ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2014


ტროპარი

უძილობის ჟამს დავისწავლე ერთი ტროპარი,
გარეთ მშიერი გოშიები ქექავენ ურნას...
ასეა, რასაც ვებრძოლები ფსიქოტროპიულ
პრეპარატებით, მას ლოცვანი მეტადრე კურნავს.
ჯვარო მფარველო, შვენიერება ეკლესიათა,
შენ დაიფარე ყველა მეფე შენი სიმტკიცით...
მიშველე, რადგან უზნეო და უხასიათო,
მე ვარ პოეტი, ნამდვილად კი მხოლოდ ის ვიცი,
რომ არა ვიცი, რომ იტყოდა ერთხანს სოკრატე,
ან მოცინარი, რომ ფიქრობდა მისი ჯალათი...
ღმერთი იცინის, როცა ანარქი და დემოკრატი
შუაგულ ბრბოში მოქცეული ფუჭად ვკამათობთ:
წყალზე, რომელიც სულადობის მიხედვით მოგვდის,
დღითითდღე როგორ გვიცუდდება დემოგრაფია
და რა ხანია, აღარ ველით ბეთლემში მოგვებს
აღმოსავლეთით-დოგმა არის, ესეც მკაფიო,
რომ რა ხანია, ვამახინჯებთ:ბგერებს, ასოებს,
რომ სამეტყველოდ მოვიტოვეთ მხოლოდ ჟარგონი,
დუმილი ოქრო აღარ არის და უფასოა,
ბრძნად მეტყველებას დაეკარგა ბოლო გამგონე,
რომ ყველა ვეზირს ტახტისათვის მეფე აბუნტებს,
რომ მაპუტუდან პარიზამდე ბრბოა შიშველი,
რომ პარიზიდან ვერასძალით მოსჩანს მაპუტუ,
რომ დავიღალეთ უშენობით, ღმერთო გვიშველე!
უძილობის ჟამს დავისწავლე ერთი ტროპარი,
გარეთ მშიერი გოშიები ქექავენ ურნას...
ასეა, რასაც ვებრძოლები ფსიქოტროპიულ
პრეპარატებით, მას ლოცვანი მეტადრე კურნავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები