ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


რა ვიცი, რა ვიცი...

მადარდებს, რომ აღარ მადარდებს,
დღე სუფთას როცა ჰგავს მუშამბას.
ის, რაც ხვალისათვის გადავდე,
დღევანდელი პირი უჩანდა...
მაფიქრებს ის, რომ არ მაფიქრებს
გზები, საშველი და ურემი...
ჭკვიან წინათგრძნობას გაფიცებ,
ხომ იცი, სად გადაბრუნდება...
მაწუხებს, როცა არ მაწუხებს
ცხოვრება მცურავი კარაქში.
წვეთწვეთად ითვლიდა ცა წუხელ
წვიმას, უსახლკაროს კარავში...
მაღელვებს, რომ აღარ მაღელვებს
საჯაროდ მშფოთვარე სიყალბე.
ვერაზე გადმოსულ ღრმა ღელეს
„ტფილ წყალთან“ რომ უნდა მივყავდე...
სულ „წადი თქვენი“ სჭირთ ფიქრებსაც,
გემიდან მეჯლისზე რა მინდა.
ავდგები, ერთხელაც იქნება
ცხოვრებას გადავწერ თავიდან!
ან უნდა გაუძლოს რა გულმა
ტკივილებს „ომამდე ტანკისტის“...
ბედმა ეს ქვეყანა მარგუნა,
მოვერგე? - რა ვიცი, რა ვიცი...
27.12.13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები