წითელი კვერცხი სპორტულ კედებში გამოწყობილიყო და საცეკვაო მუსიკის რიტმში ზევით-ქვევით ხტოდა. ბალახებში ფეხმორთხმული ანანო ყვავილებს ხატავდა, თან კვერცხს საყვედურობდა, ხელს მიშლი, მუსიკა ძალიან ხმამაღლა გაქვს ჩართულიო. “შენ რა, ყუურებით ხატაავ, ყუურებით ხატაავ?” – სიმღერ-სიმღერით ეკითხებოდა კვერცხი. მერე ანანოს ნახატი წაართვა და ხასხასა მოლზე გაიქცა ხითხითით. ანანო ფეხშიშველი დაედევნა, ის-ის იყო, ხელი უნდა ეტაცა, მოულოდნელად მიწას მოწყდა და პირდაპირ მზისკენ აიღო გეზი. ბაბუაწვერასავით მსუბუქი იყო და ფრენა ოდნავადაც არ უჭირდა. უცებ ჭახანი შემოესმა – წითელმა კვერცხმა ქვას ფეხი წამოკრა და ნაჭუჭი ნამსხვრევებად ექცა. “უჰ, უჰ, სარბენი კი არა, საფრენი ამინდია”, – აბუზღუნდა იგი. ნამსხვრევებიდან ამოხტა და ჩოგბურთის ბურთად გადაიქცა. “წამო, მეთამაშე, რა”, – უთხრა ანანოს და პირდაპირ შუბლში მოხვდა. “კოპი დამაჯდება”, – გაუწყრა ანანო და შუბლი მოისრისა, მერე თვალები ნელ-ნელა გაახილა და ძალიან გაუკვირდა, ლოგინში რამ ჩამაწვინაო.
„აჰა, მეძინა და ყველაფერი სიზმარში ვნახე“, – მიხვდა, საბოლოოდ გამოფხიზლებული.
„იქნებ სწორედ ახლა მძინავს?“ – თავი წამოყო ახალმა აზრმა. ანანომ თვალები დახუჭა, მაგრამ ვეღარაფერი დაინახა. ე. ი. სპორტულ კედებში გამოწყობილი სააღდგომო კვერცხი ნამდვილი არ იყო და, როგორი სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო, არც ის შეეფერებოდა სინამდვილეს, ფრენა რომ შეეძლო, სამაგიეროდ ძალიანაც ნამდვილი ჩანდა შუბლის ტკივილი. ეტყობა, ძილში კედელს ვხეთქე თავი, გაიფიქრა ანანომ და ნატკენი ადგილი მოისინჯა. მთელი ღამე ბორგავო, წუხდა ხოლმე დედა – აი, შედეგიც.
შემოსასვლელიდან ხმადაბალი ლაპარაკი მოისმოდა, დედა თუ საუბრობდა ტელეფონზე. ანანოს უყვარდა, დედის ხმა რომ აღვიძებდა დილაობით. დღე სწორედ ასე უნდა იწყებოდეს: ოთახებში დედა მიმოდიოდეს ფეხაკრეფით, სამზარეულოდან კი ახლადდაფქული ყავის სურნელი იფრქვეოდეს. საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი დაახლოებით ისეთივე სასიამოვნოა, როგორც დაბადების დღეს საჩუქრების მოლოდინი, ახალი წლისთვის მზადება, მოულოდნელად ფანჯარაში დანახული პირველი თოვლი ან ახლად აყვავებული ხეების ყურება.
ანანოს არ უნდოდა, მთელი დილა ლოგინში კოტრიალში გაჰპარვოდა, მარდად წამოხტა და ღამისპერანგის ამარამ კართან მიირბინა. ის იყო კარი გამოაღო, რომ აუხსნელი გრძნობა დაეუფლა – თითქოს ყველაფერი რიგზე ვერ იყო. შედგა და დედის ხმას მიაყურა – ეუცნაურა, რომ დედა ჩვეულებრივზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ალაგ-ალაგ სიტყვა უწყდებოდა, აშკარა იყო, რაღაცაზე ნერვიულობდა.
– არა, არა... არ შემიძლია... არასოდეს... და, საერთოდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია, აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო... მშვიდობით, – მოესმა ბოლოს სრულიად უცხო ხმით ნათქვამი მისი სიტყვები, ბოლოს კი, ყურმილის დადების ხმა.
ანანო შიშველი ფეხებით იატაკს მიეყინა. წარმოდგენა არა აქვს, როგორ ან როდის მიხვდა ამას, მაგრამ გულმა ისეთი ბაგაბუგი აუტეხა, დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, სატელეფონო სადენის მეორე მხარეზე მამა იდგა. მა-მა, მა-მა, მა-მა, – ისე ხმამაღლა ყვიროდა გული, ანანოს ეგონა, შემოსასვლელში მყოფი დედაც გაიგონებსო, მაგრამ დედას არაფერი ესმოდა. ოდნავ გამოღებული კარიდან ანანო კარგად ხედავდა მას. სკამზე გაუნძრევლად იჯდა, წელში გამართული და უძრავი, თითქოს ადგილზე გაქვავებულაო. თითები ერთმანეთზე მაგრად გადაეჭდო, ტუჩები ჯიუტად მოეკუმა და თვალმოუშორებლად მიშტერებოდა ანანოსთვის უხილავ წერტილს, რომელსაც ალბათ თვითონაც ვერ ხედავდა. ანანოს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს დედას რაღაც სტკიოდა, ისე სტკიოდა, რომ განძრევა უჭირდა. არა, არანაირ ტკივილს არ მისცემს უფლებას, დედიკო დატანჯოს. ანანო თავისი ოთახიდან გამოვარდა, შიშველი ფეხების ტყაპუნით გაირბინა ჰოლი და დედას პირდაპირ კალთაში ჩაუხტა. ხელები მაგრად, მაგრად შემოხვია და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩაეხუტა. არ მოშორდება, სანამ ის რაღაცა ტკივილი თავს არ დაანებებს. აი, ასე იქნება და არ გაინძრევა, რაც არ უნდა მოხდეს. ანანო მზად იყო, მთელი სიცოცხლე დედის მუხლებზე გაეტარებინა.
დედას არაფერი უთქვამს. თვითონაც ხელები მოხვია ანანოს და თავი თავზე უხმოდ ჩამოადო. დიდხანს ისხდნენ ასე ხმაამოუღებლად, ერთმანეთს ჩაკრულები. მერე თმაზე დედის ხელის შეხება იგრძნო. მისი ხელი ისევ ისეთი თბილი, ალერსიანი და მზრუნველი იყო, როგორიც საერთოდ ჰქონდა ხოლმე, და ანანო მიხვდა, რომ ტკივილმა გაუარა.
– იცი, როგორი ბედნიერი ვარ? – ჩურჩულით ჰკითხა უცებ დედამ.
ანანომ თავი ასწია და მისი ცრემლით აბრჭყვიალებული თვალები დაინახა. დედა არ ტიროდა, იცინოდა, მაგრამ რატომღაც ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან. საოცარია, მაგრამ ამ ცრემლებს ანანო სულაც არ შეუშფოთებია.
– იმიტომ ტირი? – ეს ჰკითხა მხოლოდ.
– ჰო, აბა, რა, – თავი დაუქნია დედამ და სიცილით მოიწმინდა ცრემლები. – ხანდახან ასეც ხდება, ძალიან ბედნიერი ხარ და ტირი.
„რას გაუგებ უფროსებს, თავიანთი წესები აქვთ!“ – გაიფიქრა ანანომ, თქმით კი არაფერი უთქვამს, დედას ყელზე შემოეხვია და სახე მის სურნელოვან თმებში ჩამალა.
– იცი, სულ ვოცნებობდი, ზუსტად შენნაირი შვილი მყოლოდა, ზუსტად, ზუსტად ასეთი გოგონა... ბეკეკოსავით ხუჭუჭა თმებით, ვარსკვლავებივით ციმციმა თვალებით და მეტიჩარა, პაწუა ცხვირით, – დედამ ცხვირი ცხვირზე მიადო და თვალებში ჩახედა.
– სუსტი და გალეული რომ ვარ? – თავი ასწია და გამომცდელად შეხედა ანანომ. დეიდა ნაზი გამუდმებით არწმუნებდა, ასეთი არავის ენდომებიო.
– სწორედ, სწორედ ასეთი გოგო მინდოდა, ჩემო ნამცეცა, ჩემო საყვარელო, გემრიელო ნამცეცა, – ახლა კისერი ჩაუკოცნა დედამ.
– სიბნელისა რომ მეშინია? – ანანომ მშვენივრად იცოდა, უამრავი ნაკლი ჰქონდა.
– სიბნელისა მეც მეშინია, – გამოტყდა დედა. – ამის გამო არ გიყვარვარ?
– მართლა გეშინია? ნუ გეშინია, დე! სიბნელე მარტო მაშინაა საშიში, როცა მარტო რჩები. მე დამიძახე ხოლმე და სულ ერთი ბეწოთიც აღარ შეგეშინდება, – წამსვე გადაავიწყდა, გულდედალი რომ იყო ანანოს.
– ერთად ვერავინ და ვერაფერი შეგვაშინებს, არა? – გაიხარა დედამ.
– მგელი ჩვენ რას დაგვაკლეებს, დაგვაკლეებს, დაგვაკლეებს, მგელი ხელსაც ვერ გვახლეებს, ვერ გვახლეებს, ვერ, – წკრიალა ხმით შემოსძახა ანანომ. – დე, გუშინ სულ ბოლომდე ვნახე სამი გოჭის მულტფილმი. გინდა, მოგიყვე?
– ვკვდები, ისე მინდა გავიგო, რა ბედი ეწიათ ნიფნიფს, ნაფნაფსა და ნუფნუფს, ტანზე ჩაიცვი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
ანანო კისრისტეხით გაიქცა საწოლ ოთახში, თავი მოიწესრიგა და ვარცხნილობის გასაკეთებლად დედას გამოეცხადა. სანამ დედა თმას ვარცხნიდა, მოასწრო, რამდენადაც შეეძლო, დალაგებულად მოეთხრო, როგორ გააბრიყვეს მგელი ყოჩაღმა და მოხერხებულმა გოჭებმა.
უნდოდა, სხვა ამბებიც გაეხსენებინა, მაგრამ ამასობაში დეიდა ნაზი მოქოთქოთდა და მათ სიმშვიდესაც მოეღო ბოლო. სანამ დედა სამსახურში წასასვლელად გაემზადებოდა, მოასწრო: გაექილიკებინა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ვერაფრით რომ ვერ ისწავლა, ზუსტად გზაჯვარედინთან გაუჩეროს მანქანა, კარტოფილის გამყიდველი, რომელმაც, ეჭვგარეშეა, წონაში მოატყუა, ნაცნობი მასწავლებელი, სასწავლო წლის დასრულებამდე რომ ვერ მოიცადა და გათხოვდა, ქვეყნის პრეზიდენტი – ამდენ უსამართლობას ყურადღებას რომ არ აქცევს და ბოლოს... ანანო, აზრად რომ არ მოსდის, რამდენი სანერვიულო აქვს ადამიანს.
– აი, უყურე, როგორ ზოზინობს. დარწმუნებული ვარ, ჯერ კბილებიც არ გამოუხეხია, – შესჩივლა დედას.
დედამ როგორღაც მოახერხა, ეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, მე ვერ გავაღვიძე თავის დროზე, არ ვიცი, როგორ დამემართაო და ორივეს მაგივრად პირობა დადო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. მერე ანანოს თვალი ჩაუკრა, გამოსამშვიდობებლად ლოყაზე აკოცა და, დეიდა ნაზის რომ არ გაეგონა, ყურში ჩასჩურჩულა: თუ გინდა, ნასაუზმევს ბებიკო ნაილს ესტუმრეო. ეს ერთადერთი რამ იყო, რაზეც დეიდა ნაზი თითქმის არ ბრაზობდა. მართალია, არასოდეს აღიარებდა, მაგრამ უამისოდაც კარგად ჩანდა, ბავშვებზე მაინცდამაინც არ გიჟდებოდა. ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით უშვებდა ანანოს ბებიკო ნაილის მოსანახულებლად - საქმის კეთებისას ფეხებში მაინც არ მომებლანდებიო.
რაც შეეხება, ბებიკო ნაილს, ბავშვები ხელს არასოდეს უშლიდნენ საქმიანობაში. სიმართლე რომ ითქვას, იგი არც არასოდეს საქმიანობდა. საქმიანი ხალხი ყველაზე უბედური ხალხია დედამიწის ზურგზეო, ეუბნებოდა ხოლმე ანანოს და საბას. იმას კი, რასაც თვითონ აკეთებდა, არასოდეს ეძახდა საქმეს. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს და მამხიარულებსო.
- ყველამ რომ ასე იფიქროს, საქმეს ვინღა გააკეთებს? – ჰკითხა ერთხელ საბამ დაეჭვებით.
– მერედა ვინ თქვა, ადამიანებმა მაინცდამაინც საქმის კეთებით უნდა მოიკლან თავიო? – გაიკვირვა ბებიკო ნაილმა. – ყველა რომ იმას აკეთებდეს, რისი კეთებაც სიამოვნებს, გასაკეთებელიც აღარაფერი დარჩებოდა, განა არ შეგიმჩნევია, ამქვეყნად ყველას სხვადასხვა რამე სიამოვნებს.
საბა იძულებული გახდა, დათანხმებოდა, რადგან ვერაფრით წარმოიდგინა ბებიკო ნაილი მასავით მანქანის ნაწილების დაშლა-აწყობით ყოფილიყო დაინტერესებული, ანანოს კი საბრძოლო ხელოვნების სრულყოფაზე ეფიქრა. მიუხედავად ამისა, არსებობდა ზოგიერთი რამ, რისი კეთებაც ანანოს, საბას და ბებიკო ნაილს ზუსტად ერთნაირად ეხალისებოდათ. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, ერთმანეთის უნახავად დიდხანს რომ ვერ ძლებდნენ.
საბა ბებიკო ნაილის სახლიდან სამი სახლის დაშორებით ცხოვრობდა, მშობლებთან და ოთხ, ერთმანეთზე პატარა, და-ძმასთან ერთად, თუმცა დღის უმეტეს ნაწილს სახლში კი არა, ქუჩაში ატარებდა. აღმა-დაღმა დაჰქროდა და გამუდმებით რაღაც საინტერესო აღმოჩენებით იყო გართული, თუმცა ბებიკო ნაილის მოსანახულებლად დროს თითქმის ყოველდღე პოულობდა.
ანანოს ვეღარც კი წარმოედგინა, თუ რომელიმე მათგანს ოდესმე არ იცნობდა. ძალიან შეაყვარა თავი მყუდრო და სტუმართმოყვარე სახლმაც, სადაც ბებიკო ნაილთან ერთად უამრავი ზღაპრული არსება ბინადრობდა.
აი, მაგალითად, ექიმი აღარმტკივა... ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ძველისძველი სათამაშო თოჯინა იყო, ერთ ხელში წამლის უზარმაზარი შუშა, მეორეში კი წამლის დასალევი კოვზი რომ ეჭირა, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. ექიმ აღარმტკივას სამედიცინო ხალათის ქვეშ პატარა ღილაკი ჰქონდა მიმაგრებული. ღილაკს თითს თუ დააჭერდი, სათამაშო წამსვე ცოცხალივით იწყებდა მოძრაობას, ბოთლიდან წამალს კოვზში გადმოასხამდა და გამოგიწვდიდა.
ასეთ წამალს ჩვეულებრივ აფთიაქში ვერ იყიდიო, ირწმუნებოდა ბებიკო ნაილი და მას ჯანმრთელობის უებარ მიქსტურას ეძახდა. მართლაც უებარი თუ იყო, რადგან ერთნაირად უხდებოდა ყელის ტკივილს, მაღალ ტემპერატურას, მუცლის გვრემას, გაციებას თუ უგუნებობას. ანანომ საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა ნაყინის ზედმეტმა პორციამ ლამის იყო ყელი აატკივა.
ნეტავ, რა არის აქ ასე საკვირველი, ექიმ აღარმტკივას წამალს ვინც გასინჯავს, ავადმყოფობა რას დააკლებსო? – გაოცებით მხრებს იჩეჩავდა ბებიკო ნაილი.
აქვე ცხოვრობდა ხურჯინიანი ბერიკაცი, რომელსაც ღამღამობით უჩინმაჩინი სტუმრობდა ხოლმე და ხურჯინს ტკბილეულით უვსებდა, დღისით კი ბებიკო ნაილი, ანანო და საბა უცარიელებდნენ. ხურჯინიან კაცს ძალიან უყვარს სხვების გამასპინძლება, ამიტომ ნურაფრის მოგერიდებათ, გემრიელად მიირთვითო, ეუბნებოდა ხოლმე ბავშვებს მოხუცი. ალბათ მართლა ასე იყო, რადგან ხურჯინიანი ბერიკაცი მუდამ კეთილად იღიმოდა და მათთვის ყოველთვის რაღაც ჰქონდა ჭრელ ხურჯინში გადანახული.
სახლის კიდევ ერთი ბინდარი საკლიტურების მცველი მცონარა გახლდათ. ეს უცნაური სახელი ჭრელ ხალიჩაზე მხართეძოზე წამოგორებულ და თავქვეშ მუთაქაამოდებულ ღიპიან კაცს ერქვა. მას ბებიკო ნაილის გასაღებების პატრონობა ევალებოდა. მოგეხსენება სახლში უამრავი გასაღებია საჭირო: ჭიშკრის, კარის, სარდაფის, სხვენის, კარადის და ვინ მოთვლის, კიდევ რისი, ჰოდა, რაკი ბებიკო ნაილს გასაღებების შენახვაზე მეტად მათი დაკარგვა ემარჯვებოდა, გადაწყვიტა მთელი ეს ავლადიდება მცონარასთვის ჩაებარებინა. ისიც ერთგულად ინახავდა გასაღებების ასხმას ხავერდის ნაჭერგადაკრულ მუთაქაში, რომელსაც არც დღისით და არც ღამით შორდებოდა. მაგას მხართეძოზე კოტრიალს არაფერი ურჩევნია, ასე რომ ჩემი გასაღებებისთვის უკეთეს პატრონს ვერც ვინატრებო, უხაროდა ბებიკო ნაილს. მის გასაღებებს შორის ყველაზე მთავარი პაწაწინა, ოქროსფერი გასაღები იყო, რომელსაც, გინდ დაიჯერე, გინდ არა და, ჯადოსნური სკივრის გაღება შეეძლო.
ჯადოსნური სკივრი ბებიკო ნაილს ძველი კარადის ყველაზე მაღალ თაროზე ჰქონდა გადამალული, თუმცა რას ინახავდა იქ, ანანომ და საბამ ნამდვილად არ იცოდნენ. მისი გაღების უფლება მხოლოდ თვითონ ჰქონდა და ისიც მხოლოდ – საჭიროების შემთხვევაში. სხვანაირად ამ სკივრში შენახული ჯადოსნური ნივთები ძალას დაკარგავსო, აფრთხილებდა თავის მეგობრებს.
სამაგიეროდ, ყველას შეეძლო გაეღო საჩუქრების ყუთი. ეს უზარმაზარი, ცისარტყელასავით ნაირფრად შეღებილი ხის სკივრი სასტუმრო ოთახის კუთხეში იდგა და რას აღარ ნახავდი შიგ: სათამაშოებს, საოჯახო ნივთებს, მინის ბრჭყვიალა სამკაულებს, ქუდებს, ხელთათმანებს, ქაღალდის ხელსახოცებს. ყველას შეეძლო ჩაეყო ხელი ამ ყუთში და თავისთვის სასურველი საჩუქარი ამოერჩია მაშინვე, როცა კი მისი მიღების სურვილი გაუჩნდებოდა. ასეთი სურვილი კი, აბა, ვის არ გასჩენია?
საჩუქრების ყუთის გაღება მაშინაც შეიძლებოდა, თუ თვითონ გქონდა ვისიმე დასაჩუქრების სურვილი, მაგალითად, რაიმე ნივთი გქონდა ისეთი, რასაც სხვას სიამოვნებით აჩუქებდი, მაგრამ არ იცოდი, მაინც ვისთვის გეჩუქებინა. ასეთ ნივთებს ბებიკო ნაილი ლამაზად ფუთავდა და ყუთში ინახავდა – ნამდვილი საჩუქარი თავის პატრონს აუცილებლად იპოვისო. ნამდვილ საჩუქარს კი იმას ეძახდა, რომელსაც მთელი გულით გაიმეტებდი და ინატრებდი, ნეტა, ვინმე ძალიან, ძალიან გაახაროსო.
ანანომაც ჩადო შიგ ერთხელ ნამდვილი საჩუქარი. ისე მოხდა, რომ დედიკომ და დეიდა ნაზიმ, ერთსა და იმავე დღეს, ზუსტად ერთი და იმავენაირი თმის საბნევი უყიდეს. ანანოს ძალიან მოეწონა და იფიქრა, ორი რად მინდა, მოდი, ერთს სხვას ვაჩუქებ, იმ სხვასაც ხომ ჩემნაირად მოეწონებაო და საჩუქარი მყისვე ბებიკო ნაილს მიურბენინა. მან კი, რა მშვენივრად მოგიფიქრებია, რა ლამაზი თმის საბნევია, რომ იცოდე, რა ძალიან გამახარეო, იმდენი იძახა, რომ ანანოს ბედნიერებისგან გული აუძგერდა, ლოყები შეუწითლდა და ზუსტად ისე კარგად იგრძნო თავი, თითქოს კიდევ რაღაც აჩუქეს.
მგონი, გზიდან გვარიანად გადავუხვიე ანუ სიტყვა ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ხანდახან უნდა მაპატიო. აბა, ეს ყველაფერი რომ არ მომეყოლა, როგორ მიხვდებოდი, რატომ უხაროდა ანანოს ბებიკო ნაილთან სტუმრობა? ჰოდა, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იმ დღესაც დიდი სიხარულით შეასრულა დედის რჩევა, დეიდა ნაზისგან ნანატრი ნებართვა აიღო და ნაცნობ სახლს მიაშურა.
ბებიკო ნაილი მარტო არ დახვედრია, სტუმარი ჰყავდა – ხანშიშესული, წითელპომადიანი და ბეჭდებასხმული, სოლიდური ქალბატონი, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და ოთახს შემფასებლური მზერით ათვალიერებდა. ბებიკო ნაილს დივანთან მიდგმულ დაბალ მაგიდაზე ჩაის სუფრა გაეწყო.
– არა, არა, ნაილ, – უკმაყოფილოდ იჭმუხნიდა შუბლს სტუმარი, – მარტო ცხოვრებას ისევ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სჯობს. წარმოდგენა არა მაქვს, გული როგორ არ გისკდება ამ სახლში ღამღამობით. კიდევ კარგი, ჩემი შვილები მარტო არასოდეს მტოვებენ, თორემ ნამდვილად გავგიჟდებოდი... ხედავ, შაქარი ისევ დაგავიწყდა ჩემთვის.
ბებიკო ნაილმა ახლადდაყენებული ჩაის ნაყენი ჭიქებში თანაბრად გადაანაწილა და ანანოს სთხოვა, ნუ დამზარდები, სამზარეულოდან შაქრის ფხვნილი მოარბენინეო. ანანო დავალების შესასრულებლად გაიქცა. რომ შემობრუნდა, ისევ სტუმარი ქალის უკმაყოფილო მზერას გადააწყდა.
– იცი, რა, ჩემო კარგო, სიბერეზე ახალგაზრდობაშივე უნდა იზრუნო, თორემ მერე გვიანღაა სინანული, – თქვა და პომადიანი ტუჩები მრავალმნიშვნელოვნად მოპრუწა.
ბებიკო ნაილმა ჩაის ფინჯანი ახლოს მიუჩოჩა და კეთილად გაუღიმა.
– რა გაცინებს, რა? იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო, ნათქვამია, თუმცა ვამბობ, რა... შენ, მგონი, ცხოვრებაში ჭკვიანური არაფერი მოგისმენია...
– იცინის ის, ვინც გულიანად იცინისო, არავის უთქვამს? – დაინტერესდა ბებიკო ნაილი. პასუხად მისმა თანამოსაუბრემ იმისთანა სახე მიიღო, ანანოც კი მიხვდა, “ელაპარაკე ახლა ამასო”-ს რომ ნიშნავდა.
– სამწუხაროა, თორემ ზუსტად ჩემზე იქნებოდა ზედგამოჭრილი, – განუმარტა ბებიკო ნაილმა.
– არ ვიცი, არ ვიცი, – სტუმარმა შაქარი ჩაიყარა ფინჯანში და კოვზი გაბრაზებით აარაკუნა, – ყოველთვის ასეთი არასერიოზული იყავი...
– “კუზიანს სამარე გაასწორებსო,” – აი, თუ არაფერი გამიგია, – თავისმა აღმოჩენამ გაამხიარულა ბებიკო ნაილი. – ჩემზე ნუ იდარდებ, გეთაყვა, აბა, ერთი ეს მურაბა გამისინჯე...
მასპინძელს სიტყვა პირზე შეაშრა. უცნობმა ქალმა ერთი საზარლად დაიფხუკუნა, პირიდან ჩაის შხეფები შადრევანივით გამოაფრქვია და ერთიანად გაწუწა მის პირდაპირ მჯდომი ანანო.
– ეეეს რრა არრის, რრა უბბედურრებაა...
– ჩვენ გვეკითხები? – გაიოცა ბებიკო ნაილმა და ფეხზე წამომხტარ, გულგახეთქილ ანანოს ქაღალდის ხელსახოცი მიაწოდა.
– რა ჯჯანდაბა ჩჩამიყარეთ ჩჩაიში? – ფურთხება-ფურთხებით გაიძახოდა ქალი, ტუჩებს იწმენდდა და პირზე წითელპომადაგადღაბნილი თვალსა და ხელშუა მძვინვარე ლომს ემსგავსებოდა.
ბებიკო ნაილმა მაგიდა ყურადღებით მოათვალიერა, საშაქრე ხელში აიღო და, ოი, ოი, ოი... ყველაფერს მიხვდა. საქმე ის იყო, რომ შაქარს და მარილს ერთნაირ კოლოფებში ინახავდა და რომ არა კოლოფზე გაკეთებული წარწერები, შეიძლება, ერთმანეთშიც არეოდა. საბედნიეროდ, ბებიკო ნაილმა კითხვა იცოდა, ანანომ კი...
– არა, არა, უბედურება კი არა... ყოვლად უწყინარი... ჩვეულებრივი... სულ პატარა გაუგებრობაა, – ხელები უმწეოდ გაასავსავა და მობოდიშებას შეეცადა მოხუცი.
– აჰ, ასე არა?! – როგორც იქნა, სული მოითქვა სტუმარმა. – ნერვები მთლად დაწყვეტაზე მაქვს, შენ კი, როგორც ყოველთვის, ვითომც არაფერი! ახია ჩემზე, ვიფიქრე, მივალ, მოვინახულებ, მარტოობას შევუმსუბუქებ-მეთქი... არა, არა, კეთილი გული ზედმეტი ბარგია ამ ცხოვრებაში... ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, ჩემი ფეხი...
ბებიკო ნაილს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სტუმარმა ისეთი გამგმირავი მზერა ესროლა, მხოლოდ მხრებიღა აიჩეჩა. ქალმა ჩანთას ხელი წამოავლო, კარები გამოაღო და გაავებული გაიჭრა გარეთ.
– მგონი, გაცილებას ვერ მოვასწრებ... – მთლად დაბნეულ ანანოს გახედა ბებიკო ნაილმა, ისევ დივანზე ჩამოჯდა და უეცრად გულიანად ახარხარდა.
– ბრრრ... ეს რა ჩჩამიყყარეთ ჩჩაიში?! დარიშხანნია თთუ რრა?.. – იძახდა და სიცილისგან იგუდებოდა.
მართალია, ანანოს იმაში, რაც მოხდა, თავი მთავარ დამნაშავედ მიაჩნდა, მაგრამ უცნობი ქალის გამძვინვარებული სახე რომ გაახსენდა, სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
– მმოდდი, ვეშაპობბანნა ვითთამაშშოთ... – პირში წყალი ჩაიგუბა, ლოყები დაიბერა, მერე ხმამაღლა დაიფრუტუნა და უკან შადრევანივით ამოასხა ბებიკო ნაილმა. ანანომაც მიბაძა და არცთუ ურიგოდ გამოუვიდა. ვეშაპობანას თამაში ორივეს ძალიან მოეწონა. მთელი ოთახი მოწუწეს და ცოტა ხანში სიცილისგან ისე გასავათდნენ, ღონემიხდილები დივანზე მიესვენნენ.
– ვაი, ვაი, მიშველეთ, – კვნესოდა ბებიკო ნაილი, – კარგა ხანია, ასე აღარ მიხალისია. ამ ქალმა იცის, რას აკეთებს – მარტოობაში ნუგეშისცემაც ამას ჰქვია.
როცა გული თამაშით მოიჯერეს, ბებიკო ნაილმა გადაწყვიტა მომხდარი ინციდენტის ნიუანსებში ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, სტუმრის განაწყენების მიზეზებში, გარკვეულიყო.
– დედას გაფიცებ, მართალი მითხარი, კითხვა არ იცი, თუ ეს ყველაფერი საგანგებოდ მოაწყვე, რომ გვემხიარულა? – ჰკითხა ანანოს.
ანანომ, კითხვა არ ვიციო, გაუმხილა, თუმცა ეს დიდ ცოდვად სულაც არ მიაჩნდა – კითხვას სკოლაში ასწავლიან, თვითონ კი ჯერ სკოლაში არ დადის, ჰოდა, შემოდგომამდე ყველაფერი მეპატიებაო, თავი იმართლა ბებიკო ნაილთან.
– პოლიციაში დარეკვას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა, თუ სურვილი გექნებოდა, შეგეძლო, საქმე შემოდგომამდე არ გადაგვედო. გინდა, დღესვე გასწავლი წერა-კითხვას?
ანანოს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. ეს რომ ასეთი ადვილი იყოს... მისი დეიდაშვილი, ნინი, რომელიც უკვე მეორე კლასში გადავიდა და, აქედან გამომდინარე, სრული უფლება ჰქონდა, ანანოსთან თავი გამოცდილი ქალივით სჭეროდა, სულ იმას ირწმუნებოდა, წერა-კითხვის სწავლა დიდ შრომასა და გულმოდგინებას მოითხოვსო. „დღეში თითო-თითო ასოს გასწავლიან, მერე ეს ასოები ერთმანეთზე უნდა გადააბა, როდის-როდის სიტყვების წაკითხვასაც შეძლებ. ახლა წერას არ იკითხავ? – პირდაპირ ასოებს კი არ დაგაწერინებს მასწავლებელი, ჯერ ხაზების სწორად ჩამოსმაში უნდა ივარჯიშო, ივარჯიშო და ივარჯიშო, მერე რგოლების შემოხაზვა ისწავლო, მერე ხაზები და რგოლები შეაერთო. უჰ, უჰ, აი, მიხვალ სკოლაში და თვითონ ნახავ.“ ასე რომ, ანანოს ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, ასეთ მძიმე შრომას შეიძლება თავი ვერც კი გავართვაო, აქ კი ბებიკო ნაილი ერთ დღეში უპირებს წერა-კითხვის მცოდნედ აქციოს.
ბებიკო ნაილმა ყურადღებით მოუსმინა.
– იცი, რას გეტყვი? ძნელი მხოლოდ ის არის, რაც ძნელად გეჩვენება, – უთხრა ამ ყველაფრის პასუხად. – საკმარისია, წარმოიდგინო, რომ რაღაცის გაკეთება ძალიან იოლია და იმ რაღაცას ძალიან იოლადაც გაართმევ თავს.
მართალია, ასეთი დამაჯერებელი ახსნა-განმარტების შემდეგ, ანანოს ყველა ეჭვი უნდა გაჰფანტვოდა, მაგრამ მაინც ყოყმანით დაეთანხმა ბებიკო ნაილს, მეცადინეობას შევუდგეთო.
ბებიკო ნაილი ჩვეული ენთუზიაზმით შეება საქმეს: მაგიდა მოაწესრიგა, მერე რამდენიმე კვერცხი, კვერცხების სათქვეფი ჯოხი, პლასტმასის ჯამი, შაქარი, ვანილი, ცოტაოდენი ფქვილი და კარაქი მოიტანა და ვიწყებთო, ანანოს გამოუცხადა.
ანანო წეღანდელზე მეტად გაოცდა.
– რას ვიწყებთ? – იკითხა თვალებგაფართოებულმა, ბებიკო ნაილს ხომ არ დაავიწყდა, რის გაკეთებასაც შემპირდაო.
– ასოების გამოცხობას! – გამოაცხადა ბებიკო ნაილმა.
– ასოები უნდა გამოვაცხოთ? – სმენა ხომ არ მატყუებსო, შესამოწმებლად ჩაეკითხა ანანო.
– აბა რა, ასოები თუ არ იქნა, ვერაფრით წაიკითხავ, ისინი კი, მოგეხსენება, ქუჩაში არ ყრია, ჰოდა, ვიფიქრე, გემრიელ ასოებს გამოვაცხობ და ანბანიც ხელთ გვექნება-მეთქი. არ მითხრა, რომ ცუდი იდეაა!
მართალია, სწავლების ამ მეთოდზე ნინის სიტყვა არასოდეს დასცდენია, მაგრამ ანანო თვითონაც მშვენივრად მიხვდა, ბებიკო ნაილის წინადადება გაცილებით საინტერესო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მოხუცს გამამხნევებლად გაუღიმა და, მშვენიერი აზრიაო, ხალისით დაუმოწმა.
ბებიკო ნაილმა კვერცხები სათითაოდ დატეხა, მერე ჯამში შაქართან და სხვა საჭირო რამერუმეებთან ერთად ათქვიფა და რამდენიმე წამში შესანიშნავი – რბილი და ფაფუკი – ცომი მოამზადა.
– ახლა იწყება, რაც იწყება, – იძახდა მკლავებდაკაპიწებული და ცომს მაგიდაზე გულდასმით აბრტყელებდა. მერე გაბრტყელებული ცომი წვრილ, ერთმანეთის ტოლ ზოლებად დაჭრა და დროა, მეცადინეობას შევუდგეთო, უთხრა ანანოს.
– ანბანში პირველი და, მგონი, ყველაზე საჭირო ასო “ა” არის, – თქვა და ცომის ზოლისაგან მშვენიერი “ა” გამოძერწა. “ა”-ზე უამრავი სიტყვა იწყება: ასანთი, ალუბალი, ანანო და ასე შემდეგ. ცოტა გაისარჯე და შენც გამოძერწე.
ანანომ სცადა და არც ისე ცუდად გამოუვიდა. კიდევ რამდენიმე “ა” გამოძერწეს, თან ასო “ა”-ზე სახელების მოფიქრებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მერე “ბ” გამოძერწეს. ასოებს თუნუქის დიდ ფურცელზე აწყობდნენ აკურატულად. მერე რიგით “გ” მოდიოდა და ასე, ბოლომდე. როცა ცომისაგან მთელი ანბანი გამოძერწეს და თუნუქის სამი ტაფა გაავსეს ასოებით, ანანოს ყველაფერი თავში ერეოდა, თუმცა უზომოდ კმაყოფილი იყო გაწეული შრომით.
– ჯერ სადა ხარ, – უთხრა ბებიკო ნაილმა და ტაფები ჰაერღუმელში შეაწყო. – გამოცხვეს, რა იქნება!
რამდენიმე წუთში ასოები დაიბრაწა და ვანილის სურნელი მთელ ბინას მოედო.
– აბა, ნახე, კარგად თუა გამომცხვარი, – სთხოვა ბებიკო ნაილმა და ანანოს რამდენიმე „ი“ გაასინჯა.
უფრო უკეთესს ვერაფერს იგემებდი.
– უჰ, უჰ, ძალიან გემრიელია, – ქება არ დაიშურა ანანომ.
– მაშ, როგორ, უგემურად თუ გააკეთებ რამეს, არაფერი გამოვა!
ბებიკო ნაილმა ასოები გასაგრილებლად ფართო და ლამაზ სინზე გადაიტანა, მაგიდა საგულდაგულოდ მოაპრიალა და სიტყვების შედგენაზე გადავიდნენ.
– აბა, გეთაყვა, მოძებნე საჭირო ასოები და დამიწერე სიტყვა “ია”, – მისცა პირველი დავალება ანანოს.
ანანოს ამის გაკეთება ოდნავადაც არ გასჭირვებია. მერე “ანა”, დაწერეს, შემდეგ – “ანანო”.
– უკვე ჩემი სახელის დაწერა შემიძლია, – სიხარულს ვერ ფარავდა ანანო, მერე კი “ნაილი” დაწერა და ესეც მშვენივრად მოახერხა. ბებიკო ნაილი ცოტას მიეხმარა – “მ” და “რ” გაახსენა რომელი იყო და “მარილი” ააწყვეს.
– ამ სიტყვას კარგად დააკვირდი, დაიმახსოვრე და, თუ ღმერთი გწამს, სტუმრებს მეტად ნუღარ გამიქცევ სახლიდან.
– მთელი სიცოცხლე მემახსოვრება, – დაჰპირდა ანანო.
– ახლა წერილის დაწერაც კი შეგიძლია. გინდა, ვინმეს წერილი მივწეროთ? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ბებიკო ნაილმა.
ანანოს თვალები გაუბრწყინდა.
– რა კარგია, მამას მივწერ!
ეს რა მშვენიერი აზრი მოუვიდა თავში ბებიკო ნაილს! ანანომ სიტყვა “მამა” ყოველგვარი გაჭირვების გარეშე დაწერა და ლოყაზე ხელი შემოიდო. ახლა რაღა მისწეროს? მიწერით იმდენი რამის მიწერა უნდოდა: დედაზეც უნდოდა მოეყოლა, ბებიკო ნაილზეც, საბაზეც, იმაზეც, თუ როგორ ენატრება და რომ დროა, ჩამოვიდეს, მაგრამ რაღაც ძალიან ბევრი სიტყვა გამოდიოდა. ნუთუ წერილებში ამდენ სიტყვებს წერენ... სულაც არ იყო დარწმუნებული. იფიქრა, იფიქრა და უცაბედად ერთი საოცარი სიტყვა გაახსენდა – ამ სიტყვაში თითქმის ყველაფერი იყო, რისი თქმაც მამიკოსთვის სურდა და, მართალია, არცთუ ისე ადვილი დასაწერი აღმოჩნდა, მაინც მოახერხა და, ბებიკო ნაილთან შეთანხმებით, ბოლოს და ბოლოს ყველა საჭირო ასო მოძებნა. მთელი ამდენი ჯაფის შემდეგ კი მაგიდაზე უჩვეულოდ გემრიელი ასოებით დაწერილი მისი პირველი, სულ პირველი, წერილი გაჩნდა:
მ ა მ ა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
ბებიკო ნაილმა საიდანღაც ლამაზი მუყაოს კოლოფი გამოაძვრინა, ანანოს გაუწოდა და შესთავაზა შენი წერილი ამაში ჩადე და გავგზავნოთო.
– ნამცხვრის წერილის გაგზავნაც შეიძლება? – აკისკისდა ანანო.
– მგონი, დღემდე არავის აუკრძალავს, – თავი მოიქექა ბებიკო ნაილმა. – თუმცა, მგონი, ასეთი რამ არც არავის მოსვლია აზრად. ასეა თუ ისე, ჩვენ ამ უფლებას ვერავინ ჩამოგვართმევს, – თქვა და ანანოს ასოების ლამაზად ჩალაგებაში მიეხმარა.
– მიხვდება მამიკო, რომელი ასოს შემდეგ რომელი უნდა წაიკითხოს? – დაინტერესდა ანანო, როცა ნახა, ასოები ვიწრო კოლოფში ერთმანეთში როგორ აირია.
– მაგაში ეჭვიც არ მეპარება, თანაც ასე გაცილებით საინტერესოა: ერთბაშად წერილსაც მიიღებს და მშვენიერ თავსატეხსაც. იმედია, მამაშენს თავსატეხების ამოხსნა უყვარს, – ეშმაკურად მოჭუტა თვალები ბებიკო ნაილმა. მერე ლამაზი, პრიალა ქაღალდი მოძებნა, კოლოფი შიგ კოხტად გაახვია და ოქროსფერი ბაფთით შეკრა.
– რა ლამაზი წერილია?! – აღტაცება მოეძალა ანანოს. – ვაი, – გაახსენდა უცებ. – მამიკოს მისამართი რომ არ ვიცით?
– ეგ საქმე მე მომანდე, – უთხრა ბებიკო ნაილმა და კოლოფი კარადის უჯრაში შეინახა, – მეგობრები იმიტომაც ჰყავს ადამიანს, რომ როცა სჭირდება, გვერდში ამოუდგნენ. ერთ ძველ ზღაპარში ყველაფრისმცოდნე მეგულება, ჩემი ძველი ნაცნობია. არა მგონია, მაგის გაგება გაუჭირდეს.
ანანო გაიბადრა. მართლა დიდი ბედნიერებაა ბებიკო ნაილისთანა მეგობრის ყოლაო, კმაყოფილებით გაივლო გულში. ამ საქმიანობაში იყვნენ, რომ ეზოდან ნაცნობი ბრაგაბრუგი შემოესმათ. თქმა არ უნდა, საბა იყო.
– ნამცხვრის სუნი მცემს, – გამოაცხადა ოთახში შემოსვლისთანავე და მაგიდას კმაყოფილმა გადახედა.
– ხელი არ ახლო, – ასოებს გადაეფარა ანანო, – ეს ნამცხვარი კი არა, ანბანია!
– მე კი ანბანიყლაპია გახლავარ, არ იცოდი? იმედია, უარს არ ეტყვი მშიერ ანბანიყლაპიას, რამდენიმე ასო გადასანსლოს.
ბებიკო ნაილს გაეცინა.
– მგონი, დღეისთვის საკმარისად ვიმეცადინეთ, – მიმართა ანანოს. – ახლა დროა, დასვენებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაზეც ვიფიქროთ. გამიგონია, ამისთვის ნამცხვარს და ცხელ შოკოლადს ვერაფერი შეედრება, ანბანი კი ხვალ მუყაოსგან დავამზადოთ. არა მგონია, ანბანიყლაპიები ამ რეცეპტით მომზადებულ ასოებსაც მიირთმევდნენ.
– პირსაც კი არ აკარებენ, – დაეთანხმა საბა. – მუყაოს ვერც ერთი ანბანიყლაპიას კუჭი ვერ ინელებს. შეგიძლიათ, მშვიდად იმეცადინოთ.
ანანო წამსვე დაეთანხმა. სწავლა კარგია, მაგრამ მეგობრებთან ერთად მოლხენაც არ უნდა იყოს ურიგო საქმეო, გაიფიქრა და, მართლაც, ნამდვილი ლხინი გამართეს. ბებიკო ნაილმა, ნამცხვართან ერთად, მოხალული თხილი მიართვა ბავშვებს, ცოტაოდენი ჩირიც აღმოაჩნდა და, რომ იტყვიან, მეფის საკადრისი სუფრა გაშალეს.
– გინდა, შენი სახელი დავწერო? – სანამ ნამცხვრის ჭამას შეუდგებოდნენ, საკუთარი განსწავლულობის საბას წინაშე გამომზეურების შანსი ხელიდან არ გაუშვა ანანომ.
– მიდი, – დაეთანხმა საბა და როცა დაინახა, რა მშვენივრად გაართვა გოგონამ თავი ამოცანას, გაოცებისგან წაუსტვინა.
– შენ რა მაგარი ხარ?! რა ყოჩაღია ჩვენი პაწია, არა, ბებიკო ნაილ?
ანანო გაიბადრა. სიტყვები: “ჩვენი” და “ყოჩაღი” ისე ეამა, “პაწია” აღარც კი სწყენია.
– ყოჩაღია, აბა, რა, – დაუმოწმა ბებიკო ნაილმა, – ერთი დღეც არაა, რაც წერა-კითხვის შესწავლას მიჰყო ხელი და უკვე რამდენი ჯადოსნური სიტყვის დაწერა შეუძლია!
– ჯადოსნური სიტყვის? ჯადოსნური სიტყვები რომ არ მისწავლია? – გაიოცა ანანომ – მე მარტო ჩვეულებრივი სიტყვები ვიცი.
– კარგი ერთი, შენ, რა, სერიოზულად ფიქრობ, რომ ეგ “ჩვეულებრივი” სიტყვები ისე, უბრალოდ, ყოველგვარი ჯადოსნობის გარეშე გაჩნდნენ ამქვეყნად? დაიმახსოვრე, არავითარი ჩვეულებრივი სიტყვა არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა სიტყვა ჯადოსნურია.
– რას არ მოიგონებ ხოლმე, ბებიკო ნაილ, – როგორც ყოველთვის, შედავება არ დაიზარა საბამ, – ესე იგი, როცა ვამბობ მაგიდა-მეთქი, არც მეტი, არც ნაკლები, ვჯადოქრობ?
– მიხვედრილი ადამიანი ხარ, მოხუცო, – თავი დაუქნია ბებიკო ნაილმა. – რა თქმა უნდა, სწორედ ეგრეა. ყველა სიტყვას ჯადოსნური ძალა გააჩნია და თუ ხშირ-ხშირად გაიმეორებ, ნახავ, ამ ძალას რაც შეუძლია. ერთი ძველი ნაცნობი მყავდა – არაფრით უნდოდა ამის დაჯერება. სიტყვა “გადარევა” აიჩემა. გადასარევი ამბავია, გადავირევი პირდაპირ, გადარევა შეიძლება, გადარეული ვარო, – იმდენი იძახა, სანამ სიტყვებმა თავისი ჯადოსნური ძალა არ აჩვენა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ იმ შენობაში გამოამწყვდიეს, მთლად გადარეულებს რომ ათავსებენ. ახლა ხომ მიხვდით, როგორი სიფრთხილეა საჭირო სიტყვებთან. ისეთი რაღაცები, რაც არ მოგწონს, ჯობს, საერთოდაც არ ახსენო. სამაგიეროდ, უნდა იმეორო და იმეორო სიტყვები, რომლებიც ისეთ რამეებს აღნიშნავენ, რაც მოგწონს და გაბედნიერებს.
ვერაფერს იტყვი, ბებიკო ნაილს დარწმუნების საოცარი ნიჭი ჰქონდა. ბავშვებმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაუჯერეს და სიამოვნებით დაიწყეს იმ სიტყვების ჩამოთვლა, რისი არსებობაც ძალიან ახარებდათ.
– ნამცხვარი, – თქვა საბამ.
– შოკოლადი, – აჰყვა ანანო.
– ყვავილები, – არ ჩამორჩა ბებიკო ნაილი.
– ავტომობილი.
– თამაში.
– ზაფხული.
– საჩუქარი.
– სიცილი.
– დედა.
– მეგობარი.
– შინ! – თქვა ბოლოს ბებიკო ნაილმა.
– შინ? – გაიკვირვეს ბავშვებმა.
– ჰოო, ამ სიტყვის დავიწყება არაფრით შეიძლება, მით უმეტეს, თუ სტუმრად ხარ და უკვე თითქმის მთელი დღე გავიდა.
– დღე გავიდა? შეუძლებელია, – რაღაც გაახსენდა და თავში ხელი შემოირტყა საბამ.
– შეუძლებელი! – ამრეზით წარმოთქვა ბებიკო ნაილმა. – აი, სიტყვა, რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს. წადით ახლა შინ და დაივიწყეთ, თუ ღმერთი გწამთ, ეს სულელური სიტყვა “შეუძლებელია”.
(ამ თვეში კიდევ ორი თავით შემიძლია გავაგრძელო ეს ამბავი - მანამდე, სანამ ადმინის მიერ ნაბოძები ლიმიტი ამომეწურება :) შევხვდებით მომდევნო ზღაპარში :))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გმადლობ, რომ ყოველთვის იცლი ჩვენთან ყოფნისათვის, ჯონათან :).
ნუთუ ამ საიტზეც... შესაძლებელია "შეუძლებელი"?!!! განა არა... მაინცდამაინც აქეთ რატომ მეწეოდა გული :)))))) გმადლობ, რომ ყოველთვის იცლი ჩვენთან ყოფნისათვის, ჯონათან :).
ნუთუ ამ საიტზეც... შესაძლებელია "შეუძლებელი"?!!! განა არა... მაინცდამაინც აქეთ რატომ მეწეოდა გული :))))))
15. შემიყვარდა ამ ჭკუამხიარულ ხალხთან ერთად დროის გატარება :)
ექიმი აღარმტკივა და საკლიტურების მცველი მცონარაც კი მთლად ცოცხლებივით იყვნენ.
დიდი ძალა აქვთ სიტყვებს და როგორ ზღაპარ-ზღაპარ და დამაჯერებლად გვიამბო ავტორმა სიტყვების მაგიის შესახებ.
მხოლოდ ორი თავი იქნება კიდევ ამ თვეშიო? დაივიწყეთ ეს სულელური სიტყვა "შეუძლებელია" :)
შემიყვარდა ამ ჭკუამხიარულ ხალხთან ერთად დროის გატარება :)
ექიმი აღარმტკივა და საკლიტურების მცველი მცონარაც კი მთლად ცოცხლებივით იყვნენ.
დიდი ძალა აქვთ სიტყვებს და როგორ ზღაპარ-ზღაპარ და დამაჯერებლად გვიამბო ავტორმა სიტყვების მაგიის შესახებ.
მხოლოდ ორი თავი იქნება კიდევ ამ თვეშიო? დაივიწყეთ ეს სულელური სიტყვა "შეუძლებელია" :)
14. მაგდალენა, რა ზუსტი მიგნებაა! ნამდვილად არ გვიყვარს "ნაჭუჭის ნამსხვრევებში" დიდხანს დარჩენა არც მე, არც ჩემს გმირებს. მეტისმეტად ჭკუამხიარული ხალხი ვართ საამისოდ :)) <3 მაგდალენა, რა ზუსტი მიგნებაა! ნამდვილად არ გვიყვარს "ნაჭუჭის ნამსხვრევებში" დიდხანს დარჩენა არც მე, არც ჩემს გმირებს. მეტისმეტად ჭკუამხიარული ხალხი ვართ საამისოდ :)) <3
13. ლეგატო, რააა.... სულ "არ გაღელვებს" დიდი ბავშვების ბედი :))))) ანანოზე და საბაზე კიდევ იქნება თავები. აი, მომდევნოს მომდევნო თავის წაკითხვას კი არაფრით გირჩევ - ისეთი ვინმეს შეტყუებას ვაპირებ ზღაპარში, თვითონაც არ ვიცი, როგორ გავუბედე :)) ისე კი, ზღაპრების წიგნი იმისაა, გადაშალო და რომელიც მოგწონს, ის წაიკითხო. მადლობელი ვარ, რომ უყურადღებოდ არ მტოვებ <3 ლეგატო, რააა.... სულ "არ გაღელვებს" დიდი ბავშვების ბედი :))))) ანანოზე და საბაზე კიდევ იქნება თავები. აი, მომდევნოს მომდევნო თავის წაკითხვას კი არაფრით გირჩევ - ისეთი ვინმეს შეტყუებას ვაპირებ ზღაპარში, თვითონაც არ ვიცი, როგორ გავუბედე :)) ისე კი, ზღაპრების წიგნი იმისაა, გადაშალო და რომელიც მოგწონს, ის წაიკითხო. მადლობელი ვარ, რომ უყურადღებოდ არ მტოვებ <3
12. ზააალიან მომეწონააააააააააააა.სუ სუ პირველი თავი და ეს.მეორე და მესამესი რა მოგახსენო.შეუსაბამო მგონია ისინი ამ (1;4;) თავებთან.ველოდები გაგრძელებას.++++++++++++++++++++ ზააალიან მომეწონააააააააააააა.სუ სუ პირველი თავი და ეს.მეორე და მესამესი რა მოგახსენო.შეუსაბამო მგონია ისინი ამ (1;4;) თავებთან.ველოდები გაგრძელებას.++++++++++++++++++++
11. იცით, როგორ წერთ? აი , სულ თავიდან, წითელი კვერცხი რომ ტყდება , ვაი-ვიშს კი არ იწყებს, უბრალოდ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთად გადაიქცევა! გმირებიც ასეთები გყავთ! რას აღარ მოიგონებთ ხოლმე ჯადოსნური სიტყვებით! წარმატებები... იცით, როგორ წერთ? აი , სულ თავიდან, წითელი კვერცხი რომ ტყდება , ვაი-ვიშს კი არ იწყებს, უბრალოდ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთად გადაიქცევა! გმირებიც ასეთები გყავთ! რას აღარ მოიგონებთ ხოლმე ჯადოსნური სიტყვებით! წარმატებები...
10. არაფრის <3.მგონი,ბავშვობაში არ ვითხოვდი ასე ზღაპრებს. :) წლებია არ წამიკითხავს აქამდე :)) არაფრის <3.მგონი,ბავშვობაში არ ვითხოვდი ასე ზღაპრებს. :) წლებია არ წამიკითხავს აქამდე :))
9. გაიხარე, ივდო, შენი რჩევა გამომადგა - როგორც იქნა, მოვახერხე და მივწერე ადმინს :) "კიდე მინდა" ძალიან მახარებს ხოლმე, მაგრამ თან საგონებელში მაგდებს: უფრო ვრცელი ნამეტანი იქნება და როგორ გამოვაქვეყნო უფრო ხშირად? თურმე 100 კომენტარში იცვლება 1 დამატებით გამოქვეყნების უფლება (თუ სწორად გავარკვიე) და ამდენი კომენტარი რომ დავწერო, ზღაპრების საწერად დრო აღარ დამრჩება :) დიდი მადლობა ყველაფრისთვის <3 გაიხარე, ივდო, შენი რჩევა გამომადგა - როგორც იქნა, მოვახერხე და მივწერე ადმინს :) "კიდე მინდა" ძალიან მახარებს ხოლმე, მაგრამ თან საგონებელში მაგდებს: უფრო ვრცელი ნამეტანი იქნება და როგორ გამოვაქვეყნო უფრო ხშირად? თურმე 100 კომენტარში იცვლება 1 დამატებით გამოქვეყნების უფლება (თუ სწორად გავარკვიე) და ამდენი კომენტარი რომ დავწერო, ზღაპრების საწერად დრო აღარ დამრჩება :) დიდი მადლობა ყველაფრისთვის <3
8. კარგი თავი იყო,მაგრამ არ მეყო! :( კიდე მინდა მე :)) 2+ მოგვწერეთ,რომ წერია იქ დააჭირეთ და ადმინს თხოვეთ,ჟანრი შეგიცვალონ.რაც შეეხება ქულებს ისინი ისევ დაგემატებათ. :) კარგი თავი იყო,მაგრამ არ მეყო! :( კიდე მინდა მე :)) 2+ მოგვწერეთ,რომ წერია იქ დააჭირეთ და ადმინს თხოვეთ,ჟანრი შეგიცვალონ.რაც შეეხება ქულებს ისინი ისევ დაგემატებათ. :)
7. ცისიქითელი, დიდი მადლობა წაკითხვისა და კომენტარისათვის!
მიხარია, რომ, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოგვიერთდი :) ცისიქითელი, დიდი მადლობა წაკითხვისა და კომენტარისათვის!
მიხარია, რომ, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოგვიერთდი :)
6. სერგეი, გმადლობ, რომ მკითხულობ და მოგწონვარ :), მაგრამ გარწმუნებ, რასიზმი არაფერ შუაშია - ჯერ 1 თვისაც არა ვარ ამ საიტზე, ისიც კი არ ვიცი, როგორ უნდა გავხდე "არაჩვეულებრივი" წევრი :)) სერგეი, გმადლობ, რომ მკითხულობ და მოგწონვარ :), მაგრამ გარწმუნებ, რასიზმი არაფერ შუაშია - ჯერ 1 თვისაც არა ვარ ამ საიტზე, ისიც კი არ ვიცი, როგორ უნდა გავხდე "არაჩვეულებრივი" წევრი :))
5. ძალიან მომეწონა მოკლედ. თავიდან ვიფიქრე მოკლე ზღაპარტი იქნება და ძილის წინ სწორედ მისწრებაათქო. მერე რომ ჩავამთავრე კითხვა - უჰ რა უცებ გასულა დროთქო - მოკლედ მომეწონა და აბა 2 ჯერ კიდევ დაველოდები ამ თვეში :) ძალიან მომეწონა მოკლედ. თავიდან ვიფიქრე მოკლე ზღაპარტი იქნება და ძილის წინ სწორედ მისწრებაათქო. მერე რომ ჩავამთავრე კითხვა - უჰ რა უცებ გასულა დროთქო - მოკლედ მომეწონა და აბა 2 ჯერ კიდევ დაველოდები ამ თვეში :)
4. მართლაც მშვენიერია! რატომაა ეს ავტორი "ჩვეულებრივი წევრი"?...იმიტომ რომ აქ, ვირტუალშიც და რეალშიც , რასიზმია. ლიტერატურული რასიზმი . მართლაც მშვენიერია! რატომაა ეს ავტორი "ჩვეულებრივი წევრი"?...იმიტომ რომ აქ, ვირტუალშიც და რეალშიც , რასიზმია. ლიტერატურული რასიზმი .
3. კი, ასე გავაკეთე, მაგრამ - არაო! გმადლობთ... მაინც :) კი, ასე გავაკეთე, მაგრამ - არაო! გმადლობთ... მაინც :)
2. პირადი გვერდიდან გახსენით დააედიტეთ და შეცვლით ჟანრს:** პირადი გვერდიდან გახსენით დააედიტეთ და შეცვლით ჟანრს:**
1. SOS! გამოქვეყნებისას ჟანრი არასწორად მივუთითე. უფრო სწორად, დამავიწყდა მითითება და ავტომატურად პოეზიად "გამიფორმა" :). დამეხმარეთ, მეგობრებო ან მირჩიეთ, ვის ვთხოვო დახმარება :) SOS! გამოქვეყნებისას ჟანრი არასწორად მივუთითე. უფრო სწორად, დამავიწყდა მითითება და ავტომატურად პოეზიად "გამიფორმა" :). დამეხმარეთ, მეგობრებო ან მირჩიეთ, ვის ვთხოვო დახმარება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|