ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2014


მუზა (გაგრძელება)

გავიცანი ადამიანი, რომელიც ქუთაისში მცხოვრები ექიმი იყო და თანაც ქირურგი.


ქუთაისელობა ისეთი ნაკლია, მხოლოდ მე რომ შემაწუხებდა.ნამდვილად არ მინდა  ადამიანი, რომელსაც  საღამოთი  გული გადავუშალე,
ჩემი დასახლებიდან მეორე ქუჩაზე ცხოვრობდეს და როცა ბაზრიდან ჩანთებს მოვათრევ, ოფლგადამდინარე სახეზე შემავლოს ხოლმე თვალი.ასე რომ თუ თანაქალაქელს გავიცნობ ვინმეს, ვეტყვი, ქუთაისში მხოლოდ მაშინ ვარ ნამყოფი, როცა გავლით, დედულეთში მივდიოდი, აღმოსავლეთისაკენ  და  სულაც არ ვიცნობ მანდ არავის, რომ როდესმე ვესტუმრო-თქო.

ექიმები კი ...ექიმები ბავშვობიდან არ მიყვარდნენ...
სულ  პატარა ვიყავი, როცა  ექთანმა ფუნჩულა საჯდომზე ნემსი გამიკეთა და ნანემსარი კონსერვის კოლოფივით გამისივდა.ერთი თვე ვერც ვჯდებოდი, ვერც ვდგებოდი და ბოლოს გასაჭრელი გამიხდა  "ნაოსტატარი". ამის მერე
შევიძულე ექიმიც და ექთანიც და
მათი შიშით მაღაზიაშიც არ ვეგზავნებოდი მშობლებს, თეთრხალათიანი გამყიდველების დანახვაზე დეჟავიუ მემართებოდა.
მე კი გადავლახე ექიმების შიში, მას მერე, რაც შვილები გავაჩინე, მაგრამ ცხოვრებამ ექიმების არაპროფესიონალიზმით სასტიკად დამსაჯა და ჩემი უფროსი ვაჟი ინვალიდი დატოვა.

როცა ჩემს ექიმ მეგობარს ამის შესახებ ველაპარაკებოდი, დიდი გულისხმიერებით მისმენდა და დაავადების შესახებ მიხსნიდა, თან გულწრფელად წუხდა, რომ ასეთი იყო შედეგი,თუმცა იმ დროს, ცუდადგასახსენებელ 93-ში მკურნალი
ექიმის მიღწევა გმირობის ფასი იყო, რადგან სრულიად უსასყიდლოდ , საკუთარი წამლებით მკურნალობდა.(ნათელში მაყოფოს ღმერთმა ილია მატარაძე)


                      ===    რევანში ===

    ბავშვობაში არ იცოდა,თუ რამე ნაკლი ჰქონდა.  მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების
არაპროფესიონალიზმის ბრალი  იყო. ვერც იმ განსხვავებული ფეხსაცმლის მნიშვნელობას ხვდებოდა,
დედა და მამა განსაკუთრებულად რომ აკერინებდნენ  მისთვის და მაინცდამაინც არც აწუხებდა ამაზე
ფიქრი. ეცვა, რადგან აცვამდნენ და დაბაკუნობდა და დადიოდა.
  7 წლის იყო,პირველად  როცა შეამჩნია...

.უფრო სწორად,შეამჩნევინეს.სკოლაში მეორე ცვლაში
დადიოდა.მეზობელ კლასში  ერთი წლით უფროსი ძმები იყვნენ, ტყუპები, ბადრი და უსუპი.
მოსვენებას არ აძლევდნენ და დასცინოდნენ
__რა არის ბიჭო ეს,სხვადასხვა ფეხსაცმელი გაცვია? -------დასცინეს პირველად.
დაფიქრდა და პირველად შეხედა თავის ფეხსაცმელს ამ თვალით...ფეხსაცმელი მართლაც
სხვადასხვანაირი იყო...მარჯვენა ფეხზე უფრო დიდი  და მაღალი...იცოდა, რომ მის დაძმებსაც
არ ეცვათ ასეთი.
  სახლში მივიდა და დედას ჰკითხა.თუმცა,რა უნდა გაეგო ასეთ ასაკში, მაგრამ დედის საუბრიდან
მაინც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც სხვებთან...დაითრგუნა,არა იმის გამო,რომ სხვანაირი
იყო... ბადრისა და უსუპის ცინიკური სახეების გახსენებაზე.
  სკოლიდან ყოველდღე შეწუხებული მოდიოდა.მთელი ღამე კი ბოდავდა და ჩხუბობდა,ოფლში
ცურავდა და აგზნებული იღვიძებდა...საზღვარი არ ჰქონდა არც დაცინვას და შევიწროებას,
არც კლასის კუთხეში მიმწყვდევას და  თავში წამორტყმას,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა.
    მშობლები ნერვიულობდნენ და ექიმებთან დაატარებდნენ,თუმცა მიზეზი არავინ იცოდა.
ტყუპი ძმები მალე სხვა სკოლაში გადავიდნენ სასწავლებლად,მაგრამ ღამეული კოშმარები
არ წყდებოდა.
  ხვდებოდა მხოლოდ ერთ რამეს:  დიდი უნდა გაზრდილიყო,თან ძლიერი და არავინ უნდა
მორეოდა,არავინ...
    პირველად  ჭიდაობაზე სიარული აიჩემა.დედამ მაშინვე გადააფიქრებინა,შენთვის არ შეიძლება,
ფეხი შეიძლება უფრო გეტკინოსო....არადა არ ტკიოდა.
    მერე კარატე მოისურვა...არაო,  აუხსნეს ისევ თავიდან.
მაშინ სახლში მამას ტრენაჟორები მოაწყობინა,სილით სავსე გუდა ჩამოაკიდებინა და ვარჯიში დაიწყო....
არავინ იცოდა,რისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველას უხაროდა...ვარჯიშობდა და ძლიერდებოდა.
ფიზიკურადაც    ძლიერი და ლამაზი იყო..ცურვაზე დადიოდა.ლამაზი სხეული გაუხდა,ძლიერი კუნთები.
გოგოებშიც პოპულარული იყო....უკვე იცოდა,რომ ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო
მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე,ფეხი კი ატროფირებული დარჩა.  აღარ 
ბრაზდებოდა,როცა ფეხბუთის თამაშის დროს გარინჩას ეძახდნენ...მთელი ცხოვრება შეხვედრისათვის
ემზადებოდა,თუნდაც ორივე ერთად შეხვედროდნენ,იცოდა აუცილებლად გაუნგრევდა თავყბას და ამით
მოისვენებდა, ფიცი ჰქონდა დადებული.
    უკვე სტუდენტი იყო,როცა მშობლიურ ქალაქში ორიოდე  დღით ჩამოსვლამ მოუწია და მეგობარ
გოგონასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნეს.ხუმრობდნენ და საუბრით თავს ირთობდნენ.  უეცრად 
ხმაური მოესმათ....ბიჭების ჩხუბი და აყალმაყალი  იქვე ახლოს ხდებოდა. გოგონას ბოდიში მოუხადა,
ერთი წუთით საიმედო ადგილზე დააბინავა და მოჩხუბრების გაშველება დაიწყო. საღამო იყო,დაბინდებული,
მაგრამ ნათურების სინათლეზე მაინც გაარჩია ერთ ერთი, მთლად დასისხლიანებული და თავგატეხილი
მისი ბავშვობის მტერი , იმ ძმათაგან ერთ ერთი, ბადრი ან უსუპი იყო. კბილები სიმწრით ისე გაახრჭიალა,
თვითონაც შეეშინდა. მის ცნობას რა უნდოდა,  წითური თმები და ის ნაცნობი გამოხედვა,მთელი
ბავშვობის სიზმარეთს რომ სტუმრობდა და აცოფებდა.  გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო,  წამოაყენა,
მიეშველა,  დააშოშმინა ყველა და პატრულის მოსვლამდე საიმედო ადგილას გადამალა.  არ გამოცნაურებია..
.თავში არც მთლად დარწმუნებული ,  სწრაფად გაეცალა იქაურობას.

      იმ საღამოს ბევრი დალია...არ იცოდა ეს მისი გამარჯვება იყო თუ დამარცხება.  მერე დანა აიღო და
მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო.

                  =============================================================================


ეს მოთხრობა აქ დავამთავრე, მაგრამ როცა დიმამ ხელი გადაისერა, მე კრუნჩხვებში ჩავვარდი კივილისგან და სამ წუთში მოსულ  სასწრაფოს პირველად ჩემი მოსულიერება დასჭირდა და სისხლგამდინარე ბიჭი მერე წაიყვანეს ჭრილობების დასამუშავებლად და ნაკერების დასადებად.

მერე კი მეორე დღისით თბილისში წავიდა, ლექციები არ გავაცდინოო.

რამდენჯერაც დავურეკე, ხელი როგორ გაქვს მეთქი, იმდენჯერ წამიყრუა და პასუხი არ გამცა ნორმალურად.
ვფიქრობდი, რა მოუვა, რამდენიმე დღეში ნაკერებს ამოიღებს და მოურჩება მეთქი.ჩემს მეგობარ ექიმსაც ვკითხე,
ნაკერების ამოღება მტკივნეულია თუ არათქო.

ერთ დილითაც მირეკავს, ამის გამო საავადმყოფოში არ წავალ. სახლში უნდა ამოვიღო მე თვითონო.
აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა ამ სიშორიდან.  მერე ყველაფერი დავუწერე, როგორც
მეგობარმა მირჩია , სტერილური რა ნივთები უნდა ეყიდა , როგორ უნდა გამოეყენებინა და დაველოდე.
  ნაკერების ამოღებაზე გული წასვლია.....


მასზე ნერვიულობამ დიდი ხანია გული დამიავადმყოფა. ვისაც არ გამოუცდია, ვერც მიხვდება, რას ნიშნავს ღამის , უფრო სწორად კი დილის 4 საათზე  როცა  შვილი გირეკავს , ნასვამია და ტელეფონს ჩასძახის:
--მიყვარხარ, დეე.

მე ცრემლები მალტობს ამ დროს და სუნთქვა მეკვრება.ორასი კილომეტრის იქეთ , შენი ნასვამი შვილი დილის 4 საათზე
შუა ქუჩაში დგას და სიყვარულს გიხსნის და  გეუბნება, რომ სიცოცხლე არ უნდა, რომ ენატრები  და ეს მისი ბოლო ზარია,
რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა და ბოდიშა გიხდის ყველაფრისათვის ...
  ასეთ დროს დგები დილის 6 საათზე, პირველ რეისი მიკროავტობუსით მიდიხარ  და 9 საათზე, ჯერ ისევ გამოუფხიზლებელ შვილს
თუ მის საძინებელში ხედავ, გულში იკრავ და ფეხააკრეფით გამოდიხარ, რომ ძილი აცადო და საუზმე გაუმზადო.
და თუ თბილისში ვერ მიდიხარ, მაშინ დგები , ჯდები კომპიუტერთან და სულერთია, ვის, ოღონდაც კი ვინმეს გული გადაუშალო და ტკივილის იმპულსებზე მოუყვე.
ასეთ დროს შენი ექიმი მეგობარი, რომელიც იმ ღამით საავადმყოფოში მორიგეა, ზედგამოჭრილი კანდიდატურაა. მანამდე, ვიდრე თვითონ შვილი არ შემოვა ფეისბუქზე და სამშვიდობო სტატუსს არ დაწერს....

(გაგრძელდება)








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები