ავტორი: ზღაპრადმოსული ჟანრი: პროზა 2 თებერვალი, 2014
berceuse (ზღაპარი დიდებისთვის)
გსმენიათ რამე მესანთლე ქალსა და მის გაუჩინარებულ შვილზე? არა? არც მე. არ მსმენია, მინახავს. არა აქვს მნიშვნელობა მე ვინ ვიყავი, სარკმლიდან შემოსული სინათლის სხივი თუ ოთახის კუთხეში, აბლაბდის მქსოველი ობობა. მინახავს და მინდა თქვენც მოგითხროთ ახლა. გაზაფხული დგებოდა, თვალციმციმა გაზაფხული. ბუნება გამოფხიზლებას იწყებდა . მიწა თოვლს იბერტყდა მხრებიდან. ორთქლი ასდიოდა ჭალებს და ნისლი იდგა მთებში. ახლად მოსულს ახლის მოტანა სჩვევია თურმე, ასეა ეს დროც. ყველგან შეაქვს რაღაც ახალი; გრძნობა, ფიქრები და როგორც ბუნებას, ადამიანის გულსაც აღვიძებს. გაღვიძებოდა მესანთლე ქალსაც. რატომ მესანთლე? სანთლებს ქმნიდა, ყოველდღე ქნიდა. გინახავთ როგორ იქნება სანთელი? როგორ იფარება ძაფი სანთლით და ნელ-ნელა , თითებისა და ხელისგულების შეთანხმებული მოძრაობით ფორმას იძენს.ჩვეულებრივი არ იყო ეს სანთლები, სიმღერა შეეძლოთ, ყველანაირი სიმღერის. სევდის და სიხარულის ხმა შეეძლოთ გამოეცათ. სანთლით ჩამოქნილს ჰგავდა სანთლის მქნელის თითებიც. ისეთივე თხელი იყო, როგორც მთლიანად ქალი. მაღალ შუბლს ,გვირგვინად ადგა შუაზე გაყოფილი, შავი თმის ტევრი. სწორი ცვხირი და ღიმილიანი ბაეგეები. უმოძრაოდაც რომ მეტყველებდნენ. თვალები? თვალები საოცარი ჰქონდა. არ იყო ცისფერი, მოწმენდილ ცაზე არ არის დარდი. არ იყო თაფლისფერი , მეტისმეტად ტკბილია თაფლი. ლურჯი იყო, ლურჯ ოპალს ჰგავდა, ძვირფას ოპალს. ქნიდა ქალი სანთლებს და სათითაოდ ყველას ანთებდა. ყველა ოთახში, ყველა კუთხეში, ყველა ფანჯრის წინ, დიდი სარკის წინ. ყველაფერს ეფინებოდა მათგან წამოსული ჯადოსნური სინათლე და უფრო ჯადოსნური მელოდია. ვისთვის ანთებდა? ალბათ ყველასთვის. არგაჩენილთა, დაბადებულთა და გარდაცვლილთათვის. სწრაფად ანთებდა, არ ელოდებოდა , როდის ჩაიწვებოდნენ. მხოლოდ სარკის წინ იდგა დიდხანს, უყურებდა სარკეს და ხედავდა, ადამიანთა მოდგმის ყველა ტკივილს, ყველა განცდას . უყურებდა ოპალის თვალებით და სარკეში ადამიანის სულის სარკეს აკვირდებოდა. ამ სარკიდან მოვიდა ის მხედარიც, სიმართლის მხედარი, შავი ცხენით და უფსკრულივით შავი თვალებით. ჩაიხედა ქალმა ამ უფსკრულში და იმდენად ღრმა იყო, ვეღარ შესძლო უკან ამოსვლა. გული ამოიღო და აჩუქა. სამუდამოდ აჩუქა მხედარს. წავიდა მხედარი და დარჩა ქალი, უგულოდ დარჩა. ელოდა ერთხანს, მერე კიდევ და მერე კიდევ. ისევ ქნიდა ხელებით სანთელს, მოტკბო სანთელს. ერთხელაც ბიჭის ფორმა მიიღო სანთელმა და ქალმა იგრძნო როგორ იშვა მის საგულეში ახალი გული, პატარა გული, მფეთქავი გული. მხედარივით შავი ჰქონდა ბიჭსაც თვალები. ყველგან ანთებდა ქალი სანთელს, გარდა სარკისა. არ უნდოდა ბიჭს ჩაეხედა მასში, არ უნდოდა ქვეყნიერებისთვის შეევლო თვალი. მაგრამ ყოველთვის დაიცავ განა? ქალს არ შეეძლო მისი შეჩერება, რამეთუ მოძრაობაა ცოცხალთა წესი და მხედრის გზას გაჰყვა ბიჭიც. ელოდა ქალი, მასაც ელოდა, მაგრამ ამაოდ. მხედარი არ უძებნია, ბიჭს გაჰყვა საძებნელად ანთებული სანთლით ხელში, ანათებდა სანთელი და მღეროდა სიმღერას, სიმღერას დაკარგულ შვილზე. ფეხშველი ადგა გზას ქალი, ფეხშველმა მოიარა, სისხლი სდიოდა და ხელებიც დაჰკაწვროდა ეკალ-ბარდისგან. მაგრამ ამაოდ. ვერსად იპოვა, ვეღარ მოვაო უთხრა გულმა და გათეთრდა ქალი. დაბრუნდა სარკესთან და გარინდდა მის წინ. ჩაუქრა ოპალის თვალები. ვეღარას ხედავდა,აღარა ესმოდა. მხოლოდ სანთელს გრძნობდა, თითებით გრძნობდა და ქნიდა, კვლავ ქნიდა.ოღონდ არ ანთებდა. დედებს ურიგებდა. მისთვის აღარ ჰქონდა ძველებური სილამაზე ანთებულ სანთელს. თვითონ იწვოდა სანთლის ნაცვლად, უჩუმრად იწვოდა და ბოლომდე ჩაიწვა. აღარ არსებობს აღარც ეს ქალი, აღარც ოთახი, აღარ ქნის სანთლებს, მხოლოდ სარკეა, დიდი სარკე, ადამიანთა სარკე. არავინ უნთებს სანთელს. არაა ეს ამბავი ამ დროის, არც იმ დროის და არც მომავლის. უბრალოდ არის, არის დედა და არის შვილი და ყოველთვის უნდა ენთოს მათთვის სანთელი. აანთეთ ხოლმე , თქვენ აანთეთ ერთი სანთელი ამ დედისთვის, არა მარტო მისთვის, ყველა დედისთვის, ვინც შვილთანაა, ვინც ჯერ არაა და ვინც აღარასოდეს იქნება. მართალია არ იმღერებს თქვენს მიერ დანთებული სანთელი, მგრამ გზას აუცილებლად გაუნათებს მათ.
"აანთეთ ხოლმე , თქვენ აანთეთ ერთი სანთელი ამ დედისთვის, არა მარტო მისთვის, ყველა დედისთვის, ვინც შვილთანაა, ვინც ჯერ არაა და ვინც აღარასოდეს იქნება. მართალია არ იმღერებს თქვენს მიერ დანთებული სანთელი, მგრამ გზას აუცილებლად გაუნათებს მათ."
ეს ორი დღის წინ წავიკითხე და მომეწონა.
"აანთეთ ხოლმე , თქვენ აანთეთ ერთი სანთელი ამ დედისთვის, არა მარტო მისთვის, ყველა დედისთვის, ვინც შვილთანაა, ვინც ჯერ არაა და ვინც აღარასოდეს იქნება. მართალია არ იმღერებს თქვენს მიერ დანთებული სანთელი, მგრამ გზას აუცილებლად გაუნათებს მათ."
საინტერესო ზღაპარია, მხატვრულობით და სენტიმენტებით . . მომეწონა! სანთელს ხატის წინ ვანთებ , ალსა და სანთლის ფორმას რაღაცნაირად იდუმალება მოაქვს, გარინდებული ველოდები სანამ ჩაიწვება.
ზღაპრის აუცილებელი ატრიბუტია სარკე, თუმცა მე , სარკე არ მიყვარს!
საინტერესო ზღაპარია, მხატვრულობით და სენტიმენტებით . . მომეწონა! სანთელს ხატის წინ ვანთებ , ალსა და სანთლის ფორმას რაღაცნაირად იდუმალება მოაქვს, გარინდებული ველოდები სანამ ჩაიწვება.
ზღაპრის აუცილებელი ატრიბუტია სარკე, თუმცა მე , სარკე არ მიყვარს!
ამ სარკიდან მოვიდა ის მხედარიც, სიმართლის მხედარი, შავი ცხენით და უფსკრულივით შავი თვალებით. ჩაიხედა ქალმა ამ უფსკრულში და იმდენად ღრმა იყო, ვეღარ შესძლო უკან ამოსვლა. გული ამოიღო და აჩუქა. სამუდამოდ აჩუქა მხედარს. წავიდა მხედარი და დარჩა ქალი, უგულოდ დარჩა.
ყველა დედისთვის, ვინც შვილთანაა, ვინც ჯერ არაა და ვინც აღარასოდეს იქნება.
სევდიანი, მძიმე და მყუდრო. ერთდროულად.
ამ სარკიდან მოვიდა ის მხედარიც, სიმართლის მხედარი, შავი ცხენით და უფსკრულივით შავი თვალებით. ჩაიხედა ქალმა ამ უფსკრულში და იმდენად ღრმა იყო, ვეღარ შესძლო უკან ამოსვლა. გული ამოიღო და აჩუქა. სამუდამოდ აჩუქა მხედარს. წავიდა მხედარი და დარჩა ქალი, უგულოდ დარჩა.
ყველა დედისთვის, ვინც შვილთანაა, ვინც ჯერ არაა და ვინც აღარასოდეს იქნება.