ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: იუმორისტული
28 თებერვალი, 2014


== ასე გავიტანჯე მანანასთან ერთად... ==

(ნახევრად საცინარი ამბავი)
ახალი წლებია.
ისედაც არ გამოვირჩევი დროული და მშვიდი ძილით და ამ დღეებში ხომ ყველას გვაქვს საკუთარი თავისთვის გამამართლებელი მიზეზი თუ რატომ არ გვძინავს. ხოდა, არც მძინავს რა.
ღამის ის მომენტია, ისეთი სიჩუმე რომ დგება, რომ სიჩუმეც კი ხმაურობს.
ხოდამ, უცბად ატყდააა მარააა რა ატყდაა. ზედა სართულზე ანგრევს ვიღაც კარს ძახილით :
„მანააანააა, გახსენიიი კარები, მანანააა“ (აქცენტი – კოლხურ–მეგრული).
გადამიცივდა გული. წარმოვიდგინე, რომ ვიღაცას გაზი დარჩა ჩართული და ჯვარი წერია,იქნებ ცოცხლია, მაგრამ –იქნებ, მოკვდააა. წარმოვიდგინე, რომ ვიღაცას საყვარლის ცოლი მიუვარდა და ახლა მოკლააავს, წარმოვიდგინე, რომ ... მოკლედ რა აღარ წარმოვიდგინე. სანამ ამ ფიქრებში ვარ –იქ გრძელდება კოლხურ– მეგრული აქცენტით „მანანა, გახსენი კარები, მანაანააა. გახსენი გოგო, თორე, ჩავლეწავ ფანჯარას.“
ვფიქრობ, თუ გაზით უნდა იგუდებოდეს ვინმე – ჩალეწონ,ჯობია. გადარჩება ქე მაინც–მეთქი. მოკლედ, ძალიან ვარ ჩართული მოვლენებში. დავიძაბე. ძილი აღარ მეკარება საერთოდ. რაღაც პერიოდის მერე მიწყდა ხმა, ეტყობა, მანანას მხმობელმა გადაწყვიტა ეზოდან შეეტია მანანასთვის. უცბად, გაიღო ის კარი და მესმის როგორ ჩაჯლიგინდა რამოდენიმე ადამიანი კიბეზე. (ერთი არ იყო,ნამდვილად რამოდენიმე იყო, ცოდვას ვერ ვიტყვი მანანას მისამართით.) ამ დროს მინის მსხვრევის ხმაც. ჩემი ყურები თავისით პოულობენ ყოველ ახალ ბგერას,ისე ვარ გაფაციცებული და ცოდვა გამხელილი სჯობს და შაშინებულიც.
ამოადგა ისევ ეზოდან ის ქალიც. გახსნა კარი მანანამ. ვინ იყვნენო. შენ სამეცადინოდ გადმოხვედი აქ თუ – საქეიფოდო. ოჯახის შემარცხვენელოვო. გათხოვება თუ გინდა– თქვი და გაათავეო. შენ ასეთოვო, შენ ისეთოვო. ჩემი სახელი არ ახსენოვო. გაიჯახუნა კარი და წავიდა.
დატოვა მანანა აქვითინებული. დამედუღრა გული. ისევ ჩავრთე წარმოსახვა. ახალგაზრდა გოგოა, მოიყვანა მეგობრები ახალი წლის აღსანიშნად. ბედნიერები, მხიარულები, იქნებ, მართლაც ერია იმათში ვინმე ,ვისაც ეპრანჭებოდა. რა გაუკეთეს ეს–მეთქი, ვდარდობ. მეგობრებთანაც შეარცვხინეს, პოტენციური შეყვარებულიც დააკარგინეს, თვითონ, ჩემი სახელი არ ახსენო და მოგიკვეთ საერთოდო–განუცხადა და მარტო დატოვა ანერვიულებული გოგო–თქო. ვარ განცდებში აქეთ მე,იქით (უფრო სწორად – ზევით) მანანა მოსთქვამს.
არ გასულა ნახევარი საათი და მოადგა ისევ ის ხმა კარს.  გაუღო ამჯერად მანანამ ტირილით კარი.
„ჰააა, რა გეგონა, მარტო დაგტოვებდი მხიარულების გასაგრძელებლადო?!“ ისევ შე ასეთო, შე ისეთოვო. გამაგებინე ერთი, რატომ არ ხსნიდი, მანანა, კარეეეებსო.(კოლხურ–მეგრული აქცენტით)
რატოოომ, არ ხსნიდი,მანააანა, კარებბბს???
რატომ, მანანა, რატოოომ არ ხსნიდი კარებს, მანააანაა, ჰაააა???
რააატ.......
აქ უკვე ჩამეძინა... და როგორ დამთავრდა ამბავი აღარ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები