმადური,
დადიხარ და იფხორები,
როგორც სოფლის ინდაური!..

შენი სიტყვის მარაგია:
"მინდა", "მომე", "ვარ" და "ვიყო",
ცოტა ტვინი გაანძრიე
და სხვისიც თქვი ერთხელ - ბრიყვო!

რადგან ისევ იმ სხვამ თუ არ
გიწილადა არაფერი,
შენი გაქანების კაცი
ხომ დარჩი მწყურვალ-მშიერი?!

(ძველისძველი ლექსი) :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები