ოთხმოცდაათიანები იყო. ახლადდაშლილი საბჭოთა კავშირი, გაღატაკებულ-გაძარცული საქართველო, სიცივე, ყაჩაღობა, უშუქობა და შიმშილი სუფევდა. მეც, უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, არაფრით ვიყავი სხვებისგან გამორჩეული _ სხვებივით მციოდა და მშიოდა. ჩემი ოცნება – დამემთავრებინა სასწავლებელი და ატომური ფიზიკის დარგში მეცნიერულ მუშაობას შევდგომოდი, დასამარებულიყო და შეგუებული ვიყავი აზრს, რომ მომავალი არ მქონდა. მეოთხე კურსზე გახლდით, როცა ბიბლიოთეკა და წიგნები გვერდზე გადავდე და ფიქრს შევუდექი, თუ როგორ მერჩინა თავი. გამიმართლა _ ერთი ჩემი მეზობლის წყალობით, მაცივარკომბინატში მტვირთავად მოვეწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე საქმე იყო, თავს უბედურად მაინც არ ვთვლიდი. მანქანებიდან თევზისა და ხორცის გადმოცლა და დასაწყობება გვევალებოდა. კაპიკებს გვიხდიდნენ. ხელფასი მგზავრობისა და პურის ფულად თუ გვკმაროდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო ჩვენი შემოსავალი: ჩემმა მეზობელმა ტატომ ის გზაც მასწავლა, რითაც ჩემი მცირედი ჯამაგირის კომპენსირებას მოვახდენდი. მაღალი, თხელი აღნაგობის გამო ამხანაგები ზედმეტსახელად ვიწროს მეძახდნენ. წვრილი ბარძაყ-წვივები, სუსტი მხარ-მკლავი და შევარდნილი მუცელი კურტანისთვის ვერაფერი სახარბიელო გახლდათ. მერე გავიგე, რომ ტატომ ბიჭებიდან სწორედ ამ ნიშნით ამარჩია და სამსახური გამიჩინა. ტატო ჩემი ანტიპოდი იყო. მიჭირდა, ვერ მივყვებოდი საქმეში, მაგრამ ჩემს ინტელიგენტურ სახესა და სხეულის სტრუქტურას ერთი მეტად მნიშვნელოვანი სარგებელი ჰქონდა: დღის ბოლოს, როცა შრომას მოვრჩებოდით და საშხაპეში ცივი წყლით ხორცისა და თევზის სუნს, ასე თუ ისე, ჩამოვიბანდით, ტატო წვივ-ბარძაყსა და მუცელზე ცელოფანში გახვეულ სუკის გაყინულ ნაჭრებს ამაკრავდა, შარვალსა და ზედატანს გამისწორებდა და მეტყოდა: _ე, ბიჭო, ძლივს არ დაემსგავსე კაცს?! მაცივრის ეზოს გასასვლელში დაცვის სამსახური მონდომებით ჩხრეკდა ყველას, ვიზედაც ეჭვს მიიტანდა. რომ გავუსწორდებოდი საშინელი პანიკა მიპყრობდა: შეგრძნება მქონდა თითქოს, ფეხებზე და მუცელზე შებმული ხორცები, აწყვეტასა და გადმოხტომას ლამობდნენ და საცაა იყვირებდნენ, დაიჭირეთ ქურდიო. ალბათ ეს იყო საზღაური ჩემი დანაშაულისა და საოცარი ის არის, რომ მიუხედავად ამ გრძნობისა, მაინც ვახერხებდი სახეზე გულწრფელი და სუფთა კაცის ნიღაბი მომერგო და მიმართლებდა კიდეც _ დაცვის ბიჭებს ჩემში ეჭვი არასოდეს შეუტანიათ. _ წარჩინებული სტუდენტის სახე გაქვს, ჩემო ნოდარ, ნეტა შენ ჩემი ჯანი მოგცა და მე კიდევ შენი სიფათიო, _ ხშირად უთქვამს ტატოს. პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. ჩემი აღნაგობის კაცისთვის მტვირთავად მუშაობა მეტად მძიმეა, ხოლო ჩემი სულის ადამიანისათვის ქურდობა უარესი ხვედრია. მეტისმეტად განვიცდიდი, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. თავის მართლებად რომ არ ჩამითვალოთ, არ მოვყვები მდგომარეობის აღწერას, რამაც აქამდე მიმიყვანა, მითუმეტეს, როცა ვერაფერს ისეთს ვერ გეტყვით, რადგან ჩემი გასაჭირი ტიპიური იყო და დიდად არ განსხვავდებოდა სხვათა გასაჭირისგან. სანამ შინ მივიდოდით, ჯერ ვერიკოსთან შევივლიდით. იქ ტატო ხორცს მომხსნიდა _ ქვრივი ქალია, მენანებაო, მეტყოდა-ხოლმე და თან დაუმატებდა, არ დამღუპო, იზას არ გააგებინო, ხომ იცი, ქალი ეჭვიანი და ხარბიაო. ლამაზი ქალი იყო ვერიკო. მიმაჩნდა, რომ მისი სინაზე და გრაცია ძალიან შორს იდგა ტატოს გაუთლელ ბუნებასთან და ამ ადამიანთა გარეგნობისა და ხასიათის სიშორეს მხოლოდ ხორცის ნაჭრები აახლოვებდა. ამ გადასახედიდან მავანმა შეიძლება ვერიკო დაძრახოს, მაგრამ მხოლოდ ამ გადასახედიდან, რადგან იმ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა ამობრუნდა და ნაძირლები ზევიდან მოექცნენ. გაუთლელი და დაუზარელი ბიჭისთვის, როგორიც ტატო იყო, არაფერი შეცვლილა, ამ კატეგორიის კაცები მუდამ შუაში არიან და როგორც გინდა ატრიალდეს დედამიწა, მაინც თავის ადგილას რჩებიან. ვერიკო მაცივარკომბინატთან ახლოს, ხუთი წუთის სავალზე ცხოვრობდა და სანამ გაყინული ხორცი ფეხებს დამიზრობდა, იქ მისვლას ვასწრებდით. სხეულს ხორცის ნაჭრებისგან განვითავისუფლებდი. როგორც ზევით ვთქვი, ნაწილს ამ ქალს ვუტოვებდით, დანარჩენს კი მე და ჩემი ამფსონი ვინაწილებდით. უმუშევრად დარჩენილი დედისა და სტუდენტი დისათვის ჩემი შენატანი ერთადერთი სარჩო იყო. შენს კნაჭა ფეხებს ვენაცვალეო, ასე ხუმრობით მიხდიდა მადლობას ჩემი და.
ზღურბლთან ვერიკო ყოველთვის გაღიმებული გვხვდებოდა. ტატო ხელით მიბიძგებდა. ვერიკოს თავს მდაბლად დავუკრავდი და შევდიოდი, შემდეგ, როგორ ხარ ანგელოზოო, ეტყოდა, უხეშად, ხმიანად აკოცებდა, მერე მე შემომძახებდა, მიდი ბიჭო გაიძრე ეგ ხორცები თორემ გაგეყინა ყველაფერი და დარჩი უშვილოო. თავიდან არ მომწონდა ეს ირონიული მომართვა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და გულს აღარ ვახვედრებდი. ტატო ვერიკოსთან რჩებოდა მე კი სააბაზანოდან გამოსული პირდაპირ სახლში ვბრუნდებოდი. ასე, რომ, მხოლოდ მისი ბინის შესასვლელს ვიცნობდი. უბანში მისული ვცდილობდი იზას არ დავენახე, თორემ თუ მომიხელთებდა დამიწყებდა დაკითხვას, სად დატოვე? სად დადის ჩემი ქმარიო? მე და ტატო შეთანხმებულები ვიყავით და ხან რას ვეუბნებოდი და ხან რას. მოკლედ, მაგარი მასწავლებელი მყავდა, უცბად ქურდობაც მასწავლა და ტყუილის თქმაც... კაცმა რომ თქვას, სარჩო გამიჩინა და წესით მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არ მომწონდა და ერთადერთი ნატვრა მქონდა, როგორმე სხვა სამსახური მეშოვა და ამ კაცს მოვცილებოდი. ერთ დღესაც ტატო ცუდად გახდა, სახსრები ასტკივდა. ექიმებმა, მოგვიანებით, ბრუცელოზის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დღეს ნაქურდალის გარეშე, ლაღად გამოვედი მაცივრის ეზოდან და სახლისკენ ავიღე გეზი. ვერიკოს კორპუსს რომ გავუსწორდი, გულმა იქით გამიწია და როცა თავს შეკითხვა დავუსვი, რა მინდა ამ ქალთანო, პასუხი ვერ ვიპოვე. მეორე დღეს დილიდანვე მასზე ფიქრი ამყვა. იქნებ იმის გამო, ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია, ან ალბათ, იმიტომ, რომ ვერიკოს ნახვის საბაბს ვეძებდი, იმ საღამოს ხორცებასხმული გამოვედი მაცივრის ეზოდან და ვეწვიე. კარზე დავაკაკუნე და ვიგრძენი, რომ პულსი გამიხშირდა, უფრო მეტად დაიწყო გულმა ცემა, ვიდრე დაცვის სამსახურის ბიჭების ეჭვით მომზირალი თვალების წინ გავლისას. მიზეზი ჩემი გრძნობისა მთლად ამ ქალთან შეხვედრის მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო _ ვფიქრობ, უფრო ის მაღელვებდა, ტატოს უკითხავად რომ მივედი,. ვერიკომ დამინახა თუ არა, შემოდი ნოდარო, მითხრა. ტატო სად არისო, არც უკითხავს და შიგნით შემიძღვა. ლამაზი ღიმილი ჰქონდა, ისეთი, მთელი სახე რომ უცინით და გულწრფელობაში ეჭვს რომ ვერ შეიტან. აბაზანაში ხორცები შევიხსენი და ამ ხნის განმავლობაში პირველად შევედი მისაღებ ოთახში. კედელს ნავთქურისგან შებოლილი შპალერი ეკრა, იატაკზე პარკეტი სიძველისგან ჩაშავებულიყო. ოთახის შუაში ჩუქურთმებიანი ძველმოდური მაგიდის გარშემო იმავე ასაკისა და სტილის სკამები იდგა და მომეჩვენა, რომ შედარებით ახალი აქ მხოლოდ პიანინო და კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტის ჩარჩო იყო. _ დაჯექი, ყავაზე დაგპატიჟებ, _ მითხრა ვერიკომ და სკამი გამომიწია. ამ დროს შევნიშნე, რომ შავ ჩარჩოში ჩასმული სურათიდან ახალგაზრდა კაცი ირონიულად იღიმებოდა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემს სულში ძვრებოდა. ვერ შევძელი მისთვის მეცქირა. მაგიდას შემოვუარე, სურათისგან ზურგით დავჯექი, მაგრამ მაინც არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. თითქოს ბუზები მასხდებოდნენ, კეფა ამეფხანა, ავწრიალდი და მომინდა აქედან წავსულიყავი. ამ შეგრძნებამ მხოლოდ მაშინ გადამიარა, როცა ვერიკო სამზარეულოდან შემოვიდა და ყავა შემოიტანა. ამ ქალში ღრმად ჩაბუდებულიყო გრაცია. მომხიბვლელი მოძრაობით დამიდო ფინჯანი, მაგიდის თავში, ორი სკამით იქით, დაჯდა, ყავა მოსვა, გაიღიმა და თქვა: _ საოცარი რა არის, იცი, ნოდარ? ჩემ სახლში ყველა სტუმარი მაგ ადგილს ირჩევს. დავიბენი, მხრები ავიჩეჩე და ვთქვი: _ თუ გინდა, სხვა სკამზე გადავალ. _ არა, არა, ეგ სკამია მხოლოდ მყარი. დანარჩენი მორყეულია, _ ...და ისევ გაიცინა. ყლუპი მოვსვი და შევხედე. ჩემზე ოთხი-ხუთი წლით უფროსი იქნებოდა. ამდენი ხნის ნაცნობობის შემდეგ პირველად შევამჩნიე ნიკაპს ქვემოთ ჭრილობის კვალი და მის თვალებში პირველად დავიჭირე ეჭვი და შიში. _ ტატო ძალიან ცუდად არის? _ მკითხა და თმები გადაიწია. _ ალბათ, დაგირეკა, სახსრები სტკივა, _ ვუთხარი და შევხედე. _ არა, კარგა ხანია ტელეფონი არ მაქვს, ხაზია მოშლილი. უბრალოდ, ვიგრძენი. ამ ბოლო დროს წინათგრძნობა გამიმახვილდა, _ თქვა, თვალი თვალში გამიყარა და გააგრძელა, _ ტატოს გავანებოთ თავი, შენი ამბავი მომიყევი. როცა მისი თვალები ჩემსას შეხვდა, თითქოს ჩემში რაღაც თბილი და სასიამოვნო ჩაიღვარა და მომინდა ეს პროცესი დიდხანს გაგრძელებულიყო. _ რა მოგიყვე, _ მხრები ავიჩეჩე. _ შენი მხოლოდ სახელი ვიცი, კიდევ ის, რომ ოსტატურად გამოგაქვს ხორცი მაცივრიდან და ტატო გაქებს. ჰო, კიდევ ის ვიცი, რომ ნასტუდენტარი ხარ. არ ვიცოდი რა მეთქვა, საიდან დამეწყო ის კი აგრძელებდა: _ კიდევ ის ვიცი, რომ კარგი ბიჭი ხარ, _ ამ დროს მან თვალებიდან თავისი მომნუსხველი სითბო გადმოღვარა და თავი ბადეში გაბმულ თევზად ვიგრძენი, მომინდა გაქცევა, ავფართხალდი და შევეცადე ჩემი ეგზომი დაბნეულობა არ შეემჩნია და მოვყევი აბდაუბდას: _ სულაც არ მსიამოვნებს მაცივარკომბინატში მტვირთავად მუშაობა და ხორცის ქურდობა. ჩემმა სიტყვებმა მას სახე შეუცვალა, ისე შემომხედა, როგორც ბავშვს და დამიყვავა: _ არასდროს გვსიამოვნებს რეალობა, რადგან ის იშვიათად ემთხვევა ჩვენს ოცნებას. შენ რაზე ოცნებობ, ნოდარ? მინდოდა მეთქვა, რომ მე ახლა მხოლოდ შენ მინდიხარო და ვერ გავბედე _ ისევ ტატოსი მომერიდა, თორემ ვგრძნობდი ქალისგან წამოსულ ტალღებს, რომელიც ჩემში შემოდიოდა და მის სურვილს მამცნობდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ შეკითხვას პასუხი არ გავეცი და მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ის ადგა, პიანინოსთან მივიდა, კლავიატურას სახურავი ახადა, ჩემსკენ არტისტულად შემობრუნდა, ღრმად ამოისუნთქა და ჰაერს ოხვრა ამოაყოლა. თითებმა მომხიბლავად გადაუარეს კლავიშებს და ოთახი ჰანგებით გაივსო. არ ვიცი, რა მუსიკა იყო, ცუდად ვერკვევი, მაგრამ ძალიან მოვიხიბლე. _ მე პიანისტობაზე ვოცნებობდი... სპეციალისტები მაიმედებდნენ, რომ მალე შევძლებდი დიდ სცენაზე დამეკრა, მაგრამ ყველაფერი დაინგრა, _თქვა, პიანინო დახურა და გააგრძელა, _ შენ არ გინდა გამიმხილო, თუ რაზე ოცნებობ, რა გინდა. ახალგაზრდა ხარ, ადამიანებთან ურთიერთობებში ჯერ გამოუცდელი. ვერ ხვდები, რომ შენი ამბის მოსმენა იმიტომ მინდა, რომ შემდეგ მიზეზი მომეცეს და ჩემი ვთქვა, უბრალოდ, მერე იოლი რომ იყოს ჩემი ამბის მოყოლა? თქვი რამე, თუნდაც ტყუილი, მე დავიჯერებ, რომ გულწრფელი ხარ, დავიჯერებ რომ მომენდე, მერე კი ჩემსას გიამბობ. ადამიანს განდობა შველის, ხოლმე, იქნებ დავმსუბუქდეთ. ასეთი მომხიბვლელი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, მის ნათქვამში სიყალბე დამეჭირა, მაგრამ, თურმე, კაცი სილამაზეს მეტად ენდობა და მეტსაც პატიობს. არ ვიცი, ეს შეგრძნება რამდენად შეიძლება ყველა სხვა ახალგაზრდაზე განვაზოგადო, მაგრამ იმ დროს შევარდნილი მუცლისა და წვრილი ფეხების მიუხედავად, თავი მომხიბლავ კაცად მიმაჩნდა, ტატოს ჯმუხ და გაუთლელ კაცად ვთვლიდი და მეტოქედ ვერ წარმომედგინა. თუმცა ახლა რეალობა ის იყო, რომ მისთვის ქალის წართმევას ვცდილობდი და წესი, რომელზედაც ვიყავი აღზრდილი, მეტად უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. სადღაც გამიგია, ხიბლი მორალს პლასტელინივით ფორმას უცვლის. სწორედ ეს ხიბლი გადმოდიოდა ვერიკოსგან და ვგრძნობდი, როგორ ლღვებოდა ჩემი ზნეობა და ახალ ყალიბში სხვა ფორმას იღებდა. უცებ, თითქოს თავში რაღაც დაარტყესო, ავდექი. _ უნდა, წავიდე, კარგად... _ ხვალამდის, ნოდარ. კარგი იყო შენთან, _ მითხრა, გამაცილა და სანამ კარს გავაღებდი, ხელი ხელზე წამავლო, მომიჭირა და ერთხელ კიდევ დამემშვიდობა: _ ხვალამდის, ნოდარ. შინ რომ მივედი, უკვე შებინდებულიყო. ვორჭოფობდი, მენახა თუ არა ტატო, ვერიკოს გამო მასთან შეხვედრა მეუხერხულებოდა, თან ნაქურდალი ხორცის ნახევარს მისად ვთვლიდი და სინდისი მქენჯნიდა, რომ არ მეწილადა. ბოლოს მივედი. კარი იზამ გამიღო. დამინახა თუ არა, მოჰყვა ვიშვიშს: _ უკვე ოთხი დღეა კაცი ცუდად არის და დღეს როგორც იქნა, ბრუცელიოზი დაუდგინეს. ეს ქვეყანა ქვეყანაა?! მაშ, მკურნალობის ფული სამსახურმა არ უნდა გადაიხადოს? მაგათ ვუჩვენებ სეირს, დაავადებულ ხორცს რომ ჰყიდიან! _ ხვალ ვნახავ უფროსობას და გავარკვევ, ყველაფერი კარგად იქნება, _ ვთქვი, ხორციანი პარკი მივეცი და ტატოსთან საძინებელში შევედი. იწვა, ნატანჯი სახე ჰქონდა, ჩემს დანახვაზე წამოიწია. _ იწექი. რა მოგივიდა? _ ვუთხარი და შევეცადე მხიარული იერი მიმეღო. _ სულ ერთია, ვერც მწოლიარე ვისვენებ და ვერც მჯდომარე, _ თქვა გაჭირვებით წამოჯდა და გააგრძელა, _ რა ხდება სამსახურში, ბიჭები როგორ არიან? დღეს რა გქონდათ, თევზი თუ ხორცი? _ ძველებურადაა ყველაფერი. _ რა ქენი, ვერიკოსთან შეიხსენი თუ სახლამდე ხორცებაკრული მოხვედი? ამ შეკითხვას ველოდი და გადაწყვეტილი მქონდა, გულწრფელი ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და იმ ქალს შორის არაფერი მომხდარა, თავს მაინც დამნაშავედ მივიჩნევდი. მეგობრის ქალზე გაფიქრებაც კი რომ ცოდვაა_აი, ამ წესით ვიყავი აღზრდილი და ტატოსი მერიდებოდა. _ ვერიკოსთან შევიხსენი, _ ვთქვი და თვალი ვერ გავუსწორე. _ კარგი გიქნია. აქამდე ვერ მოაღწევდი, გაიყინებოდი, _ თქვა, ჩაახველა და გააგრძელა, _ მე მიცდია და ძალიან ძნელია. მთელი ნახევარი საათი ვილაპარაკეთ, ვერიკოზე სიტყვა მეტად არ დაუძრავს, ბოლოს, გამომშვიდობებისას მითხრა: _ მე ალბათ სექტემბრამდე ვერ გავატან, მოვკვდები. მისი სიტყვები ხუმრობად მივიჩნიე. _ კაი, კაცო, ბრუცელიოზით ვინ მომკვდარა, რა მშიშარა ყოფილხარ, _ ვთქვი, შემოვბრუნდი და სანამ საძინებლის კარს გავცდებოდი, მაინც ფრთხილად იყავი მაგ ქალთანო, უკნიდან დამადევნა. მისი სიტყვები ფოლადის მსხვრევის ხმად ჩამესმა და გვიანობამდე გამყვა. მეორე დღეს ოთხმა ორი მანქანა ხორცი დავცალეთ. ქანცი გამიწყდა. თვალს წამით რომ დავხუჭავდი, წინ თეთრი, ყინულისგან გახევებული, ჩანგალზე ჩამოკიდებული ღორების სურათი მედგა. დაღლილობის მიუხედავად, თავს ძალა დავატანე, ხორცები ავისხი, დაცვის ბიჭებს ჩვეული ღიმილით გავცდი და ვერიკოს მივაშურე. გუშინდელზე მეტად მშვენიერი მეჩვენა. ყვითელი ყვავილებით დაფოთლილი სარაფანი ეცვა, თმა მაღლა აეწია და შიშველი მხრები და კისერი სიყვარულის ქალღმერთის ბიუსტს ქმნიდა. როგორც კი ნაქურდალისგან თავი დავიხსენი და მისაღებში შევედი, ჩემდა უნებურად კედელს შევხედე. ახალგაზრდა კაცის პორტრეტი ირონიული ღიმილით მადევნებდა თვალს. ამჯერად სახით მისკენ დავჯექი, ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ შუბლი ამეფხანა და ოფლით დამეცვარა. როგორც იყო ვერიკო სამზარეულოდან გამოვიდა, ყავა გამოიტანა, დამინახა და სიცილით თქვა: _ ნოდარ, ნუ იწვალებ თავს, იქით გადაჯექი. გავოცდი. გამეცინა, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მიმხვდარიყო ჩემს მდგომარეობას. _ ეს, ალბათ, თქვენი ქმარია? _ ვთქვი და სურათს შევხედე. ფინჯანი დამიდო, თვითონ გუშინდელივით მაგიდის თავში დაჯდა, იდუმალი მზერა მესროლა და თქვა: _ ჰო, ჩემი ქმარია. ამ სამი წლის წინ თოფი აიღო, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. არ დაგვიკრძალია, გვამი ვერსად ვნახეთ. _ იქნებ, არც არის მკვდარი. ვერიკო ადგა, განჯინიდან არაყი და ჭიქები გამოიღო, დაასხა და განაგრძო: _ მკვდარია. ხომ გრძნობ, რომ მისი სული აქ ტრიალებს? თავი დავუქნიე. _ ჰო, მისი სული აქ არის. ყველგან თან დამყვება. ერთ თავ საჭმელს მას ვუკეთებ, საღამოს მაგიდაზე ვდებ, დილით რომ ვდგები, შეჭმული მხვდება. თავიდან ძალიან მიჭირდა, ახლა მივეჩვიე. ვერიკომ ღრმად ამოისუნთქა. მე დრო ვიხელთე ჭიქა ავწიე, გაანათლოსო, ვთქვი და დავლიე. _ მას სტუმრები არ უყვარს, განსაკუთრებით, კაცები. ეჭვიანია. სიცოცხლეშიც ასეთი იყო, _ თქვა და შემდეგ მოულოდნელად მკითხა: _ არ გინდა, მიშიკო ვაეჭვიანოთ? ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და მხრები ავიჩეჩე. ის ადგა, ჩემს გვერდით გადმოჯდა და ხელი ხელზე დამადო. მთელს სხეულში რაღაცა ისეთმა დამიარა, რომელსაც ვერ ავღწერ, ხოლო მისმა მონათხრობმა დამაბნია, თავგზა ამირია და ჩემს გონებაში დაბადა უამრავი შეკითხვა, რომელიც მაფორიაქებდა და სასწრაფოდ პასუხის გაცემას მოითხოვდა. ამიტომ იყო, რომ მის ინიციატივას არ ავყევი. ჩემს წინაშე იდგა ორი დაბრკოლება _ პორტრეტი და ტატო. ეს უკანასკნელი სახლში იწვა და იმ წამს, ვერიკოს ხელიდან წამოსული სითბოსგან გათელილს, ნაკლებად მადარდებდა, მაგრამ სხვა იყო პორტრეტი. სურათიდან მომზირალი თვალები სულში მიძვრებოდა, ყელში მიჭერდა და მთრგუნავდა. ვერიკომ გადაიკისკისა: _ შეგაშინე? ვერ ხარ, პატარავ, ეტყობა კარგად, _ თქვა, კედელთან მივიდა, სკამი მიიდგა, სურათი შეაბრუნა და უკანა მხარეს დავინახე შავად მინაწერი: "სიკვდილამდე შენი ერთგული ვიქნები. მშვიდად განისვენე, მიშიკო". პორტრეტის შემობრუნება, შვება იყო, მაგრამ გონებაში ახლა ეს სიტყვები შემიჩნდა და ამეკვიატა. ვერიკო კი კვლავ სიცილს აგრძელებდა. შემდეგ მყისიერად შეწყვიტა. _ მართლა, ტატო როგორ არის? არ მომწონს ეგ კაცი, გაუთლელია, რაც თავი მახსოვს ეგეთია, თქვა, ზურგიდან მომიარა, ხელები მკერდზე შემომხვია, ტუჩები ჩემს ყურთან მოიტანა და ჩამჩურჩულა: _ ძალიან მინდიხარ, პატარავ. სკამიდან ავდექი. ეს იყო რაღაც დაუვიწყარი: თავიდან ამომივარდა ტატოც, სურათიც და მისი წარწერაც. წელზე ხელი მოვხვიე ტუჩები მის ტუჩებთან მივიტანე და ამ დროს ქალმა ხელი მკრა, უკან დაიხია, პიანინოს თეძოთი დაეყრდნო და იყვირა: _ ძალიან მინდიხარ, მაგრამ კარგი ბიჭი ხარ და ვერ გაგიმეტებ. ავად ვარ, გამოუცნობი სენით ვარ ავად. ალბათ, შიდსი სჭირს, _ გავიფიქრე და მოძალებული ვნება მდუღარეში ჩავარდნილი ყინულის ლოლუასავით გაილია და გადნა. ის კი აგრძელებდა: _ მოჯადოებული ვარ... დაწყევლილი ვარ... ვინც კი მყვარებია, ვისთანაც ვწოლილვარ, ყველა კვდება. უკლებლივ ყველა: ბექა ავარიაში დაიღუპა, ავტობუსმა გადაუარა, ნაწლავებით ასფალტს შეეწება... ლევანი, რა კარგი ბიჭი იყო, შენსავით მთლად ბავშვი, ორთაჭალაში ბენზინგასამართი რომ აფეთქდა, მაშინ დაიწვა და ძვლებიღა იპოვეს. ხვიჩას კეტით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს, ძირს ეგდო, ტვინი კი ღობეზე ეკიდა. აი, მიშიკოსი კი არავინ არაფერი იცის. ჯვარდაწერილები ვიყავით, თოფი აიღო, მეძებარი გაიყოლა, წავიდა და მასთან ერთად დაიკარგა. ვგრძნობ, მთელი ტანით ვგრძნობ, თმებით და ფრჩხილებითაც კი ვგრძნობ, რომ მგელმა შეჭამა. ის საძილე ტომარაში იწვა და ეძინა. ნადირი ჩუმად მისუნსულდა, დააღო პირი, ტუჩები ამოაჭამა, მიშიკოს სისხლი თვალებში ჩაუვიდა, ვერ ხედავდა. მთელი საათი იბრძოლეს, ბოლოს მგელმა იმარჯვა და შეჭამა. ეს სიზმარში ვნახე. შენ ხომ გჯერა სიზმრების? მისმა მონაყოლმა ტატო გამახსენა, სექტემბრამდე ვერ გავატანო, რომ მითხრა და შემზარა და თავი ისე ვიგრძენი, როგორც სიკვდილმისჯილმა სახრჩობელის წინ. _ ძალიან მინდიხარ, მაგრამ ძალას არ დაგატან... შენ გადაწყვიტე... ფიქრისთვის დრო გჭირდება. წადი, ჩემო ბიჭო და იფიქრე! მონუსხულივით ვიყავი, კარისკენ წავედი და სანამ გავაღებდი, შემაჩერა, ხორციანი პარკი მომაწოდა და ვნებიანი ჩურჩულით თქვა: _ იქნებ ჯადო ამეხსნას. მე ვიცი, სად არის ჯადო. სადარბაზოდან გამოვედი და ვიგრძენი, რომ პირი მიშრებოდა და კუჭი მტკიოდა. მინერალურ წყალს ვიყიდი-მეთქი, გავიფიქრე, იქვე მაღაზიაში შევედი და სანამ გამყიდველი ჩემთვის მოიცლიდა, მაცივარში ვერიკოსთვის გუშინ მიტანილი ხორცის ნაჭერი ვიცანი. ამისთვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია, რადგან ისედაც ვხვდებოდი, რომ ერთ ქალს ამდენი არ სჭირდებოდა, მითუმეტეს, როცა ხორცს მე თვითონაც ვყიდდი, მაგრამ გულში მაინც რაღაცნაირად გამკრა და იქნებ ამ ქალს ტატოს შემდეგ ჩემი გამოყენებაც უნდაო, წამით მაფიქრებინა. სახლში რომ დავბრუნდი, შინ მხოლოდ ჩემი და დამხვდა, დედა მეზობელთან გასულიყო. წყალი დავლიე, სული მოვითქვი და ვკითხე: _ გსმენია, მიცვალებულს საჭმელს უდგამდნენ და დილით თეფში ცარიელი იყოს? ეტყობა, მთლად ვერ გაიგო, რა ვუთხარი და გაკვირვებულმა შემომხედა. _ მიცვალებულს საჭმელს უდგამდნენ და ღამით, როცა ყველას სძინავს, ჭამდეს? _ გამიგია, _ მითხრა, _ მაგრამ არ მჯერა, სისულელე მგონია. _ჰო, _ თავი დავუქნიე და დივანზე მოწყვეტით დავეცი. ჩემი გონება ბორგავდა. თავში ათასი აზრი შემოდიოდა და გადიოდა, ფიქრი კი მუდამ ვერიკოს უტრიალებდა. ერთმანეთს ორი გრძნობა შეჭიდებოდა: სიკვდილის შიში და მისდამი ლტოლვა. ეს ორი იდო სასწორის პინაზე და ვერც ერთი ვერ წონიდა. ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი და რა გამეკეთებინა. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა თავის ქალაში ვირთხასავით ჩაბუდებულიყო და ტვინს მიღრღნიდა. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, თვალწინ ხან მიშიკოს სურათი მედგა და ხან ტატო იყო ჩემი გონების სტუმარი. მთელი საათი ფიქრებით დამძიმებული, გარინდებული ვიწექი და ერთ რამეს ჩავწვდი _ როგორმე ცოტა უფრო მეტი უნდა გამეგო ვერიკოზე. ტატოს გარდა არავის ვიცნობდი, ვისაც ამ ქალთან ურთიერთობა ჰქონია, ამიტომ საიდუმლოს გასაღებად ეს კაცი მივიჩნიე. მისი წილი ხორცი ცალკე პარკში გადავიღე და ბინიდან გავედი. კარი გუშინდელივით იზამ გამიღო. შენ გენაცვალე, ნოდარ, გვერდში რომ გვიდგახარ, დამირეკეს მაცივრიდანო, მითხრა, პარკი გამომართვა და ტატოს გასძახა: _ ნოდარი მოვიდა. _ შემო, ბიჭო, _ მომესმა მიკნავებული ხმა. ტატო საწოლზე იჯდა, ბალიშები ამოედო იღლიის ქვეშ და მძიმედ სუნთქავდა. მინდოდა, დაბნეულობა არ შეემჩნია და შევეცადე, თავი მხიარულად მომეჩვენებინა. _ როგორ ხარ? _ გავუღიმე. _ რა ვიცი, როგორ ვარ. სექტემბრამდე ალბათ ვერ გავატან. "მოკვდება, ვერიკოს ჯადო მოკლავს", _ გავიფიქრე და ეტყობა სახე შემეცვალა. _ რა იყო, გეცოდები? _ მითხრა და გამომცდელად შემომხედა. "ეტყობა, ყველაფერს ხვდება", _ გულში გავივლე, სახე მოვარიდე და იზას გავძახე: _ რაო, ექიმმა, იზა, როდის დავაყენებთო ფეხზე? იზა შემოვიდა, ქმარს გვერდით დაუჯდა და როგორც იცოდა, მოყვა წუწუნს. ტატომ ცოტა ხანს უსმინა, შემდეგ სიტყვა გააწყვეტინა და თქვა: _ ამას რა ედარდება, რჩება აწყობილი ოჯახი. ცოტა ფული მაქვს, დაკრძალვაში ეყოფა, ერთ შავ ჩარჩოს იყიდის, ჩემს სურათს გაადიდებს, კედელზე ჩამოკიდებს, უკნიდან კი თავისი ბატიფეხურით მიაწერს: "სიკვდილამდე შენი ერთგული ვიქნები, მშვიდად განისვენე, ტატოო” და მალევე ჩემს შემცვლელსაც იპოვის. ტატომ შემომხედა და გაიცინა. ამით მიმანიშნა, შენზე ადრე მე ვნახე ვერიკოს ქმრის სურათის უკანა მხარეო და დამნაშავესავით ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. მდგომარეობიდან ისევ იზამ გამომიყვანა. რა სისულელეებს ლაპარაკობ ამხელა კაციო, ქმარს შეუტია და მეც აზრების მოკრება მოვასწარი და შევეცადე დაბნეულობა არ შემტყობოდა. ნახევარი საათი კიდევ დავრჩი. ძირითადად იზა ლაპარაკობდა, წყევლიდა ქვეყანასა და ექიმებს. გამომშვიდობებისას ტატომ მოულოდნელად თვალი თვალში გამიყარა და მკითხა: _ ჩვენ რომ ვიცით, იმასთან გამოცდა თუ ჩააბარე, ბიჭო? დავიბენი, ვერ მივხვდი, რაზე მიმანიშნებდა, თუმცა ჩემთვის მეორე დღესვე ცხადი გახდა მისი ნართაული. იმ ღამეს ცუდად მეძინა. ფიქრებმა წამიღო. ხან მკერდზე ვერიკოს ძუძუები მელამუნებოდა, ამ ქალის ხვაშიადის მორევში დავცურავდი და ხან ის კაცები მედგა თვალწინ, ვერიკოს ჯადომ რომ დახოცა და ხანაც სიკვდილის მომლოდინე ტატო, თავისი მიკნავებული ხმით, უცნაური მინიშნებებითა და საუბრით. ან ქალი უნდა ამერჩია, მის სარეცელზე სურვილი დამეწრიტა და თავი საფრთხეში ჩამეგდო, ან გონებით უნდა მემოქმედა და მოზღვავებულ ვნებაზე უარი მეთქვა. ვბორგავდი, ვწუხდი, ერთ აზრზე ვერ ვჩერდებოდი და მეორე დღეს, როცა ვერიკოს კარზე დავაკაკუნე, არ მქონდა გადაწყვეტილი, რა მეთქვა. თმები გუშინდელივით მაღლა აეწია, ფირუზისთვლიანი საყურეები ეკეთა და ძალიან უხდებოდა. მძივი საყურეების ფერს იმეორებდა და თეთრ კაბას თითქოს პატრონს უბიწობაზე უნდოდა ხაზგასმა... ცივად შემხვდა. აბაზანაში შევედი, ხორცები ტანიდან შემოვიხსენი. ვერიკოს წილი ცალკე პარკში გადავიტანე და გამოვედი. თუ წინაზე კართან მელოდებოდა, ახლა არ ჩანდა. სამზარეულოდან ისმოდა თეფშების ხმა, რაც მის იქ ყოფნას ადასტურებდა და ის იყო, გადავწყვიტე პარკი შემოსასვლელში დამეტოვებინა და წავსულიყავი, რომ დამიძახა: _ ნოდარ, ახლავე მოვალ, მისაღებში დამელოდე. ოთახში შევედი, უნებურად თვალი კედლისკენ გამექცა და მომეჩვენა, რომ გუშინდელთან შედარებით, მიშიკო უფრო ირონიით მიცქერდა და მეც ზურგით დავჯექი. ვერიკო შემოვიდა, სინით ყავა და ნამცხვარი შემოიტანა. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც საქმიან ქალს ხელშეკრულების დადების წინ. მაგიდის თავში ჩვეულ ადგილას დაჯდა, ყავა მოსვა გაიღიმა და მონოტონური, ძალიან ქალური, წყნარი ხმით მითხრა: _ მოიფიქრე, ნოდარ? _ მოვიფიქრე, _ ვთქვი მექანიკურად, ისე რომ გადაწყვეტილი არაფერი არ მქონდა და მეტ გაურკვევლობაში ვიყავი, ვიდრე გუშინ. ვერიკო ადგა, კომოდიდან ჭიქები და რაღაც მწვანე ნაყენი გადმოიღო, დაასხა და ისევ იმ ხმაზე და იმავე ტონით დაიწყო: _ მიუხედავად ჯადოსი, მიუხედავად წყევლისა, თანახმა ხარ, გახდე ჩემი საყვარელი? ანგარიშმიუცემლად დავუქნიე თავი. ის ადგა, ტანის მსუბუქი რხევით წამოვიდა, ხელები მხრებზე დამაწყო, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: _ ხმამაღლა თქვი, ჩემო ბიჭო... მიუხედავად ყველაფრისა, თანახმა ხარ ჩემი საყვარელი გახდე? _ თანახმა ვარ, _ ვთქვი და შევკრთი. ეს ხმა არ ჰგავდა ჩემსას, უფრო ყრუ იყო და მოგუდული. ვერიკო თავის ადგილს დაუბრუნდა, ჭიქა აიღო. _ მაშ დავლოცოთ ჩვენი ერთობა, ჩემო ბიჭო, შენ გამოცდა ჩააბარე! "ჩვენ რომ ვიცით, იმასთან გამოცდა თუ ჩააბარე, ბიჭო", _ გამახსენდა ტატოს სიტყვები და მივხვდი, რომ ჩემმა ამფსონმაც იგივე გზა გაიარა, რომელიც მე. წარმოვიდგინე, რომ ვერიკო ტატოსაც ისე ვნებიანად ეჩურჩულებოდა, როგორც მე, წარმოვიდგინე ასფალტს მიწებებული ნაწლავები, ღობეზე ჩამოკიდებული ტვინი და შემზარა. ავდექი, ჩემდა უნებურად მიშიკოს სურათს შევხედე და მომეჩვენა, რომ მიუხედავად ირონიული ღიმილისა, სევდიანი თვალები ჰქონდა. კიდევ უფრო მეტად შევკრთი და რაღაცა ძალამ კარისკენ მიბიძგა. _ ნოდარ, ხორცი არ დაგავიწყდეს, _ უკნიდან დამეწია ქალის ხმა, მეც პარკს ხელი წამოვავლე, კარი გავაღე და კიბეები ჩავირბინე. შეგრძნება მქონდა ისეთი, თითქოს უკნიდან ვერიკოს კისკისი მომდევდა. ჩემი წილი ხორცი ბაზარში ჩავაბარე, ფული ავიღე და ჭაჭით დავთვერი. სასმელმა ცოტა შემამსუბუქა, გამამამაცა და ერთი პირობა ვერიკოსთან დაბრუნებაც კი მოვიწადინე, მისი სახლისკენ ავიღე გეზი, მაგრამ რაღაცა შინაგანმა ისევ უკან მიბიძგა. მეც, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, უსაგნოდ მოვყევი ქუჩაში ხეტიალს და როცა შებინდდა ხორციანი პარკით ტატოს ვეწვიე.
იზას იმდენი აღარ უწუწუნია, ტატოც უფრო მხნედ მომეჩვენა. არ მახსოვს, რაღაც განყენებულ თემაზე ვსაუბრობდით. ბოლოს, როცა იზა გავიდა, იჭვნეულად ქვემოდან შემომხედა და მითხრა: _ ჩააბარე გამოცდა, ბიჭო? _ ვერა, _ თავი გავაქნიე. _ რა? _ გაიცინა, _ ვერ ჩააბარე გამოცდა? უარის ნიშნად კვლავ თავი გავაქნიე და ამან ის ძალიან გაამხიარულა, ახარხარდა, წამოიწია და ლამის წამოდგა. _ უარი რატო თქვი, კაცურად მითხარი, მიშიკოსი მოგერიდა, თუ ღობეზე დაკიდებულმა ტვინმა და ასფალტზე შეწებებულმა ნაწლავებმა შეგაშინა? მხრები ავიჩეჩე. _ მოიცა, _ აგრძელებდა ხარხარს, _ ეს სისულელეები მოგიყვა, არა? _ ჰო, _ თავი დავუქნიე. _ ჰა, ჰა, ჰა, ჰა, დაიჯერე და შეგეშინდა, არა? სახსრები სტკიოდა, მაგრამ გაუჩერებლივ იცინოდა. _ უბრალოდ, შენი მომერიდა, _ ვთქვი და ტატომ სიცილი შეწყვიტა. დაკვირვებით შემომხედა, ამათვარიელ-ჩამათვალიერა და მითხრა: _ პატიოსანი კაცი ხარ, ნოდარ. გინდა, მიშიკოს ამბავი გიამბო? _ მიამბე. _ მაშინ, ვერიკოს ზღაპრები რომ მოვისმინე, ცოტა მეც შევშინდი. მიშიკოს სურათი რომ ამოაბრუნა და წავიკითხე, ნერვებმა მიმტყუნა, ვეცი, ჩამოვხსენი, დავხიე და დავწვი. "აგე, შენი მიშიკო, არც მაგისი სულის მეშინია და არც მაგისი სურათისა ~, _ ვყვიროდი. _ ატირდა. მთელი ორი დღე ტიროდა, ბოლოს მოვიფიქრე, ფოტოატელიაში ვითხოვე ეს სურათი. ჩარჩოში ჩავსვი, უკნიდან ის წარწერა ჩემი ხელით გავუკეთე და ვუთხარი: "ვერიკო, საყვარელო, მოდი ეს იყოს ჩვენი მიშიკო". გაუხარდა, დამთანხმდა. კარგი ტიპია, კარგი ღიმილი და სიფათი აქვს. მაგის ძველ მიშიკოს სჯობია, _ დაამთავრა და ახარხარდა. ბევრი იცინა, ბოლოს საქმიანი სახე მიიღო და თქვა: _ ბიჭო, ვერიკოსთან ვეღარ მიხვალ და ხორცს რა ვუყოთ? სახლამდე ტანზე აკრულს ვერ მოიტან. დავრჩებით მშივრები. ახლომახლო ოჯახი უნდა მოვძებნოთ. თუმცა, ისეთი დროა, შიმშილობს ხალხი და ხორცს რომ შევპირდებით, შინ ყველა შეგვიშვებს. ტატო ისევ ახარხარდა. ღორის სუკისფრად ავარდისფერებული, ბედნიერი სახე ჰქონდა. პირდაპირ არ თქვა, მაგრამ, მივხვდი, მეტად ესიამოვნა ჩემი და ვერიკოს ამბის ამგვარი დასასრული. ის ერთხანს შეუსვენებლივ იცინოდა. მერე, თითქოს ბეჭებზე სახრე გადაარტყესო, მყისიერად შეწყვიტა და ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს საიდუმლოს მანდობდა: _ ვერიკოს მამა ბიზნესში თუ პოლიტიკაში იყო გახვეული, არ ვიცი, მგონი ზვიადისტობდა. ამ ორი წლის წინ ვიღაც სამხედრო ფორმიანები შევიდნენ და სახლიდან გაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ზღვაზე იპოვეს დაცხრილული, გვამს უკვე სუნი ჰქონდა დაცემული. დედამისმა ექვსი თვეღა იცოცხლა. ქმრის სიკვდილს გადაყვა საწყალი. ეს ვერიკოს მეზობელმა მიამბო,თვითონ ამ ამბავს არ იხსენებს. ეს ამბავი ტვინიდან ამოშალა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვერიკოს ქუჩაში მოვკარი თვალი და გავოცდი _ ერთი ჩვეულებრივი ქალი იყო, ლამაზიაო, ვერ იტყოდი, საოცარია, საკუთარ სახლში როგორ ახერხებდა ესოდენ გარდასახვას. მასში მართლაც იყო ჯადო და მისტიკა, რაშიც ძალიან მალე დავრწმუნდი:
ერთ თვეში ტატო გამოჯანმრთელდა. სამსახურში სამი-ოთხი დღის გამოსული იყო. მანქანა უნდა დაგვეცალა. ვალიკო და მძღოლი რეფრიჟერატორის კარს ხსნიდნენ. ეტყობა, ვიღაცამ აწვალა _ ჩაჭედილიყო. ტატო მისახმარებლად მივიდა. კარის ქვეშ იდგა და ძალაყინით ცდილობდა ურდულის გადაწევას. მოულოდნელად გაიხსნა და გაყინული ღორები თავზე დაეყარა. თითო ასი კილო მაინც იქნებოდა. არ ვიცი, როგორ მოხდა, ამდენი კარზე როგორ იყო მიწყობილი. ხორცში დაიმარხა კაცი. ღორები რომ გადავყარეთ, ძლივს სუნთქავდა. ვეცი, მინდოდა წამომეყენებინა. მიცნო და ამოილუღლუღა: _ვერიკოს ჯადო... ვერიკოს ჯადო... საავადმყოფო იქვეა. მალე მივიყვანეთ. ცუდი დრო იყო, მედიკამენტები არ ჰქონდათ, წამლისა და გენერატორის საშოვნელად ბიჭებს მოგვიწია სირბილი, მაგრამ ტყუილად დავშვერით _ სამი დღეღა იცოცხლა საწყალმა.
დაკრძალვაზე ვერიკოც მოვიდა. შავები ეცვა, შავი თავშალი ეხვია. სახეზე მიწის ფერი ედო, ტუჩებიდანაც კი დასწრეტოდა სისხლი. ვგრძნობდი, ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსულიყო და როცა კუბო საფლავში ჩავუშვით და შემოვბრუნდი, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. წასკდა ცრემლი, აქვითინდა და მკერდზე მომეყრდნო. _ ეს რატომ მოხდა, ნოდარ? ვთამაშობდი, ვთხზავდი რაღაცეებს და ამ თამაშ-თამაშში თავი დავიწყევლე, მე თვითონ დავადე საკუთარ თავს ჯადო. დღეს პირველი სექტემბერია, როგორ დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს, ნოდარ... ვერიკომ თავი მკერდიდან მომაცილა და ჩვენი თვალები კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს. ვიგრძენი, რომ ქალი ტატოს კი არა, საკუთარ თავს ტიროდა. მომინდა მენუგეშებინა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და წამოვაყრანტალე: _ ყველაფერი კარგად იქნება. იქნებ, მიშიკო არ მომკვდარა და დაბრუნდეს. დავამთავრე წინადადება და მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი და შევცბი. ვერიკომ ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ სახე შეეცვალა, ყურთან ტუჩები მომიტანა და ჩამჩურჩულა: _ ჰო, შეიძლება არც მომკვდარა და დაბრუნდეს. ერთად უხმოდ ჩავიარეთ სასაფლაოს ჭიშკრამდე, გამომშვიდობებისას მაკოცა და მითხრა: _ იცი, ნოდარ, მიშიკო როდის დაბრუნდება? როცა მე დიდ სცენაზე დავუკრავ. წარმოიდგინე, ბეთჰოვენის "ელიზეს~ვასრულებ, დავამთავრე. დარბაზი აპლოდისმენტებით ქუხს. მე მაყურებელს მადლობას ვუხდი და ამ დროს ვარდებით ხელში სცენაზე მიშიკო ამოდის, _ ამოიოხრა და გააგრძელა, _ შენ ხომ გჯერა, რომ ასე იქნება? _ მჯერა, _ თავი დავუქნიე და ერთმანეთს დავშორდით.
ამის შემდეგ ვერიკოს აღარ შევხვედრივარ. მერე კარგა ხნით ევროპას შევაფარე თავი. არ ვიცი, მას რა ბედი ეწია. ამ ქვეყნად რა არ ხდება. შეიძლება ვერიკომ დიდ სცენაზე მართლაც დაუკრა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია. ვფიქრობ, უფრო მეტად შეირყა, იმ დროს ხომ ძალიან ბევრს აერია თავგზა.
ჩემი ტოლები ოთხმოცდაათიანებს ხშირად იგონებენ, იმ დამშეულ და სისხლიან დროზე უყვებიან ერთმანეთს, მე კი, როცა იმ წლებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მაშინვე ეს ამბავი მახსენდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან მომეწონა!!! ძალიან მომეწონა!!!
21. მშვენიერი იყო . მშვენიერი იყო .
20. დავიწყე და აუცილებლად წავიკითხავ... პატივისცემით. დავიწყე და აუცილებლად წავიკითხავ... პატივისცემით.
19. ბრავო.. ძალიან კარგად გადმოცემული ძაიან საინტერესო ამბავია..:)) ++ ბრავო.. ძალიან კარგად გადმოცემული ძაიან საინტერესო ამბავია..:)) ++
18. უფ, ეს კარა ხანია წავიკითხე და ძალინ მომწონებია ასეა ყველას რაღაც აქვს მოსაგონარი . ამის გადმოცემა რომ კარგად შეგიძლია ესაა ნიჭი.
უფ, ეს კარა ხანია წავიკითხე და ძალინ მომწონებია ასეა ყველას რაღაც აქვს მოსაგონარი . ამის გადმოცემა რომ კარგად შეგიძლია ესაა ნიჭი.
17. ჩემი დაკავებულობის მიუხედავად, ისე ჩავედი ბოლომდე, რომ ყველა საქმე გადავდე! აი, ეს არის კარგი და საინტერესო თხრობა, როცა ვერ მოწყდები... ყველა პერსონაჟი დამაჯერებელია, სიუჟეტური ხაზი კარგად ვითარდება,დრო სულ რამდენიმე შტრიხით ზედმიწევნით ზუსტად არის ასახული, იმდენად ზუსტად, რომ იმ მძიმე პერიოდის ფერს და სუნსაც კი გრძნობ!!! ფინალში კი რაღაცას ველოდი, მოულოდნელობის ეფექტის მაგვარს, თუმცა, მეც არ ვიცი რას... 5 ჩემი დაკავებულობის მიუხედავად, ისე ჩავედი ბოლომდე, რომ ყველა საქმე გადავდე! აი, ეს არის კარგი და საინტერესო თხრობა, როცა ვერ მოწყდები... ყველა პერსონაჟი დამაჯერებელია, სიუჟეტური ხაზი კარგად ვითარდება,დრო სულ რამდენიმე შტრიხით ზედმიწევნით ზუსტად არის ასახული, იმდენად ზუსტად, რომ იმ მძიმე პერიოდის ფერს და სუნსაც კი გრძნობ!!! ფინალში კი რაღაცას ველოდი, მოულოდნელობის ეფექტის მაგვარს, თუმცა, მეც არ ვიცი რას... 5
16. კარგი პროზა. მოულოდნელი და ამავე დროს ლოგიკური განვითარება ძირითადი ხაზის. ისე, უბრალოდ, დიდი სცენისთვის "ელიზე" რაღაც ვერ წარმოვიდგინე. მარტო ბეეთჰოვენობა ვერ მოერევა ამ პასაჟს. მომწონს ავტორის ხელწერა. კარგი პროზა. მოულოდნელი და ამავე დროს ლოგიკური განვითარება ძირითადი ხაზის. ისე, უბრალოდ, დიდი სცენისთვის "ელიზე" რაღაც ვერ წარმოვიდგინე. მარტო ბეეთჰოვენობა ვერ მოერევა ამ პასაჟს. მომწონს ავტორის ხელწერა.
15. მოთხრობა სრული ეკიპირებით - კლასიკური მოთხრობისთვის საჭირო ყველა კომპონენტის ჰარმონიული შერწყმით.
მოთხრობა სრული ეკიპირებით - კლასიკური მოთხრობისთვის საჭირო ყველა კომპონენტის ჰარმონიული შერწყმით.
14. რა საინტერესო იყო. იშვიათი პროზაიკოსი ხართ. 5. რა საინტერესო იყო. იშვიათი პროზაიკოსი ხართ. 5.
13. ფილმივითაა. ) ფილმივითაა. )
12. შესანიშნავი პროზა. კაცური ნაწერი, ისეთი როგორიც ძალიან მომწონს როგორც წესი. მიხარია თქვენი მკითხველი რომ ვარ. 5. შესანიშნავი პროზა. კაცური ნაწერი, ისეთი როგორიც ძალიან მომწონს როგორც წესი. მიხარია თქვენი მკითხველი რომ ვარ. 5.
10. ამბავი- ცოცხალი კადრებით, საინტერესო და ემოციური5+ ვერიკო :) ამბავი- ცოცხალი კადრებით, საინტერესო და ემოციური5+ ვერიკო :)
9. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ყველაფერი მომეწონა: მშვენივრად დახატული სახეები, ინტრიგა, ემოცია, თხრობის სტილი. . . სიკეთე და წარმატებები ავტორს. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ყველაფერი მომეწონა: მშვენივრად დახატული სახეები, ინტრიგა, ემოცია, თხრობის სტილი. . . სიკეთე და წარმატებები ავტორს.
8. საინტერესოდ და კარგად მოთხრობილი ამბავი. მომწონს როგორ აღწერთ გარემოს. საინტერესოდ და კარგად მოთხრობილი ამბავი. მომწონს როგორ აღწერთ გარემოს.
7. ძალიან კარგია. :) და იცი, მეუდაბნოვე, რა მომწონს შენს მოთხრობებში ზოგადად? აი, ყველა მოთხრობა ისეთი გაქვს, როგორც კი დაიწყებ, თითქოს რაღაც მისტიკურ ამბავში ხვდები. ეს ვერიკო კი ძალიან შემეცოდა. :)
ჭას ვეთანხმები, ბევრი კარგი ფრაზაა. მაგრამ ყველაზე კარგი რაც არის, ტატოს "შიგნიდან" დანახვა გაქვს ძალიან კარგად გადმოცემული.
პატივისცემით. ძალიან კარგია. :) და იცი, მეუდაბნოვე, რა მომწონს შენს მოთხრობებში ზოგადად? აი, ყველა მოთხრობა ისეთი გაქვს, როგორც კი დაიწყებ, თითქოს რაღაც მისტიკურ ამბავში ხვდები. ეს ვერიკო კი ძალიან შემეცოდა. :)
ჭას ვეთანხმები, ბევრი კარგი ფრაზაა. მაგრამ ყველაზე კარგი რაც არის, ტატოს "შიგნიდან" დანახვა გაქვს ძალიან კარგად გადმოცემული.
პატივისცემით.
6. საბედისწერო ქალია ეს ვერიკო )))) მომეწონა+ საბედისწერო ქალია ეს ვერიკო )))) მომეწონა+
5. ოსტატური ნაწერია. ერთი კალმის მოსმით სიღრმისეულად ახსნილი პერსონაჟთა განცდები. თითქოს მკითხველი მათ ტყავში ეხვევა, მაგრამ ფინალს უფრო დამაფიქრებელს და კითხვისნიშნებიანს ველოდი, როგორც სხვა მოთხრობებში იყო. ოსტატური ნაწერია. ერთი კალმის მოსმით სიღრმისეულად ახსნილი პერსონაჟთა განცდები. თითქოს მკითხველი მათ ტყავში ეხვევა, მაგრამ ფინალს უფრო დამაფიქრებელს და კითხვისნიშნებიანს ველოდი, როგორც სხვა მოთხრობებში იყო.
4. იშვიათი პროზაა....მადლობა ავტორს მისი აქ განთავსებისთვის...5555
ისე ჩამითრია კითხვამ, ბოლოში როგორ ჩავედი არც გამიგია...კვალდაკვალ მივყვებოდი ავტორს, მივენდე ბოლომდე....არცერთი ხელოვნური ფრაზა...არცერთადგილას არ გამჩენია მცირეოდენი ეჭვიც კი... .შეშლილი ქალის სახე, (ვერიკო) ისეთი მძაფრი და მგრძნობიარეა თან ისეთი ჩვეულებრივი, სერიოზულად შემეშინდა...ასეთი განცდა "ოსტატი და მარგალიტას " კითხვისას მქონდა მახსოვს...:))
" იმ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა ამობრუნდა და ნაძირლები ზევიდან მოექცნენ. გაუთლელი და დაუზარელი ბიჭისთვის, როგორიც ტატო იყო, არაფერი შეცვლილა, ამ კატეგორიის კაცები მუდამ შუაში არიან და როგორც გინდა ატრიალდეს დედამიწა, მაინც თავის ადგილას რჩებიან" ასეთი ფრთიანი ფრაზებიც საკმაოდ არის ნაწერში და მოკლედ მე თუ რამე გამეგება, არაჩვეულებრივი პროზაა ეს...:-*
იშვიათი პროზაა....მადლობა ავტორს მისი აქ განთავსებისთვის...5555
ისე ჩამითრია კითხვამ, ბოლოში როგორ ჩავედი არც გამიგია...კვალდაკვალ მივყვებოდი ავტორს, მივენდე ბოლომდე....არცერთი ხელოვნური ფრაზა...არცერთადგილას არ გამჩენია მცირეოდენი ეჭვიც კი... .შეშლილი ქალის სახე, (ვერიკო) ისეთი მძაფრი და მგრძნობიარეა თან ისეთი ჩვეულებრივი, სერიოზულად შემეშინდა...ასეთი განცდა "ოსტატი და მარგალიტას " კითხვისას მქონდა მახსოვს...:))
" იმ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა ამობრუნდა და ნაძირლები ზევიდან მოექცნენ. გაუთლელი და დაუზარელი ბიჭისთვის, როგორიც ტატო იყო, არაფერი შეცვლილა, ამ კატეგორიის კაცები მუდამ შუაში არიან და როგორც გინდა ატრიალდეს დედამიწა, მაინც თავის ადგილას რჩებიან" ასეთი ფრთიანი ფრაზებიც საკმაოდ არის ნაწერში და მოკლედ მე თუ რამე გამეგება, არაჩვეულებრივი პროზაა ეს...:-*
3. ძალიან მომწონს ავტორი.. მისი საღი კომენტარებიც..
არაფრისმთქმელი--5 ძალიან მომწონს ავტორი.. მისი საღი კომენტარებიც..
არაფრისმთქმელი--5
2. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
1. ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|