| ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პროზა 1 აპრილი, 2014 |
შემოდგომამ სევდა მოგვიტანა. მე მიყვარს შემოდგომა, სევდაც- ხანდახან. მე მიყვარს ცა. მე მიყვარს ვარსკვლავები. მე მიყვარს ადამიანები, ცხოველებიც მიყვარს. ასევე მიყვარს ბუნება, ზღვა, მთა, მდინარე. ჩემი სოფელი განსაკუთრებით. მე ვცდილობ, ვიყო იდეალური ადამიანი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ქუჩაში სიარული მიყვარს თავდახრილს, თუმცა ეს ჩემს თავმდაბლობაზე არ მეტყველებს,მე ვეძებ მიზეზს ,რომ ვიცხოვრო. არსებობს გზა, რომელსაც უნდა მიყვე, ამ გზაზე კი ფოთლები ყრია, შემოდგომის ყვითელი ფოთლები. მე ამ გზას უნდა მივყვე, გზაზე კი ფოთლები უნდა ვთელო ,რომლებიც განგებამ სახლს მოსწყვიტა და ჩემს გასავლელ გზაზე დაყარა. გარემო არ იცვლება, იცვლება გზის დიზაინი, თუმცა არ იცვლება მიმართულება. მე ჩემი ცხოვრების მიზეზს ვეძებ. გზად მხვდებიან ხეები, რომლებიც ფოთლებს კარგავენ, ამ ფოთლებს კი მე ვთელავ. გზად მხვდება ბევრი, ძალიან ბევრი დამწუხრებული ხე. მათ საკუთარი ტკივილები სტკივათ. საკუთარი, მერქანში ჩამალული ტკივილები, რომლებსაც გარეთ არ უშვებენ, ფესვები კი მათ ახალ ტკივილებს აწვდის. ხეები ბევრს ფიქრობენ, ისინი ფიქრობენ ,რომ მოვა გაზაფხული და ტკივილს სიხარული შეცვლის. გზაზე ბევრი კორპუსი მხვდება. ამ კორპუსებში იმედები და ტკივილები ცხოვრობენ. ძალიან ბევრი იმედი და ტკივილი. მე მივდივარ და ზედაც არ ვუყურებ ამ კორპუსებს, მე მხოლოდ ფოთოლდაკარგულ ხეებს ვუყურებ და ვთელავ მის ფოთლებს,რომლებმაც მზისფერი მიიღეს და ჩემი ფეხსაცმლის ქვეშ სიმწრისგან ხრაშუნობენ. მე არ ვუყურებ კორპუსებს, არაფრად ვთვლი ამ კორპუსებში გამომწყვდეულ იმედებსა და ტკივილებს, მე ხომ ჩემი ფოთლებიანი გზა მაქვს გასავლელი ცხოვრების აზრის გასაგებად. ხეები მდუმარედ მიყურებენ და ერთმანეთში ჩურჩულებენ, მათ შიში ამოძრავებთ. ხომ შეიძლება ერთ დღესაც ვიღაცამ გაიაროს და გაანადგუროს ყველაფერი. თუმცა ამ შიშს არ ამჟღავნებენ, ერთმანეთსაც არ უმხელენ და ცხოვრობენ ასე ტოტალურ ტყუილში. ატყუებენ ერთმანეთს და საბოლოოდ -საკუთარ თავს. მე კი თითქოს არხეინად ვანადგურებ შემოდგომის ყვითელ ფოთლებს, არადა, მეც მახასიათებს შიში, მეშინია, ერთ დღესაც სიბერემ არ გადამიაროს ისევე, როგორც მე -ფოთლებს და არ გამჭყლიტოს. სიბერე კი სხვა არაფერია გარდა უიმედობისა. ადამიანი მაშინ ბერდება და მით უმეტეს, კვდება, როდესაც აღარაფრის იმედი აღარ აქვს. მე ჩემი გზა მაქვს გასავლელი ფოთლებიან გზაზე, მაგრამ რა მოხდება, თუკი ერთი წამით გავჩერდები, შევისვენებ და ცოტას დავფიქრდები. იქნებ, ეს გზა არ არის სწორი გზა, ან იქნებ, სადმე ავცდი, ან იქნებ, აქ უნდა გავჩერდე. იქნებ, აქ არის ჩემი ცხოვრების აზრი, მე ხომ არაფერს ვაკვირდები და ჩუმად მივიწევ უსასრულობისკენ, სადაც არც ვიცი, რა მელოდება. მე ხომ შემიძლია მიყვარდეს რაღაც, მყავდეს რაღაც, რაც მეყვარება. იქნებ, შემიძლია შევიყვარო ეს ფოთლები, ეს ხეები და კორპუსები, სადაც ტკივილები და ოცნებები ცხოვრობენ.ჩვენ რაღაც გვაერთიანებს, მეც ხომ ვოცნებობ, მივდივარ ამ გზაზე და ვოცნებობ, ვიპოვო ცხოვრების აზრი. თუმცა ვიპოვი კი? მეყოფა ჩემი ვადა, ბოლომდე გავაგრძელო გზა? ან იქნებ, აქაა დასასრული? იქნებ, აქაა ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ბედნიერება? ამ ყვითელ ფოთლებში, დათრგუნულ ხეებსა და კორპუსებში, სადაც ტკივილები და ოცნებები ცხოვრობენ? მე ჯიუტი ადამიანი ვარ, პირველი დასკვნაც გავაკეთე, თუმცა მე სიყვარული შემიძლია. მე ხომ მიყვარს ადამიანები, ცხოველები და ჩემი სოფელი? მაგრამ იქნებ, უფრო მეტია შესაყვარებელი? მე გზას ვაგრძელებ და შუა გზაზე ერთი ხე მხვდება, მიკვირს, აქამდე ხე არ შემხვედრია. ვაკვირდები ამ ხეს და ვფიქრობ მის წარმომავლობაზე, მომავალზე მაშინ ,როდესაც ჩემს მომავალზე არც კი მიფიქრია. ვფიქრობ ,საიდან გაჩნდა აქ, ან ჩემგან რა უნდა. იქნებ, აქაა ჩემი ცხოვრების აზრი, იქნებ, ეს ხეა ჩემი ცხოვრების აზრი, იქნებ, ამ თუთამ უნდა გადაწყვიტოს ,რა უნდა ვაკეთო, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, რა უნდა მიყვარდეს. იქნებ, ეს თუთა უნდა მიყვარდეს ზუსტად? რატომ შემხვდა მაინცდამაინც მაშინ, როდესაც გზის გაგნება მჭირდებოდა? როდესაც ორიენტირი მჭირდებოდა? მე ჩემს თავს არ ვენდობი, თუმცა თავი კარგი ადამიანი მგონია, მე ხომ მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ბუნება, ზღვა, მთა? მაგრამ მიყვარს კი ჩემი თავი? ამაზე არასდროს მიფიქრია. სამწუხაროა, ამხელა გზა გავიარე და ერთხელაც არ დავფიქრდი ამაზე. ვგრძნობ, რომ ამ თუთას გვერდი არ უნდა ავუარო, დავეხმარო და გვერდში დავუდგე, რადგანაც არცერთი ფოთოლი აღარ შერჩენია, თუმცა მაინც მედგრად და ამაყად დგას, არც სისხლი მოსდის დასიებული მაჯებიდან. ვხვდები, რომ ძალიან მიყვარს. იმასაც ვხვდები, რომ სიყვარული მართლა შემძლებია და ამას არა მარტო ვამბობ, ვგრძნობ კიდეც და ეს გრძნობა ძვალსა და რბილში მთელი ძალით დამივლის, სისხლი მიდუღს, მინდა ვუთხრა თუთას, როგორ მიყვარს, თუმცა ვერ ვბედავ, მე ხომ აქამდე სიყვარული არ გამომიხატავს, მე უბრალოდ დავდიოდი და ვფიქრობდი, რომ მიყვარდა თუმცა ეს არავისთვის მითქვამს. ძალიან მინდა, ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მინდა , ამ თუთამ იცოდეს, რომ ძალიან მიყვარს, თუმცა თქმას ვერ ვუბედავ, წინ აღარც ვიხედები იმიტომ რომ იქით აღარ მესაქმება, აქაა ჩემი ადგილი, ამ თუთასთან. შეიძლება ამ გზაზე ვინმე სხვამაც გამოიაროს და ამ თუთის მოჭრა მოინდომოს, თუმცა მე აქ დავრჩები ,ამ ადგილას და ამის უფლებას არავის მივცემ. მე მიყვარს ეს თუთა და ყოველთვის მასთან ვიქნები. მე, თუთა და ეს ფოთლები, ირგვლივ კი სხვა ხეები ,რომლებიც შურის თვალით გვიყურებენ და კორპუსები. სადაც ტკივილები და ოცნებები ცხოვრობენ. მე ვიცი, შემიძლია ვიყო ბედნიერი აქ, ამ თუთასთან ერთად. ყველაზე ბედნიერი და ,რაც ყველაზე მთავარია ,მე ვიცი , რა უნდა მიყვარდეს და სად მიდის ჩემი გზა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა,თვითანალიზის მცდელობაა,საკუთარ სულში ჩაღრმავება. ამ თუთამ ერთი თუთა მომაგონა,გალაკტიონ ტაბიძის სახლის წინ იდგა, ჩანახატებს აკეთებდა,ხშირად ახსენებს დღიურებშიც...მეც მიყვარს ხეები,არა ერთი ლექსი მაქვს ხეზე...ეტყობა მართლაც რაღაც კავშირია ბუნების ქმნილებებს შორის. ერთ შენიშვნას მოგემ_წერე უფრო ლაკონურად,ცოტა გაწელილი მეჩვენა. წ არმატებები + + მომეწონა,თვითანალიზის მცდელობაა,საკუთარ სულში ჩაღრმავება. ამ თუთამ ერთი თუთა მომაგონა,გალაკტიონ ტაბიძის სახლის წინ იდგა, ჩანახატებს აკეთებდა,ხშირად ახსენებს დღიურებშიც...მეც მიყვარს ხეები,არა ერთი ლექსი მაქვს ხეზე...ეტყობა მართლაც რაღაც კავშირია ბუნების ქმნილებებს შორის. ერთ შენიშვნას მოგემ_წერე უფრო ლაკონურად,ცოტა გაწელილი მეჩვენა. წ არმატებები + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|