ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2008


პურის პროცესია

პური მოიტანეს...  - გაიძახოდნენ სისუსტიგან ხმაწართმეული, დამშეული ბავშვები, რომლებსაც სიხარულის თავიც აღარ ჰქონდათ...
სატვირთო მანქანა გაჩერდა და ხალხს ცხელი პური მხოლოდ დაანახეს.
აფხაზი საჭესთან დაჯდა და მანქანა ნელა დაძრა...
პურის რიგში დგომისგან დაოსებული ხალხი გამოედევნა...
მანქანას არა, ალბათ პურის სუნს უფრო...
აფხაზი იკრიჭებოდა და სამგლოვიარო პროცესიასავით ჩამწკრივებულ გაწბილებულ დამშეულთ სოფელ ლიძავას მოედანზე წრეზე დაატარებდა...
იკრიჭებოდნენ სხვა აფხაზებიც და რიგში მწყობრად მიმავალთ შორიახლოს მდებარე შტაბიდან ამასხარავებდნენ...


                                                                              *  *  *

გოჩა ინწკირველის ოჯახს ჯერ კიდევ ზვიადის მოძრაობაში ყოფნის გამო დევნიდნენ. თბილისელი ნინო ლეჟავა სტუმრად იყო ძმასთან აფხაზეთში და გოჩა იქ გაიცნო...
ომამდე ერთი წლით ადრე, ივნისში დაქორწინდნენ.
ომის დაწყების დღეს გოჩა ადლერში იყო, მანქანით შინ ბრუნდებოდა, გაგრა მშვიდობიანად გამოიარა და ომის დაწყების ამბავი შემთხვევით, ლიძავაში გაიგო.
სოფლის შესასვლელში აფხაზებს უკვე შლაგბაუმი გაედოთ. 
-  მამაშენი გააჩერეს, უნდა გაგჩხრიკოთო...
ნინო ცდილობს ეს ამბავი ცრემლის გარეშე მოუყვეს შვილს, მამის მოსახელე გოჩას, რომლის ცრემლმომდგარი თვალები შავ ჩარჩოში ჩასმულ, მომღიმარი კაცის ფოტოზე ირეკლება...
შვილი ითხოვს, უნდა რომ ყველაფერი იცოდეს...
ბუხარში შეშა ავტომატის ჯერივით ტკაცუნობს...

                                                                                * * *   

- მამიდაშენი ბაზარში მუშაობდა და სახლში გამწარებული დაბრუნდა, ომი დაიწყო, ჩემი ძმა სად არისო... ცოტა ხანში აფხაზმა კარის მეზობლებმა შევიწროვება დაგვიწყეს.გვაყაჩაღებდნენ... ბებია ახალი გარდაცვლილი იყო. გარდაცვალებამდე მეზობელი აფხაზისთვის უთქვამს, იარაღი მაქვს საწოლის ქვეშ და თუ დაგჭირდეს, იცოდე სად არისო. ომის დაწყების მერე სწორედ ის მეზობელი მოგვადგა, იარაღი გაქვთ და ისიც ვიცი, სად არის შენახულიო. აფხაზებმა ჩვენი სახლის ჩხრეკა რომ დაიწყეს, ის იარაღი  მეზობლის დაცარიელებულ სახლში დავმალე...
ლიძავაში ზოგიერთმა ვაიქართველმა აფხაზური გვარი მიიღო და აფხაზების მხარეს იბრძოდნენ... 
დაბნელების გვეშინოდა. თოთხმეტ აგვისტოს ომი დაიწყო, ორ ოქტომბერს მამაშენი და მამიდაშენი წაიყვანეს და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ... 
ყაჩაღებს რომ დავინახავდით, დასალაპარაკებლად პირველად ქალები გავდიოდით. კაცების მიმართ უფრო აგრესიულები იყვნენ. მამიდაშენი ბაზარში ბევრს იცნობდა და მისი ხათრით არ გვაწამებდნენ, მაგრამ რაც უნდოდათ, მიჰქონდათ.
აფხაზებს ჩვენი სახლის წინ შტაბი ჰქონდათ და ყოველდღე გვხედავდნენ, სახლში ვიყავით თუ არა. ერთ დღეს ეზოში ვიყავი, როდესაც ოცდაათამდე შეიარაღებული ჩეჩენი უკანა ეზოდან თავს წამომადგა. შუბლზე ყველას მომწვანო ლენტები ეკეთათ. შიშისგან ენა ჩამივარდა.
თურმე ალყაში ვყევართ და არაფერი ვიცი. მამაშენი მეზობელთან იყო გადასული...  ჯგუფის მეთაურმა მითხრა, ვიცი, ამ ოჯახში იარაღი იმალება და მითხარი, სად არისო. ნამდვილად არ ვიცი, ჩემ ოჯახში იარაღი  არ მინახია მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, გოჩამ ნამდვილად კარგ ადგილას შეინახა, ისე რომ ვერ იპოვიან. მეთაურმა მითხრა, ჯობია დროზე მითხრა, თორემ თუ ვიპოვეთ, თქვენს მეუღლესაც წავიყვანთო. ამ დროს გოჩა შემოიყვანეს და ჩხრეკა დაიწყეს. მანდარინების საწყობში შუაში დააყენეს, ავტომატის ჯერს ფეხებში ურტყამდნენ, გვითხარი, იარაღი სად არისო... ცალკე მამიდაშენი ჰყავდათ გაყვანილი სხვა ოთახში და იარღს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთმა ჩეჩენმა ავტომატი შუბლზე მომადო, შენ იცი, ჩვენს  ქალებს გაგრაში რას უშვრებიანო?! გაგრა ჯერ აღებული არ იყო. მამიდაშენმა იცნო ერთი გაგრელი ქურდი და უთხრა, გიცანიო. იმ ქურდმა თქვა, თუ რამე წასაღებია წავიღოთ, ქალებს შევეშვათო.
მეორე დღეს კიდევ მოვიდნენ. მე უკვე აღარ შემეძლო `დახვედრა~ და მამიდა გავიდა... მოგვიანებით ჩემმა ძმამ, გია ბიძიამ (რომელიც ომში დაიღუპა) როგორც იქნა  თავისთან გადამიყვანა. თავის ცოლთან ერთად იყო და სადღაც ტყეში ქოხი ჰქონდათ. იქ მხოლოდ ერთი კვირით დავრჩი. ჩემი ძმის სიმამრს დაპირდნენ, რომ ქალებს კონფლიქტის ზონიდან როგორღაც გაიყვანდნენ. ეს რომ გავიგე,  სახლში წამოვედი, პასპორტს ავიღებ და გოჩას დავემშვიდობები მეთქი. გოჩა მეხვეწა, ოღონდ შენ გაგიშვა აქედან და მეტი არაფერი მინდაო. თვითონ ცოცხალი თავით არ დატოვა აფხაზეთი, ქართველები რომ შემოვიდნენ, აქ უნდა დავხვდეო, მეც შენთან ერთად რომ წამოვიდე, კაცური საქციელი არ იქნებაო. გოჩამ ერთხელ ისიც მითხრა, გააფხაზებულ ქართველებს მეზობლის ბიჭებთან ბავშვობაში უჩხუბიათ და ის მეზობელი ბიჭები გუდაუთაში მიჰყავდათ თურმე დასახვრეტად...
ორ ოქტომბერს დილით მამიდა სამსახურიდან გამწარებული დაბრუნდა, ერთი აფხაზი მოუკლავთ ქართველებს გაგრაში და აფხაზებს უთქვამთ, იმ ერთის სისხლის სანაცვლოდ ათი ქართველი უნდა მოკვდესო. მეზობელმა აფხაზმა კაცმაც გაგვაფრთხილა, ამაღამ სასწრაფოდ დატოვეთ სახლები და დაიმალეთო. იმ დროს მე უკვე შენზე ფეხმძიმედ ვიყავი. მეზობლად გოგოები ცხოვრობდნენ. მათთან არავინ შედიოდა, რადგან კაცი არ იყო ოჯახში და იქ დამმალეს. იმ ღამით ეზოდან მოშორებით ცეცხლის ალი შევნიშნე. მეგონა აფხაზების შტაბი იწვოდა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, ჩემ სახლს ეკიდა ცეცხლი. გარეთ ვერ გავედი, არ მინდოდა აფხაზებს დავენახე. მეორე დღეს მეზობლის კაცი მეკითხება, გოჩა და ნატა შენთან ხომ არ არიანო. გავმწარდი, ვიფიქრე აფხაზებს დაბმული ხომ არ ჰყავთ მეთქი, სახლი ჯერ კიდევ იწვოდა, ბენზინს კი არ ასხამდნენ, რაღაც თეთრ ფხვნილს ყრიდნენ და სახლებს ასე წვავდნენ.
  მარანში ზეთი გვქონდა შენახული. ვიფიქრე, იმას მაინც გამოვიტან მეთქი, მაგრამ ვიღაცამ დამიყვირა, რითვის იკლავ თავსო, კინაღამ მეც ცეცხლში მოვყევი. იმ ღამეს შვიდი სახლი გადაწვეს. ვისაც სახლში მოუსწრეს, ტყვედ წაიყვანეს. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაბედავდა, იქვე კლავდნენ. ცეცხლი თავიანთ სახლებზეც რომ არ გადასულიყო, ყოველი შემთხვევისთვის აფხაზებმა სახანძრო გამოიძახეს.
გოჩას და მამიდას კვალს ვერსად მივაგენი... მივხვდი რომ წაყვანილი ჰყავდათ. ერთი მეზობელი აფხაზის ცოლთან მივედი, ხომ არ იცი სად წაიყვანეს გოჩა და ნატა მეთქი. უხმოდ მანიშნა, წადი აქ აღარ მოხვიდეო. ხმის გაცემაც აღარ უნდოდა. რა მექნა, არ ვიცოდი, ვიდექი ქუჩაში და ვტიროდი...
  მეზობელი  მოდიოდა და ვთხოვე, ჩეჩენ ედიკასთან გამეგზავნე, შტაბში მოსალაპარაკებლად იქნებ წავიდეს მეთქი. წავიდა ეს კაცი და აღარ ჩანს... ოთხი თუ ხუთი საათის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა გაფითრებული, აფხაზებმა მითხრეს წადი, ჯერ იმ ქალთან დაწექი და მერე გამოუშვებთო, თუ ასე არ იზამ, ჩვენ გავაუპატიურებთ ჯგუფურადო. თან მეუბნება, ხომ იცი, მაგათ ვერსად გაექცევი, აირჩიე ან მე ან ის ჩეჩნებიო. თუ მე ამირჩევ, იმათ ვერ მოვატყუებ, ყურანზე უნდა დავიფიცო, ნამდვილად უნდა დავწვე შენთანო. ეს რომ მითხრა, სახტად დავრჩი, მერჩია მომკვდარიყავი. არ მომეკარო თორემ დანით აგკუწავ მეთქი, ამ კაცს ვუთხარი. ძალა არ უხმარია, შენი გადასაწყვეტია, მე დანაპირები უნდა შემესრულებინა თორემ ცოლებიც მყავს და შვილებიცო. შენი პასუხი მაინც უნდა მითხრა, მელოდებიანო. გარეთ გამოვედი და ერთ ცარიელ სახლში დავიმალე. ედიკამ რომ ვეღარ მიპოვა, აფხაზების მთელმა შტაბმა ჩემზე  ძებნა გამოაცხადა.
მეორე დილით მეზობლის ქალი გამომყვა და უკანა ეზოდან გავიპარეთ. ამ დროს წინა კარებიდან ხმა გვესმის, ეზოში აფხაზები შემოდიან. მოკლედ ბეწვზე გადავრჩით. როგორც იქნა ტყეს შევაფარეთ თავი. ისე ვჩქარობდით, ერთ საათში შვიდი კილომეტრი გავიარეთ. დიდი ხნის ხეტიალის და შიშის შემდეგ ჩემი ძმის ქოხამდე მივაღწიეთ. უცებ მანქანის სიგნალი შემოგვესმა და ფოთლებში ჩავიმალეთ, გვეგონა მოგვაგნეს და საკუთარი გულისცემაც კი გვესმოდა. შორიახლოს ჩვენი ძაღლი იდგა და გვიყურებდა. შეგვეშინდა, არ დაეყეფა თორემ ჩვენი საქმე წასული იყო. მოვახერხეთ და შევბოჭეთ. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ძმის სიმამრი გვეძახის, გამოდითო. ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდით, ჩვენი იქ დარჩენა სახიფათო იყო და მხოლოდ ორი კვირა გავჩერდით. ორი კვირის შემდეგ ჩემი ძმის სიმამრმა მითხრა რომ მეორე დილით იქაურობა უნდა დამეტოვებინა და ვიღაც უკრაინელს ქალები საზღვარზე მანქანით უნდა გადაეყვანა. იმ უკრაინელმა დანაპირები შეასრულა და მიუხედავად იმისა რომ გზაში კიდევ არაერთ დიდ ხიფათს გავუძელით, იმ ჯოჯოხეთიდან გამოგვიყვანა... უკრაინელმა სახელი არ გაგვიმხილა. გამიხსენებთ და იტყვით, ერთმა კაცმა სიკვდილს გადაგვარჩინაო. მხოლოდ ეს გვითხრა და დაგვემშვიდობა.
მაშინ ჩემნაირი ხალხის საზღვარზე გადმოყვანაზე დიდი ფული კეთდებოდა, მაგრამ იმ უკრაინელმა ფული არ გამომართვა. ქუთაისში, თბილისისკენ მომავალ ავტობუსში რომ ჩავჯექი, მძღოლს შევეხვეწე, ცოტა ფული კი მაქვს, მაგრამ თბილისში მშიერი ხომ არ ვიქნები, იქნებ არავინ დამხვდეს, ომგამოვლილი ქალი ვარ და იქნებ უფასოდ წამიყვანო მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, უფასოდ ვერ წაგიყვანო. არადა, მხედავს რეზინის ბოტები, კაცის შარვალი და ჯემპრი მაცვია, ნამდვილად ტყიდან გამოქცეულს ვგავარ, მაგრამ ურცხვად მიყურებს და შუბლზე ძარღვიც არ უტოკდება.  ამხელა განსაცდელებს გავუძელი, ღვთისნიერ ჩეჩნებს, აფხაზებს და უკრაინელსაც კი შემახვედრა განგებამ და ქუთაისში ღვთისნიერი მძღოლი ვერ ვნახე! ავტირდი და მერე ხალხიც აჩოჩქოლდა, გულის მაგიერ ქვა ხომ არა გაქვს შე კაი კაცოო, უთხრეს მძღოლს და როგორც იქნა სამადლოდ ჩამომიყვანა თბილისში..
აქ ჩამოსვლის დღიდან გოჩას და ნატას ასავალ-დასავალს ამაოდ ვეძებდი და მერე ნაცნობი დევნილებისგან გავიგე რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან...

                            * * *

აქ საუბარი წყდება, უფრო სწორად მას იმ პურივით ცხელი ცრემლი ენაცვლება...
  ნაცნობ დევნილებს უთქვამთ, ნატა აფხაზებმა გააუპატიურეს, ქალი ფსიქიკურად დაავადდა და თავი ჩამოიხრჩოო...
სულის შემძვრელი ვერსიები გოჩას გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც მრავლადაა...
ამასობაში ქვეყანას მამის მოსახელე ვაჟი მოევლინა, რომელიც ახლა უკვე დიდი ბიჭია და დედის მონათხრობს გაფართოებული, წყლიანი თვალებით უსმენს...
  დიდი უბედურების მიუხედავად, დედა მაინც მზად არის შვილი აფხაზეთის დასაბრუნებლად ომში გაუშვას და თავადაც იბრძოლოს, რადგან იმ გახლეჩილ ქართულ მიწაზე მათი ახლობლების სისხლია დაღვრილი...           
აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობენ, რეალურად კი ცხოვრება ძალიან უჭირთ. ღვთის წყალობით, ლუკმა პური სანატრელი აღარ აქვთ,
როგორც ერთ დროს, ლიძავას მოედანზე...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები