ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


ქადაგება (მის უწმინდესობას)

წირვა აღსრულდა, ქადაგებას იწყებს მოძღვარი,
პატიოსანი - ხელთ უპყრია - იესოს ჯვარი,
მრევლმა იყუჩა, მიიკრიბა ამბიონისკენ,
სურს მოისმინოს მოძრვრის პირით ღვთის საუბარი.

- ჩვენთან არს ღმერთი, სახელითა წმინდა სამების!
- არს და იყოსო, უდასტურებს სამწყემსო, ამინ!
- არ მოგკლებოდეთ მეოხება წმინდა მამების,
ერთობ ვერაგი დაგვდგომია ცხოვრების ჟამი...

საუკუნეთა შორ მანძილზე გამობრძმედილი –
სული ბოროტი, ყველანაირს მიმართავს – ღონეს,
ერთ წამს არ ჰკარგავს, არ ჭამს საჭმელს, არ იცის ძილი
და ადამიანს მრავალ მზაკვრულ საცდურს უგონებს.

სიფხიზლე გვმართებს ქრისტეს მიერ ძმანო და დანო,
ვიყოთ მტრედივით უმანკონი, ბრძენნი ვით გველი,
ხამს საკუთარ თავს უფრო მეტი ძალა ვატანოთ,
რომ იძულებით მოვიპოვოთ სასუფეველი.

ჩვენი ცხოვრებით უნდა შევძლოთ, რომ შევქმნათ ჯვარი,
ღვთის და მოყვასის სიყვარულით შეერთებული,
დავაცხოთ რწმენა ქრისტეს ხორბლით და საფუარით,
სათნოებების მარილ-მადლით შეზავებული.

როგორც უფალი თავად ბრძანებს სახარებაში:
ცოდვა მარხვის და ლოცვის ძალით განიდევნება!
მარხვა-ლოცვისვე ფრთებით შევძლებთ აფრენას ცაში
და მივებმებით ქრისტეს ვენახს მწიფე მტევნებად.

ნუ ვანაცვალებთ მარადიულს – ყოფას წამიერს,
არ შერჩენია ჯერ არავის დროება ერთი,
ჩვენ ვართ შექმნილნი, რომ ვიხაროთ მრავალჟამიერ,
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ჩვენთან არს ღმერთი!

... (არს და იყოს!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები