ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2014


წუთისოფელი ასეა

წუთისოფელი ასეა–
ხელებზე გადევს ხუნდები,
დაბადებისას ოქრო ხარ
მერე ჟანგდები, ხუნდები

ყველა ცდილობს რომ მოგარგოს,
საკუთარ წესს და კანონებს,
იცოდე ეს ჩემო კარგო,
მონაა ვინც სხვას ამონებს

ჯერ ხომ ოჯახში გაჩვევენ,
კარგის და ცუდის გაკვეთილს
მერე სკოლაში დაგსჯიან,
თუ არ მოყვები გაკვეთილს

და შენც ითვისებ ნელნელა ,
ცუდის და კარგის გარჩევას,
ამას ხომ ზრდას უწოდებენ
არ გიტოვებენ არჩევანს,

არ უნდა იყო ისეთი,
როგორიც თავი გგონია,
თუმცა ჯერ სადა ბანაობ
გგონია ერბო ქონია,

ყველაზე ძნელი ისაა,
ატარო კონა ნიღბების
მაგრამ ეგ არაფერია,
ეჩვევი, აღარ იღლები

თუ გაგიმართლა და მიხვდი,
შენს მთავარ დანიშნულებას,
შენი სიცოცხლით გადიხდი
ღმერთისკენ მიმართულებას,

წუთისოფელი ასეა–
ყოველწამს უფრო დუნდები,
და იკარგები წყვდიადში
თუ სახლში არ დაბრუნდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები