ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2014


***

###

ის კი არ გამიკვირდა,
დღეს ქუჩაში კაცი
თავის თავს რომ ეჩხუბებოდა,
არამედ ის,
თვითონვე რომ უწევდა გაშველება
და ვინ იცის შერიგებაც...


###

რა მნიშვნელობა აქვს
რა მიგაქვს,
დარდი თუ სიხარული,
მთავარია მიდიხარ,
არ ჩერდები,
სხვებთან ერთად აბრუნებ დედამიწას.

###

როცა
საკუთარ თავს გაურბიხარ,
ზუსტად მაგ დროს შეეფეთები სხვას შენაირს...
რა იქნებოდა,
თვალის ფერით დამმსგავსებოდი
და არა ხასიათით.

###

თუკი,
არაფერი იკარგება
ამ სამყაროში,
მაშინ,
სად მიდის
ჩამქრალი ვარსკვლავების
სინათლე?

###

თუკი ოდესმე,
გადავწყვიტავ თავი მოვიკლა,
სიკვდილის წინ,
აუცილებლად შევარჩევ რიცხვს
და თვლას დავიწყებ
ამ რიცხვამდე.
ხო შეიძლება, ისეც მოხდეს,
ამ თვლის პროცესში,
ვინმე მოვიდეს,
მეგობრულად მოგკიდოს ხელი
და სიცოცხლისკენ შემოგაბრუნოს?!


###

ხანდახან ასეც არის,-
ზიხარ და იღლები,
დგახარ და ისვენებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები