ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ოქტომბერი, 2014


არჩევანი და გადაწყვეტილება

ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანის თავისუფლება, მის მიერ, არჩევანის გაკეთების საშუალებას ეფუძნება.
საინტერესოა რამდენად არის ადამიანის ანატომიური აგებულება ჩართული ამ პროცესში?
აი მე უსაქმურმა აზროვნების მეტაფორული და ასოციაციური უნარი მოვიკრიბე და ერთი ასეთი პატარა აღმოვჩინა გავაკეთე.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ადამიანის ორი ფეხი, იდეაში, მის წინაშე ორ გზას - სწორს და არასწორს, ორი ხელი - ორი არჩევანის არსებობას ნიშნავს; ორი თვალი იმისთვის არის ბოძებული, რომ კარგიც დაინახოს და ცუდიც, ორი ყური - სასარგებლოსა და უსარგებლოს გასარჩევად, ხოლო, ორადვე გაყოფილი ტვინი კი, ზემოთხსენებულთაგან მიღებული იმპულსების შედეგად, ორი, განსხვავებული აზრის ფორმირებას ემსახურება.
ანუ მარტივი დაკვირვებით გამოდის, რომ ადამიანის ძირითადი ორგანოები, რომლებიც ორად არიან გაყოფილნი, მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ემსახურებიან და სწორედ ამიტომაც აქვთ გაორებული თვისება. რადგან, როგორც ცალთვალა, ცალფეხა, ცალხელა, ცალყურა და ცალტვინა ადამიანი არის ხეიბარი და ნაკლოვანი, ისევე არასრულყოფილი იქნებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ერთ სავარაუდო ვარიანტს დაეფუძნებოდა.
ახლა ამ პროცესის შედეგს, ანუ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები და მისი გამომხატველი ორგანოები (კერძოდ კი გული და ენა), სწორედ თავიანთი ერთაზროვანი და განუყოფელი თვისებით ფასდებიან, რამეთუ ორგულობა და ორპირობა იმაზე მეტი ნაკლი და არასრულყოფილებაა ადამიანისა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური ნაკლები და დიდი შოთასი არ იყოს "ხორცსაც ავნებს და სულსაც".
ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მანამდე გაორებული გზები, გრძნობები, აზრები, ფოკუსები ერთდებიან, ერთიანდებიან და შედეგად ფეხები ერთი მიმართულებით დადიან, ხელები ერთ საქმეს აკეთებენ, თვალები ერთი მიმართულებით იმზირებიან და ყურებიც ერთს ისმენენ...
P.S. ყოველთვის სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას გისურვებთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები