ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2014


ერთხელაც

ერთხელაც მოვა ცივი ზამთარი
და გააციებს ყველა ოცნებას,
იქ გამოჩნდება ტყუილ-მართალი,
ჭეშმარიტება იქ გამოჩნდება.

ცხოვრება მიდის და ჩვენგან ილტვის,
წლებიც გარბიან და ჩვენ ვბერდებით
და თუ არ შეგვრცხვა ნათქვამი სიტყვის,
მაშასადამე, ჩვენ ვართ ღმერთები.

ის ჟამი, ვიცი, უფრო ახლოა,
ვიდრე ჩვენ გვსურს და ვიდრე გვგონია,
ახასიათებს სიკვდილს აპნოე
და საშინელი მონოფონია.

თუმცა ჩვენ მაინც არ ვართ მარტონი
და ღმერთი არის ჩვენი მსაჯული,
ერთხელაც, მოვა სოფლის პატრონი,
ყველას მოგვაქცევს და მოგვარჯულებს.

თუმც უკვე ბნელა და ჩუმად ვსტირით,
ჩვენ გულს ვიმხნევებთ, რომ "ჯერ სად არის?!"...
ერთხელაც მოვა სიმშვიდე ცივი...
ერთხელაც მოვა ცივი ზამთარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები