– სად ხაააააააააააარ?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! - დათამ კლავიატურას ხელი გაბრაზებით დასცხო და ვირტუალური რაინდისთვის გაგზავნილ უპასუხო წერილებს ჩატში კიდევ ერთი შეტყობინება დაუმატა.
– რა გაყვირებს? აქ ვარ! :) - მოჰყვა პასუხად მოკლე სიგნალს.
დათას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი მოიგო.
– რაინდო, როგორ გამახარე! სად დაიკარგე?!
– დავიკარგე? ჰო, პატარა ტექნიკური პრობლემები მქონდა...
– ტექნიკური პრობლემები ზღაპრებშიც არის? - გაეცინა დათას.
– როგორ გითხრა... ტექნიკური პრობლემები, დაუდევრობის შემთხვევაში, სისტემაში შემოჭრილი სხვადასხვა ვირუსის ზეგავლენით, ზღაპრულ პერსონაჟებს უჩნდებათ ხოლმე, რასაც ზღაპრული რეალობიდან ამოვარდნა მოსდევს. ჩემი დროებითი მიუწვდომლობაც სწორედ ამ ფაქტორით იყო განპირობებული, – ზღაპრულ ტერმინოლოგიას საფუძვლიანად გადაუხვია რაინდმა.
– გააასაგებია, – არცთუ მთლად დარწმუნებით წარმოთქვა დათამ. – და, მაინც, რომელ ვირუსებზე ვსაუბრობთ, თუ საიდუმლო არ არის?
– რომელი ერთი გავიხსენო... შიში, ეჭვი, ბრაზი, დაჟინება, დაღლილობა, მოუთმენლობა, სიტუაციის კონტროლის სურვილი... საკმარისია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არსებობაც, პროგრამული უზრუნველყოფა მწყობრიდან გამოდის და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, არაზღაპრულ ანუ ილუზიურ განზომილებაში აღმოჩნდები, სხვები შეცდომით რეალურ ცხოვრებას ანუ ყოველდღიურ რეალობას რომ ეძახიან. იქიდან თავის დაღწევა კი გვარიან გარჯას მოითხოვს. რაც შემეხება მე, უკვე საკმარისად გავისარჯე: პროგრამული უზრუნველყოფა აღდგენილია და კვლავ ჩვეულ ანუ ზღაპრულ რეჟიმში ვაგრძელებ არსებობას.
– ეეე, – თავი მოიქექა დათამ, - ეგ ყველაფერი, ცოტა არ იყოს, რთულად ჟღერს, ხომ იცი.
– ერთი შეხედვით, მეგობარო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხედვით. თუმცა არ გადაგღლი, ტექნიკური დეტალები მოიცდის, შენ ის მითხარი, საქმეები როგორ გაქვს. როგორც შენი ბოლო ვირტუსტიდან (ვირტუალური უსტარი მაქვს მხედველობაში) შევიტყვე, სასახელო გამარჯვება მოგიპოვებია.
– არა მგონია, მომიპოვებია მთლად ზუსტი ნათქვამი იყოს. ყველაფერი როგორღაც თავისთავად მოგვარდა.
– აჰ, თავისთავად... – მოცინარი ღიმილაკების მთელი არმია გამოგზავნა შესამჩნევად გამხიარულებულმა რაინდმა, – მარტივად და უბრალოდ, სწორედ ისე, როგორც ზღაპარში, არა? განა ასე გასაკვირია, ზღაპარში ზღაპრის წესები მოქმედებდეს?
– გინდა თქვა, რომ მე, ჩემდაუნებურად, ზღაპარში აღმოვჩნდი?
– როგორც ვიცი, მთლად შენდაუნებურად არ მომხდარა... ბიჭმა, რომელსაც არ ახსოვდა, რომ მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია, დახმარებისათვის უძლეველთა სამეფოს რაინდს მიმართა. მან კი, გამოცდილი სასწაულთმოქმედის რჩევით, ბიჭი ჯადოსგან გაათავისუფლა... გახსოვს, თუ ყველაფერი თავიდან მოგიყვე.
– ეგ ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. დიდი მადლობა, რაინდო, ამას არასოდეს დაგივიწყებ!
– აბა რას ამბობ, მადლობად არ ღირს... მე მხოლოდ ჩემი ზღაპრული მოვალეობა აღვასრულე და უნდა გამოგიტყდე, დიდი სიამოვნებაც მივიღე ამისაგან. სხვა რა არის ახალი?
– იმაზე უფრო ახალი და საინტერესო, ვიდრე ზღაპრულ რაინდთან ურთიერთობაა, ჩემს ცხოვრებაში რა უნდა იყოს?! შენკენ რაღა ხდება, ზღაპარქვეყანაში?
– მოიცა, ახლავე მოგახსენებ... მაშ, ასეეეე: ზღაპარქვეყანაში სიმშვიდეა. ზღაპრული დროით, შუაღამეს ცოტა უკლია. ჩემი ციხესიმაგრის განმარტოებულ სენაკში ვზივარ. ჯადოსნურ სარკეში გესაუბრები. თან სარკმლიდან ვიმზირები, საიდანაც - გინდ დაიჯერე, გინდ არა და - გაჩახჩახებულვიტრინებიანი სუპერმარკეტი მოჩანს, “კოკა-კოლასა” და “ჟილეტის” სარეკლამო წარწერებით. სუპერმარკეტის წინ ავტომანქანების სადგომია, ცოტა მოშორებით კი...
– ავტობუსის გაჩერება. გაჩერებაზე ერთადერთი მგზავრი დგას, თუმცა მთლად მყარად ვერა, შიგადაშიგ ცოტას ბანცალებს, მგონი, მთვრალია...
– მგონი კი არა, მართლა მთვრალია. აი, ახლა გაჩერებას მოშორდა და პოლიციელს ელაპარაკება.
– პოლიციელი თავს უქნევს და ხელით რაღაცაზე ანიშნებს.
– მთვრალი კაცი ტაქსს აჩერებს და...…
– მანქანაში ჯდება...…
– არ მჯერა!
– მაშ!
– წარმოუდგენელია!
– შენც იგივეს ხედავ?
– შენც?
– გამოდის...
– ასე გამოდის...
– ვინ იფიქრებდა?!
სხვა რას იფიქრებდა, არ ვიცი, მე კი სრულიად დარწმუნებული ვარ, თუ ორი ადამიანი საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ერთი და იგივე სურათს ხედავს, ერთ სახლში თუ არ ცხოვრობენ, მეზობლები მაინც იქნებიან. მალე ამაში დათა და რაინდიც დარწმუნდნენ.
– ამდენი სასწაული ცამეტწლიანი, სამაგალითოდ ჩვეულებრივი ცხოვრების ფონზე? პირდაპირ მონელება მიჭირს, – ემოციას ვერ ფარავდა დათა, თან ცდილობდა გამოეცნო, მაინც რომელ სახლში ცხოვრობდა მისი ვირტუალური თანამოსაუბრე.
– ცამეტი წლის ხარ? აი, საოცრება თუ გინდა, ეგ არის, – გამოეპასუხა რაინდი. – იმიტომ, რომ მეც ზღაპრული ცხოვრების ზუსტად ცამეტი წელი მოვილიე.
– თანატოლებიც ვართ? – მთლად გადაირია დათა, – იქნებ ერთ სკოლაშიც ვსწავლობთ და ყოველდღიურად ერთმანეთს ვხვდებით. ალბათ, ასეა. შენს ნამდვილ სახელს, იმედია, არ დამიმალავ.
– ნამდვილი სახელი უკვე იცი, – განაწყენდასავით რაინდი. – დამალვით კი ნამდვილად აღარაფერს დაგიმალავ. რაკი ზღაპართგამრიგემ ინება, ერთმანეთი უფრო ახლოს გაგვეცნო, ისღა დაგვრჩენია, მის ნებას დავმორჩილდეთ. ზუსტ საკონტაქტო მონაცემებს გიგზავნი და ხვალ, ნაშუადღევს, ჩემთან გელოდები.
***
დათა სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. მაინც რა წარმოუდგენლად უმართლებს ამ ბოლო დროს. როგორც იქნა, სასწაულის წყალობით, ნამდვილი მეგობარი იპოვა: მამაცი, ჭკვიანი, ძლიერი, სამართლიანი, დახმარებისთვის მუდმივად მზადმყოფი, თითქმის ყოვლისშემძლე – მოკლედ, ნამდვილი ზღაპრული რაინდი! თანაც, მთლად მისი თანატოლი. არა, შეუძლებელია, ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე და, შესაძლოა, ერთ სკოლაშიც კი, ასეთი ბიჭი ვერ შეემჩნია.
გონებით გადახედა ყველა შესაძლო კანდიდატურას, ცდილობდა გამოეცნო, მისი ნაცნობი ბიჭებიდან მაინც ვის გულში იმალებოდა ჭეშმარიტი რაინდის ხატება, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ მის გონებაში წარმოსახულ პიროვნებას მათგან ერთიც კი ვერ შეედრებოდა. რა ბედნიერებაა, დღეს პირისპირ შეხვდება თავისი ყველაზე საინტერესო თვგადასავლის მონაწილეს და ამიერიდან არც არასოდეს დაშორდება. რა საინტერესო ცხოვრება ელით! არა, ნამდვილად სასწაულია, ნამდვილი სასწაული!
სკოლიდან შინ დაბრუნებულმა დათამ ნაჩქარევად ისადილა და კედლის საათს მიაჩერდა. ალბათ, უკვე დროა. გული აღარ უთმენდა, ისე მიეჩქარებოდა დანიშნულ შეხვედრაზე. სახლიდან გასვლის წინ კედლის დიდ სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი. სარკიდან სასიამოვნოდ აღელვებული და მოლოდინით თვალებგაბრწყინებული ბიჭი უმზერდა. დათამ მეგობრულად გაუღიმა თავის ანარეკლს და სახლიდან შურდულივით გავარდა.
მისი სახლის გვერდით, ჩასახვევთან, მრავალბინიანი კორპუსი იდგა. დათას თითქმის არ უძებნია, ისე ადვილად მიაგნო საჭირო სადარბაზოს. კიბეები სულმოუთქმელად აირბინა და მესამე სართულზე რკინის კართან შედგა. კარზე მიმაგრებული ნომერი კიდევ ერთხელ შეადარა საკუთარ ჩანაწერს და ელექტროზარის ღილაკს ფრთხილად მიაჭირა თითი. ბინის სიღრმეში დაფდაფები ახმაურდნენ, რასაც პასუხად ბიჭის ხმამაღალი შეძახილი მოჰყვა: “მობრძანდით, ღიაა”.
დათამ კარი შეაღო.
პირველად თვალში პატარა ოთახის კედელთან მიდგმული კომპიუტერის მაგიდა მოხვდა. მის წინ ბორბლებიანი სავარძელი იდგა. სავარძლის მაღალი ზურგი მთლიანად ფარავდა მასში მჯდომ ადამიანს. კარების ხმაზე სავარძელი ჯერ უკან გასრიალდა, შემდეგ ჭრიალით შემობრუნდა და... თითქოს ლაზერის სხივი მიანათესო, დათა მისკენ მომართული, გამჭოლი, შავი თვალების ტყვეობაში აღმოჩნდა.
მერე რატომღაც ისეთი შეგრძნება დაეუფლა, ხანდახან სიზმარში რომ გიჩნდება ხოლმე: ნაბიჯის გადადგმა გინდა და ვერ ახერხებ, რაღაცის თქმას დააპირებ და ხმა არ ამოგდის ყელიდან. სავარძელში მჯდომი ბიჭი ისევე არ ჰგავდა მის წარმოსახვაში მცხოვრებ რაინდს, როგორც სიზმარი განსხვავდება რეალობისგან.
თუმცა არა, ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი გაუჭირდებოდა, წარმოედგინა ეს, ერთიანად საზარელი ნაწიბურებით დაფარული, სახე ან ამგვარად დამახინჯებული, ფორმაშეცვლილი, ხელის მტევნები, ბიჭს სავარძლის სახელურზე რომ ეწყო. კისერი სუსტ, გამხდარ მხრებში ჩაჰკარგვოდა, მეტისმეტად წვრილი ქვედა კიდურები კი ისე უსიცოცხლოდ ეკიდა მის წინ, თითქოს პატრონთან არანაირი საერთო არ აქვსო. მხოლოდ ხმა, გასაოცრად მკაფიო და ხალისიანი ხმა, ჟღერდა კარგად ნაცნობივით.
– დე-ჟა-ვიუ! – ხანმოკლე პაუზის შემდეგ გამოთქმით და ოდნავი ჩაცინებით ჩამარცვლა დამხვდურმა, – დავიფიცებ, ასეთი რეაქცია ადრეც მინახავს, სხვათა შორის, შენც ბევრჯერ მინახიხარ... უფრო ზუსტად, დამინახიხარ... ჩემი ოთახის ფანჯრიდან შეუმჩნეველი თითქმის არაფერი მრჩება. აი, შენ კი, რომც არაფერი მითხრა, ისედაც მშვენივრად ვხვდები, რომ პირველად მხედავ.
ბიჭი გაჩუმდა. ალბათ უნდოდა, სტუმრისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ რომ დაინახა, დათა დიალოგში ჩაბმას არ ჩქარობდა, ისევ თვითონ, ცოტა შეცვლილი, თითქმის დამცინავი ტონით გააგრძელა:
– თუ შემოსვლა არ გადაიფიქრე, შემოდი. გპირდები, სხვა სიურპრიზები არ იქნება – მონსტრს მხოლოდ ერთი შეხედვით ვგავარ.
დათა, როგორც იქნა, მიხვდა, რაიმე უნდა ეპასუხა, საკუთარი თავის პატივისცემის ან ზრდილობის გამო მაინც.
– ეჰე, – უხერხულად ჩაახველა, – ეჰე-ჰე, – რაღაცნაირად გაცინებას მიამგვანა მერე. მეტი ვერაფერი მოახერხა.
– მოდი, მოდი, – წაეშველა ისევ მასპინძელი და დასაჯდომად ფანჯრის სიახლოვეს მდგარ სკამზე მიუთითა.
დათამ რამდენიმე მოუხერხებელი ნაბიჯი გადადგა და სკამს სამაშველო რგოლივით ჩაეჭიდა. მასპინძელმა ეტლი ფანჯარასთან მიაგორა და მის სიახლოვეს შეჩერდა. აქედან მთელი ქუჩა ხელისგულივით მოჩანდა.
– კარგია, რომ მოხვედი, – თქვა სავარძლიანმა ბიჭმა და პასუხს დაელოდა.
– ძალიან მინდოდა შენი ნახვა, – უთხრა დათამ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა.
– მეც, – საუბარი რაღაც არ გამოდიოდა.
ბიჭები დადუმდნენ და შეთქმულებივით ფანჯარაში გაიხედეს, თითქოს იქიდან ელიან შველასო.
– საოცარია... ამდენი ხანი ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით, ერთმანეთს კი არ ვიცნობდით და შეიძლება, არც არასოდეს გაგვეცნო, თუნდაც შევხვედროდით. უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო, ყოველდღე რომ ვხვდებით, მაგრამ ისევე არაფერი ვიცით მის შესახებ, თითქოს სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობდეთ. იმიტომ, რომ... სხვადასხვა ამბის გმირები ვართ, – პაუზა დაარღვია სავარძლიანმა. – ჰო, მართლა, თუ გინდა უძლეველთა სამეფოს რაინდის ამბავს მოგიყვები. გინდა?
დათამ თავი დაუქნია. რასაც გინდა, იმას მოისმენდა, ოღონდ ახლა რაიმეს თქმას ნუ მოსთხოვდნენ.
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, ძალიან ცნობისმოყვარე და არანაკლებ მოუსვენარი, როგორც საერთოდ, პატარა ბიჭების უმრავლესობა, - აუჩქარებლად წამოიწყო თხრობა მასპინძელმა. - უყვარდა ხეებზე და ღობეებზე ძრომიალი, ჩხირკედელაობა და სხვა ბიჭებთან ძიძგილაობა. თუმცა ყველაზე მეტად უცნაური ამბების მოგონება ეხერხებოდა. ამ ამბებში საზარელი ურჩხულები, იდუმალი მოჩვენებები და სხვა ბოროტი არსებები კეთილი და უმწეო ადამიანების დაჩაგვრას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაზე უიმედო სიტუაციებში მხსნელად უძლეველთა სამეფოს რაინდი ევლინებოდათ და ნებისმიერი გასაჭირისგან ათავისუფლებდა.
უძლეველთა სამეფოს მამაც რაინდს ყველა ის თვისება გააჩნდა, ბიჭს რომ მისაბაძად ეჩვენებოდა და იმდენად მოსწონდა თავისივე გამოგონილი გმირი, რომ გამუდმებით ცდილობდა მგვანებოდა: ესარჩლებოდა უფროსი ბიჭებისგან უსამართლოდ დაჩაგრულ პატარებს, იცავდა გოგონებს, ეხმარებოდა მოხუცებს და ქალებს. ხანდახან საკუთარ თავს გამოცდასაც უწყობდა ხოლმე. ხტებოდა ისეთი სიმაღლიდან, საიდანაც ვერც ერთი მისი მეგობარი ბიჭი ვერ გაბედავდა გადმოხტომას, ღამღამობით ყველაზე მიყრუებულ და შიშისმომგვრელ ადგილებში დაეხეტებოდა, ხმისამოუღებლად იტანდა წამებას სტომატოლოგიურ კაბინეტში, ლაშქრობისას მხოლოდ ის არ იმჩნევდა დაღლილობას და არასოდეს წუწუნებდა სიცივისა თუ შიმშილის გამო.
მოკლედ, არანაირ ხიფათს არ ერიდებოდა და, რაც მთავარია, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა – აბა, რა, ის ხომ უძლეველთა სამეფოს რაინდი იყო! ასე ეძახდნენ, მოფერებით და ცოტაოდენი სიამაყითაც, შინაურები, სანამ ერთხელ...
ოჯახი, საკუთარი ავტომანქანით, უქმე დღეების აგარაკზე გასატარებლად გაემგზავრა. უკან რომ ბრუნდებოდნენ, საუბარში გართულმა მშობლებმა ვერ შენიშნეს სამანქანო გზაზე მოულოდნელად გამოჩენილი ბავშვები. ბიჭმა მამას საჭეზე ხელი უკრა და გზიდან გადაახვევინა. მანქანა ხეს შეასკდა, მერე კი ხრამში გადავარდა.
ყველაზე მეტად ბიჭი დაშავდა.
თურმე ექიმებმა მისი გადარჩენის იმედიც კი დაკარგეს. გონს რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა. სახე და სხეული ერთიანად დამწვარი ჰქონდა, ხელებს და ფეხებს ვერ გრძნობდა, ლაპარაკიც უჭირდა.
მერე... ბევრი, ძალიან ბევრი დღე გავიდა, სანამ ბიჭი სიტყვების წარმოთქმას, წამოჯდომას, სარკის ხელში დაჭერას და მასში ჩახედვას შეძლებდა. ყველაზე მეტად ეს ეძნელა. არა, სარკეში ჩახედვა კი არა, იმის დაჯერება გაუჭირდა, რომ იქ დანახული, სრულიად უცხო ადამიანი თვითონ იყო. დიდხანს აკვირდებოდა მას. მანამდე, სანამ სქელ, ღრუბელივით გაუმჭვირვალე ნისლში არ შეცურა.
საიდანღაც მინის მსხვრევის ხმა მოისმა.
ვერაფერს ხედავდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა. ყრუდ, ძალიან შორიდან ესმოდა, როგორ კიოდა დედა და მშველელს უხმობდა, როგორ დარბოდნენ მის გარშემო ვიღაც-ვიღაცები. მისთვის კი უკვე ყველაფერი სულერთი იყო. სულერთი. სულ ერთი. ეს ერთადერთი სიტყვა აეკვიატა, აზროვნების უნარი რომ დაუბრუნდა. გაფუჭებული ფირფიტასავით წინ და უკან ატრიალებდა და არ უნდოდა, რაიმეზე ეფიქრა.
ჩუმად ყოფნა შეუყვარდა.
დღეები ისე გადიოდა, სიტყვას არ იტყოდა. დედამ მის სავარძელს ფანჯარასთან მიუჩინა ადგილი. ალბათ ფიქრობდა, ქუჩაში ყურება გაართობს, გულს გადააყოლებსო. მართლაც, მთელი დღე ქუჩაში ცქერას ანდომებდა, მაგრამ არც კი ახსოვს, რამეს თუ ხედავდა. იმას, რაც გარეთ ხდებოდა, მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ადამიანები, მანქანები, მაწანწალა ძაღლები მისგან ძალიან შორს, სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. მისი სამყარო კი ცარიელი იყო, ისეთი ცარიელი, რომ ხანდახან თითქმის უწონადო მდგომარეობა ეუფლებოდა.
ამ მდგომარეობაში მყოფი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა. კარგახანს ვერ ხვდებოდა, რა იყო ეს. იხსენებდა და ვერც იხსენებდა. ჰო, მართალია, სიარული აღარ შეეძლო... მაგრამ მხოლოდ ეს არა... იყო კიდევ რაღაც, ჯანმრთელ ფეხებზე უფრო საჭირო, თითქმის ჰაერივით აუცილებელი, და ერთ დღესაც მიხვდა. “უძლეველთა სამეფოს რაინდი!” – იყვირა და გულში აუტანელი ტკივილი იგრძნო, – “აღარ არსებობს”...
– ისეთ რამეს ნურასოდეს აიხირებ, რაშიც დარწმუნებული ვერ იქნები, – მოესმა უცებ.
ეს ბებიკო ნაილმა თქვა. ვერც კი შენიშნა, ოთახში როგორ შემოვიდა.
ავტოკატასტროფამდე, როცა ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან მოსწონდა ეს ყოველთვის მხიარული და გულისხმიერი მოხუცი, მის ოჯახს ნათესავად რომ ერგებოდა.
მოხუცსაც განსაკუთრებით უყვარდა ბიჭი.
ნაცნობებს შორის ყველაზე მეტი ინტერესით სწორედ ბებიკო ნაილი ისმენდა მის დაუსრულებელ საგმირო ისტორიებს. სიტყვას არასოდეს აწყვეტინებდა და არც ლაპარაკი გადაჰქონდა სხვა თემაზე. პირიქით, ხანდახან თვითონვე სთხოვდა, უძლეველთა სამეფოს რაინდის შესახებ მომიყევიო. ლოყაზე ხელს შემოიდებდა და ყურადღების განსახიერებად იქცეოდა ხოლმე.
ბიჭმა იცოდა, ბებიკო ნაილი საუკეთესო მესაიდუმლე იყო. მასთან ყველაფრის თქმა შეიძლებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს შეჰქონდა ეჭვი იმაში, რასაც უყვებოდი. სულაც არ ჰგავდა სხვა უფროსებს.
– თუ გინდა, რამდენიმე კითხვას დაგისვამ და თვითონვე მიხვდები, როგორ ცდები, – უთხრა ბიჭს და მის წინ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა. – აი, მაგალითად: გლახის ტანსაცმელგადაცმული მეფე მეფეა თუ გლახა?
ბიჭი, თავისდაუნებურად ჩაება საუბარში.
– მეფე, რა თქმა უნდა... მაგას რაღა კითხვა უნდა?!
– კარგიიი, – თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა ბებიკო ნაილს, – ახლა ის მითხარი, უფლისწული, რომელიც მოაჯადოვეს და გომბეშოდ აქციეს, უფლისწულია თუ გომბეშო?
– რა თქმა უნდა, უფლისწული!
– მაგრამმმ... ბრძოლაში დაჭრილი და დასახიჩრებული რაინდი, რაინდი აღარ იქნება, არა?
– რაინდი როგორ აღარ იქნება... დამარცხებული რაინდი იქნება, – მწარედ ჩაეცინა ბიჭს.
– და თუ რაინდი უძლეველთა სამეფოდანაა და თვლის, რომ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გამარჯვება უნდა მოიპოვოს? როგორ გგონია, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მძიმე ბრძოლის გადახდა მოუწია, დანებდება და საბოლოო გამარჯვებაზე უარს იტყვის?
ბიჭი ხვდებოდა, საით უმიზნებდა ბებიკო ნაილი. უკვირდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ საუბარი აშკარა სიამოვნებას ანიჭებდა. მაინც მოუნდა, წინააღმდეგობა გაეწია.
– თუ უძლეველი რაინდი მართლა არსებობს, რატომ არ ჩანს, სად იმალება? – დამცინავად გახედა ავეჯის პრიალა ზედაპირზე არეკლილ საკუთარ გამოსახულებას და ბებიკო ნაილს მიაჩერდა.
– იქ არ ეძებ, სადაც უნდა ეძებო, – ძალიან მშვიდად უთხრა ბებიკო ნაილმა. მერე წამოდგა, ბიჭს შუბლზე, დამჭკნარი ფოთოლივით მსუბუქი, მშრალი და გრილი ხელი გადაუსვა და თვალები დახუჭეო, სთხოვა.
– რაინდი სარკეში კი არა, შენს გულში უნდა მოძებნო... მანდ არის... და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, მისცემ თუ არა არსებობის უფლებას, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოგაპოვებინოს, – ქარის უცნაური მელოდიასავით ჩაესმოდა ბიჭს ყურში ბებიკო ნაილის სიტყვები და უცბად, თითქოს რაღაც განსაკუთრებით სასიამოვნო გაახსენდაო, გული უზომოდ თბილი, საამო და კარგად ნაცნობი გრძნობით აევსო. ჰო, რაინდი იქ იყო, ნამდვილად იქ იყო! ბიჭს გაეღიმა, მერე შვებით ამოისუნთქა და საიდანღაც მოვარდნილ ძილბურანს დანებდა.
თურმე მთელი დღე და კიდევ ერთი დღე-ღამე ეძინა. ძილშიც კი ახსოვდა, რომ მის თავს რაღაც კარგი ამბავი ხდებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცას – ძალიან ძლიერს, სანდოს და ახლობელს –თავის ღონიერ მკლავებში ჩაეხუტებინა და ნაზად არწევდა.
როცა ბოლოს და ბოლოს გაეღვიძა, თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობდა. ტკივილები, უკვე რამდენიმე თვის მანძილზე გაუდმებით რომ აწუხებდა, უკვალოდ გამქრალიყო. ხელებსაც გაცილებით უკეთ ხმარობდა. ჭამის მადა და ცხოვრების ინტერესი დაუბრუნდა. სავარძელი კომპიუტერთან დაადგმევინა და ახალი იდეებით სავსემ ვირტუალურ სამყაროში შეაბიჯა.
ცოტა ხანში უამრავი ნაცნობი შეიძინა. მართალია, მათი უმეტესობა ნამდვილ ვინაობას მალავდა, მაგრამ ბიჭს ეს ოდნავადაც არ აღელვებდა: კარგად ხვდებოდა თითოეული, კარგად მორგებული ნიკის უკან რეალური ადამიანი იდგა, თავისი, რეალურზე რეალური, გრძნობებითა და ასევე რეალური პრობლემებით.
ბიჭს ენით აუწერელ სიხარულს ანიჭებდა, თუკი მათ დახმარებას შეძლებდა ხოლმე. თურმე მაშინაც კი შეგიძლია, სხვები განსაცდელისაგან იხსნა, როცა იმდენად უსუსური ხარ, რომ საკუთარ ფეხებზე დგომას ვერ ახერხებ. მთავარია, ამის სურვილი არსებობდეს. აი, რა არის ყველაზე მთავარი.
– ცოტას საკუთარ თავზეც თუ იფიქრებ, ნამდვილად არ გაწყენს, – უთხრა ერთხელ ბებიკო ნაილმა, – თუ კარგად მოძებნი, იქნებ შენი სნეულების წამალსაც მიაგნო.
– ექიმებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ფეხზე ვერასოდეს გავივლი, არანაირი იმედი არ არსებობს, – ამოიოხრა ბიჭმა
– ოჰ, ოჰ, – ხელის გაქნევით შეაწყვეტინა ბებიკო ნაილმა. – ვიცი მაგ ექიმების ამბავი – თავი ნამეტანი ჭკვიანებად მოაქვთ, მაგრამ მე ვერავინ გამაცურებს. თუ ზღაპარში ცხოვრება გადაწყვიტე, ექიმების კი არა, ზღაპრულ ლოგიკას უნდა მიჰყვე. ეს ლოგიკა კი მეტად მარტივია: ზღაპარში ყველაფერი შესაძლებელია!
– ჰოდა, ვინ იცის... ხომ შეიძლება ექიმები მართლა ცდებოდნენ. ასეც ხდება ხოლმე. აი, ბებიკო ნაილი კი, როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, თითქმის არასოდეს ცდება, – გაიფიქრა ბიჭმა და მის ოცნებებში ფეხაკრეფით შემოიპარა იმედი, რომ ერთხელაც...
თუმცა არა...
ბიჭმა ერთი რამ საკუთარი გამოცდილებით იცოდა: თუ გინდა, ოცნება სინამდვილედ იქცეს, ის, რაზეც ოცნებობ, ყველაფერზე, ნებისმიერ რაღაცაზე მეტად უნდა გინდოდეს ამქვეყნად. მას კი ერთი, ძალიან ძლიერი და ფარული, ნატვრა ჰქონდა, რომლის ახდენაც ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
გაინტერესებს, რა უნდა უნდოდეს სავარძელს მიჯაჭვულ ადამიანს სიარულზე მეტად? შეიძლება, არც დაიჯერო, მაგრამ არ გატყუებ: ბიჭი ნამდვილ მეგობარზე ოცნებობდა. არა, ისეთზე კი არა, ავად გახდომამდე რომ დაუთვლელი ჰყავდა, მერე კი ერთბაშად შემოეფანტა... გული მაინცდამაინც არ დასწყვეტია: მათთან მაინც მარტო გრძნობდა თავს. ისეთი მეგობარი უნდოდა, ვისაც ყველა ფიქრს ანდობდა, ყველა ეჭვს გაუზიარებდა და ყველა გამარჯვების სიხარულს გაუყოფდა.
დათა სუნთქვაშეკრული უსმენდა თანამოსაუბრეს: თავიდან ცოტა უხერხულად, მერე თანაგრძნობით, ბოლოს კი – აშკარა ინტერესით. თანდათან ხვდებოდა, რომ შთაბეჭდილება, რომელიც აქ შემოსვლისას დაეუფლა, ძალიან ჰგავდა ილუზიონისტის მიერ ჩატარებულ ტრიუკს. მის წინ, ბორბლებიან სავარძელში მჯდომი, სახე და სხეულდამახინჯებული მოზარდი არც უმწეო ავადმყოფი იყო და არც გამოგონილ როლს თამაშობდა. იგი ნამდვილი რაინდი გახლდათ: კეთილი, მამაცი, დაუმორჩილებელი და დაუმარცხებელი.
თურმე ძალიან ცდებოდა, როცა აქამდე რაინდულ თვისებებს ფიზიკურ სიძლიერესთან აიგივებდა. თავიდან ფეხებამდე აბჯარში ჩამჯდარი, კუნთებ და იარაღასხმული უებრო მებრძოლიც კი ვერ იქნებოდა ისეთი გაბედული, მხნე და კეთილშობილი, როგორც ეს, ერთი შეხედვით, უსუსური არსება.
დათას ხან აღტაცება ეუფლებოდა, ხან კი ყელში უხეშ ბურთგაჩხერილს თვალებზე ცრემლი ადგებოდა. ამ დროს თანამოსაუბრეს მზერას არიდებდა და თავს ჰკიცხავდა. არა, რაინდი მის სიბრალულს არაფრით იმსახურებს და, თუნდაც ნებისყოფის წარმოუდგენელ დაძაბვად დაუჯდეს, მოკვდება, ამ მოღალატე ცრემლს კი არ დაანახვებს. მამაც რაინდს ნამდვილი მეგობარი სჭირდება და არა ვიღაც გულაჩუყებული არარაობა.
– დაგღალე, მგონი, – თხრობა უეცრად შეწყვიტა ბიჭმა, – მოდი, საფირმო კოქტეილით გაგიმასპინძლდები, ამბის დამთავრებას ყოველთვის მოვასწრებთ. – და ის იყო, დათა ზრდილობიანი უარის სათქმელად მოემზადა, საჩვენებელი თითის მაღლა აწევით შეაჩერა: – უარი არც სიტყვიერი, არც ხელნაწერი და არც ელექტრონული ფორმით არ მიიღება!
რაინდმა ეტლი მოხერხებულად მოაბრუნა და ოთახში მდგარი მაცივარი გამოაღო. იქიდან მაღალფეხიანი, სიცივისაგან ლამაზად შეორთქლილი ჭიქა გამოიღო და დათას გაუწოდა:
– სპეციალურად შენთვის მოვამზადე. ბებიკო ნაილის რეცეპტი და ჩემი უზადო ოსტატობა! ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე.
დათამ მადლობა გადაუხადა და სასმელი მოსვა. არაჩვეულებრივად გემრიელი რაღაც იყო.
– “მეგობრობის ელექსირი” ჰქვია. მისმა შემქმნელმა ასე უწოდა. იმ სხვადასხვა ხილის წვენია ერთმანეთში არეული, რომელთა გემოც ერთმანეთს უხდება ანუ ერთმანეთისადმი მეგობრულად არის განწყობილი. მაგარია, არა?
– ასეთი გემრიელი რამე არასოდეს დამილევია, – დათას გაეხარდა რაღაცაზე აზრის გამოთქმა რომ მოახერხა.
– შეიძლება, ოდესმე გასწავლო კიდეც მისი მომზადება, რა თქმა უნდა, თუ კიდევ მესტუმრები.
– გესტუმრები? – გაიოცა დათამ. არ ვიცი, მეგობრობის ელექსირმა იმოქმედა, თუ სიმხნევე მოემატა, მაგრამ თავს რატომღაც საოცრად შინაურულად გრძნობდა. – რა თქმა უნდა, გესტუმრები იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მე იმ ამბის გაგრძელება ვიცი, წეღან რომ მიყვებოდი.
– მართლა? – დაუფარავი ინტერესით შეაჩერდა რაინდი. დათამ თავი დაუქნია, ჭიქა გამოცალა და მშვიდად, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანის გამომეტყველებით გააგრძელა:
– ერთ მშვენიერ დღეს, უძლეველთა სამეფოს რაინდს დახმარებისთვის უცნობმა მიმართა. მას, ჯადოს გავლენით, მეხსიერება დაკარგვოდა და არ ახსოვდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში. რაინდმა დიდი ჭკუა და მოხერხება გამოიჩინა და უცნობს ყველაფრის გარკვევაში დაეხმარა. “ბედნიერება იქნება შენისთანა მეგობრის ყოლა”, – უთხრა რაინდს ბიჭმა, რომელსაც მტრის მეგობრად გადაქცევა შეეძლო. რაინდი მოუყვა, რომ თვითონაც დიდი ხანია ეძებს ნამდვილ და ერთგულ მეგობარს. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს აღარ დაშორებიან და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადახდათ თავს.
რაინდს სახე დამახინჯებულ ხელებში ჩაერგო და ჩუმად უსმენდა. დათამ იფიქრა, აღელვების დამალვას ცდილობსო, მაგრამ მან ხელები ჩამოუშვა და ბიჭმა, ლამპიონებით განათებული ღამისმაგვარი, შავი, აციმციმებული თვალები დაინახა.
– მთავარი დაგავიწყდა.
– მთავარი?
– ქატო იქა, ფქვილი აქა...
ბიჭების გულიანმა სიცილმა სახლი პირთამდე გამოავსო.
(გაგრძელება იქნება... კიდევ მაქვს რაღაც-რაღაცები მოსაყოლი :) )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარე, მუხა, შენც მრავალს დაესწარი :) გაიხარე, მუხა, შენც მრავალს დაესწარი :)
14. ავტორი თავისუფალ ლიტერატურას ფლობს, ზღაპარი გაჯერებულია ადამიანთა სიყვარულისა და სასწაულმოქმედდთა ხედვით,, რაც შეეხება "ჯადოქრობა" ზღაპრის ატრიბუტია და ავტორს ვერ შევედავები, მაგრამ არაა მთლად ზღაპარი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა, ჩემი აზრით ავტორი პროზას მშვენივრად დაწერს. "ბიჭმა, რომელსაც არ ახსოვდა, რომ მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია, დახმარებისთვის უძლეველთა სამეფოს რაინდს მიმართა, იმან კი გამოცდილი სასწაულმთმოქმედების რჩევით ჯადოსაგან გაათავისუფლა. ჯადოქრობის ბავშვობიდანვე არ მჯერა,
ერთმა ბრძენმა კი თქვა "თუ მტერს ვერ მოერევი,, მეგობრად გაიხადეო" .
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ავტორი თავისუფალ ლიტერატურას ფლობს, ზღაპარი გაჯერებულია ადამიანთა სიყვარულისა და სასწაულმოქმედდთა ხედვით,, რაც შეეხება "ჯადოქრობა" ზღაპრის ატრიბუტია და ავტორს ვერ შევედავები, მაგრამ არაა მთლად ზღაპარი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა, ჩემი აზრით ავტორი პროზას მშვენივრად დაწერს. "ბიჭმა, რომელსაც არ ახსოვდა, რომ მტრის მეგობრად გადაქცევა შეუძლია, დახმარებისთვის უძლეველთა სამეფოს რაინდს მიმართა, იმან კი გამოცდილი სასწაულმთმოქმედების რჩევით ჯადოსაგან გაათავისუფლა. ჯადოქრობის ბავშვობიდანვე არ მჯერა,
ერთმა ბრძენმა კი თქვა "თუ მტერს ვერ მოერევი,, მეგობრად გაიხადეო" .
გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
13. მოვიდა, დაწერა, გაიმარჯვა... :) 5. მოვიდა, დაწერა, გაიმარჯვა... :) 5.
12. ურთიერთობაგამოკეტილი... რა ზუსტი სიტყვაა!!!
ძალიან მეხმარები შენი კეთილი სურვილებით, მაგდა :) გმადლობ. ურთიერთობაგამოკეტილი... რა ზუსტი სიტყვაა!!!
ძალიან მეხმარები შენი კეთილი სურვილებით, მაგდა :) გმადლობ.
11. დამაგვიანდა აქ მოსვლა... კარგია, ამ კარჩაკეტილ და ურთიერთობაგამოკეტილ თემას რომ შეეხე, დეა, შენებური ოსტატობით და უშუალობით. იქნებ, ასე მაინც გალღვეს ყინული! კეთილი სურვილებით... დამაგვიანდა აქ მოსვლა... კარგია, ამ კარჩაკეტილ და ურთიერთობაგამოკეტილ თემას რომ შეეხე, დეა, შენებური ოსტატობით და უშუალობით. იქნებ, ასე მაინც გალღვეს ყინული! კეთილი სურვილებით...
10. გმადლობ, ჯონათან :)
ვერ შევაფასე სათანადოდ, რა მძიმეა ჩვეულებრივი მოკვდავის ყოფა ლიტერატურულ პორტალებზე :) ჩვენთან, ზღაპრებში, ყველაფერი სხვანაირადაა ანუ ყველას ყველაფერი შეუძლია :))
რას ვიზამ: ან უნდა დავმორჩილდე არსებულ რეალობა და მის ფიზიკას, ან... ბებიკო ნაილს ვთხოვო, რაღაც მომიფიქროს :) ჰო... ეს უკანასკნელი აზრი უფრო მომწონს - რა გარანტია მაქვს, რომ ყველა ღრმად პატივცემული ლიტერატორი თავისი ხუთქულიანი ყურადღების ღირსად ჩამთვლის ან თოლიასავით კეთილი იქნება და გამოქვეყნებისთანავე წაიკითხავს, რასაც დავწერ <3 გმადლობ, ჯონათან :)
ვერ შევაფასე სათანადოდ, რა მძიმეა ჩვეულებრივი მოკვდავის ყოფა ლიტერატურულ პორტალებზე :) ჩვენთან, ზღაპრებში, ყველაფერი სხვანაირადაა ანუ ყველას ყველაფერი შეუძლია :))
რას ვიზამ: ან უნდა დავმორჩილდე არსებულ რეალობა და მის ფიზიკას, ან... ბებიკო ნაილს ვთხოვო, რაღაც მომიფიქროს :) ჰო... ეს უკანასკნელი აზრი უფრო მომწონს - რა გარანტია მაქვს, რომ ყველა ღრმად პატივცემული ლიტერატორი თავისი ხუთქულიანი ყურადღების ღირსად ჩამთვლის ან თოლიასავით კეთილი იქნება და გამოქვეყნებისთანავე წაიკითხავს, რასაც დავწერ <3
9. ძალადაუტანებლად, დიდაქტიკის გარეშე , მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ამჯერადაც ზღაპრულად მოგვითხრო ავტორმა.
რაც შეეხება ილუსტრაციას: ჩვეულებრვი მოკვდავებისთვის არაა ეგ ხელმისაწვდომი საიტზე- მხოლოდ ლიტერატორები ფლობენ იმ ჯადოსნურ ჯოხს, ილუსტრაციების დამატება რომ შეუძლია :)
აი, წაიკითხავს ბებიკო ნაილის ზღაპარს ბევრი ბავშვი, დაგიწერენ ხუთიანებს, გახდებით თქვენ რჩეული ავტორი და ეს ზღაპარი- ილუსტრირებული :)
ძალადაუტანებლად, დიდაქტიკის გარეშე , მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ამჯერადაც ზღაპრულად მოგვითხრო ავტორმა.
რაც შეეხება ილუსტრაციას: ჩვეულებრვი მოკვდავებისთვის არაა ეგ ხელმისაწვდომი საიტზე- მხოლოდ ლიტერატორები ფლობენ იმ ჯადოსნურ ჯოხს, ილუსტრაციების დამატება რომ შეუძლია :)
აი, წაიკითხავს ბებიკო ნაილის ზღაპარს ბევრი ბავშვი, დაგიწერენ ხუთიანებს, გახდებით თქვენ რჩეული ავტორი და ეს ზღაპარი- ილუსტრირებული :)
8. ჩემი ძვირფასი ბავშვები ხართ თქვენ, ორივე :)), მაგრამ რა ვქნა... როგორც "იყო", ყველაფერს ისე ვწერ :))
თანმიმდევრობას რაც შეეხება, ივდო... ყველა თავში ერთი რომელიმე ამბავია მოთხრობილი სრულად. თითოეულ თავში ახლადშემოყვანილი პერსონაჟი შემდეგ სხვის თავგადასავალშიც იღებს მონაწილეობას. ყველა ამბავს კი "ფონად" ბებიკო ნაილის ამბავი და მისი "ახირებული" აზრები გასდევს იმის თაობაზე, რომ ზღაპარში მოხვედრა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს ცუდი რატომაა, ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მივხვდი, მომკალით :))
მგონი (თუ თავს არ ვიტყუებ), შეუსაბამობის შთაბეჭდილებას ნაწყვეტ-ნაწყვეტი თხრობა ქმნის ანუ ერთიანად წაკითხვის საშუალება რომ არაა. იმიტომ, რომ ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხა, არავის უსაყვედურია ასეთი რამ. დავწერე უკვე მაინც და შეიძლება, აწი თავიდან ბოლომდე გამოვაქვეყნო. დიდი კი იქნება (230 A4-ზე მეტი გამოვიდა, თუ არ ვცდები), მაგრამ ვისაც აინტერესებს, წაიკითხავს. ვისაც არა და... რა ძალაა, არა?! :))
ახლა კი, რაღაც უნდა გაჩვენოთ...
დდდდ! ერთმა უსაყვარლესმა ადამიანმა ბებიკო ნაილის ილუსტრაცია დამიხატა - ნახეთ, აბა, თუ მოგეწონებათ :).
ვაიჰ! ვერ ვნახე, საიდან დავამატო. მხოლოდ mp3 ფაილების დამატების საშუალებაა ჩემთან :( ჩემი ძვირფასი ბავშვები ხართ თქვენ, ორივე :)), მაგრამ რა ვქნა... როგორც "იყო", ყველაფერს ისე ვწერ :))
თანმიმდევრობას რაც შეეხება, ივდო... ყველა თავში ერთი რომელიმე ამბავია მოთხრობილი სრულად. თითოეულ თავში ახლადშემოყვანილი პერსონაჟი შემდეგ სხვის თავგადასავალშიც იღებს მონაწილეობას. ყველა ამბავს კი "ფონად" ბებიკო ნაილის ამბავი და მისი "ახირებული" აზრები გასდევს იმის თაობაზე, რომ ზღაპარში მოხვედრა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს ცუდი რატომაა, ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მივხვდი, მომკალით :))
მგონი (თუ თავს არ ვიტყუებ), შეუსაბამობის შთაბეჭდილებას ნაწყვეტ-ნაწყვეტი თხრობა ქმნის ანუ ერთიანად წაკითხვის საშუალება რომ არაა. იმიტომ, რომ ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხა, არავის უსაყვედურია ასეთი რამ. დავწერე უკვე მაინც და შეიძლება, აწი თავიდან ბოლომდე გამოვაქვეყნო. დიდი კი იქნება (230 A4-ზე მეტი გამოვიდა, თუ არ ვცდები), მაგრამ ვისაც აინტერესებს, წაიკითხავს. ვისაც არა და... რა ძალაა, არა?! :))
ახლა კი, რაღაც უნდა გაჩვენოთ...
დდდდ! ერთმა უსაყვარლესმა ადამიანმა ბებიკო ნაილის ილუსტრაცია დამიხატა - ნახეთ, აბა, თუ მოგეწონებათ :).
ვაიჰ! ვერ ვნახე, საიდან დავამატო. მხოლოდ mp3 ფაილების დამატების საშუალებაა ჩემთან :(
7. :P :P :P არ ვარ ახლა ახირებული მეე?! მეც მომწონს ივდი.მომწონს კი არა მიყვარს ბებიკო ნაილი და ..... დეას მაინც გავებუტე :) ველოდები საჩემო თავს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :P :P :P არ ვარ ახლა ახირებული მეე?! მეც მომწონს ივდი.მომწონს კი არა მიყვარს ბებიკო ნაილი და ..... დეას მაინც გავებუტე :) ველოდები საჩემო თავს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
6. ისე რამხელა თავი ყოფილა და კითხვისას არც მიგრძვნია :) ისე რამხელა თავი ყოფილა და კითხვისას არც მიგრძვნია :)
5. აი,ერთი თავი სულ სხვა პერსონაჟებითაა,მეორე სულ სხვა და მერე გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდებით ძველ პერსონაჟებს,თანმიმდევრობით,რომ იყოს მგონი უკეთესი იქნებოდა. :) მე მაინც სულ ველოდები ბებიკო ნაილის ზღაპრებს :) აი,ერთი თავი სულ სხვა პერსონაჟებითაა,მეორე სულ სხვა და მერე გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდებით ძველ პერსონაჟებს,თანმიმდევრობით,რომ იყოს მგონი უკეთესი იქნებოდა. :) მე მაინც სულ ველოდები ბებიკო ნაილის ზღაპრებს :)
4. სხვანაირად როგორ? რის მიხედვით? სხვანაირად როგორ? რის მიხედვით?
3. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! :) მე ეს თავიც მომეწონა,მაგრამ ლეგატოსაც ვეთანხმები.სხვანაირად,რომ დაგელაგებინათ თავები მგონი უკეთესი იქნებოდა. :) ლეგატო არ შეიძლება ზღაპრებში გაბუტვა :) ++ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! :) მე ეს თავიც მომეწონა,მაგრამ ლეგატოსაც ვეთანხმები.სხვანაირად,რომ დაგელაგებინათ თავები მგონი უკეთესი იქნებოდა. :) ლეგატო არ შეიძლება ზღაპრებში გაბუტვა :) ++
2. არ გიწყინე, ლეგატო :) უბრალოდ, კარგად ვიცი, რისი თქმაც მინდა და ვცდილობ... ვთქვა :) გამოატარე, ვისაც მოსწონს :)) არ გიწყინე, ლეგატო :) უბრალოდ, კარგად ვიცი, რისი თქმაც მინდა და ვცდილობ... ვთქვა :) გამოატარე, ვისაც მოსწონს :))
1. არა და არაააააა! არ მომეწონა.ვერაფრიტ ვერ შევეგუე დეა ამ შეუსაბამო თავებს . :( არ მიწყინო ახლა ეს.მხოლოდ ჩემი აზრია.დამიბრუნე ახლავე ანანო და საბა და დაბრაწული ანბანი.გაგებუტე მე შენ! არა და არაააააა! არ მომეწონა.ვერაფრიტ ვერ შევეგუე დეა ამ შეუსაბამო თავებს . :( არ მიწყინო ახლა ეს.მხოლოდ ჩემი აზრია.დამიბრუნე ახლავე ანანო და საბა და დაბრაწული ანბანი.გაგებუტე მე შენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|