| ავტორი: ტერეზა ჟანრი: პროზა 27 თებერვალი, 2014 |
ნაწილი პირველი
*** ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღეა, თან სასიამოვნოდ გრილა. ოქროსფერი შემოდგომაა თბილისში. სახლში ვეღარ ვჩერდები... გარეთ მინდა გასვლა... სულერთია სად.... ხეტიალის ხასიათზე ვარ. გაგას გავუარე. ჩამოვირბინეთ სემინარიის კიბეები... - სად წავიდეთ?- მეკითხება აღტაცებული სახით. - მოდი მამადავითზე ავიდეთ! - ავიდეთ! რა კარგია ვინმესთან ერთ სიხშირეზე ყოფნა. თუკი ადამიანთან ურთიერთობის დროს ამას გრძნობ - გაბმული ხარ მახეში (კარგი გაგებით), ანუ თავს ვერასდროს დააღწევთ ერთმანეთს. მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე რომ არ მიყვარდეს, რადგან მისი დაკარგვა არ მინდა.
მივაბიჯებდით ბედნიერები და ამაყები ერთმანეთით და საკუთარი თავით. მამადავითზე ფეხით ავედით... სანთლები დავანთეთ, საფლავები დავათვალიერეთ. ხან ვაჟას ლექსები ვთქვით, ხან ტატოსი, გალაქტიონის... - მართლაც მაგარი სასტავია აქ თავმოყრილი არა?... - ჰო... - ვამბობ და თან მეცინება. მერე კარგა ხანს ზემოდან დავყურებდით თბილისს და ხელებით ჰაერში ვხაზავდით ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზის ბილიკებს. - „ვისაც თუნდ ერთხელ მთაწმინდიდან სიამით მზირალს, დაბლა თავისი უძებნია თვალებით სახლი...“ - ლამაზია... ვისია? - მუხრანის... - ბევრი ლექსები იცი... - ჰო... პატარა რომ ვიყავი ზოგს დედაჩემის ხათრით ვსწავლობდი, ზოგს მამაჩემის... პოეზიის გიჟები არიან. მახსოვს ერთხელ დედაჩემმა თქვა შეყვარებული ვარ მორის ფოცხიშვილზეო და შემეშინდა, მამამ არ გაიგოსთქო. მეგონა მორისზე იეჭვიანებდა. დედაჩემმა ბევრი იცინა ამაზე. - რა საყვარელი იქნებოდი... წარმოვიდგინე შენი შეშინებული დიდი თვალები...
აქ პირველად არის და მიხარია... ასე მგონია მისი ამ ლამაზი ემოციის ავტორი მე ვარ. - ეხლა რას აპირებ? - თათასთან წავალ ... შენ? - მე არაფერს... მეც წამოგყვები რაა... თვალები უციმციმებს. მეუხერხულება თათასთას მისი წაყვანა. კი ვმეგობრობთ, მაგრამ... - კარგი... წავიდეთ!... (არაუშავს... მერე რა მოხდა...) კუნტრუს-კუნტრუშით ჩამოვირბინეთ მამადავითის დაკლაკნილი გზა და ფეხით გავუყევით პლეხანოვისკენ. პანთეონის სასიამოვნო მდუმარება ქუჩის ხმაურით შეიცვალა. - და... რა ხდება თათასთან? - დღეს არაფერი, გუშინ დაბადების დღე ქონდა და დღესაც ვაგრძელებთ ქეიფს...
შუკის შესასვლელთან მინდვრის ყვავილებს ყიდდნენ. იაფი იყო და თანაც ძალიან ლამაზი. გაგამ დიდი თაიგული იყიდა თათასთვის. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდათ, სახლში მხოლოდ შინაურები დაგვხვდნენ. მალე სუფრაც გაიშალა და ყველამ მაგიდასთან მოიყარა თავი. კახური ღვინო დავლიეთ, ლამაზი სადღეგრძელოები თქვეს. გაგა ყველას ძალიან მოეწონა. თავი ლაღად და ბუნებრივად ეჭირა. მეც ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა მის გამო. ცოტათი რომ მოშინაურდა აღნიშნა თუ როგორ შევცბი როცა წამოყოლა შემომთავაზა... გამომაჯავრა კიდეც. ბევრი იცინეს ამაზე. (კარგად გამოსდის ჩემი გაჯავრება. ნამდვილი მსახიობია და უხდება როცა მაიმუნობს... :)) ძალიან ბედნიერები და შეზარხოშებულები ხელიხელჩაკიდებულები ისევ ფეხით დავბრუნდით სოლოლაკში.
მერე კი, დიდი ხნის მერე, უკვე ბერად აღკვეცილმა მამა-პეტრემ მითხრა, რომ იმ დღეს ვუნახივართ მე და გაგა... თავისუფლების მოედანზე ღია ბარში ვიჯექი მეგობრებთან ერთად და გიყურებდითო. ისეთი ბედნიერი სახეები გქონდათ და ისე ლაღად მიაბიჯებდით, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი და არ დაგენახეთო.
რაღაც ტკივილმა გამკრა გულში. ეს დღე მთლიანად აღსდგა ჩემს მეხსიერებაში. ვიგრძენი რაც აწუხებდა. ეჭვიანობდა ჩვენს სილაღეზე, სიმსუბუქეზე და არაფრის გამო ბედნიერებაზე... მას ხომ ეს ყველაფერი აკლდა....
მე, გაგა და ზურიკო
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა + + მომეწონა + +
2. ვნახოტ სჰემდეგ
ვნახოტ სჰემდეგ
1. საინტერესო დასაწყისია. დაველოდები დაბოლოებას. საინტერესო დასაწყისია. დაველოდები დაბოლოებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|