იაფი ყვავილები
განცხადება: “ვარდები მოაქვთ სასაფლაოდან და ძალიან იაფად ყიდიან...” გადააბიჯა გაზეთის ნაფლეთს და ჩაიარა.…ჩვევად ჰქონდა, ციფრებს და სხვადასხვა მინაწერებს კითხულობდა გზადაგზა. ესეც სხვათაშორის ჩაიკითხა, ჩაეღიმა და დაივიწყა... ყვავილების ბაზარიც არსებობს... იქ სისხამის ნამით იწინწკლება ჰოლანდიური ჰერბერები... ციმციმა ფერები ირევა დახლებზე, დახლებს ზემოდან და ქვეშ... მისი მისვლა არავის გაუგია, ყველას თავისი საქმე ართობდა... უცხოური ყვავილების წინ დადო თავისი ძველი კალათი და პირდაპირ მიწაზე გაშალა კაბა. ჰერბერებით მოვაჭრე გაწიწმატდა... ”მოაშორე შენი გაქუცული ვარდები, ვინ იყიდის? ეგენი ხომ ჩვენში ყოველი ღობის ძირში ხარობსო...” არაფერი გაუგია მის დახშულ ყურებს. კარგა ხანია რაც აღარ ესმოდა... ჰოდა, ეს ახარებდა კიდეც... სიყვარულმა ჩამოიარა ყვავილების დახლთან... —რა მშვენიერია! —ჰო, საუცხოოა ეს უცხოური ჰერბერები! —არა, არა, თეთრ ვარდებზე ვამბობ... —თეთრი ვარდები? — ვითომ გაუკვირდა ჰერბერების გამყიდველს — უამრავი ულამაზესი ყვავილი მაქვს... —არა, თეთრი ვარდები გვირჩევია... სიყვარულმა თეთრი ვარდების მთელი თაიგული აიღო, თავჩაქინდრულ ქალს ფული ფრთხილად ჩაუყარა კაბის კალთაში და გაშორდა სურნელოვან დახლებს. უამრავი თვალი გაჰყვათ თან... ქალი ყველაფერს ჩუმად აკვირდებოდა... ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ყოველ დღე. არ ესმოდა, მაგრამ გუმანი არ ღალატობდა... ჰერბერებით მოვაჭრე დედაბერივით არ გამწყრალა, იცოდა, მისი ვარდები აუცილებლად გაიყიდებოდა. თითქმის ყოველ დღე მოდიოდნენ მასთან და იწყებოდა კამათი: —ეს რა ყვავილებია? რაღაც უცხოა, არა?.. პირველად ვხედავ...ესეც საუცხოოა... —არა... მე თეთრი ვარდები მინდა. —??? დაცარიელდა თუ არა კალათი, მზემ თავზე დააჭირა კიდეც. მცხუნვარე სხივები უფრო აწუხებდა, ვიდრე ვაჭართა ირონიული მზერა. წამოდგა, კაბა ჩამოიფერთხა და წავიდა... —მაწანწალა... —მათხოვარი... —ცოდვილი... —ხმის ამომღებიც არავინ არის, რომ მოაშოროს აქედან? —მაგის დროც მოვა... სულს ამოაძრობენ... —მაგასაც თავისი დარდი აქვს... დაანებეთ თავი, გაყიდოს თავისი ორი ღერი ყვავილი... —გაყიდოს, მაგრამ, თუ გამოიჭირეს... —თუ... კიდევ რა აღარ თქვეს მისი წასვლის შემდეგ. ბევრს არ უყვარდა თეთრი ვარდების გამყიდველი, ზოგი კი თანაგრძნობის თვალით მიაცილებდა დახლებს შორის მიმავალ უსახლკაროს. უკვე საკმაოდ ჩამოცხა დედის საფლავს რომ მიაღწია. იქ ყველაფერი სხვანაირი იყო...უფრო მშვიდი და ლმობიერი და თან არც ერთი მზერა... ...არაფერს უხდებოდა არაფრისფერი... გრილი სიო ესიამოვნა დედაბერს, დაქანცული მიწვა თეთრი ვარდის გაფარჩხული ბუჩქის ძირას და მიაშტერდა, ბევრი ყვავილი აღარც შერჩენოდა, სულ რამოდენიმე თაიგულიც და ყველაფერი დამთავრდებოდა მემრისამდე. თუმცა რა გამოულევდათ აქ მკვდრებს ყვავილებს... ახლა კი ბუჩქი მოიჩრდილა, ბებრულად ამოიხვნეშა, ხარბად შეისუნთქა საამო სურნელი და ბავშვივით მომღიმარს ჩაეძინა. დაესიზმრა,მტვრიან ქუჩაზე მოხუცთან ერთად გადადიოდა. თეთრი ვარდების პატარა თაიგული ეჭირა და გაბუშტული ცხვირი შიგ ჩაეყო. —გზას უყურე, გენაცვალე, მაგ ყვავილებს მერე უყნოსე — ბებიამ მაგრად ჩაავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა ქუჩა. —ბები, დედას თეთრი ვარდები ძალიან უყვარდა. ბები, ავიდეთ რა სასაფლაოზე...წავუღოთ, რა... —ავიდეთ, შვილო... წავუღოთ, დავურგოთ კიდეც, ახლა სწრაფად იარე, არ ჩამომრჩე. დიდხანს ეძინა მშვიდად. არც ის გაუგია ქარი როგორ ამოვარდა და მისი კალათი ნელ-ნელა გადააგორა საფლავებზე. იწვა და იღიმებოდა. ქარს დანებებული თეთრი ვარდები კი ნელ-ნელა იფურცლებოდნენ, ბზრიალით იფანტებოდნენ დედის საფლავზე, ფრთხილად დაშრიალებდნენ დედაბრის დაძონძილ კაბასა და ჭაღარაზე. × × ×
… …კუთხეში მიგდებული გაზეთი ქარმა ააფრიალა და შარაზე გამოაგდო... ერთი ქალი იქვე ბალახებში მოთამაშე ბავშვს შავი სათვალიდან დრო და დრო გაჰყურებდა, თან ნერვიულად იცქირებოდა ბუღადენილი გზისაკენ. მერე ფეხებთა მოფრიალებულ გაზეთს დააშტერდა და ჩაიკითხა: “ფრთხილად იყავით, იაფი ყვავილები შეიძლება სასაფლაოებზე მოკრეფილი მკვდრის ყვავილები აღმოჩნდეს!..”
—ესღა გვაკლდა...ვაი, ჩვენს თავს... ბავშვმა მოირბინა და თეთრი ვარდი გაუწოდა. —დედა, აი, იქ პატარა ყვავილი ვიპოვე . —გადააგდე, ახლავე... დედის კივილმა ბავშვი შეაშინა და აატირა...ყვავილი გაზეთის ნაფლეთზე დაეცა და მტვერმაც მაშინვე შეანაცრისფრა... ქალი აღარ დალოდებია ავტობუსს, ატირებული ბავშვი აიყვანა, გულზე მიიკრა და აუყვა აღმართს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მომეწონა!!! მომეწონა!!!
14. მომეწონა!!! მომეწონა!!!
13. მომეწონა!!! მომეწონა!!!
11. დააა... დამასევდიანა კი არა და უარესი მიქნა... :( დააა... დამასევდიანა კი არა და უარესი მიქნა... :(
10. ეს მახსოვს თე, დამასევდიანა მაშინაც. კარგად წერ! ეს მახსოვს თე, დამასევდიანა მაშინაც. კარგად წერ!
9. :) მომეწონა :) :) მომეწონა :)
8. თეა, გამიხარდა, აქაც რომ მოხვედი! კეთილი იყოს შენი ურაკპარაკზე მოსვლა! მახსოვს ეს მოთხრობა ლიტ.გედან... ლამაზია ძალიან! 10 თეა, გამიხარდა, აქაც რომ მოხვედი! კეთილი იყოს შენი ურაკპარაკზე მოსვლა! მახსოვს ეს მოთხრობა ლიტ.გედან... ლამაზია ძალიან! 10
7. მკვდრებს აღარ უნდათ, ყვავილები მიართვით ცოცხლებს!
:) მკვდრებს აღარ უნდათ, ყვავილები მიართვით ცოცხლებს!
:)
5. ბევრ რამეზე დამაფიქრა:) ბევრ რამეზე დამაფიქრა:)
4. მომეწონე ;) მომეწონე ;)
3. ლიტ.გე ზე მქონდა, ახლა მეც გაგიხსენებ ლიტ.გე ზე მქონდა, ახლა მეც გაგიხსენებ
2. ეს ვიცი,ლიტგეზე გედო თუ დაბეჭდილი იყო სადმე?
ეს ვიცი,ლიტგეზე გედო თუ დაბეჭდილი იყო სადმე?
1. 10. ახალი ყოფილხარ, წაგიკითხავ. 10. ახალი ყოფილხარ, წაგიკითხავ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|