ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2014


სხვადასხვა

ქარი
ამოვარდა ქარი. ქარი-ქარბორბალა. აბობოქრდა, გაავდა, აადინა მიწას მტვერი. ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები ჯერ  ჰაერში  უმოწყალოდ შეათამაშა,  მერე კი შორს მიმოფანტა. არ ესმის მას ფოთოლთა  ღაღადისი, არც უნდა გაიგოს. ხეებსაც ჩამოაყრევინა ახლად გამოსული კვირტები. მერე თანდათან  გათამამდა და  ლაწა-ლუწი აუტეხა სუსტ და უღონო ტოტებს. ზუზუნით ჩაუქროლა გზად დარჩენილ გამვლელებს  და მტვრის კორიანტელში მოაქცია. ბოლოს თავისი ნამოქმედარით  კმაყოფილმა  ზევით, ზევით შეიფრიალა.  გამჭოლი მზერით  ჩამოხედა დედამიწას  და  ქედმაღლურად  ჩაიქირქილა:  „ეს მე ვარ ქარი!“               
წვიმა
წვიმს,  წვიმს კოკისპირულად.  ზაფხულის  მტვერსა და ბუღში  გახვეულმა  გარემომ  შვებით ამოისუნთქა.  შხაპუნა წვიმამ  მალევე    გამოაცოცხლა, გამოაფხიზლა  და  სიცოცხლის ენერგიით აავსო მიწა, მიწა  გამოფიტული  და  ადამიანთა ცოდვებისაგან დამძიმებული. ააბიბინა    ბალახი  და  ხასხასა ფერებით  ააჟუჟუნა. ააცრემლა  მეეზოვის  ცოცხისგან  მიტოვებული  ქარწაღებული  ფოთოლი. მერე მიმოიხედა ირგვლივ,  დახედა გაჯერებულ მიწას,  თვალი შეავლო  როგორ  იმართავდნენ წელს  სიცხისაგან  გათანგული ყვავილები,  როგორ იცვლიდნენ ფერს გლეხიკაცის მძიმე შრომით  მოწეული ნათესები და  ეამა. მერე  კოკას თავი  დაახურა  და კმაყოფილმა  ცას თვალი  ჩაუკრა,  ღრუბლებში  შემალულ  მზეს  კი  ასძახა  „მე  ჩემი  მისია  შევასრულე, ახლა შენი ჯერია, მე  წავედიი!“
  მზე
დიდხანს  ლოდინი არ დასჭირვებია მზეს..  ღრუბლები  აქეთ-იქეთ მისწია-მოსწია,  გამოგოგმანდა,  ტორტმანით გაიშალა  ცის კაბადონზე  და  სხივები უხვად მიმოაფანტა  წვიმით გაჯერებულ მიწას.                                                                                                                                                                            მზე  წელიწადის ოთხივე დროის  მეგობარია.  ოთხივე მეგობართან ატარებს დროს მეტ-ნაკლებად.  აგერ ახალგაზრდა, შმაგ,  ლამაზ გაზაფულიდან,  გადაინაცვლა- მხიარულ, ხმაურიან  ზაფხულთან.  ისე  ჩაერთო  მათთან  ფერხულში,  რომ  ვერც კი  მიხვდა, როგორ  მიადგა შემოდგომას. გრილსა  და  მშვიდს.  გაწონასწორებულს და დამაჯერებელს. მასთან უფრო მეტი ხნით შეყოვნდა, მიხვდა აქ უფრო საჭიროა მისი ყოფნა  და  მისი სითბო, აქ უფრო საჭიროა მისი დამამშვიდებელი სიტყვები,რომ  ცხოვრება  მასთან ერთად  ისევ მშვენიერია, რომ  მოახლოვებული ზამთარი არც ისეთი  ცივია და საშიში.                                                                      მზე, სიმბოლო- სითბოსა  და სიყვარულისა ცივ  ზამთარსაც მიადგა. აქ სხივები თავისებურად ვერ გაშალა და  წამიერად  შეცბა,  მაგრამ ეს მხოლოდ წამი იყო, ისევ  გახალისდა,  რადგან  წინ  მშვენიერი გაზაფხული ელოდა.                                                                                                                                          ქარი,  წვიმა,  მზე ეს სხვადასხვაა, მაგრამ არსი ერთია - ეს ბუნებაა!
                                                                        ნუნუ ტოგონიძე      2014  წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები