ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2014


უშენოდ , ალბათ , მოვკვდები (ციკლიდან

I ნაწილი

                                  მე და შენ არასდროს ვიქნებით ერთად....შენ ყოველთვის ისეთი მცხუნვარე იყავი ,
                                  რომ მეშინოდა არ დაგეწვი...
                                  გთხოვე  ერთხელ,დამიხატე რა ცისარტყელა.  შენ კი მხოლოდ სამი  ფერადი ხაზი
                                  გაავლე და შემომაჩეჩე...მე გული დამწყდა,რომ დედამიწაზე სიყვარულისთვის
                                  და სიცოცხლისათვის ცოტა დრო დამრჩა და შენ მაინც არ დამიხატე ცისარტყელა,
                                  რომელშიც მე იისფერი ვიქნებოდი და შენ წითელი...
                                  იისფერი ყველაზე მცხუნვარე ფერია, წითელი კი ყველაზე თბილი.
                                  ახლა კი,როცა ჩემი ყოფნის წუთები უკვე დათვლილია,არ ვნანობ რომ მე ვიყავი
                                  ყინული ,რომელიც შენმა სითბომ გაალღო და ააორთქლა....
                                                                                                      დამიხატე მზე.

                                                                                                            (დედის დღიურიდან)







    რამდენი წელია შვილებისთვის დედაც ვარ და მამაც.ამას უკვე  მივეჩვიე...ქალური სისუსტეებიც გადავლახე და
ერთ დღესაც უსქესო ადამიანი გავხდი...  ტვინი ოცდაოთხსაათიან მუშაობას მიეჩვია და ღამით, ძილშიც კი  ვფიქრობდი.
თითქოს არ იყო ასე ცხოვრება ძნელი,ყველაფერი რომ ასევე გაგრძელებულიყო.
ვერ ვიტყვი რომ არაფერი მაწუხებდა,თუმცა ფიზიკური ტკივილს  მხოლოდ გული  გრძნობდა ხოლმე,ისიც მაშინ ,როცა რამდენიმე ღამეს თეთრად გავათენებდი .მაგრამ,ერთ დილით ,ასეთივე თეთრად გათენების მერე ,მარჯვენა გვერდზე ჭვალივით რაღაც ვიგრძენი,უფრო იღლიის  ფოსოში,ყურადღება არ მივაქციე და ჩვეულებრივად დავიტვირთე.
ოჰოო,ვგრძნობ , ჩემი სატკივარი არ ხუმრობს,შევატყე,მეჯიბრება...
ერთი თვე ვეჯიბრებოდით მე და ჩემი ტკივილი და ბოლოს მაჯობა.გადაწყვეტილება მივიღე, ექიმთან მივალ
კონსულტაციაზე, უფრო იმიტომ,რომ    დავრწმუნდე ,  მე უფრო ძლიერი ვარ.
ჯერჯერობით  არავის ვუმხელ , ამიტომაც ექიმთანაც  მარტო წავედი...

სამი დღე მატარეს სხვადასხვა გამოკვლევაზე , მერე  გადამიღეს, გააგზავნეს, დათესეს და ბოლოს დიაგნოზის დროც დადგა:

---ქალბატონო,სანერვიულო არაფერია....თქვენი დაავადება განკურნებადია, თანამედროვე მედიცინისათვის  ახლა შეუძლებელი  არაფერია და თქვენი განკურნებაც შესაძლებელია---წელავს სიტყვებს ექიმი.გულში ვბრაზობ, რა კარგი ქალი მეგონა, როგორი გულისხმიერი ჩანდა და ახლა რას წელავს ამ სიტყვებს, ვერ გამიგია...
---ყველანაირი თერაპია  და მკურნალობა დაგიფინანსდებათ 80% -ით, გნებავთ თურქეთში გაგაგზავნით,სტამბოლში შესანიშნავი კლინიკააა, გნებავთ თბილისში იმკურნალებთ.........უკვე ყელში ამომივიდა მისი სიტყვები, აღარ ვუსმენ,გააზრებას ვერც ვახერხებ.ის კი ლაპარაკობს...
---ბოლოს და ბოლოს რა მჭირს?--როგორც იქნა ხმა გავიღე , ენა მუცლიდან ისე მძიმედ  დაიძრა, მეგონა  გადაყლაპული შემოვაბრუნე...წამოვდექი და დიაგნოზს დავაცქერდი....

თვალები ამიჭრელდა, ყურები აგუგუნდა...მეოთხე სტადია, მეოთხე სტადია, მეოთხე სტადია....
რამდენჯერ წერია,    რამდენჯერ...
რატომ წერია ყველგან,სულ მეოთხე და მეტი არაფერი....
მერე სულ მთლად დავსველდი  ,  ალბათ ოფლისგან , რომელიც წურწურით ჩამოდიოდა  და იატაკზე წვეთავდა...

კლინიკიდან გამოვიქეცი.
გარეთ გამოსვლამ ცოტა შვება მომცა, ჰაერი მესიამოვნა.
არა, გამოცილება რად მჭირდებოდა....

ისევ  გავააქტიურე ტვინის მუშაობა და უკვე გამოსავალს ვეძებ.
გამოსავალი ერთადერთია, როგორმე უნდა გავქრე, ავორთქლდე, ისე რომ ვერავინ მიპოვოს,მაგრამ როგორ?
რა სისულელეა, არც ქიმიოთერაპია მჭირდება, არც მკერდს დავიმახინჯებ.  ყველას ისეთივე დავამახსოვრდები,
როგორიც ვარ...
---ბევრ  წნევის წამალს დავლევ  და თავს მოვიკლავ...
---არა, არ ივარგებს, ბავშვებს შევაშინებ, შეიძლება გადავრჩე და ეს უფრო საშინელება იქნება-------- ვაბათილებ  ჩემსავე აზრს.
---საწამლავი?  არ ივარგებს...ჯერ , სად ვიშოვნი არ ვიცი და დაიწყება მერე გამოძიება, ხომ არავინ მოწამლაო...ისევ ბათილი...
---აბა როგორ გავქრე?მინდა რომ დედამიწამ ჩამყლაპოს, მიწა გასკდეს და ჩამიტანოს...

ზღვაში ...ზღვა...ჩემი ზღვა ...მიშველის აუცილებლად...შეიძლება სადმე გამომრიყოს და ვერავინ მიცნობს, სულაც თურქეთში ან ბულგარეთში...
ბავშვების ნახვა ახლა არ  შეიძლება, მათი დანახვა  გადაწყვეტილებას შემაცვლევინებს. ჯობია არც ვნახო, ახლავე, ამ წუთში უნდა მოვახერხო ყველაფერი.
შვილები უკვე დიდები არიან, მერე ობლებს ვინმე დაეხმარება, ასეა ყოველთვის, მერე გამოუჩნდებათ კეთილისმსურველები და უკეთესადაც იცხოვრობენ...

აბა,მე ბინას არ გავუყიდი მათ და ღია ცისქვეშ არ დავტოვებ...მაინც რა აზრი აქვს...მე თუ არ მეშველა და უბინაოდაც დარჩნენ....
კარგია, რომ საქაღალდეში, ჩემს ლეპტოპში,  საკრედიტოს კოდები მაქვს შეტანილი..აუცილებლად ნახავენ, გამოადგებათ... ცოტა ხანს იმყოფინებენ...
იქნებ ცოცხალიც ვეგონო და არ ინერვიულებენ...გამოსავალი ნაჩქარევი,მაგრამ ყველაზე სწორი და მართებული მივიღე....

ტანსაცმლიანფეხსაცმლიანად შევედი ზღვაში...პირველად ვარ კმაყოფილი,რომ ცურვა არ ვიცი,მივდივარ და ტალღები მათამაშებს.მათ შორის ყველაზე დიდს და ბრაზიანს დავნებდი,დავემორჩილე  და  ავყევი...ხელიც არ გამიქნევია...რამდენიმე წუთს მაბურთავა , წინ და უკან მახტუნავა ...და უცებ ვიგრძენი, რომ მშთანთქა...ჯერ პირი ამევსო წყლით, შემდეგ ფილტვები  ამევსო და  სუნთქვა შემეკრა....არ ყოფილა ცუდი შეგრძნება...თითქოს ...ბუყ, ბუყ  ...გონება გაითიშა....

გონზე როცა მოვედი, დივანზე  ვიწექი და მარტო არ ვიყავი, გვერდით ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და შეშინებული სახით დამცქეროდა...
მხოლოდ ერთი წამით გამეხილა თვალი , ქუთუთოები ტყვიასავით მაწვა თვალებზე, გამოვიხედე და იმ წამსვე გავითიშე....

II ნაწილი

რამდენ ხანს ვიყავი გულწასული, არ მახსოვს.მერე უცებ ვიგრძენი ვიღაცის ფილტვებიდან წამოსული ჰაერი ჩემს ფილტვებში ძლიერ ნაკადად    ჩაიწნეხა.  მისმა ნერწყვმა კინაღამ დამახრჩო...ძალა არ მყოფნიდა, რომ წინააღმდეგობა გამეწია და უღონოდ გადმოვაგდე ცრემლი....
რამდენ ხანს ვიყავი ასე, არ გამიგია...როცა გავიღვიძე, სიცივისგან მაკანკალებდა, თუმცა  სველი აღარ ვიყავი და ტანსაცმელიც ჩემი არ მეცვა.
თავზე ისევ ის ბიჭი მედგა და ნერვიულობდა. შევიშმუშნე და  დივანზე წამოვჯექი .  ტანზე დავიხედე, რაღაც ფართხუნა მაცვია, ალბათ მისია, გავიფიქრე...ანუ შიშველიც მნახა...მისი  შემრცხვა...თავს ცუდად ვგრძნობ,მკერდის ძვლები მტკივა და სუნთქვას მიშლის.
მიხვდა...
ფილტვები წყლისგან  ძლივს  დავცალე-თ-ო, ისე მითხრა, თითქოს ამ საქმეში მეც  მივიღე მონაწილეობა.
მთელი სხეული მტკივა, ვგრძნობ ისევ მიმდის  გული,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვკითხე:
---რომელი საათია?
---მალე 11 გახდება
გადავიანგარიშე, უკვე 8 საათია, ბავშვებმა არაფერი იციან.
---თუ შეგიძლია, ტელეფონი მათხოვე, ჩემი ალბათ დაიკარგა.
ზეპირად მხოლოდ გიგას ნომერი ვიცოდი, გაჭირვებით ავკრიფე  და პასუხს დაველოდე.
--დედა,შენ ხარ? ჩვენ ვნერვიულობდით
---ტელეფონი გამეთიშა, ვერ გიკავშირდებოდით, თამრიკო დეიდასთან ვარ შვილო...ამაღამ არ მოვალ.
  ტანსაცმელი მთლად სველი მაქვს და სად უნდა წავიდე ასეთი მოუწესრიგებელი, ვფიქრობ და პირდაპირ მიკვირს,რომ  რამდენიმე საათის წინ სიცოცხლის სურვილი არ მქონდა.  ახლა კი ...ჰმ,  მოუწესრიგებელიც არ მინდა გავიარო...რა უცნაურია თურმე ცხოვრება. გული გამითბა...სიცოცხლე მესიამოვნა....
---რა გქვია---როგორც იქნა,მასპინძელი , სავარაუდოდ , ჩემი გადამრჩენი მოვიკითხე. ახალგაზრდაა, ასე 25 წლამდე იქნება,ლამაზია და მამაკაცური.ძლიერი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ვერც შეძლებდა ჩემს გამოყვანას.  ჩემი თავი
გამოვიჭირე იმაში, რომ  ამ ადამიანს ვეკეკლუცები.  მიკვირს, ჩემში ახლა ქალმა გაიღვიძა.
---ნიკა  მქვია --თან ცხელ ყავას მაწოდებს
  ყავა გამოვართვი და მოვსვი.ხველება დამაწყებინა , ძლივს  გადავყლაპე ერთი ყლუპი
---ალბათ გგონია, რომ გისაყვედურებ?
----არ  ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,  ქალი იხრჩობოდა...
       
ირგვლივ ოთახი მოვათვალიერე...უქალო სახლს გავს, ცოტა მოუწესრიგებელია---გავიფიქრე და ახლა  ამის ფიქრის თავი რომ მაქვს, ამან გამაღიმაა.ავდექი, გავიარ-გამოვიარე, სიარულმა თავბრუ დამახვია და ისევ ჩამოვჯექი .მხოლოდ სუსტად ვარ,სხვა  მგონი არაფერი მიშავს


იმ ღამეს მასთან დავრჩი...
ნიკამ დიდი მოთმინება გამოიჩინა , ჩემი ემოციური მონათხრობი,რომელიც წარღვნასავით მოვარდა ჩემში და გამოხეთქა, მთელი ჩემი  ოცდათხუთმეტი წელი ,  ჩემს ცრემლებთან ერთად, გულდასმით მოისმინა, მითანაგრძნო და სითბო არ დაიშურა.
დილით, როცა გათენდა, უკვე ერთ საწოლში ვიწექით, ერთმანეთზე ჩახუტებული და ვნებისგან ძალაგამოცლილი.თუმცა ჩემთვის პირველად გათენდა ისე , რომ უზღვავი ენერგიით  ვიყავი  სავსე.

  საკმაოდ გვიან ავდექით,მე არ მეჩქარებოდა, საუზმე გავუმზადე და სამსახურში გავაცილე.დავპირდი, სახლში დაგხვდები მეთქი.მან ჩემი მხოლოდ სახელი იცოდა,  არც მისამართი, არც სხვა საკონტაქტო მისთვის არ დამიტოვებია,როგორც კი სახლიდან გავიდა, ოც წუთში მეც დავტოვე იქაურობა და  ჩემს შვილებს მივაშურე...

ბავშვებმა ვერაფერი შემატყეს,  მათ ჩემი ავადმყოფობა  არ გავუმხილე და ცხოვრება ჩემ ტკივილთან ერთად განვაგრძე.

ერთი კვირა გავიდა, მე კი უკვე თავს ვერ ვცნობდი,იმდენად შევიცვალე.რაღაც მიხაროდა და კარგ განწყობას მინარჩუნებდა.    მიკვირდა, რა  მცირემ  დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი ...სამსახურშიც და სახლშიც ყველა მამჩნევდა,  რომ რაღაც ხდებოდა. თუმცა რა, ამას მე თვითონაც ვუმალავდი ჩემ თავს.
შაბათ დღეს სალონში წავედი, განსაკუთრებულად ლამაზი ტანსაცმელი ჩავიცვი  და ნიკას სახლში მივაკითხე.კარი ახალგაზრდა გოგონამ გამიღო.გოგონა ასაკით 20-22 წლის იქნებოდა, სასიამოვნო გარეგნობის.წინსაფარი ჰქონდა აფარებული და ეტყობოდა, სამზარეულოში საქმიანობდა.
შევცბი,  მაგრამ არ შევიმჩნიე და ნიკა ვიკითხე:
---სახლში არ არის, თქვენ ვინ ბრძანდებით?
---მე  ბანკიდან ვარ, კრედიტ-ოპერატორი აუცილებლად უნდა მენახა ნიკა ---არ დავიბენი და ვიცრუე.
--- თამთა---ხელი გამომიწონდა გოგონამ.
---მარი---ვუთხარი მეც.
---შემობრძანდით, ყავას მოგართმევთ, დაელოდეთ. ალბათ მალე მოვა
---სიამოვნებით---გამიკვირდა, რომ დავთანხმდი.
ოთახში შევედი, იქაურობას ქალის ხელი დატყობოდა, დასუფთავებული  უფრო  ლამაზი მეჩვენა .
---ასეა, ნიკას  სამსახურის  გამო  ერთ ქალაქში ცხოვრებას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე---ლაპარაკობს დაუსრულებლად    თამთა.
---მესმის თქვენი----ჩუმად რომ არ ვიყო, იმიტომ  ვპასუხობ.
ყავა არ დამილევია, თამთას ჩემი სავიზიტო ბარათი დავუტოვე და სასწრაფოდ წამოვედი.


მოვდივარ და ვგრძნობ , თავში ვიღაც პატარა ჩაქუჩებს მიკაკუნებს და ტვინს მიხეთქვას.მერე ერთი ფრაზა ამომიტივტივდა: რაც მეტხანს იცოცხლებ, უფრო მეტ უსიამოვნებას შეხვდები, სიკვდილი კი გარდაუვალია. ამეკვიატა და თავს არ მანებებს.
იმხელა ნაბიჯებით მივდივარ სახლისაკენ , ფეხები მტკივა და დაღლილობისგან  ვქოშინებ...
გზაში უცხო ნომრიდან  მესიჯი მოვიდა, გავხსენი:
---    მარი, ჩემმა დამ მითხრა, რომ შემომიარე,ძალიან გამახარე.

  რომ არ წავქცეულიყავი, პირდაპირ ბორდიურზე ჩამოვჯექი  და  მხარით ხეს მივეყრდნე.

        ტვინმა ისევ  გამალებით დაიწყო მუშაობა.

მესიჯმა დამაფიქრა:
თამთა, ანუ გოგონა, რომელიც  ნიკას სახლში  დამხვდა ,  მისი და ყოფილა...
ბორდიურზე ჩამოვჯექი და რომ არ წავქცეულიყავი,ხეს მივეყრდნე,ტვინი ისევ გამალებით  ამუშავდა, გამახარა ამ
გზავნილმა  და იმის წარმოდგენამ,  რომ  ნიკას  არავინ ყავდა .

  მიუხედავად ამისა, დიდი  ნებისყოფა გამოვიჩინე ,  პასუხი არ მივწერე  და სახლში ავედი. ჩემ საზრუნავს ბოლო არ
უჩანდა , ამიტომ რამდენიმე დღით გადამავიწყდა კიდევაც ჩემი თვითმკვლელობაც  და ნიკაც,  ტკივილიც და ჩემი ქალური სისუსტეებიც.  თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, სამსახური-- სახლი,  მხოლოდ ამ გზას ვტკეპნიდი და არავინ მახსოვდა.
ალბათ არც გამახსენდებოდა,  რომ  ერთ დღეს ჩემს ემაილზე  უცნაური წერილი არ მენახა. გზავნილი  სტამბოლის  კლინიკიდან იყო,სადაც  გარკვევით ეწერა, რომ  ჩემი  მკურნალობა შესაძლებელი იყო და  მკურნალობის დაწყების დრო და თერაპიის მსვლელობის განრიგი შეგვეძლო კიდევ შეგვეთანხმებინა. გაკვირვებულმა ჩემს ადვოკატს მივმართე,მან კი დამიდასტურა,რომ მკურნალობისათვის  საჭირო თანხა გადახდილი იყო და მე  მომავალ კვირის უკვე დანიშნულ დროს  ,  კლინიკაში უნდა ვყოფილიყავი.


    არ მოიძებნებოდა დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელმაც ჩემი ავადმყოფობა იცოდა , გარდა ჩემი ექიმისა, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და იმ ბიჭისა, რომელმაც სიცოცხლეს გადამარჩინა . მე კი  მისი გვარიც  არ ვიცოდი...
სასწრაფოდ ამოვქექე ძველი მესიჯები და ნიკას  მივწერე,  მგონი გარკვევით უნდა ამიხსნა  რაღაც მეთქი, მან კი მიპასუხა:

---უნდა წახვიდე მარი...

  ჯერ კიდევ ვეჭვობდი ამ საქმეში მის მონაწილეობას, მაგრამ როცა დამიდასტურა , საშინლად  გავხდი. ის ახალგაზრდა
იყო და არც იმდენი საშუალება უნდა ჰქონოდა,  რამდენიმე ათასი სხვისთვის გადაეხადა.
  სასტიკად გავნერვიულდი და ბევრი , ბევრი ვიტირე...მერე თვალები ამოვიმშრალე, ლაბადა შემოვიცვი და მასთან წავედი.
სამი საათი ვარკვევდი, როგორ მოახერხა, რომ ყველაფერი ჩემს მაგივრად მოაგვარა და ჩემი ნებართვის გარეშე  გააკეთა.ხან ვტიროდი, ხან ვუბრაზდებოდი, ხან ვემუდარებოდი,მაგრამ ის  ჯიუტად ერთსა და იგივეს იმეორებდა.
----უნდა წახვიდე, მარი----
----მე ეს არ მჭირდებოდა, ნიკა.
----მე მჭირდებოდა---  მიპასუხა ჩემი უმადურობით  იმედგაცრუებულმა
მისგან მხოლოდ ის აზრი გამოვიტანე,რომ  ჩემი ექიმისგან მოტყუებით დიაგნოზი წამოუღია და კლინიკაში გაუგზავნია.
პასუხის მერე კი თავისი  დანაზოგით  მკურნალობის თანხა გადაუხდია.

    მე ემოციებით დაღლილი სავარძელში ჩავჯექი და საკუთარი უსუსურობისგან ცრემლები წამსკდა. ის კი ფრთხილად მოვიდა, წამომაყენა, ლაბადა გამხადა , პირისპირ დამიდგა და  თვალებში შემომხედა. მის თვალებში ისეთი გრძნობა დავინახე, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თავს ვერ მოვერიე და ვაკოცე.  მერე ნიკამ ხელში ამიტაცა და  საწოლისკენ წამიყვანა. თან თავდავიწყებით მკოცნიდა და მეფერებოდა, მე კი ვნებისგან ვიწვოდი... იმ ღამეს მეორედ დავრჩი მასთან . ცოტა დავლიეთ და უკვე გახსნილად ვისაუბრეთ.  ნიკა  გვერდით პატარა ბავშვივით მეკროდა და მთელი ღამე საკუთარ  ცხოვრებაზე  მიყვებოდა, ობოლი ბიჭი  როგორ ცდილობდა ცხოვრების აწყობას  და  დისთვის დახმარებას, თუმცა  ამდენი მარტოობის და სამსახურში წინააღმდეგობის  გამო  საშინელი დეპრესია დაემართა  და  ხუთი თვის წინ  თვითონაც სცადა თავის მოკვლა. სიკვდილს  სასწაულად გადარჩენილს ყველაზე კარგად ესმოდა, რა ბედნიერებაა
ცხოვრება " მეორედ  დაბადების" შემდეგ...
---ამიტომ გამოგყევი საავადმყოფოდან, შენ  ისეთი სახე გქონდაო...

  ----ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,მარი--მეჩურჩულებოდა მთელი ღამე . მისი სიტყვები ვნებას მიძლიერებდა და თავს ნამდვილ ქალად მაგრძნობინებდა, ის იმ    სითბოს მაძლევდა, რისი დეფიციტიც მთრგუნავდა ამდენი  წელი...

  რადგან წასვლის საჭიროებაში  დამარწმუნდა, სამსახურიდან უფასო შვებულება ავიღე და  წასვლა
დავგეგმე. შვილები უკვე სტუდენტები, სხვა ქალაქში სწავლობდნენ,  ამიტომ მათთვის არაფერი შემიტყობინებია, ისედაც უამრავი სამეცადინო აქვთ, ჯობია ხელი არ შეეშალოთ-მეთქი.  წინა საღამოს კიდევ მოვინახულე ნიკა, ზღვასთან გავისეირნეთ, მყუდრო სანაპირო მოვძებნეთ და ცხელ ქვებზე ერთმანეთის გვერდით დავსხედით.
ის ძალიან ღელავდა, მე რომ თანმხლები არავინ მიმყვებოდა . მე ვანუგეშებდი და არ ვიმჩნევდი, რომ ცოტათი მეშინოდა.

  დილით, ტაქსი დავიქირავე და უზარმაზარი ჩანთის სარფს მივადექი.ვიგრძენი, მოულოდნელად გვერდით ვიღაც ამომიდგა, ჩანთა შემიმსუბუქა, გეგონა მარტო გაგიშვებდიო, ყურთან ჩუმად  მითხრა  და  თან მაკოცა.ეს ისეთი მოულოდნელი სიხარული იყო, ჩავეხუტე და ხელიც  აღარ გავუშვი, თითქოს მართლა ვალდებული იყო, წამომყოლოდა.
 
  პირველი ქიმიოთერაპიის დროს ნიკა  გვერდიდან არ მომცილებია.  ჩემ გარდა არავინ იცის, რა ბედნიერებაა, როცა საშინელი  წამლების  გადასხმის მერე ,  როცა ტკივილს და წვას სიკვდილი გირჩევნია და ამის გადატანას უდიდესი ნებისყოფა ჭირდება, შენი ხელი საყვარელ ადამიანს უჭირავს  და თითებზე გკოცნის,  ან  სასტუმროში გელოდება და ყვავილების თაიგულთან ერთად მილიონ  სითბოს გჩუქნის.
  ექიმების ვარაუდი გამართლდა, პირველმა მკურნალობამ კარგი შედეგი მომცა. რამდენიმე კვირაში მკერდზე და იღლიაში ტკივილებმა მიკლო  და სიმსივნემ რეგრესირება დაიწყო. 

    მე    ნიკასთან  ბინაში სიარულს მოვუხშირე.    ის გასაოცარი და მგრძნობიარე ადამიანი აღმოჩნდა და მე თავიდან ვისწავლე ცხოვრება,  როგორც ახალფეხადგულმა ბავშვმა.  ბავშვური სიყვარული და ძლიერი ვნება ერთმანეთში ისე იყო შერწყმული,
ყველანაირ  თერაპიას  და მკურნალობას  ჯობდა.

ერთ დილით ,  როცა  სახლში  დავბრუნდი, დედაჩემი კოხივით დამხვდა:

---სად ხარ , გოგო, დაგავიწყდა, დღეს მამაშენის დაბადების დღე რომაა, არ გავიდეთ საფლავზე?
----მეტი ყურადღება გარდაცვლილებს, ვიდრე ცოცხლებს---დედაჩემის დევიზია, გავიფიქრე გულში, მამაჩემი უკვე 18 წელია
რაც გარდაიცვალა, დედაჩემი კი ვერა და ვერ შეეშვა მის დაბადების დღეზე  ხონჩით საფლავზე  გასვლას.ნიკა რომ არა, ახლა ჩემთვისაც მოგიწევდა საკურთხის კვერების  გამოცხობა, შე საბრალო-მეთქი, გავიფიქრე . თქმით კი მხოლოდ ეს ვთქვი:
---არა, რა დამავიწყებს, წავიდეთ, ტაქსს გამოვიძახებ.
---ისე არაფერი გიჭირდა, ერთი მანქანა შენც გეყიდა და ტარება გესწავლა...რამდენი ქალი ატარებს უკვე.
---მხოლოდ ეგ პრობლემა მაქვს, დედა....
-----ხო მართლა, "იმან" დარეკა  ჩამოვდივარ და შვილებთან შეხვედრა მინდაო---ამ ნაცვალსახელით დედა მხოლოდ ჩემ ქმარყოფილს მოიხსენებდა ხოლმე.
---ჩემთან რატომ არ დარეკა?--- გამახსენდა, წუხელ ტელეფონი გამორთული რომ მქონდა.---შეხვდეს მერე, ვინ უშლის.
ერთბაშად საჩუქრები არ ჩამოკიდოს გულზე.

      ახლაც ნიკა გამახსენდა. ..
არ ვიცი, ეს ბიჭი მიყვარს თუ მისი სითბო და მზრუნველობა უფრო მხიბლავს.ანდა როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს.  ცოტა დაბნეული, ცოტა საყვარელი, ბევრი მამაკაცური  და რაც მთავარია, გულწრფელი  ემოცია აქვს.
როცა წვერს გაიპარსავს ხოლმე, მისი სუფთა  სახე და კანქვეშ ლურჯი ვენები ისე მიმზიდველად ჩანს ,მხოლოდ შეხება და მოფერება მინდება.ისეთი მგრნობიარეა, ისეთი,  რამდენჯერ სამსახურის მერე სადმე მყუდრო ნაპირას , ცხელ  ქვებზე დავსხდებით ხოლმე , ერთმანეთს მხრებით მივეყრდნობოდით და თვალებით ვსაუბრობთ. ერთხელ ექიმმა უთხრა ჩემზე, მთავარია სიცხე არ ჰქონდესო, ამიტომ ჩვევად ექცა, წამდაუწუმ სიცხეს ტუჩებით მიზომავს და ჩუმად მკოცნის,მე ვითომ ვერ ვხვდები, ხელს ან შუბლს გავუწოდებ და  ვანიშნებ, რომ ტუჩებით სიცხე გამიზომოს ...მერე კი დიდხანს ვიცინით . 
    ეს მზრუნველობა იმდენად მსიამოვნებს, ხანდახან  თვალებს დავხუჭავ და გახელის მეშინია, ყველაფერი სიზმარი არ
იყოს...


III  ნაწილი
    როცა  ჩვენი გაცნობიდან ერთი წელი გავიდა,  მე და ნიკამ რესტორანში გადავწყვიტეთ აღნიშვნა. გული ცუდს მიგრძნობდა...თუმცა თამთამ ისეთი " სიურპრიზი" მოგვიწყო, ჩემ ფანტაზიას მისი წინასწარ განჭვრეტა  რომ არ შეეძლო....
      სამსახურში ფრთებშესხმული წავედი, საღამოს ლამაზი ვახშამი მელოდება. ზოგი ამას რომანტიკულ ვახშამს ეძახის.რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, მე მიხარია და მთავარი ეგ მგონია.როგორც კი დამთავრდება სამუშაო საათები, ნიკა მელოდება
და გაცნობის ერთი წლისთავი  სანთლების ფონზე უნდა აღვნიშნოთ.
შესვენების დაწყებამდე  მოულოდნელად თამთა მოვიდა და ჩემთან საუბარი მოითხოვა...გოგონებს ვთხოვე, მარტო დაგვტოვეთ თქო ,  ვატყობ პირი მიშრება ნერვიულობისგან, ალბათ შაქარმა ამიწია, თორემ ასე არასდროს დამმართნია.
---გისმენთ--გამოვიჩინე უპირატესობა
---რა თარიღს აღნიშნავთ, ერთი მითხარით, შენ და ჩემი ძმა?---ირონიული და თავდასხმის ტაქტიკა აირჩია მან.
---უბრალოდ ერთად გვინდოდა გვევახშმა---ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს მე
---რას გეტყვი იცი? უნამუსო ქალი ხარ და შენგან სხვა არაფერია მოსალოდნელი.რა გინდა , რას გადაეკიდე, თავს რატომ არ ანებებ ნიკას?მოგინდა ახალგაზრდა საყვარელი?ცხოვრებას უნგრევ და მომავალზე ფიქრის დროს არ უტოვებ ადამიანს.
არ გრცხვენია მართლა?
მაშინ პირველად დავფიქრდი ამ თემაზე-თქო, ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ თამთა მართალი იყო ,  ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
---თავი დაანებე, აუცილებლად დაანებე თავი.
---ეგ ნიკას გადასაწყვეტია და არა შენი---ვეუბნები  ცრემლმორეული .
----შენ თუ შეეშვები, ისიც მიხვდება და აუცილებლად დაავიწყდები, რამდენ გოგოს უყვარს, თუ იცი შენ?
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მართალი იქნებოდა...
----შენ  შვილს რომ გადაეკიდოს მასე ვინმე, მაშინ ხომ გამოაჩენ კლანჭებს?
----რა კლანჭები მაქვს, თამთა, ცალი ფეხი სამარეში მაქვს---გულახდილად ვეუბნები მე
----მაგით სპეკულირებ ალბათ ნიკასთანაც---საბოლოოდ გამანადგურა.
---არ მიხვიდე დღეს მასთან და თავი გაანებე, გესმის--უკვე ყვირილში  გადადიოდა თამთას ხმა.
----ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია---დიდი მადლობა , რომ მნახე.
თამთა არ გამიცილებია, გარეთ გავარდა და თანამშრომლებიც დამიფრთხო.მე კი ვტიროდი და შესვენებამდე თავი მაღლა არ ამიწევია.
  საღამომდე თურმე ,კიდევ მელოდა ერთი ინცინდენტი ,  ჩემი ყოფილი ქმარი სახლში მომივარდა და გახელებული რაღაცას მეჩხუბებოდა.თამთას მისთვისაც შეუტყობინებია ყველაფერი...დედაჩემი სოფელში იყო წასული და რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა, პატრული გამოვიძახე და გარეთ მივაბრძანე.


ამდენმა ემოციამ ისე დამღალა, ტვინმა მუშაობა შეწყვიტა.სასწრაფოდ ტელეფონები გამოვრთე და ორი ტაბლეტი
ძილის წამალი დავლიე, მივწექი და დავიძინე, შესაძლო შედეგებზე დაუფიქრებლად...


  როცა გამაღვიძეს, თავზე თეთრხალათიანები მადგნენ და ირგვლივ  ყველაფერი ტრიალებდა. ნიკას ,ტელეფონზე რომ ვერ დამკავშირებია, სასწრაფო გამოუძახებია და კარი გაუტეხიათ.მე კი ისეთი "საღათას " ძილით მეძინა, თვითმკვლელობის
მცდელობა ჰგონებიათ.  პალატაში თავზე  უამრავი  ადამიანი მეხვია , სუნთქვა შემეკრა და ვიყვირე, ცოტა ჰაერი მასუნთქეთ, ხალხო, რას მერჩით-თქო.
სამლოცველო კუთხეში კი ნიკას სანთელი ჰქონდა დანთებული და მხურვალედ ლოცულობდა ჩემი გადარჩენისთვის.
---გთხოვ, ეს მეტად არ გააკეთო, მარი, ჩემო ცხოვრებავ---ნიკამ პირველად მითხრა, რომ ვუყვარდი.
---მაპატიე--მოვიხადე ბოდიში არჩადენილ დანაშაულზე მე.


  მეც მიყვარდა და მასაც ვიყვარდი, მეტი არც არაფერი მჭირდებოდა.ჩვენ მომავალზე არასდროს გვილაპარაკია, ერთმანეთი გვიყვარდა და მეტი არაფერი გვინდოდა.


    წელიწადში ერთხელ, მე ჩემ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას ვაგრძელებდი, თანხას ვაკოწიწებდი და თვითონ ვიხდიდი...სამჯერ ჩავიტარე პროცედურა და მკურნალობამ სიმსივნის პროგრესირება შეანელა...
როცა წასვლის დრო დადგებოდა, მე  ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ნიკა სტამბოლში ჩემთან ერთად  წამოსულიყო,
თუმცა მასთან არაფერი გამომდიოდა და უკვე თავდაჯერებული მეტყოდა:
----უჩემოდ  ტყუილად ცდილობ, ახლაც  შენ გვერდით ვიქნები,მარი.

მისი დიდი მონდომებით და სიყვარულით  ერთმანეთს  ხუთი    წელი ვაჩუქეთ, უფრო სწორად მან  მაჩუქა და მე საჩუქარი ისე ავიღე,მისთვის სამაგიეროდ არაფერი შემითავაზებია.
ჩვენ სიკვდილს  უკვე ხუთი წელი გამოვტაცეთ.


    მხოლოდ  ერთხელ ვუთხარი, უსინდისო ვარ ,  დაგტანჯე და გამოგიყენე მეთქი,ის კი ისე გამიბრაზდა, რამდენიმე დღე ხმასაც არ მცემდა.მე მივხვდი,  რომ ამით უფრო ვაფუჭებდი ჩვენ ურთიერთობას და ცხოვრებისგან ტკბობა ვისწავლე.


    ნიკამ იცის , ჩანაწერებს რომ ვაკეთებ, მასზე და ჩემზე . ისიც იცის,  მაშინ უნდა წაიკითხოს, როცა აღარ ვიქნები.  ამაზე
ხშირად  ვლაპარაკობთ, თუმცა უემოციოდ მაინც არ შეგვიძლია.ისიც კი იცის, ჩემ შვილებს დაკრძალვაზე რომელი მხრიდან უნდა დაუდგეს ან რამდენი ყვავილი უნდა მომიტანოს....

  ერთი წამითაც არ ვნანობ,  რომ ყველაფერი მალე დამთავრდება.რადგან ეს  თუნდაც  ახლავე დადგეს, მე ვიცხოვრე ისეთი ხუთი წელი, ორმოცდაათ წელსაც რომ ეყოფა  ადამიანს    სიყვარულად და ემოციად.

    ბოლო დღეებია ძალიან დავსუსტდი  და  ადგომაც მიჭირს.გუშინ დილით, სამსახურში წასვლამდე ვთხოვე ნიკას,ლეპტოპი არ გამორთო და ახლოს მომიტანე, რაღაც უნდა დავწერო მეთქი.მას  ლეპტოპის ეკრანზე მოძრავი    ფონი დაუყენებია  და როცა თვალი გავახილე, ეკრანზე ბრუნავდა სიტყვები

            უ  შ  ე  ნ  ო  დ            მ  ო  ვ  კ  ვ  დ  ე  ბ ი...

  თვალები ამიწყლიანდა.  ღმერთო, თუ უნდა შემყვარებოდა, ცხოვრების დასაწყისში უნდა შემხვედროდა და არა ასე გვიან,
როცა მე ცხოვრებით დაღლილი ქალი ვარ და ის სრულიად ახალგაზრდა...მისთვის ეს პირველი სასოწარკვეთა  იქნება და                      შეიძლება ცხოვრებამ დააბნიოს.  მას დაბადება დააგვიანდა, მე კი მისი არსებობა გვიან გავიგე, მაშინ როცა სიყვარულისა
და  სიცოცხლისათვის ცოტა დრო დამრჩა  და  გული მწყდება,  რომ  მისთვის შვიდფერი და მზის დისკოზე დაკიდებული
ცისარტყელა ვერ დავხატე, რომელშიც მე იისფერი ვიქნებოდი და ის წითელი...
იისფერი ყველაზე მცხუნვარე ფერია, წითელი კი ყველაზე თბილი.
თუმცა  არ ვნანობ, რომ ყინული ვიყავი, რომელიც მისმა  ცეცხლმა გაალღო და ააორთქლა.

                      დამიხატე მზე......................

20 ივლისი, 2013 წელი.


მინაწერი:    დედის დღიურს ( თუ რა დავარქვა ამ ჩანაწერებს) შეულამაზებლად ,  სიტყვასიტყვით ვაქვეყნებ.სამწუხაროდ , შვილებმა არ ვიცოდით  მისი ავადმყოფობის შესახებ, არც მისი უკანასკნელი სიყვარულის შესახებ ვიცოდით რაიმე.  საკვირველია, როგორ ახერხებდა, რომ ჩვენთვის ერთი წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება.
    დედამ მხოლოდ ერთი კვირა იავადმყოფა , ისე რომ გონება არ დაუკარგავს.მას  ანდერძი არ დაუტოვებია.  მისი სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ  კი ნიკას თავი მოუკლავს . თამთასთვის მიწერილ მესიჯში მხოლოდ 
ორი სიტყვა ეწერა:        მივდივარ მარისთან...

დედა და ნიკა ერთმანეთის გვერდით დავკრძალეთ.დედაჩემის  საფლავის  ქვაზე კი, რამდენადაც შესაძლებელი იყო,  უზარმაზარი მზის დისკო დავხატეთ.

დასასრული




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები