 | ავტორი: დიდი ძმა ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2014 |
ერთი მოქალაქო პროვინციის მივარდნილ უბანში მდებარე, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სახლი (რომელიც არც მდიდრული იყო, არც ღარიბული, არც დიდი, არც პატარა, არც ძველი, არც ახალი), ერთ უღრუბლო დღეს გაცხოველებული ადგილობრივი ინტერესის საგნად იქცა, მისი სიღრმეებიდან გამომავალი აგრესიული და ბილწი სიტყვებისა თუ მსხვრევა-მტვრევის ხმათა გამო. ცნობისმოყვარეობისაგან აფორიაქებული, გონებადახშული მეზობლები აბა როგორ მიხვდებოდნენ, რომ ამ მოვლენის მიზეზი პატრიარქალური დაპირისპირება იყო, რომელსაც, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, არა ერთი ოჯახის საძირკველი სახიფათოდ შეურყევია. სახლი, როგორც ითქვა, არც დიდი იყო, არც პატარა, მაგრამ მასში დაბუდებული ოჯახის მოთხოვნილებებს პირწმინდად აკმაყოფილებდა. ოჯახი კი რისი ოჯახია უფროსის გარეშე, ხოლო ეს ტიტული (ტრადიციულად) მორგებული ჰქონდა ყველაზე მხცოვან წევრსა და გენეალოგიური ხის თესლს - გივი ბაბუას. გივი ბაბუა მტკიცედ იყო მოკალათებული ოჯახობის სამეფო ტახტზე, საოჯახო მეურნეობასა და ეკონომიკას საკუთარი, რკინის ხელით ერთპიროვნულად წარმართავდა და თუ ზოგჯერ პირს აიმყრალბდა (რაშიც უბადლო ოსტატი გახლდათ), მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის შეეხსენებინა, საკუთარი თავისთვის კი კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა აბსოლუტური ტირანიის უცვლელობა. მრავალი წლის განმავლობაში სახლშიდა კლიმატი სტაბილურად უცვლელი იყო - გივი ბაბუა, ერთგული ჯოხით, კმაყოფილი დახაკუნობდა საკუთარ ეზოში, როგორც ღვაწლმოსილი მონარქი საკუთარ სამფლობელოში; ზეზეურად იძლეოდა შენიშნვებს, რომლებიც დაუყოვნებლუვ უნდა გამოსწორებულიყო (‘ეს ხე მოსაჭრელია; კარი ჭრიალებს; კიბის საფეხურები გასამაგრებელია.’), მორჩილი მემკვიდრეებიც არასოდეს აღალატებდნენ და საკუთარი სტატუსით გაამაყებული საშინაო ტირანი საღამოობით ამაყად წამოიჭიმებოდა ეზოში მდგარ ხის ჯორკოზე (რომელიც მისი და მხოლოდ მისი უცვლელი ნავთსაყუდარი იყო) საიდანაც სიმკაცრით შენიღბული კმაყოფილებით ადევნებდა თვალს სახლეულის საქმიან ფუსფუსს. რა დასამალია (აშკარაც კია), პატივმოყვარე იყო და ასაკისაგან გაპირქუშებულსა და გამკაცრებულს ისე არაფერი სიამოვნებდა, როგორც მისკენ მიმართული რიდი და პატივისცემა, შიშის ელფერი რომ დაჰკრავდა ისეთი. გივი ბაბუას ლმობიერებაც შეეძლო - ხანდახან, ახლოს მყოფ, თამაშში გართულ შვილიშვილთაგანს ისე ნოსტალგიურად გადაუსვამდა თავზე ხელს, რომ ამის მნახველში კიდევ უფრო მეტ კრძალვასა და რიდს აღძრავდა. ოთხი სიტყვით - საქმე საათივით ჰქონდა აწყობილი. როცა ძილს მოისურვილებდა, სხვებიც დასაძინებლად აიშლებოდნენ; როცა განსაკუთრებით კარგ ხასიათზე მყოფი (იყო ასეთი დღეებიც), თავისი ხრწნაშეპარული ჭკუით, რამეს გაიხუმრებდა, გარშემო ყველა რიდით გაიცინებდა, თუნდაც სულ ვერ გაეგოთ რა ჩაიდუდღუნა (ტონზე ატყობდნენ ხუმრობას). შიგადაშიგ, რაიმეთი უკმაყოფილო, არცთუ ისე ნორჩ მემკვიდრეებს მსუბუქად ჩასცხებდა, ჩააზელდა ან წაუთაქებდა ხოლმე (დანაშაულის სიმძიმისდა მიხედვით). სამი სიტყვით - ყველაფერი კარგად მიდიოდა. მემკვიდრე ორი ჰყავდა: უფროსი - გიგა და უმცროსი - გოგა (სახელების შერჩევისას დიდად არ გაუღიზიანებია ფანტაზია). უფროსი სამსახურიდან საღამოობით ბრუნდებოდა, ცოლთან ერთად (წვრილ-წვრილ ვაჭრობებს მისდევდნენ). შვილებისადმი, მამამისივით, დიდი სითბოთი არ გამოირჩეოდა, უფრო პირიქით, მაგრამ აქაც პირველობას მამას უთმობდა, რომელიც ნორჩი თაობისთვისაც უპირველესი ავტორიტეტი იყო. უმცროსი, ცოლშვილითურთ, ძირითადად სახლში იყო, საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა (ან, უფრო სწორად, ამ მეურნეობის უღელში შებმული ხარი გახლდათ, რომელსაც მამა ჰკარნახობდა მიმართულებას). ამუშავებდა პატარა, მაგრამ ნაყოფიერ მიწის ნაკვეთს, იღებდა მცირე, მაგრამ გემრიელ მოსავალს და ა.შ. მაგრამ, თეთრწვეროსან-ცეროსანი გივი ბაბუას მიერ შექმნილი სისტემა, თუმცაღა გარედან იდეალური ჩანდა, სინამდვილეში არც ასე მარტივად იყო საქმე. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც უფროსი მემკვიდრე (გიგა) ორმოცი წლის გახდა, ოჯახის უფროსი კი წარმატებით გადასცდა სამოცდაათ წელს. ამ პერიოდისთვის, სანაქებოდ უცვლელ კლიმატში მოულოდნელად სახიფათოდ ცივმა ქარმა დაჰბერა. ამგვარი ცვლილება, გამოცდილ დესპოტს, რაღა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდა - მოულოდნელობისგან შეცბა და, რაც მართალია, მართალია, ცოტათი შეშინდა კიდეც და დიდად შეფიქრიანდა. მზიანი კვირა-დღე იყო, მთელი ოჯახი სახლში ისვენებდა. გივი ბაბუამ სახლის შემოვლითი, ჩვეული მარშრუტები რა განახორციელა და რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა (1.საპირფარეშოს სახურავი იყო შესაკეთებელი; 2.ბოსელი გასაწმენდი.), გადაწყვიტა, მოკლე განკარგულებები გაეცა. ასეც მოიქცა - პირველივე მემკვიდრეს, რომელიც თვალში მოხვდა (გიგას) მოკლედ მიუგდო დავალება და თავად სასტუმრო ოთახში მდგარი, ამოჩემებული ტახტისაკენ უშფოთველად დაიძრა, რომელშიც (ტრადიციულად) ჩაეძინა კიდეც შუა დღის საამო ძილით. გამოღვიძებისას გადაწყვიტა, სადილამდე შეემოწმებინა, როგორ შესრულდა მისი განკარგულებები. მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ დავალება არათუ არ შესრულებულიყო, შესრულების პროცესშიც არ გახლდათ. გულმა (მრავალი წლის განმავლობაში პირველად) რეჩხი უყო. გაბრაზებულზე მეტად გაკვირვებული გაემართა გიგას დასაკითხად და იპოვა კიდეც - აივნის ჩრდილში, დასაკეც საწოლზე წამოწოლილს განცხრომით მიელულა თვალები. გივი ბაბუა ერთხანს შეფიქრიანდა, რომელი მეთოდის გამოყენებით გამოეფხიზლებინა შვილი - უბრალო დაძახებით, შეყვირებით, მხარზე ხელის დაკვრით თუ წამოთაქებით. ბოლოს გადაწყვიტა, საქმეში ხელჯოხი ჩაერთო და ხანმოკლე დამიზნების შემდეგ გამოზომილად ჩასცხო თავში. გიგა დაფეთებული წამოჯდა და ერთობ სულელურ პოზაში, ერთობ სულელურად შეაცქერდა მამას, გაკვირვებული და ცოტათი შეშფოთებულიც. -ხომ არ გაგაღვიძე, შვილო? - ირონიული მზრუნველობით (მაგრამ ისე კი, რომ მისი ასაკისათვის დამახასიათებელი სიდინჯე არ დაუკარგავს) დაეკითხა გივი ბაბუა. და აქ, მოულოდნელად, გაკვირვებაჩამდგარ თვალებში სიბრაზე ელვასავით გაკრთა. მოხუცი შეცბა და მეტი ყურადღებით დააკვირდა შვილის მოღრუბლულ სახეს. ერთხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. საბოლოოდ უხუცესმა მაინც გადაწყვიტა, ავბედითი ნიშნებისთვის ყურადღება არ მიექცია და ჩვეული კალაპოტიდან ამოუვარდნელად განაგრძო: -წადი ახლა და გააკეთე, რაც გითხარი. -გავაკეთებ. - თქვა გიგამ და თვალების სრესას მოჰყვა. გივი ბაბუა თუმცაღა კინაღამ ბრაზისაგან აალდა, მაინც შეიკავა თავი და მშვიდად თქვა: -წადი. შვილი ისევ შეაცქერდა, ერთხანს უყურა და მალე წამოდგა, ნელა გაემართა სარესტავრაციო ობიექტებისაკენ და უცებ, ჰოი საოცრებავ, გივი ბაბუას თითქოს ბილწი გინება შემოესმა! ერთხანს გახევებული კი იდგა და მიმავალს გასცქეროდა, მაგრამ იმჯერადაც ერთობ ჩახლართული ფიქრითი პროცესის შემდეგ შეძლო, ‘თითქოს’-ს მოჰბღაუჭებოდა და ეს მოვლენა საკუთარი, ასაკისაგან დაქვეითებული სმენისა და ეჭვიანი გონებისათვის მიეწერა. თუმცა, ამის შემდეგ ხასიათი საბოლოოდ წაუხდა. ორი სიტყვით - ყველაფერი გართულდა. გიგასთვის (გოგაზე რომ არაფერი ვთქვათ) ურჩობის ნიშნები მანამდე არასოდეს შეუმჩნევია. ამ მოვლენას წინ მხოლოდ ერთი, უმნიშვნელო, მშვიდობიანი შეპასუხება უძღოდა: რამდენიმე დღის წინ, როცა სახლის შიდა ინტერიერზე და მასში სამომავლოდ შესატან კორექტივებზე ჩამოვარდა სიტყვა, გიგამ ერთ-ერთი ოთახის გამყოფი კედელი ამოიღო სამიზნეში და გამოთქვა მოსაზრება ამ კედლის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. მამა მიზეზით დაინტერესდა და საკმაოდ არგუმენტირებული, პრაქტიკული პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ პროექტს მაინც ვეტო დაადო, რადგან სულაც არ ეჭაშნიკა უფროსი შვილის საზრიანობა მამის აბსოლუტური კომპეტენციის სფეროში. მაშინ გიგამ თქვა: -როგორც გინდა, მამა, მაგრამ როცა მე ვიქნები აქ უფროსი, იმ კედელს მოვსპობ. ეს განცხადება გივი ბაბუას სულაც არ მიუჩნევია დაფიქრების საბაბად ანაც სახიფათო ელემენტად, მაგრამ ახლა კი წამოუტივტივდა მეხსიერებაში და ხასიათი კიდევ უფრო წაუხდა. შინაგანად, ჩუმად მძვინვარებდა, იცოდა - თუ ამ ფიქრებს გააჟღერებდა, ამით საკუთარ ავტორიტეტს თავადვე მიაყენებდა ჩრდილს. კაცმა რომ თქვას, რა ისეთი სახიფათო პრობლემა ეს იყო? შვილები იზრდებიან, ბუნების კანონია ეს და იცვლებიან კიდეც. გიგამ სიბრაზე რომ გამოხატა და პირველობის პერსპექტივებს ნაადრევად წაეპოტინა, არც ეს იყო გასაკვირი - ბოლოსდაბოლოს, უფროსი მემკვიდრეა და, ადრე თუ გვიან, სწორედ ის ჩაუდგება ოჯახს სათავეში. ამ, ერთი შეხედვით, ლოგიკური ჯაჭვით მტკიცედ შეკრული მსჯელობის მიუხედავად, მოხუცი გარკვევით გრძნობდა, როგორ უღრღნიდა გულს საიდანღაც შემოპარული იჭვის ჭია. ასეა თუ ისე, ამის შემდეგ გივი ბაბუა უკვე შეფიქრიანებული დახაკუნობდა სამფლობელოში, ზოგჯერ ჩუმად აკვირდებოდა უფროსი შვილის ქცევას, მაგრამ ის უჩვეულოს არაფერს აკეთებდა, თითქოს ყველაფერი ძველებურად დარჩა - რიდსა და პატივისცემას ძღვნად წინანდებური დოზით იღებდა, ერთი ეს იყო: საკუთარ თავს შეატყო ცვლილება - ცდილობდა, გიგასთვის თავი აერიდებინა, როცა დავალება უნდა გაეცა, გოგას მოძებნიდა, ძმები ერთად თუ იყვნენ, მხოლოდ გოგას შეხედავდა თვალებში (წამორტყმებსა და წამოთაქებებზეც ხელი აიღო). ამ ცვლილებამ გააკვირვა და მიზეზებს დაუწყო ჩხრეკა, მაგრამ მალე ისეთი სამარცხვინო პასუხი იპოვა, სიბრაზისაგან წამოწითლდა - მთავარი მიზეზი შიში იყო, მაგრამ არა ამ სიტყვის კლასიკური შინაარსით, გივი ბაბუას შიში თავის თავში ერთობ ჩახლართულ გრძნობათა რაციონს მოიცავდა. ამ მიზეზს რა წააწყდა, გულანთებულმა გივი ბაბუამ უფროს შვილთან არსებული სტატუს კვო ერთი ხელი მოსმით უარყო. თუ აქამდე თავსა და თვალს არიდებდა, ახლა გაორმაგებული ყურადღების ცენტრში მოაქცია. საკუთარ თავზე გაბრაზებული, შეეცადა, ერთხელ და სამუდამოდ გამოეცადა მისი ეჭვების მართებულობა და საფუძვლიანობა, რათა ბოლო მოჰღებოდა გაურკვევლობას, რომელიც ოჯახის ერთპიროვნული საჭეთმპყრობლისათვის უფროდაუფრო მტანჯველი ხდებოდა. ამ გადაწყვეტილებით გამხნევებულმა, გიგას სიმკაცრის უპრეცედენტოდ მძლავრი ჭავლი მიუშვირა - მის გასაკიცხ მიზეზებს თითიდან გამოსწოვდა ხოლმე, გინებასაც არ ერიდებოდა და მძიმე დავალებების მიცემითაც მოსვენებას არ აძლევდა. მაგრამ გიგა ამ ყველაფერს მარტვილის მოთმინებით დიდხანს იტანდა და ბოლოს, გულმომლბალმა მამამ, რომელიც გახარებულიც იყო, რადგან გამოცდა მისთვის სასურველი შედეგით დამთავრდა, ყველაფერი საკუთარ ეჭვიან გონებას გადააბრალა და შვილზე ხელი შეამსუბუქა. თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტს ჩაუბრუნდა, საავდროდ მოღრუბლული ცა კვლავ გადაიწმინდა. გივი ბაბუა ძველებურად გაამაყდა, ხის ჯორკოზეც წინანდებური, მეფური პოზით ჯდებოდა, თვითრწმენადაბრუნებულმა კიდევ უფრო დააფასა საკუთარი მდგომარეობა და ცოტათი გალმობიერდა კიდეც - ნაკლებ შენიშნვებს იძლეოდა, უფრო ხშირად (მაგრამ წინანდებურად გაუგებრად) ხუმრობდა ხოლმე... მაგრამ, აი, ამ მოწმენდილ ცაზე მეხი სულ შლიგინ-შლიგინით გავარდა. ამჯერად სწორედ ის კვირა-უღრუბლო-დღე იდგა, განგებამ ფინალური პატრიარქალური ორთაბრძოლის სისხლიან არენად რომ აქცია. დილის სუსხისაგან ცოტათი ხასიათგაფუჭებულმა გივი ბაბუამ, ზომაზე ცოტათი უხეშად უბრძანა გიგას (რომელიც კიბის საფეხურზე იჯდა და თოხის ტარს ამაგრებდა) წყალი მომიტანეო. -ახლავე, მოვრჩები და... -მომიტანე-მეთქი, მე შენი დედა... - შეუკურთხა გაღიზიანებულმა მამამ და ავი წინათგრძნობა დაეუფლა, თითქოს რაღაც უადგილო თქვა. გიგამ ტარი დემონსტრაციულად მიაგდო და მიმავალმა იმჯერად ისე ხმამაღლა შეიგინა, წაყრუება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა. -ვის აგინებ, მე შენი დედა..? - ასაკის კვალობაზე საკმაოდ მკვირცხლად წამოეწია აალებული ბერიკაცი. შვილი ცოტათი შემკრთალი კი შემობრუნდა, მაგრამ მაინც უტიფრად გაუსწორა თვალი და უტიფრადვე უპასუხა: -ვისაც საჭიროა. და ბრაზისაგან სახედამანჭულმა გივი ბაბუამ ერთგული ჯოხი რომ შვილის თავს მთელი ძალით მოუქნია, იმან თავდაცვისათვის რეფლექსურად ხელი ასწია და მოკლე ჭახანი რა გაისმა, რასაც გიგას არაადამიანური ღრიალი მოჰყვა, მამას მეორე ხელი მარცხენა თვალში ხეთქა. გონება არ დაუკარგავს, მაგრამ მტკივნეულად კი გაიშხლართა ძირს, დარეტიანებული სწორად ვეღარც კი აღიქვამდა რა ამბავი ტრიალებდა მის გარშემო - ხედავდა, როგორ მოცვივდნენ დაგვიანებული გამშველებლები, ყველანი გიგას შემოეხვივნენ, ამშვიდებდნენ, შინისაკენ ექაჩებოდნენ; ესმოდა როგორ ბღაოდა გიგა: -ხელი მომტეხა! ხელი მომტეხა მე მაგის... შემდეგ მტვრევისა და ჭახანის ხმაც მოესმა - გამწარებული შვილი, რაც საღ ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს კედელს ანარცხებდა. წამოდგომაში არავინ მიშველებია, თვითონ წამოიმართა, ბარბაც-ბარბაცით მიატანა ხის ჯორკომდე და არცთუ ისე მეფურად ჩამოჯდა. თავში დიდი ქაოსი ედგა, ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა, გაკვირვებული ბავშვივით აფახულებდა თვალებს - ‘რა.. რა მოხდა?’ - დაუსრულებლად ეკითხებოდა საკუთარ თავს. დიდი ხანი იჯდა ასე და სულ სხვა რაღაცით გაოცებულს, არ შეეძლო ის გაჰკვირვებოდა, რატომ არ გამოდიოდა ვინმე ეზოში, რატომ მას არ ეკითხებოდნენ არაფერს. ცოტა ხანში სახლში თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, აღარც მტვრევა ისმოდა, აღარც გინება, მაგრამ ყველა შიგნით შეიკეტა - ბავშვები რაა, ბავშვებიც არ გამოსულან. გაურკვევლობა მოხუცის თავშიც და მის გარშემოც დიდხანს გრძელდებოდა და მისთვის შეუმჩნევლად მოსაღამოვდა კიდეც. შემდეგ, პოზა და გამომეტყველებაუცვლელს ნაბიჯების ხმა შემოესმა, ოღონდ ჭიშკრის გარეთ. მიიხედა, ერთი ხნიერი მეზობელი იყო, ისიც თეთრწვერა. მოუახლოვდა ჭიშკარს და დაბალ ღობეს წვალებით ჩამოეყრდნო, ერთხანს უაზროდ უცქეროდნენ ერთმანეთს (გივი ბაბუა კვლავ გაკვირვებული აფახულებდა თვალებს), მერე კი იმან თითქოს ჩაიღიმილა, გაიმართა და მზრუნველობაში ცუდად დამალული სარკაზმით ჰკითხა: -რა მოგივიდა, გივი-ბატონო თვალზე? იცისო, გაიფიქრა გივიმ და თვალი ერთბაშად აეწვა, თითქოს ტკივილი შეახსენეს. არ უპასუხია, სვენებით წამოიმართა, ნელა აიარა კიბე, საძინებელში ჩუმად შევიდა და დაწვა. იმ დღეს არავის შეუღია მისი ოთახის კარი, არც საჭმელი შეუთავაზებია ვინმეს, აი, მეორე დღეს კი, როცა გაღვიძება ძალიან დააგვიანდა, ერთ-ერთმა რძალმა არცთუ ისე ფრთხილად შეაღო აქამდე რიდის აღმძვრელი კარი და საწოლში უაზროდ თვალგაშტერებული გივი ბაბუა დახვდა, აღარ სუნთქავდა. ერთი სიტყვით - მოკვდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგად აზროვნებს ავტორი! .ნაწარმოების შინაარსის მხრივ გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ. კარგად აზროვნებს ავტორი! .ნაწარმოების შინაარსის მხრივ გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ.
1. შთამბეჭდავია..კარგად გააზრებული და კარგად მოტანილი მკითხველამდე ... სისტემის თუ ტრადიციის , ეს ჩვენი პრობლემა... მაგრამ მგონია რომ ეს პრობლემა კაი ხანია უკან დარჩა, შეიძლება ვცდები და ახლაც ასეა....რავი მე სულ შვილებისგან გაუბედურებული და უსახლკაროდ დარჩენილი მშობლები მხვდებიან...ანდა ესაც იმ პირველი პრობლემიდან გამომდი არე ხდება...მოკლედ ასეათუ ისეა, მე ძალიან მომწონს ეს ავტორი...:-* 5 შთამბეჭდავია..კარგად გააზრებული და კარგად მოტანილი მკითხველამდე ... სისტემის თუ ტრადიციის , ეს ჩვენი პრობლემა... მაგრამ მგონია რომ ეს პრობლემა კაი ხანია უკან დარჩა, შეიძლება ვცდები და ახლაც ასეა....რავი მე სულ შვილებისგან გაუბედურებული და უსახლკაროდ დარჩენილი მშობლები მხვდებიან...ანდა ესაც იმ პირველი პრობლემიდან გამომდი არე ხდება...მოკლედ ასეათუ ისეა, მე ძალიან მომწონს ეს ავტორი...:-* 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|