ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2008


მტვერი

საუკუნეა,აქ არ ვყოფილვარ!
ისეთი მტვერი ადევს როიალს,
ხელი გამირბის,
რომ დაწეროს შენი სახელი.

ნახე,ეს მტვერი
რა სინაზით,
რა გულმოდგინედ,
წყნარად,
თანაბრად
ეფინება
კარადებს,
წიგნებს,
მკვეთრ კონტურებს როგორ ანელებს,
როგორ იფარავს მკრთალი რიდით
იატაკზე ჩვენს ნაფეხურებს!
ო,ეს მტვრის ფარდაც!
მონარნარე,
ოქროცურვილი,
როცა ფანჯრიდან მხიარული მზე იხედება...

გახსოვს?
ვუცქერდით ამ ფანჯრიდან,
რარიგად თოვდა,
ტრიალ-ტრიალით
ფიფქი ფიფქებს ემატებოდა.
იცი,ის თოვლი რას ამბობდა,
რას გულისხმობდა?
მტვერს თამაშობდა:

''განა მზე ირჩევს,ვის დაესხივოს?
ვის ჩაესუნთქოს,ირჩევს ჰაერი?
მეც ასევე ვეკუთვნი ყველას.
მიწაზე ადრე მე გიფარავთ,
მტვერი - დამწყები!''

ვშორდებით,მტვერო!
მოვა სხვა
და აქ არ დაგტოვებს
და შენთან ერთად
სამუდამოდ დაიკარგება
ჩვენი უზრდელი სიყვარული,
ჩვენი კოცნები.

1988

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები