(გაგრძელება)
*** დათა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, ცამეტი წლის ბიჭია. მხოლოდ ეგაა, ერთი შეხედვა სულაც არ კმარა იმის გასარკვევად, ნამდვილად ასეა თუ არა. არც ის იქნება საკმარისი, თუ გეტყვი, რომ დედისერთაა, ქალაქში ყველაზე დიდ და კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობს, ჰყავს მშობლები, რომლებიც გამუდმებით მასზე ზრუნავენ და აქვს ყველაფერი, რაზეც სხვა ცამეტი წლის ბიჭები მხოლოდ ოცნებობენ.
ბედნიერი ბიჭი ყოფილაო, გაიფიქრებ და სწორედ მანდ შეცდები, რადგან თავად სულაც არ ფიქრობს ამდაგვარად. ამის გამო ხშირად თავი უმადური ჰგონია და თვითონაც ძალიან უკვირს, რატომ არ არის ბედნიერი, ხოლო რომ არ არის, ამას სრულიად შემთხვევით მიხვდა.
იმ დღეს გაკვეთილი უცდებოდათ და მისი თანაკლასელი ბიჭები სკოლას ღრიანცელით იკლებდნენ – ახალი კომპიუტერული თამაშის დეტალებზე, მოახლოებულ არდადეგებსა და მომავალი ექსკურსიის გეგმებზე "მსჯელობდნენ". აი, სწორედ მაშინ მოეჩვენა დათას პირველად, თითქოს ამ ყველაფერს ძალიან შორიდან უყურებდა. ვერაფრით გაეგო, ასე რა ახარებდათ მის თანატოლებს. ცხოვრება უზომოდ მოსაწყენი ეჩვენებოდა. არაფერს, სრულიად არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
თუმცა რომ გეკითხა, ვერც იმას გეტყოდა, მაინც რა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ისეთ ჩვეულებრივ მოვლენებს, როგორიცაა ექსკურსია ან არდადეგები. გაცილებით ძნელი იყო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როცა საქმე უფრო სერიოზულ და აუცილებელ რამეებს ეხებოდა, მაგალითად, სწავლაში წარმატების მიღწევას, პროფესიის არჩევას და სხვა დანარჩენს, რაზეც, მშობლების აზრით, მის ასაკში ყველა წესიერ ბიჭს უნდა ეფიქრა.
მაინც რა ბევრი რამ ევალება ადამიანს, ფიქრობდა დათა გაგულისებული. რა იქნება, თუ უცხო ენის კერძო გაკვეთილს გააცდენს ან კრივის დარბაზში სავარჯიშოდ არ წავა? პასუხად მამის მუდამ სერიოზული სახე წარმოუდგებოდა თვალწინ და ყურში ჩაესმოდა აკვიატებული ფრაზები მისი საყვარელი მონოლოგიდან სულიერი და ფიზიკური სრულყოფის შესახებ.
დათა, თავისდა სამარცხვინოდ, თვლიდა, რომ არანაირი სრულყოფა არ სურდა, ხოლო რა უნდოდა – ჯერჯერობით არც თვითონ იცოდა და არც არავინ ეკითხებოდა. არც ის ესმოდა, რატომ ღიზიანდებოდა, როცა უფროსები თავდაუზოგავად აქებდნენ – ჭკვიან, თავაზიან, ერთი სიტყვით, თითით საჩვენებელ ბიჭად მიაჩნდათ. იმიტომ ხომ არა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი იყო სინამდვილეში? ან როგორ უნდა გაეგო, როცა ცდილობდა, ყოველთვის წესიერად – ესე იგი, წესების მიხედვით – მოქცეულიყო, წესები კი მისი მოგონილი სულ არ გახლდათ.
მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ, უფროსებისგან განსხვავებით, თანატოლებს მაინცდამაინც არ მოსწონდათ.
მეგობრები თითქმის არ ჰყავდა.
ერთი-ორჯერ მის ზურგსუკან “დედიკოს ბიჭიც” კი ახსენეს. იქნებ შემთხვევით და იქნებ სხვისი მისამართით, მაგრამ დათას ყურები ისე აეწვა, თითქოს სწორედ მას ეხებოდა.
ნუთუ მართლა დედიკოს ბიჭია – უსუსური, უნებისყოფო, მუდამ სხვის ზურგს ამოფარებული?!
მაგარი ბიჭი რომ ყოფილიყო, ხომ იქვე გაუსწორდებოდა შეურაცხმყოფელს, პასუხს მოსთხოვდა, ჭკუას ასწავლიდა. ის კი აყალმაყალს მუდამ თავს არიდებს. ჩხუბს ვერ იტანს.
ვარჯიშის დროს თუ იჩხუბებს მწვრთნელის მოთხოვნით და ისიც ძალდატანებით, გამარჯვების სურვილის გარეშე, თითქოს მოვალეობას იხდიდეს.
ჰოდა, რა გასაკვირია ერთმანეთთან გამუდმებით მოძიძგილავე და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილით შეპყრობილ თანატოლებს რომ აეთვალწუნებინოთ. ხვდება, განსაკუთრებით გიგის არ უნდა მოსდიოდეს თვალში.
გიგი განთქმული ჩხუბისთავია სკოლაში. თავიც მდგომარეობის შესაფერისად უჭირავს. ყოველთვის მედიდური ღიმილით და მისი ღირსების დამფასებელი ბიჭების ამალით გარშემორტყმული დაიარება. სხვების დაცინვა ჩხუბზე არანაკლებ ემარჯვება, ამიტომ მის ყბაში მოხვედრას ყველა უფრთხის.
– კარაქიანი პური უკვე მიირთვი, ბიჭი? – წინ გადაუდგა იმ დღეს სკოლაში მისულ, უზადოდ მოწესრიგებულ ტანსაცმელში გამოწყობილ დათას. – რაო, დედიკომ, არ იცელქო და ტანისამოსი არ დაისვაროო? – ქურთუკი “მზრუნველად” გაუსწორა თანმხლებთა სიცილით შეგულიანებულმა.
– ხელი გამიშვი, – დათამ მისი ხელი მოიშორა და გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, გიგის ასე ადვილად თავს ვერ დააღწევდი.
– უყურე, რა ბრაზიანია... ავ, ავ! რაო, პატარავ, კიჭები ხომ არ გექავება?
– თავი გამანებე, – თვალი თვალში გაუყარა დათამ და შეეცადა, სახეზე მტკიცე გამომეტყველება აღბეჭდოდა.
– უი, როგორ შემაშინე! – დაიმანჭა გიგი, - თუ არ მცემ, კარგად მოვიქცევი, არ მცემო, რაა!
ბიჭები ამის გაგონებაზე ისე ახარხარდნენ, დათას სიმწრისგან თვალთ დაუბნელდა. გონს სკოლის დირექტორის განრისხებულმა ხმამ მოიყვანა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ გიგისთან ერთად იატაკზე იმყოფებოდა, თითებით მისი ხალათის საყელოს ჩაფრენოდა და ცდილობდა, ზემოდან მოსჯდომოდა.
დირექტორის გამოჩენაზე სეირის მაყურებლები შემოდგომის ფოთლებივით მიმოიფანტნენ. მოჩხუბრები ზანტად წამოდგნენ და განაჩენის მოლოდინში კედელთან აიტუზნენ.
დირექტორმა ჯერ გიგის შეავლო გამგმირავი მზერა, მერე ლოყებაწითლებულ დათას მიუბრუნდა:
– ყოჩაღ, ბიჭო, აგიყოლიეს, ხომ?! თავი სად გგონიათ?! ჩვენი სკოლის პრესტიჟს თქვენნაირებს არ გავათელინებ – ჩხუბი თუ გინდათ, სხვა ადგილი მოძებნეთ, თორემ აქედან მიბრძანება მოგიწევთ! – დაიგრგვინა მღელვარებისგან აქოშინებულმა, შუბლზე მომდგარი ოფლი და წამოწითლებული ლოყები ხვნეშით შეიმშრალა, მერე კი ვალმოხდილის გამომეტყველებით სამასწავლებლოს მიაშურა.
– სხვა ადგილის მოძებნა ნამდვილად არ გამიჭირდება, ამას არ შეგარჩენ, არც იოცნებო, – წაუსისინა გიგიმ ადგილზე გაქვავებულ დათას, ჩამოგლეჯილი საყელო გაისწორა და დამცინავი ღიმილით გაშორდა.
ზარი დაირეკა. დათამ ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაემართა. ახლა გიგისთან ერთად გაკვეთილებზე ჯდომა მის ძალებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. იცოდა, სკოლის გაცდენისთვის დაისჯებოდა, მაგრამ ამჯერად ყველაზე ნაკლებ ეს აწუხებდა.
გიგის გადაკიდება უნდოდა?! – დაიწყება ახლა გაუთავებელი ქიშპი და ანგარიშსწორება. რატომღაც ბოლოხანს ნანახი "ბოევიკის" სცენა დაუდგა თვალწინ. სულაც არ უნდოდა "ბოევიკის" გმირს მგვანებოდა.
ნეტავი, თავს რატომ არ დაანებებენ... არავისი დანახვა არ უნდა: არც ამხანაგების, არც მშობლების, მასწავლებლების – მით უმეტეს. არავის, არავის არ ესმის მისი.
გამწარებული გამოვარდა ქუჩაში.
სწორედ მაშინ იყო, საყიდლებით დატვირთულ ბებიკო ნაილს რომ დაეჯახა. ოჰ, ამ მოხუცი ქალის საყვედურებიღა აკლდა, – სასოწარკვეთით მიაჩერდა ფერად-ფერადი პაკეტებით მოფენილ ქუჩას.
– ოი, ოი, მოსახვევში ასეთი სისწრაფით მოძრაობა აკრძალულია. ნუთუ არ იცოდი? – მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, თბილად გაუღიმა მოხუცმა.
– მაპატიეთ, – ჩაილუღლუღა დათამ, ჩაიმუხლა და გაბნეული ნივთების შეგროვებას შეუდგა.
– გაპატიებ, თუ ამ ყველაფერს სახლამდე მიმატანინებ, თან მომიყვები ასე გაბრაზებული სად მიქროდი, – ისე უბრალოდ და შინაურულად მიმართა უცნობმა, დათამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა, პაკეტები წამოკრიფა და გვერდით გაჰყვა.
– აბა? – კითხვით შეხედა თანამგზავრმა. – ან მომიყევი, რა შეგემთხვა, ან გამოცნობანა ვითამაშოთ და თვითონ გამოვიცნობ.
„ესეც ახალი ამბავი, – გაიფიქრა დათამ. – საკუთარ პრობლემებთანაც არ გტოვებენ მარტო!“ სრულიად უცნობი ქალიც კი ახსნა-განმარტებას მოითხოვს მისგან, რომ მერე სხვებივით ჭკუის დარიგება დაუწყოს.
– თქვენ მაინც ვერაფრით დამეხმარებით, – შეეცადა, ერთბაშად მოწოლილი გაღიზიანება დაეფარა, მაგრამ აშკარად უხეში ტონით ნათქვამი გამოუვიდა.
– ასე გგონია? – არ მოეშვა უცნობი. – მოხუცებმა ბევრი საიდუმლო იციან. ურჩხულთან საბრძოლველად მიმავალ უფლისწულს ყველა წესიერ ზღაპარში გზად ერთი დედაბერი მაინც უნდა შეხვდეს, ხომ გახსოვს? თუ გინდა, ვინმე დაგეხმაროს, უნდა მოუყვე კიდეც, რა გასაჭირი გადგას.
დათამ არაფერი უპასუხა.
– ერთი სული გაქვს, თავიდან როდის მომიშორებ, არა? გაგიმართლა, უკვე მოვედით, – გაიცინა მოხუცმა და მწვანედ შეღებილ ჭიშკართან გაჩერდა. – მადლობელი ვარ, რომ გამომყევი. ვხედავ, ჩემი არ გჯერა, მაგრამ მაინც გასწავლი, დახმარებისთვის ვის უნდა მიმართო. უძლეველთა სამეფოს რაინდი ჰქვია. თუ მოძებნას გადაწყვეტ, ჯადოსნურ სარკეში ჩაიხედე. იქიდან ხომ, რაც ამქვეყნად ხდება, ყველაფრის შეტყობა შეიძლება. მენდე, არ ინანებ.
დათამ დაუფარავი გაოცებით გახედა ჭიშკარში გაუჩინარებულ დედაბერს. „თითქოს ნორმალური მოხუცი ჩანდა... ვის აღარ შეხვდები ასეთ მარცხიან დღეს", – გაიფიქრა მერე გულმოსულმა.
საღამომდე შინ არავინ იქნებოდა, ამიტომ ქუჩა-ქუჩა წანწალს ისევ საკუთარ ოთახში განმარტოება ამჯობინა – ვინ იცის, კიდევ რას გადაეყრებოდა. კიბეები მოწყვეტით აიარა, ჩანთა იატაკზე მოისროლა და ტანსაცმლიანად მიეგდო ლოგინზე. გულზე მოუშორებელი სიმძიმე აწვა.
რატომ ხდება, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც საჭიროდ არ მიაჩნია. სწავლობს იმას, რაც არ უნდა, იქცევა ისე, როგორც არ უნდა, ჩხუბობს მაშინ, როცა არ უნდა. ხეირიანად არაფერი გამოსდის. უნიათოა და არაფრისმაქნისი. ყოველთვის უსამართლოდ ექცევიან. ის კი მხოლოდ წუხს და სხვა არაფერი შეუძლია. სადღაც წაიკითხა, თურმე დარდისგან შეიძლება მოკვდე კიდეც. მოკვდება და მოკვდეს. თუ არ იცი, როგორ იცოცხლო, სიკვდილი არც ისე საშინელი გეჩვენება. ბოლოს და ბოლოს დაისვენებ და აღარაფერზე იფიქრებ.
მთელი ძალ-ღონით შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, მაგრამ არ გამოუვიდა. გადაწყვიტა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა – იქნებ უსიამოვნო ფიქრები ამ გზით მაინც მოეშორებინა თავიდან.
წამოჯდა და ოთახში მიმოიხედა. თვალში, დაბადების დღეზე ნაჩუქარი, უკანასკნელი მოდელის კომპიუტერი მოხვდა. მონიტორს მიუჯდა და თითი ჩასართავ ღილაკს მიაჭირა. ეკრანი წამებში განათდა, პატრონს თავისი მზადყოფნა ამცნო.
კარგა ხანს უაზროდ მისჩერებოდა აციმციმებულ მონიტორს. მერე გასართობ საიტებს დაუწყო ძებნა, მაგრამ არაფერმა მიიზიდა. ბოლოს “კომუნიკატორში” შესვლა გადაწყვიტა.
ამ საიტზე მისი ქალაქის მოზარდები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ეცნობოდნენ, ახალ ამბებს უზიარებდნენ.
ერთხანს უგულოდ ათვალიერა ხაზზე მყოფთა მიმართვები. უეცრად მაუსზე დადებული ხელი გაუშეშდა. "უძლეველთა სამეფოს რაინდი გთავაზობთ მეგობრულ დახმარებას. ერთად ყველაფერი გამოგვივა!" – იუწყებოდა ერთ-ერთი განცხადება.
***
"ახლა გავგიჟდები, – აღელვებისგან პირი უშრებოდა დათას. – აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ჰო, ჰო... ყველაფერი ზუსტად ისეა... ჯადოსნური სარკე, საიდანაც ყველაფერს შეიტყობ, რაც ამქვეყნად ხდება... სულელიც კი მიხვდებოდა, რომ ინტერნეტია... უძლეველთა სამეფოს რაინდი... მე კი ის მოხუცი შეშლილი მეგონა. იქნებ სულაც გულთმისანია ან... ჯადოქარი... რაღაცას ლაპარაკობდა კუდიან დედაბრებზე თუ... როგორ თქვა?! აუ, მგონი, გავრეკე. ჩვეულებრივი ხუმრობაა და მეტი არაფერი, თუმცა... მოდი, რაც არის, არის..."
დათამ მტკიცე გადაწყვეტილებით აათამაშა თითები კლავიატურაზე და ეკრანზე ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა სიტყვები: "გამარჯობა. მართლა შეგიძლია დამეხმარო?" მერე "Enter"-ს დააწვა და პასუხს დაელოდა.
პასუხმა არ დააყოვნა.
"ზღაპრული რაინდები არასოდეს ტყუიან – მომიყევი შენ შესახებ," – ითხოვდა ვირტუალური თანამოსაუბრე.
“არის!”
დათამ გადაწყვიტა, აღარ ეყოყმანა და ყველაფერი გულახდილად მოეთხრო მისთვის – ბოლოს და ბოლოს, ნეტავ, რას კარგავს? თუმცა საკუთარ გრძნობებზე საუბარი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მით უფრო, რომ ამას ცხოვრებაში პირველად აკეთებდა. დიდხანს ებრძოდა სიტყვებს, სანამ ყველაფერს დაწერდა, რისი თქმაც უნდოდა.
"გულთმისანი უნდა იყო, აქედან რომ რამე გაიგო", – ეჭვმა გაკენწლა, როცა, მორიგი შეტყობინების გაგზავნის წინ, სიმწრით აკრეფილ ტექსტს გადახედა. "რაკი ასეთი იდუმალი იმიჯი აირჩია, ცოტა გულთმისანიც იქნება ალბათ", – გაიფიქრა ბოლოს წარმოსახული მხარდამჭერის მისამართით და ამ აზრით დაიმედებულმა წერილი ქსელში გაუშვა.
პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ზღაპრულ სამყაროში, – წერდა უძლეველთა სამეფოს რაინდი. – მიხარია, დახმარებისთვის მე რომ მომმართე. გაბედული და გულწრფელი ბიჭი ჩანხარ. ასეთები კი ყველა ზღაპარში იმარჯვებენ. შენც გაიმარჯვებ, ეს ზუსტად ვიცი.
ახლა საქმეზე: გამოცდილება მკარნახობს, რომ მეტოქე არასწორად აირჩიე. მტერი, რომელთანაც ბრძოლა მოგიწევს, ჯერჯერობით უჩინარია. ეგ შენი თანაკლასელი თვითონ საჭიროებს დახმარებას, ვერ ხედავ, საკუთარი შიშის დამალვას რომ ცდილობს? შეეცადე, რაც შეიძლება, მეტი გაიგო მის შესახებ. ნახე, სკოლის გარეთ როგორ ცხოვრობს, სხვებიც გამოკითხე... მოკლედ, რაიმე მოიმოქმედე. პასუხს ამ საღამოს ველოდები."
დათამ რამდენჯერმე გადაიკითხა გზავნილი, სანამ მის აზრს ჩაწვდებოდა. საოცარია, ასეთ რჩევას ნამდვილად არ ელოდა. „ვერ ხედავ, საკუთარი შიშის დამალვას რომ ცდილობს?“ ნამდვილად ვერ ხედავდა...
შეეცადა, გიგის მუდამ თავხედურად მომღიმარი სახე აღედგინა მეხსიერებაში. რა სისულელეა, დათას წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ამ სახის პატრონს რაიმე შეაწუხებდა, მით უმეტეს, შეაშინებდა.
როგორ მოიქცეს? დაემორჩილოს რაინდის მითითებებს თუ კვლავ მარტო იმოქმედოს? ძალიან სასიამოვნო იყო იდუმალი მეგობრის მხარდაჭერის შეგრძნება. არა, ამაზე უარის თქმა გაუჭირდება. შეეცდება, ჯერ დავალება შეასრულოს, მერე კი ვნახოთ.
სკოლის ვებგვერდზე შეიარა და მოსწავლეთა მონაცემების ბაზა შეამოწმა. ცოტა ხანში უკვე იცოდა, რომ გიგი ოჯახში დედ-მამასა და უმცროს დასთან ერთად ცხოვრობდა. დედა დიასახლისი იყო, მამა რკინიგზაზე მუშაობდა.
ჰო, მაგრამ ვირტუალური რაინდი ამ ცნობებს ალბათ არაფრად ჩააგდებს.
საინტერესოა, მაინც რა პრობლემა უნდა ჰქონდეს გიგის? ყოველთვის ყველაფრით კმაყოფილი ჩანს. თავმომწონეა და თავდაჯერებული. სწავლითაც ნორმალურად სწავლობს, გართობას არასოდეს აკლდება, თუმცა...
დათა თავფეხიანად ჩაეფლო ახალ საზრუნავში. საოცრად მოსწონდა დეტექტივის როლში ყოფნა. დეტექტივი, რომელიც – არც მეტი, არც ნაკლები – დახმარებას პირდაპირ ზღაპრული სამყაროდან იღებს.
რა მაგარია!
ცოტა ხნის წინანდელი წუხილის ნაკვალევიც კი აღარ დარჩენილიყო მის გულში. გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ემოქმედა. ცუდი არ იქნება, მალულად დაზვეროს მოწინააღმდეგის სამფლობელო.
კომპიუტერი გამორთო და მტკიცე განზრახვით გიგის სახლისკენ გაემართა. იგი ორიოდე ქუჩის გადაღმა ცხოვრობდა. დათას ვარაუდით, სკოლიდან დიდი ხნის დაბრუნებული უნდა ყოფილიყო.
ბიჭი კუთხის სახლს ამოეფარა და თვალთვალი დაიწყო. განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია. არა, ასე ვერაფერს გაიგებს. გადაწყვიტა გიგის კარ-მიდამოსთვის უკნიდან მოევლო და ახლოდან დაეთვალიერებინა ობიექტი. ასეც მოიქცა.
სახლს გარშემო საკმაოდ მაღალი მესერი ერტყა, მისი ჭუჭრუტანებიდან კი მშვენივრად შეიძლებოდა დაგენახა, რა ხდებოდა ეზოში. დათამ გარშემო მიმოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო, ერთ-ერთ ასეთ ჭუჭრუტანას აეკრა და შიგნით შეიჭყიტა.
ეზოში პატარა გოგონა თამაშობდა. თოჯინას ტანსაცმელს ხდიდა და ბანაობის დროაო, უმტკიცებდა. საყვარელი გოგონა იყო, ბზრიალასავით მოძრავი და სიფრიფანა. ბრდღვიალა ოქროსფერი კულულები სათუთ მხრებზე მზესავით ადგა.
დათა ბავშვებზე გიჟდებოდა. ოცნებობდა, სწორედ ასეთი და ან ძმა ჰყოლოდა. გატაცებით შეჰყურებდა გოგონას გულუბრყვილო საქმიანობას.
პატარამ თოჯინა სათამაშო აბაზანაში ჩასვა და თავზე საპნის წასმა დაუწყო. "თალები დაქუჭე, შილიკო, თოლე დაგეწება და იტილებ", – ტიკტიკებდა შეუსვენებლად. მერე კი მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, ბიჭმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო.
ეზოს ჭიშკარი ბეჭებგანიერმა, ჩაფსკვნილმა მამაკაცმა შემოგლიჯა. ერთი შეხედვით ეტყობოდა, ნასვამი იყო. ბარბაცით მოდიოდა და რაღაცას ბურტყუნებდა. გაუგებარი ბურტყუნი თანდათან უფრო მკაფიო ხდებოდა, ბოლოს კი ხმამაღალ ლანძღვა-გინებაში გადაიზარდა.
– არ გგესმით, არა, რომ მმოვედი, თთქვენი... იმალლებით, არრა?! – იღრიალა გაშმაგებულმა, თოჯინასათვის გამზადებულ წყლიან აბაზანას ფეხი ამოჰკრა და შორს მოისროლა. პატარა გოგო გაფითრდა, ძირს დაგდებული "შილიკო" ხელში აიტაცა და სახე სატირლად დაემანჭა.
– კარგი, გენაცვალე, ბავშვს რას ერჩი, სამზარეულოში ვსაქმიანობდი, ვერ გავიგე შენი მოსვლა, – სახლიდან წინსაფრის სწორებით გამოვარდა კაფანდარა, უფერული ქალი.
– ვვერც იმ უსსაქქმურრრმა გაიგგო, არრა? – არ ცხრებოდა კაცი. – არრ მითთხრა, სახლლშში არრ არრისო, თთორრემ... – აქ იძულებული ვარ მრავალწერტილი დავსვა, რადგან ბილწსიტყვაობის სიტყვასიტყვით გადმოცემა ბავშვებისათვის განკუთვნილ წიგნში რე-კო-მენ-დე-ბუ-ლად (უჰ, რა რთულ სიტყვებს ვხმარობ!) არ მიმაჩნია.
– სსულ შენნი ბრალლია, შენ გაზზარდე მმაგისთანნა უვვარგისი... თმებით უნდა გითთრიო, შენნი...
როგორც ჩანს, კაცმა განზრახვის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა, ცალი ხელით ქალს თმაში სწვდა, მეორე ხელი კი სახეში გასცხო გამეტებით.
დათა გახევდა. არასოდეს ენახა სინამდვილეში ასეთი მძვინვარე გამოხედვა, ბრაზისაგან ჩასისხლიანებული თვალები, დუჟმორეული სახე. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საშინელ სიზმარში იმყოფებოდა. განძრევა ვერ მოეხერხებინა, ღობეს მიჰყინვოდა და თვალს ვერ აშორებდა ამაზრზენ სანახაობას.
ქალი უმწეოდ იგრიხებოდა, ამაოდ ცდილობდა თავის დაღწევას. მის კივილზე სახლიდან გიგი გამოიჭრა. სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო. ტუჩები ნერვულად უცახცახებდა. კაცს მივარდა, მის წინ მუხლებზე დაეცა და ფეხებზე მოეხვია:
– არ გინდა, მამა, არ გინდა, გემუდარები... მე ვარ დამნაშავე... ყველაფერში მე ვარ დამნაშავე... დედას თავი დაანებე... დაანებე, გთხოვ... მე რაც გინდა, ის მიყავი... მამა...
დათა მღელვარებისგან კანკალმა აიტანა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბედად, ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. გონდაკარგული მოძალადე გაჭირვებით გააკავეს და სახლში შეიყვანეს. სასომიხდილი ქალი მიწაზე ჩაჩოქილიყო, გაყინული მზერით უმისამართოდ იყურებოდა, რიტმულად ირხეოდა და განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებდა:
– მეტი აღარ შემიძლია, თავს მოვიკლავ... აღარ შემიძლია, თავს მოვიკლავ...
– ალ მოკვდე, დედიკო, ალ მოკვდე, – განწირული ხმით კიოდა პატარა გოგო, ატირებული დედას კისერზე ხელებს ხვევდა და გულში ეკვროდა.
შემდეგ კი ყველაზე დაუჯერებელი რაღაც მოხდა. დათა ამას ვერასოდეს დაივიწყებს. გიგიმ ერთხანს უსიტყვოდ უყურა ამ ყველაფერს, მერე სახლს მოეფარა, პირდაპირ დათას სამალავის ქვეშ, ბალახებში ჩაეშვა და ილაჯგაწყვეტილი პატარა ბავშვივით აქვითინდა.
"რატომ... რატომ..." სლუკუნებდა გულამოსკვნილი, ცრემლებს ჭუჭყიანი მუშტებით იწმენდდა და მთელი სხეულით ცახცახებდა.
დათამ გულში უცნაური ტკივილი იგრძნო. დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, ბიჭი რაიმეთი ენუგეშებინა. მერე კი სინდისის ქენჯნამ შეაწუხა – ეს სანახაობა უცხო თვალისთვის არ იყო განკუთვნილი. შეეცადა, არ ეხმაურა, უჩუმრად მოშორდა მესერს და როცა თავი გიგის სახლისაგან შორს დაიგულა, უკანმოუხედავად მოუსვა შინისაკენ.
სახლში ჩვეული სიჩუმე და წესრიგი დახვდა. ტელევიზორის წინ დივანზე წამოწვა და ჭერს მიაშტერდა.
თავში კალეიდოსკოპივით ირეოდა იმ დღეს ნანახი და განცდილი სურათები: დამცინავად მომღიმარი და პატარა ბავშვივით ატირებული გიგი, უცნაური მოხუცი დედაბერი და წარმოსახული ზღაპრული რაინდი, თოჯინასთან მოთამაშე საყვარელი გოგონა და ბრაზით თვალებჩასისხლიანებული, გალეშილი მამაკაცი. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია, უჩვეულო სისწრაფით დატრიალდა, გაბუნდოვანდა და დათას მკვდარივით ჩაეძინა.
ალერსიანმა ხელის შეხებამ გამოაღვიძა.
– სიცხე ხომ არ გაქვს, საყვარელო, რანაირად ჩაგძინებია, – წუხდა დედა.
– სიცხე არა, – თვალების ფშვნეტით წამოჯდა დათა და აზრის მოკრებას შეეცადა. დედა და მამა სამსახურიდან დაბრუნებულიყვნენ. ფანჯრებს მიღმა საღამოს ბინდი იდგა.
– რომელი საათია? – ფეხზე წამოიჭრა საბოლოოდ გამოფხიზლებული. – უჰ, ამდენ ხანს რამ დამაძინა?!
– რა იყო, დედიკო, სად გეჩქარება? მიდი, ხელები დაიბანე, ერთად ვივახშმოთ. გემრიელი სასუსნავები მოგიტანე... შენ რომ გიყვარს.
რა დროს ვახშამია... ნეტავ, ყველაფერი ცხადში მოხდა თუ დაესიზმრა? ნელ-ნელა იხსენებდა თავს გადამხდარს დათა.
– დე, ცოტა ხანს ჩემს ოთახში ვიქნები, ჯერ არ დამიძახო, რა, – შესძახა დედას სამზარეულოში და სასწრაფოდ კომპიუტერს მიაშურა.
"რაინდო, ნამდვილი გულთმისანი ყოფილხარ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც შენ ამბობდი, – დაიწყო მორიგი წერილის წერა დათამ. მერე კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ახლა რაღა ვქნაო, იკითხა. მათ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი შედგა:
რაინდი: ხომ გითხარი, მტერი სხვაგან უნდა ეძებო-მეთქი.
დათა: მაინც, სად?
რაინდი: სწორედ ეგ უნდა გავარკვიოთ.
დათა: რატომ ფიქრობ, რომ გიგი ჩემი მტერი არაა?
რაინდი: როცა ცუდ მდგომარეობაში დაინახე, მისი დახმარების სურვილი გაგიჩნდა. განა შეიძლება, მტრის დახმარება გინდოდეს?
დათა: რა ვიცი... რომ მახსენდება, როგორ დამცინოდა და მემუქრებოდა... დამცირება როგორ ვაპატიო?
რაინდი: შეგიძლია, ამიხსნა, რას ნიშნავს "დამცირება"? ზღაპრებში ასეთ სიტყვებს თითქმის არ ხმარობენ.
დათა: ეს ისეთი რაღაცაა, როცა... როცა შეუფერებლად გექცევიან.
რაინდი: შენი აზრით, როგორი მოქცევა შეგფერის?
დათა: მმმ... მეგობრული.
რაინდი: გიგის მეგობრულად ექცევი?
დათა: არანაირად არ ვექცევი. მასთან ურთიერთობა საერთოდაც არ მაქვს.
რაინდი: გაუგებრად ლაპარაკობ. თუ შენ არ იმეგობრებ, ის როგორღა იმეგობრებს შენთან?
დათა: თუკი არ უნდა? სულ იმას ცდილობს, როგორ დამამციროს...
რაინდი: ისევ "დამცირება"! მოიცა, მოიცა, აქამდე, ნეტავ, როგორ ვერ მივხვდი?! ეს სწორედ ისაა... მტერი, რომელთან ბრძოლაც მოგიწევს. მას ამცირებენ, ის გამცირებს, შენ ამცირებ...
დათა: გრამატიკის გაკვეთილს მიტარებ? მგონი, ვერაფერი გავიგე.
რაინდი: რა ვერ გაიგე?! – დამცირება უნდა დაამარცხო!
დათა: კარგი ერთი, მაინც როგორ? ან სად ვიპოვო ეგ დამცირება?
რაინდი: ცოტა ხანს მაცალე, ერთ ძველ ნაცნობს დავუკავშირდები, გამოცდილი სასწაულთმოქმედია... გვასწავლის, რა შეიძლება გავაკეთოთ. დროებით. დათამ მონიტორი ჩააქრო და დროის გასაყვანად სამზარეულოს მიაშურა.
დედას სუფრა გაეწყო, თვითონ კი სააბაზანოში შესულიყო. ახლადგამომცხვარი ხაჭაპურისა და შოკოლადიანი ღვეზელის დანახვაზე იგრძნო, რა ძალიან მოშიებოდა. მაგიდას მიუჯდა და ჩაფიქრებული შეექცა ვახშამს. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა, შესაჭმელი რომ არაფერი დარჩა.
სამზარეულოში საშინაო ხალათგადაცმული მამა შემოვიდა. გაზეთით ხელში მაგიდას მიუჯდა და დათას გამომცდელი მზერა შეავლო.
– როგორ ხარ, ვაჟკაც, სკოლაში ხომ ყველაფერი რიგზეა?
– უჰუ, – ნაჩქარევად თავი დაუქნია დათამ, თვალი აარიდა და ფინჯანში ჩარჩენილი ჩაი მოხვრიპა.
– შენს ასაკში სწავლაზე მნიშვნელოვანი არაფერი უნდა იყოს, ჩემო მეგობარო. შრომა და მხოლოდ შრომა, თუ გინდა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო. მე რომ შენი ტოლი ვიყავი...
დათას მამასთან კამათი არ სურდა, მაგრამ არც ამ დაუსრულებელი ლექციის მოსასმენად იყო განწყობილი. რა უცნაურად იქცევიან ხშირად უფროსები. თავი ყოვლისმცოდნეებად მოაქვთ და იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ არის რაღაცები, რაც ჭკუის დარიგებაზე მეტად გესაჭიროება.
ლამის იფიქრო – შვილები საკუთარი გეგმების განსახორციელებლად მოიგონეს, ამ გეგმიდან გადახვევას კი არაფრით გაპატიებენ.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მამა რაღაც ძალიან რთული ფუნქციის შესასრულებლად აპროგრამებდა, ჯიუტად და თავგამოდებით, როგორც საერთოდ სჩვეოდა ხოლმე რამის კეთება.
„თუ ამ ფუნქციას თავს კარგად გაართმევს, მისით ძალიან იამაყებენ, ხოლო თუ მოვალეობას არ შეასრულებს, მაშინ... მაშინ ალბათ მის მიმართ ინტერესს დაკარგავენ, გამოუსადეგარ ნივთად ჩათვლიან,“ – გულისტკივილით გაიფიქრა დათამ.
ნუთუ მართლა ასე საშინლად არის ყველაფერი? არა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი სულაც არ იყო, მშობლებს მისით ეამაყათ, თუმცა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ ჰყვარებოდათ და მეტი არაფერი.
როგორ უნდოდა, ხანდახან საკუთარი, არც ისე მრავალრიცხოვანი, ცოდვების შესახებ მოეყოლა და, მკაცრი შეფასების ნაცვლად, მათგან თანაგრძნობის სიტყვები მოესმინა: "გვესმის შენი” ან რაიმე ამდაგვარი.
არაა, მშობლები ამას არასოდეს გეტყვიან, მოსმენითაც მხოლოდ მათ უნდა მოუსმინო. მხოლოდ მათ იციან, რა არის კარგი და რა – ცუდი. დაუმალავ რამეს და ისევ შენ გამოდიხარ დამნაშავე.
მამას მობილურმა დარეკა. სამსახურის საქმეზე ურეკავდნენ. როგორც წესი, ასეთ ზარებს ხანგრძლივი საუბარი მოსდევდა ხოლმე. დათამ შვებით ამოისუნთქა, დრო იხელთა და სამზარეულოდან შეუმჩნევლად გაიპარა.
კომპიუტერში წერილი დახვდა.
"ყველაფერი გავარკვიე. როგორც ჩანს, უხილავი ჯადოს ტყვეობაში იმყოფები. ჯადოს გავლენით დაგავიწყდა, ვინ ხარ სინამდვილეში. გგონია, არაფერს წარმოადგენ, სხვებზე სუსტი ხარ და უნიათო, შენთან ურთიერთობა არავის უნდა, შენი აზრები არაფრად ვარგა, პატივისცემას არ იმსახურებ და ასე შემდეგ. შენს ნამდვილ სახეს სხვებიც ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ გეჩვენება, რომ გამცირებენ. სხვა გზა არ არის – უნდა გაიხსენო, სინამდვილეში როგორი ხარ."
– შენ, რა... იცი, როგორი ვარ სინამდვილეში? – სასწრაფოდ გააგზავნა ქსელში მორიგი კითხვა უცნაური წერილით აღელვებულმა დათამ.
– შეიძლება, რაღაცას ვხვდები, მაგრამ დანამდვილებით ეს მხოლოდ შენ შეიძლება იცოდე. გაგახსენდება თუ არა ყველაფერი, ჯადოს ძალა დაეკარგება.
– როგორ უნდა გავიხსენო?
– მიგანიშნებ... ერთადერთი რამ, რაზეც ჯადო არ მოქმედებს, ადამიანის სურვილია. შენ ის ხარ, ვინც ნამდვილად გინდა იყო.
– ვინ მინდა ვიყო? – საკუთარ ფიქრებს იწერდა დათა. საოცარია, ყოველთვის ზუსტად იცოდა, სხვები რასაც ითხოვდნენ მისგან, იმაზე კი, თვითონ რა სურდა, არც არასოდეს დაფიქრებულა. – მინდა ვიყო პირდაპირი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი. ისე ვცხოვრობდე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. კარგი იქნებოდა, სხვების დახმარებაც რომ შემეძლოს. რაში? რა ვიცი, ყველაფერში... იმაში, რომ მათაც მოახერხონ, საკუთარ თავს ჰგავდნენ, პატივს სცემდნენ, უფრო კარგად ესმოდეთ ერთმანეთის. მინდა, ერთგული მეგობრები მყავდეს. თავგადასავლებიც მინდა მქონდეს.
– მგონი უკვე ვიცი, ვინც ხარ...
– ვინ ვარ? – გულისფანცქალით იკითხა დათამ.
– ბიჭი, რომელსაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია! ეს აღარ დაივიწყო და ნახავ, როგორ დალაგდება გარშემო ყველაფერი! – მოუვიდა პასუხი რაინდისგან.
დათას მღელვარებამ სუნთქვა შეუკრა.
აი, ეს მესმის... ბიჭი, რომელსაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია! – ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო?!
დარწმუნებული რომ იყოს, ეს ყველაფერი თამაში არ არის და ნამდვილად ასეთია. კარგი, დავუშვათ, ვირტუალური რაინდი ეხუმრება და ეს უბრალო გართობაა, განა არ შეუძლია, იყოს ასეთი? პირდაპირ წარმოუდგენელია, აქამდე როგორ ვერ მიხვდა ამას. განა მის ხელთ არაა, იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს?
"ასეც მოვიქცევი, – გამოუთქმელმა აღმაფრენამ შეიპყრო დათა. – დღეიდან მე ნამდვილად მე ვიქნები. მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. საკუთარი აზრის გამოთქმის და სხვისი დაცინვის არასოდეს შემეშინდება. ხვალვე ვეტყვი გიგის, რომ ერთმანეთის დამცირებით და მუშტიკრივით ურთიერთობის გარკვევა ყველაზე დიდი სისულელეა ამქვეყნად.
ბიჭები იფიქრებენ, შეეშინდაო, მაგრამ ყურადღებას არ მივაქცევ.
ბრძოლა მომიწევს საკუთარი აზრის დასაცავად... ძალიანაც კარგი _ გამოდის, წინ უამრავი თავგადასავალი მელოდება! განა დღევანდელი დღეც მთლიანად თავგადასავალი არ არის?!
ვირტუალური რაინდი კი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნამდვილად არსებობს და დამეხმარა კიდეც. მასთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. უფრო საინტერესო რა უნდა იყოს? იქნებ ზღაპრული სამყარო მოგონილი სულაც არაა? იქნებ სასწაულებიც ხდება? განა სასწაული არ იყო, დღეს იმ დედაბერს რომ შევხვდი?
„ოოჰ! – დათა უცნაური გრძნობების მოზღვავებას განიცდიდა. – მთავარია, არ დამავიწყდეს... არ უნდა დამავიწყდეს, რომ მე ვარ ბიჭი, რომელსაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია!"
ფიქრი ახალმა შეტყობინებამ შეაწყვეტინა:
“ბოლო ჯადოსნური რჩევა ზღაპრული სამყაროდან! შუაღამეს დაელოდები. მერე ეზოში გახვალ და მთვარით განათებულ სამ თეთრ კენჭს იპოვი. ეს სამი კენჭი სამი გამარჯვების მოპოვებაში დაგეხმარება. მერე კი არავისი დახმარება აღარ დაგჭირდება. არ დაკარგო და, სადაც წახვალ, ჯიბით ატარე.”
დათას გაეღიმა. უჩვეულო მადლიერება იგრძნო მასზე მზრუნველი რაინდის მიმართ. რჩევა მართლაც ჯადოსნურს ჰგავდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ წაადგებოდა. მითითება სიტყვასიტყვით შეასრულა და უცნაურად დამშვიდებულმა დაიძინა.
სიზმარში გიგი ნახა. ცარიელ საკლასო ოთახში იჯდა მხრებჩამოყრილი და მოწყენილი. დათას მიახლოებაზე თავი ასწია და ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს დახმარებას სთხოვსო. "ნუ გეშინია, ვიცი, როგორ დაგეხმარო", – ჩურჩულით უთხრა მან. "ვინ ხარ?" – რატომღაც ვერ იცნო გიგიმ. "მე ის ბიჭი ვარ, ვისაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია", – უპასუხა დათამ.
***
დათამ საუზმე მოათავა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ის იყო სახლიდან გასვლას დააპირა, იგრძნო, რაღაც ძალიან აუცილებელი ავიწყდებოდა. "ჯადოსნური კენჭები! კიდევ კარგი, გამახსენდა!" მაგიდის უჯრაში საიდუმლოდ გადანახული სამი კენჭი მოიძია და ჯიბეში ჩაიდო. "წავედი, რაინდო, – ფიქრში მიმართა ზღაპრულ მეგობარს.
– გამარჯვების მოსაპოვებლად! – დაამატა მერე ხმამაღლა.
გიგი შორიდანვე შენიშნა.
სახეზე ჩვეული, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. არაფრით ჰგავდა იმას, ვისაც სასოწარკვეთისგან ტირილი შეეძლო. "მისმა გამომეტყველებამ არ უნდა მომატყუოს," – გაიფიქრა დათამ და თავის გასამხნევებლად ჯიბეში კენჭები ააჩხარუნა.
პირველი ხაზვის გაკვეთილი ჰქონდათ და ბავშვები ხმაურით ემზადებოდენენ მეცადინეობისთვის – მერხებზე სახაზავ რვეულებს, ფანქრებსა და სხვა საჭირო ნივთებს აწყობდნენ. გაკვეთილი ისე დაიწყო, გიგის მისთვის ერთხელაც არ შემოუხედავს.
"როგორ უნდა მოვიქცე, თუ ისევ შეურაცხყოფის მოყენებას შეეცდება?" – საკუთარ თავს ჩაეკითხა დათა. უცებ თვალწინ ცხადად წარმოუდგა კომპიუტერის განათებული ეკრანი და მასზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა სიტყვები: "როგორც შეეფერება ბიჭს, რომელსაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია". "მართალია, – დაეთანხმა უხილავ მოკარნახეს. – ნეტავ, ზარი მალე დაირეკოს!"
გაკვეთილი გამოვიდა.
დათამ საკუთარ ნივთებს თავი მოუყარა და ჩანთაში ჩალაგება დაიწყო. უეცრად იგრძნო, მაგიდასთან ვიღაც იდგა და აკვირდებოდა. თავი რომ ასწია, მისი თვალები გიგის დაჟინებულ მზერას შეეფეთა.
– გარეთ გელოდები, უნდა დაგელაპარაკო, – მოჭრით უთხრა გიგიმ და კარებისკენ წავიდა.
დათამ ჩანთა მიატოვა და უკან გაჰყვა. გული გამალებით უცემდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გიგი დერეფნის ბოლოში, ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გაჰყურებდა.
– გისმენ, – განურჩეველი ტონით უთხრა დათამ და გვერდით ამოუდგა. ერთიანად დაძაბული იყო, მაგრამ ცდილობდა, ხმაზე არაფერი დატყობოდა.
გიგი ერთხანს არაფერს ამბობდა, თითქოს რაღაცის გააზრებას ცდილობსო, მერე კი ისე, რომ დათასკენ არ მოუხედავს, დიდი კაცივით დაღლილი ხმით ალაპარაკდა:
– შენთან ჩხუბი არ მინდა. არ ვიცი, გუშინ რამ მომიარა. სხვებისგან ძალიან განსხვავდები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ცუდი ბიჭი არ ხარ. არც გინდა, სხვებს დაემგვანო. სხვისი დამცირების ხარჯზე უფრო მაგარი ვერ გახდები.
დათა ლამის საკუთარ ყურებს აღარ ენდო. ბოლო ორი დღის მანძილზე უკვე მერამდენე დაუჯერებელი ამბის დაჯერება უწევს! ცოტა არ იყოს, დააბნია გიგის სიტყვებმა. უხერხულობის დასაფარად ხელები თვითონაც ჯიბეებში ჩაიწყო და... თითებში ისევ ჯადოსნური კენჭები მოხვდა.
– ვიცი... – უთხრა ჩუმად.
ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი, თითქოს ძალიან დიდ საიდუმლოს ანდობსო, კიდევ უფრო ხმადაბლა დაამატა:
– ისიც ვიცი, როგორ უნდა მოიქცე, რომ სხვებმა შენი დამცირება ვერ მოახერხონ.
გიგიმ თავი მოაბრუნა და დაუფარავი ინტერესით შეაჩერდა თანაკლასელს:
– მაინც, როგორ?
– ისეთი უნდა იყო... როგორიც ხარ.
არაფერი უპასუხია.
ბიჭები ჩუმად იდგნენ ერთმანეთის გვერდით და ქუჩაში იყურებოდნენ. ზარი დაირეკა, მაგრამ საკლასო ოთახში დაბრუნებას არცერთი ჩქარობდა. მათი ღრმად ჩაფიქრებული სახეების შორიდან შემხედვარე იფიქრებდი, ორ მეგობარს სერიოზული სასაუბრო გამოუჩნდაო.
მოვრჩი, მოვრჩი... არ გამოდის უფრო მოკლედ, რა ვქნა? :) გაგრძელება კი მაინც იქნება :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მაინც დავამატებ :))
ეს ზღაპრები სწორედ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების მზის სინათლეზე "გამოსატყუებლად" დავწერე - სხვა ამბიცია არ მქონია :) მაინც დავამატებ :))
ეს ზღაპრები სწორედ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების მზის სინათლეზე "გამოსატყუებლად" დავწერე - სხვა ამბიცია არ მქონია :)
16. ნეფერტარ(ი), მიყვარხარ! ამას რაღა უნდა დავამატო?! ნეფერტარ(ი), მიყვარხარ! ამას რაღა უნდა დავამატო?!
15. იცით, მეგონა სიბერეში, ჩემი არც თუ ადვილი, კიარადა ძალიან რთული ცხოვრებისგან დასვენების ბედნიერი ხანა დამიდგებოდა და კოპწია სიბერით ვიცხოვრებდი სიკვდილამდე. ამ ზღაპრის შემდეგ სიბერის მიზანი გამიჩნდა. რომ დავბერდები ბებიკო ნაილისნარი უნდა გავხდე. ახლა რომ მკითხონ, რომ დაბერდები ვინ გინდა გამოხვიდეო, - ვიტყოდი ბებიკო ნაილი თქო. გინდა მოხუცი პეპი დამიძახონ და გინდა ბებერი მერი პოპნისი ან, თუნდაც "სტარუხა შაპოკლიაკი". იცით, მეგონა სიბერეში, ჩემი არც თუ ადვილი, კიარადა ძალიან რთული ცხოვრებისგან დასვენების ბედნიერი ხანა დამიდგებოდა და კოპწია სიბერით ვიცხოვრებდი სიკვდილამდე. ამ ზღაპრის შემდეგ სიბერის მიზანი გამიჩნდა. რომ დავბერდები ბებიკო ნაილისნარი უნდა გავხდე. ახლა რომ მკითხონ, რომ დაბერდები ვინ გინდა გამოხვიდეო, - ვიტყოდი ბებიკო ნაილი თქო. გინდა მოხუცი პეპი დამიძახონ და გინდა ბებერი მერი პოპნისი ან, თუნდაც "სტარუხა შაპოკლიაკი".
14. დიდი მადლობა წინასწარ. მხოლოდ "შენს შემოქმედებას" მომწერე ხოლმე სხვა დროს :) არც ისეთი ბებერი ვარ... ას წელს ჯერ კიდევ ბევრი მიკლია :) დიდი მადლობა წინასწარ. მხოლოდ "შენს შემოქმედებას" მომწერე ხოლმე სხვა დროს :) არც ისეთი ბებერი ვარ... ას წელს ჯერ კიდევ ბევრი მიკლია :)
13. მე მჯერა სასწაულების,ფერიების რა გითხრათ,მეტ-ნაკლებად. :) ჰო,მეც მივიღებ მაშინ რაიმე მსგავს გადაწყვეტილებას. :) არა,რას ამბობთ,რა უნდა მეწყინოს. :) თვალს ვადევნებ თქვენს შემოქმედებას დღეიდან. :) მე მჯერა სასწაულების,ფერიების რა გითხრათ,მეტ-ნაკლებად. :) ჰო,მეც მივიღებ მაშინ რაიმე მსგავს გადაწყვეტილებას. :) არა,რას ამბობთ,რა უნდა მეწყინოს. :) თვალს ვადევნებ თქვენს შემოქმედებას დღეიდან. :)
12. მარტო "ფერია" რას გახდებოდა, დათას რომ ზღაპარში მოხვედრის გადაწყვეტილება არ მიეღო? :) ისე კი... "საიდუმლოდ" გეტყვი, ივდო: ფერიებიც არსებობენ და სასწაულებიც ბლომად ხდება ჩვენ გარშემო - მთავარია, "ხედვის კუთხე" სწორად შევარჩიოთ, რომ ამ ყველაფრის აღქმა შევძლოთ.
დიდი მადლობა ქულებისთვის და ალბათ არ მიწყენ, შენობით რომ მოგმართავ. აქ შემომსვლელ ბავშვებს, დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამეები არ განაღვლებთ, დიდებთან კი, უბრალოდ, არ ვთამაშობ :)) მარტო "ფერია" რას გახდებოდა, დათას რომ ზღაპარში მოხვედრის გადაწყვეტილება არ მიეღო? :) ისე კი... "საიდუმლოდ" გეტყვი, ივდო: ფერიებიც არსებობენ და სასწაულებიც ბლომად ხდება ჩვენ გარშემო - მთავარია, "ხედვის კუთხე" სწორად შევარჩიოთ, რომ ამ ყველაფრის აღქმა შევძლოთ.
დიდი მადლობა ქულებისთვის და ალბათ არ მიწყენ, შენობით რომ მოგმართავ. აქ შემომსვლელ ბავშვებს, დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამეები არ განაღვლებთ, დიდებთან კი, უბრალოდ, არ ვთამაშობ :))
11. როგორ მომეწონა,ნეტავ,მეც შემეძლოს ყველა მტრის მეგობრად გადაქცევა,მაპოვნინეთ მასეთი ფერია :) 2+ როგორ მომეწონა,ნეტავ,მეც შემეძლოს ყველა მტრის მეგობრად გადაქცევა,მაპოვნინეთ მასეთი ფერია :) 2+
10. მედეა, გაიხარე, მხსნელად მომევლინე :). მეც ამას არ ვამბობდი... პირველივე აბზაცში?! :) მედეა, გაიხარე, მხსნელად მომევლინე :). მეც ამას არ ვამბობდი... პირველივე აბზაცში?! :)
9. ახლა, რაც შეეხება გმირების ასაკს .
მართალია, ბებიკო ნაილი, ანანო და საბა ის "შესანიშნავი სამეულია", რომლის გარშემოც ვითარდება ყველა ამბავი (ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩაფიქრებული), მაგრამ ვერ ვხვდები, ვინ შეზღუდა დანარჩენი ზღაპრის გმირების ასაკი?
მზეჭაბუკები, მეფეები, მზეთუნახავები, დედაბრები და ბერიკაცები (ჩვენი ბავშვობის ზღაპრებიდან) განა საბასა და ანანოზე უფროსები არ იყვნენ? რას ერჩით, მათაც ხომ უნდათ ზღაპარში მოხვედრა! :).
მომდევნო ამბებში გაცილებით უფროსი ასაკის „ბავშვებზე“ მინდა რომ მოგიყვეთ და იმედი მაქვს, ამის გამო აღარ „დამსჯით“. თუ ვცდები? :)
ახლა, რაც შეეხება გმირების ასაკს .
მართალია, ბებიკო ნაილი, ანანო და საბა ის "შესანიშნავი სამეულია", რომლის გარშემოც ვითარდება ყველა ამბავი (ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩაფიქრებული), მაგრამ ვერ ვხვდები, ვინ შეზღუდა დანარჩენი ზღაპრის გმირების ასაკი?
მზეჭაბუკები, მეფეები, მზეთუნახავები, დედაბრები და ბერიკაცები (ჩვენი ბავშვობის ზღაპრებიდან) განა საბასა და ანანოზე უფროსები არ იყვნენ? რას ერჩით, მათაც ხომ უნდათ ზღაპარში მოხვედრა! :).
მომდევნო ამბებში გაცილებით უფროსი ასაკის „ბავშვებზე“ მინდა რომ მოგიყვეთ და იმედი მაქვს, ამის გამო აღარ „დამსჯით“. თუ ვცდები? :)
8. მაგდალენა, დიდი მადლობა, რომ არა მარტო წაიკითხე, არამედ ასეთი შინაარსიანი კომენტარითაც გამანებივრე. ჩემთვის რომ ეკითხათ, რისი თქმა გინდოდა ამ ამბითო, თვითონაც კი ვერ ჩამოვაყალიბებდი ასე ზუსტად და დასაბუთებულად. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
მაშ, "შენ არ იცი, რა ძნელია, იყო ბავშვიო"???
საყვარელი... რა გულიანად გამაცინა! :) რომ იცოდე, მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი ბავშვობაში :)
მაგდალენა, დიდი მადლობა, რომ არა მარტო წაიკითხე, არამედ ასეთი შინაარსიანი კომენტარითაც გამანებივრე. ჩემთვის რომ ეკითხათ, რისი თქმა გინდოდა ამ ამბითო, თვითონაც კი ვერ ჩამოვაყალიბებდი ასე ზუსტად და დასაბუთებულად. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
მაშ, "შენ არ იცი, რა ძნელია, იყო ბავშვიო"???
საყვარელი... რა გულიანად გამაცინა! :) რომ იცოდე, მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი ბავშვობაში :)
7. მე მემწონს ეს გვერდი..მართლაც ყველა ასაკის"ბავშვისთვისაა"-სიამოვნებით ჩავიკითხე... მე მემწონს ეს გვერდი..მართლაც ყველა ასაკის"ბავშვისთვისაა"-სიამოვნებით ჩავიკითხე...
6. ეს თავი იმსახურებს დამოუკიდებლად არსებობას, პირველ რიგში თემის "MOBBING"-ის გამო საქართველოს სკოლებში! (ფაფის ჭამის მერე არ არის ადვილი გადმოერთო აქ.) დირექტორები მხოლოდ სკოლის პრესტიჟს უფრთხილდებიან, "დედაბრები" კი ზღაპრებიდან გადმოდიან, რადგან ჯერ კიდევ ვერ გამოიძებნა ადგილი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ბავშვთა ფსიქოლოგიისთვის( აბა, გიგის მამას ახლა რა ფსიქოლოგია უშველის!) არადა, როგორც დათას, ასევე გიგისაც ჭირდება პროფესიული დახმარება. ერთი ტიპიური ინტროვენტია, მეორე_ექსტრავენტი, რომელიც თავის კომპლექსებს" მაგარი ბიჭობით" ნიღბავს.დათა დედიკოს ბიჭი კი არა, თავის თავში და ძალებში დაურწმუნებელი ბავშვია, რ-მაც გოლი კიდეც რომ გაიტანოს(სიტყვაზე), ბედისწერას დააბრალებს და არა საკუთარ შესაძლებლობას! დათა აქ თავისუფლად შეიძლება იყოს ათი- თერთმეტი წლის ბავშვიც. ავტორი იმასაც ეხება აქ, თუ რამხელა მოთხოვნებს ვუყენებთ ბავშვებს! მახსენდება, ჩემმა დათამ მითხრა ერთხელ, შენ არ იცი, რა ძნელია იყო ბავშვიო! ეს თავი იმსახურებს დამოუკიდებლად არსებობას, პირველ რიგში თემის "MOBBING"-ის გამო საქართველოს სკოლებში! (ფაფის ჭამის მერე არ არის ადვილი გადმოერთო აქ.) დირექტორები მხოლოდ სკოლის პრესტიჟს უფრთხილდებიან, "დედაბრები" კი ზღაპრებიდან გადმოდიან, რადგან ჯერ კიდევ ვერ გამოიძებნა ადგილი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ბავშვთა ფსიქოლოგიისთვის( აბა, გიგის მამას ახლა რა ფსიქოლოგია უშველის!) არადა, როგორც დათას, ასევე გიგისაც ჭირდება პროფესიული დახმარება. ერთი ტიპიური ინტროვენტია, მეორე_ექსტრავენტი, რომელიც თავის კომპლექსებს" მაგარი ბიჭობით" ნიღბავს.დათა დედიკოს ბიჭი კი არა, თავის თავში და ძალებში დაურწმუნებელი ბავშვია, რ-მაც გოლი კიდეც რომ გაიტანოს(სიტყვაზე), ბედისწერას დააბრალებს და არა საკუთარ შესაძლებლობას! დათა აქ თავისუფლად შეიძლება იყოს ათი- თერთმეტი წლის ბავშვიც. ავტორი იმასაც ეხება აქ, თუ რამხელა მოთხოვნებს ვუყენებთ ბავშვებს! მახსენდება, ჩემმა დათამ მითხრა ერთხელ, შენ არ იცი, რა ძნელია იყო ბავშვიო!
5. გმადლობ, რომ წაიკითხე, თოლია :)
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ვერავის აიძულებ - ძნელია ადამიანები ზღაპარში შეიტყუო :)). გმადლობ, რომ წაიკითხე, თოლია :)
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ვერავის აიძულებ - ძნელია ადამიანები ზღაპარში შეიტყუო :)).
4. თანამედროვე ზღაპარი ძველი, კეთილზღაპრული ტრადიციების შტრიხებით.
ერთი გაიელვა ნაილი ბებომ და როგორ შეიცვალა დათას ცხოვრება.
დათას ასაკის ბიჭების ფსიქოლოგიის ცოდნაც ჩანს.
მშვენიერ როლს ასრულებს კომპიუტერიც. ეს ბიჭი მტერს მეგობრად გადააქცევს, აშკარაა :)
მცირეოდენი შეუსაბამოებები იყო, მაგრამ ზღაპარია და იყოს, არაფერი შავდება ამით მგონი :)
თანამედროვე ზღაპარი ძველი, კეთილზღაპრული ტრადიციების შტრიხებით.
ერთი გაიელვა ნაილი ბებომ და როგორ შეიცვალა დათას ცხოვრება.
დათას ასაკის ბიჭების ფსიქოლოგიის ცოდნაც ჩანს.
მშვენიერ როლს ასრულებს კომპიუტერიც. ეს ბიჭი მტერს მეგობრად გადააქცევს, აშკარაა :)
მცირეოდენი შეუსაბამოებები იყო, მაგრამ ზღაპარია და იყოს, არაფერი შავდება ამით მგონი :)
3. წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიი.:) წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიი.:)
2. მადლობა კომენტარისათვის, ლეგატო... რაც მეტ განსხვავებულ აზრს მოვისმენ, უფრო უკეთესი :) მაგრამ თავიდანვე გაგაფრთხილეთ - ეს ნაწარმოები ყველა ასაკის ბავშვებზეა, ზღაპრის გმირები მხოლოდ პატარა გოგუცუნები და ბიჭუკელები ხომ არ იქნებიან?! :). ვნახავ, ეს ექსპერიმენტი რამდენად გაამართლებს. თუ ბოლომდე ვინმემ გამიძლო, ყველაფერი კარგად იქნება :). თუმცა აჯობებს, ჩემსავე ჩანაფიქრზე მე ნაკლები ვილაპარაკო... თუ ამ ამბავმა თვითონ არ თქვა თავისი სათქმელი, ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს. იქნებ მაინც ბოლომდე წაგეკითხა? ;) <3 მადლობა კომენტარისათვის, ლეგატო... რაც მეტ განსხვავებულ აზრს მოვისმენ, უფრო უკეთესი :) მაგრამ თავიდანვე გაგაფრთხილეთ - ეს ნაწარმოები ყველა ასაკის ბავშვებზეა, ზღაპრის გმირები მხოლოდ პატარა გოგუცუნები და ბიჭუკელები ხომ არ იქნებიან?! :). ვნახავ, ეს ექსპერიმენტი რამდენად გაამართლებს. თუ ბოლომდე ვინმემ გამიძლო, ყველაფერი კარგად იქნება :). თუმცა აჯობებს, ჩემსავე ჩანაფიქრზე მე ნაკლები ვილაპარაკო... თუ ამ ამბავმა თვითონ არ თქვა თავისი სათქმელი, ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს. იქნებ მაინც ბოლომდე წაგეკითხა? ;) <3
1. პირველ;ი ნაწილი აი ,რომ ძალიან მომეწონადა ამჯამად კი გამ9იცრუვდა იმედი? ტუ რატომ ახლავე ავხსნი: პატარა საყვარელი გოგონა,რომელიც ნაილი ბებოსტან ფაფას მიირტმევს და 13 წლის ამხელა ბიჭი? ეს უკვე მოზარდია დადღევანდელ დღეს 21ე სააუკუნეში ცოტა არ იყოს და საბავშვოებში ამ ასაკის შეტანა..... ან უ ყველა ასაკს თავის მკითხველი Hყავს ,ამის თქმა მინდოდა. ვერააფრიტ "ცჰავაჯინე,, ეს ორი ნაწილი ერტმანეტტან.აქ მოცემული სასკოლო გარჩევები და საძველიჩო გმირობები არანაირად არაა საბავშვო.ეს მხოლოდ ჩემი აზრია.ნუ მიწყენს ავტორი მაგრამ ველოდი ისეტ სასიამოვნო ცაკითხავს როგორიც პირველი საყვარელი და ნამდვილად საბავშვო იყო.ჯერ არ ყოფილა რომ ნაცარმოები მე ბოლომდი არ ჩამეკითხოს.ეს კი.......... ნუ მეტყვით ,სჯობდა ბოლომდე წაგეკითხაო. წარმატებები ცემო კარგო და ველი იმას და ისეთს რასააც ისეტივე სიამოვნებით წავიკიტხავ როგორც პირველ ნაწილს. პირველ;ი ნაწილი აი ,რომ ძალიან მომეწონადა ამჯამად კი გამ9იცრუვდა იმედი? ტუ რატომ ახლავე ავხსნი: პატარა საყვარელი გოგონა,რომელიც ნაილი ბებოსტან ფაფას მიირტმევს და 13 წლის ამხელა ბიჭი? ეს უკვე მოზარდია დადღევანდელ დღეს 21ე სააუკუნეში ცოტა არ იყოს და საბავშვოებში ამ ასაკის შეტანა..... ან უ ყველა ასაკს თავის მკითხველი Hყავს ,ამის თქმა მინდოდა. ვერააფრიტ "ცჰავაჯინე,, ეს ორი ნაწილი ერტმანეტტან.აქ მოცემული სასკოლო გარჩევები და საძველიჩო გმირობები არანაირად არაა საბავშვო.ეს მხოლოდ ჩემი აზრია.ნუ მიწყენს ავტორი მაგრამ ველოდი ისეტ სასიამოვნო ცაკითხავს როგორიც პირველი საყვარელი და ნამდვილად საბავშვო იყო.ჯერ არ ყოფილა რომ ნაცარმოები მე ბოლომდი არ ჩამეკითხოს.ეს კი.......... ნუ მეტყვით ,სჯობდა ბოლომდე წაგეკითხაო. წარმატებები ცემო კარგო და ველი იმას და ისეთს რასააც ისეტივე სიამოვნებით წავიკიტხავ როგორც პირველ ნაწილს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|