ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
26 ოქტომბერი, 2014


სიმდიდრე

სიმდიდრე

(ზღაპარი)

კურდღელმა ყური მოკრა, რომ სიმდიდრე კარგი რამ არის და გადაწყვიტა მის საძებრად წასვლა.გზად დაინახა, კუ ბარდნარში გაჩხერილა და საცოდავად კვნესის მიშველეთო. მივარდა ბაჭია, გადაწია ეკლები და გაანთავისუფლა კუ. გადარჩენილმა ცხოველმა ცოტა სული მოითქვა, მადლობა გადაუხადა და უთხრა, რით შემიძლია გემსახუროო?
კურდღელმა მიუგო: სიმდიდრეს ვეძებ და ხომ ვერ მიმასწავლიდი სად უნდა ვიპოვოო?
კუმ მხრები აიჩეჩა, ეგ რა არის, არც კი გამიგიაო.მე მხოლოდ შემიძლია ვიყო შენი ერთგული მეგობარი და რაშიც გინდა მომიხმარეო.
კარგიო, გაეხარდა კურდღელს, დაუმეგობრდა კუს, დაემშვიდობა და გზა განაგრძო.
ხედავს, ტბის ნაპირას, გველს ბაყაყი დაუჭერია და შეჭმას უპირებს. ბაყაყი კი საზარელი ხმით უხმობს მშველელს.
მივარდა ყურცქვიტა გველთან, წაუჭირა ყელზე მისი პაწია ბრჭყალები და გააგდებინა ბაყაყი.
ყიყინამ შვებით ამოისუთქა მადლობა გადაუხადა კურდღელს გადარჩენისთვის და მანაც მეგობრობა შესთავაზა მშველელს, ხოლო სიმდიდრის შესახებ არაფერი იცოდა.
უცებ მისი სმენა ხავილმა მიიპყრო, რომელიც, ტყის პირთან გამდინარე რუდან აღწევდა. გადაიხედა და რას ჰხედავს, პაწია ზღარბი ხაოდა, რომელი უნებლიეთ ჩავარდნილიყო რუში და პატარა ნაფოტზე შესკუპული, წყალს მიჰქონდა.
კურდღელს შეებრალა ზღარბი, ერთ წამში მოსტეხა ბუჩქს ტოტი, ჩაუდო რუში და დახრჩობას გადაარჩინა. ამ დროს დედა ზღარბიც მოვარდა შეშინებული და გულში ჩაიკრა გალუმპული პირმშო გასათბობად. კურდღელს უღრმესი მადლობა გადაუხადა შვილის გადარჩენისთვის, დაუმეგობრდა და დაჰპირდა, რომ ჭირშიც და ლხინშიც მასთან იქნებოდა. კურდღელმა სიმდიდრე, რომ უხსენა, ზღარბმა არაფრისმეტყველი თვალებით შეხედა. ცხადია, მასაც არა გაეგონა რა სიმდიდრის შესახებ.
ბაჭიამ გზა განაგრძო და ამასობაში ლომის ბუნაგს მიადგა. იფიქრა, ცხოველთ მეფეს დავეკითხები, აბა მის გარდა ვის ეცოდინება რა არის სიმდიდრეო?
ლომმა დინჯად მოისმინა შეკითხვა. წარბები შეჰყარა და კითხვა შეუბრუნა:
რამდენი მეგობარი გყავსო?
კუდღელმა უამბო თავსგადახდენილი ისტორიები და ახალი მეგობრების შესახებ.
ლომს გაეღიმა და კურდღელს მიუგო, ყოჩაღ ბაჭიავ, შენ, სიმდიდრე, უკვე გიპოვიაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები