| ავტორი: ტერეზა ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2014 |
მე, გაგა და ზურიკო
ნაწილი მეორე
გაგას გასაუბრება აქვს სემინარიაში. თან წამოუღია თავისი ნახატები (უნიჭოდ შესრულებული ნატურმორტები რომელიც არ მომწონს, მაგრამ არ ვეუბნები). ძალიან ნერვიულობს და ბოლთას სცემს. თანაც ბევრი ადგილიც არ აქვს იმისათვის რომ იაროს და ეს ბოლთის ცემა ასეთ მოკლე მანძილზე სასაცილო ელფერს სძენს მის ნერვიულობას. დროგამოშვებით კორიდორში გაისმის სხვადასხვა გვარები და სტუდენტებიც მიეშურებიან გასაუბრებაზე. ირგვლივ ხალხი და ხმაურია. ზურიკო ცდილობს გაგას დამშვიდებას, მაგრამ ვერ ახერხებს. მე კი ძალიან ვხალისობ გაგას ეიფორიაზე. ცოტა ხანში დაბნეულ გაგას ვუთხარი შენი გვარი გამოაცხადესთქო. სწრაფად დაავლო ხელი თავის ნახატებს და გავარდა. უკვე კარებთან იყო მისული, რომ ზურიკო დაეწია და უთხრა გატყუებსო. გაგა უცებ გამოიქცა, ნახატები მაგიდაზე დაყარა, ყელში მწვდა და დაიღრიალა: - მოგკლააავ!!!! ვიცინოდით. ხალხი გაკვირვებული სახეებით გვიყურებდა.
*** გაგა
არ არის ნაკითხი. გუშინ კინაღამ გავჩეჩე ბარნოვი რომ რუსი ეგონა. სამაგიეროდ იცი რა მითხრა? ჩემი რჩევით, რომ „სამოსელი პირველი“ წაიკითხა აღფრთოვანდა და მითხრა კონჩენტინაში საკუთარი თავი დავინახეო... გამაოცა მისმა გულწრფელობამ. კონჩენტინა ხომ მეც ვარ, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა ამისი აღიარება. მან კი აღიარა და ამით ეგ „კონჩენტინობის“ სისუსტე დაამარცხა. მეთქი ბრავოთქო! გაუხარდა რომ შევაქე. ბავშვივითაა.
*** ზურიკო
- ზურიკო მშია... - გინდა ხაჭაპური გიყიდო? - მინდა...
- შენთვის რატომ არ იყიდე? - რავი, მეუხერხულება ხალხი რომ მიყურებს, იქნებ რომელიმეს ძალიან შია...
*** - როგორ მიყვარს ეს ვიწრო ქუჩები. რა ლამაზია თბილისი, განსაკუთრებით ეს ძველი უბანი! - მეც ძალიან მომწონს. პირველად რომ ჩამოვედი მე და დედამ გავისეირნეთ ძველ უბანში. ერეკლეზე ერთი ამოშენებული აივანი ვნახე და ვინატრე, თუნდაც მანდ რომ ვცხოვრობდე ბედნიერი ვიქნებოდითქო. ცოტა ხანში მართლაც ამ უბანში ვიქირავეთ ბინა. ღმერთმა ამისრულა ნატვრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქაურ იტალიურ ეზოებს თავისი დისკომფორტი აქვთ. ეხლა კორპუსში ცხოვრებაზე ვოცნებობ, თუმცა ამ ადგილს მაინც ვერ ველევი. - მე თუ მკითხავ ნამდვილი თბილისი აქ არის... ზაფხულის ცხელი დღეა, ანჩისხატის მიდამოებში ვხეტიალობთ მე, გაგა, ზურიკო და ნინო. ბავშვები დარბიან ტრუსების ამარა. ზურიკომ ერთ-ერთი პარატა ბიჭი დაიჭირა, გულში ჩაიკრა და ეკითხება: - რა გქვია? - ნო-და-ლი - მერე აქ ფეხშიშველი და ტრუსიკის ამარა რას აკეთებ? - ( პატარა „ნოდალიმ“ მხრები აიჩეჩა) - სად ცხოვრობ? - სახლში... ყველანი ვიცინით. - აბა სახლი? ბავშვმა ხელით აჩვენა იქვე ახლოს იტალიური ეზოს ჭიშკარი. სხვა ბავშვებიც მოვიდნენ. ზურიკომ კიდევ ერთხელ ჩაიკრა პატარა გულში, აკოცა და გაუშვა.
*** - იცი ზურიკოს ნია მოსწონდა, ლამის ცოლად მოიყვანა... - მართლა?! ნია ძალიან მაგარი გოგოა... - შენ უკეთესი ხარ! (მე რათქმაუნდა არ ვიმჩნევ) - მოიცა ... და... მართლა მოგყავდა ცოლად? - ძალიან მომწონდა, მაგრამ ცოლად მოყვანა არც მიფიქრია, ან სად უნდა წამეყვანა? სახლი მე არ მაქვს და კარი. უბრალოდ ერთხელ ეკლესიაში ვიყავით. ეკლესიის ეზოში გვირილები დავუკრიფე და ვაჩუქე. ლოცვის მერე ბიჭებმა გადავწყვიტეთ სახლში წაგვეყვანა მანქანით. ბიჭებმა მანქანა გააქანეს და გაიხუმრეს - ნია მოვიტაცეთო. სიმართლე გითხრა მეც არ მომეწონა ეს ხუმრობა, მაგრამ არაფერი ვთქვი. ნიას ჯერ ეგონა რომ ხუმრობდნენ, მერე კი შეეშინდა ვაითუ მართლა მიტაცებდნენო, გვირილების თაიგული ფანჯრიდან მოისროლა და ყვირილი მორთო რას მიშვებითო. ეგრევე მოვატრიალებინე მანქანა. სულ ეს იყო.
... ზურიკო თითქმის ყოველ დღე ამოდის სახლში. დეიდა ღომს უნახავს საბნებში და თბილად ახვედრებს. - როგორი კარგი ბიჭია ზურიკო, როგორი სუფთა და მოწესრიგებული. ამ გაგას მისდღემში სურდო აქვს. დადის ერთი დაგლეჯილი, ბინძური ჯინსით და ყველაფერი ფეხებზე კიდია. - ბინძური არ არის, საღებავებითაა დასვრილი.... (მე მომწონს დაგლეჯილი, საღებავებით დასვრილი ჯინსები და 6 ლარიანი კედები, რომლითაც თავს იწონებს კიდეც). - საღებავებით თორემ არ მყავდეს ეხლა ესეც მიქელანჯელო! (არ მოსწონს და ნუ მოსწონს! ტოჟე მნე!) ... - გუშინ უნივერსიტეტის წინ გავიარე მამაოს მანქანით და შენ, თათა და რუსა გნახეთ, მე-2 კორპუსის წინ იდექით კიბეებზე. - ჰო მანდ დგომა ძალიან გვიყვარს. ერთხელ ერთმა ლექტორმა გვითხრა ლექციები შიგნით ტარდებაო...:) - მერე თქვენ რა უთხარით? - რას ვეტყოდით, ვიცინეთ...
... ვიცი რომ ჩემზე ფიქრობს, მაგრამ არაფერს მეუბნება. ვღიზიანდები, რომ ეგეთი სუსტია. იმასაც ვხვდები, რომ ძალიან სათუთი გრძნობა აქვს ჩემს მიმართ და უფრთხილდება. მე კი მინდა, რომ მითხრას რას ფიქრობს ჩემზე და ვერ ვისვენებ. - უნი-ში ერთი ბიჭია, ჩემი კურსელი და აშკარად ვგრძნობ რომ მოვწონვარ. ამას წინებზე თვალებგაბრწყინებულმა აღნიშნა, რომ ძალიან მიხდება თეთრი ხალათი... ვაკვირდები. გაწითლდა, გაბრაზდა კიდეც... ასეც ხვდება! ... საღამოს ზურიკოს დოჩანაშვილის მოთხრობებიდან ნაწყვეტები წავუკითხე. გრიშამ დაგლიჯა! (ბრავო გრიშა! ვგიჟდები შენზე! ძალიან მაგარი ხარ! ყველა კეჟერაძეზე მაგარი!) მოკლედ კარგად ვიხალისეთ. დეიდა ჩემს ხალათს აუთოებდა. ვგრძნობდი ზურიკოს როგორ გაურბოდა თვალი თეთრი ხალათისკენ და თვალებში რაღაც სინანული ედგა. არ ვიცი დეიდას რა დაემართა... ხალათი დაეწვა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არც ერთი წაკითხვა,არც ერთი კომენტარი...არა და საკმაოდ კარგი ნაწარმოებია,მე მომეწონა. წარმატებები ავტორო + + არც ერთი წაკითხვა,არც ერთი კომენტარი...არა და საკმაოდ კარგი ნაწარმოებია,მე მომეწონა. წარმატებები ავტორო + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|