ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიდი ძმა
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2014


ექსპერიმენტი

ერთი პატარა ექსპერიმენტის შემდეგ, რომელიც თითქოს მე მოვაწყვე, მაგრამ სინამდვილეში მეც თავს დამატყდა, სიზარმაცეა თუ უაზრობა ჩემს არსებაში, ამის გარკვევაც მიჭირს თუ არ შემიძლია. უმეტესწილად უმოქმედოდ ვარ და ვაანალიზებ იმას, რაც გადამხდა.
დღესაც ვნახე ჩემი ექსპერიმენტის მონაწილე თუ მსხვერპლი, დღესაც თავი ამარიდა. ალბათ კი არა, იმიტომ მომეწონა, რომ მაღალია, სწორ-გრძელფეხებ-კისერა, სახეც ლამაზი, თეთრი და მრგვალი, ნიკაპისაკენ ოდნავ წვეტიანი აქვს, ტანიც შესანიშნავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი ყურებისას ექსპერიმენტამდე ბინძური აზრები მომდიოდა თავში, რაც, ალბათ, არ იყო მაინცდამაინც სწორი და შეიძლება, ვიფიქროთ, რა კავშირი აქვს სიყვარულს ბინძურ აზრებთან, ან პირიქით (ეს მანამ სანამ საქმე საქმეზე მიდგება, აი, მაშინ კი იკვეთება კავშირი), ამიტომ, ვფიქრობ ეს არც არასოდეს იყო სიყვარული თავისი მოკლე არსებობის განმავლობაში, და საერთოდ, მიხარია, რომ სიყვარული როგორც იქნა მოვიშორე. მხოლოდ პროფესიონალური მოწონება, რომელიც ცივ გონებასა და მახვილ თვალზეა დამოკიდებული - დუნდულები მკვრივად და მრგვლად იკვეთება ჯინსებში? თუ პასუხი დადებითია, ერთი ქულა მოწონების სასარგებლოდ... ასე, ეტაპობრივად უკანასკნელ ნაკვთ-ნაწილამდე და მერე დააჯამებ, თუმცა ეს საკმაოდ სწრაფად ხდება, მე, მაგალითად, უმეტეს შემთხვევაში პირველივე შეხედვისთანავე ვხვდები მომწონს თუ არა, უკვე პროფესიონალი დეგუსტატორი ვარ. სიყვარული, წარმოთქმისასაც კი მიამიტურად ჟღერს, ძირს გრძნობები და რომანტიზმი! მე არ მიყვარს სიყვარული, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს და შერიგების შანსები საკმაოდ დაბალია, სიყვარული ხალხმა დაასახიჩრა, ამდენი ლექსი, რომანი და საპნის ოპერა ვის ან რას არ დაასახიჩრებს, ამდენი სულელური ცრემლი და უაზროდ სათუთი აღფრთოვანებითი სიტყვა, დაღვრილ-დახარჯული ზემოთ ჩამოთვლილ დამსახიჩრებლებზე.
მოკლედ, ექსპერიმენტის ობიექტზე ფიქრს რომ დავუბრუნდე, ვიტყვი, მოწონებას თანდათან მიზრდიდა ის ფაქტი, რომ სტუდენტი გოგოებისათვის დამახასიათებელი გამაბეზრებელი აქტიურობებით არ გამოირჩეოდა, პირიქით, ჩუმი და მშვიდი იყო, როგორც შევატყვე. ამას დამატებული არც იმ გოგოებს ჰგავდა ცალტვინა ორეულებთან ერთად კისკისით რომ დაბარბაცობენ ქუჩებში, ეს მარტო იყო, რამდენჯერაც ვნახე და უცნაურია, მაგრამ ბევრჯრ ვნახე ექსპერიმენტის შემდეგ, იმდენად ბევრჯერ, რომ დავფიქრდი, იქნებ განგება ნიშანს მაძლევს-მეთქი, სხვადასხვა ლექციებზე აუდიტორიას თვალს რომ მოვავლებდი ჭაობში ამოსული იასამანივით იყო, ან სადმე, გზაზე მოვკრავდი თვალს, ის, რა თქმა უნდა, ისე იქცეოდა, თითქოს არც ვარსებობდი. განგება შეიძლება დამცინოდა კიდეც. პირველად ერთ ლექციაზე აღმოვჩნდით ერთ აუდიტორიაში, მაშინ მომეწონა პირველად (ეს სულაც არაა ტავტოლოგია). მერე ვფიქრობდი, გეგმას ვადგენდი, როგორ გამეცნო, როგორ გამოვლაპარაკებოდი, მიხაროდა რომ სულ მარტო იჯდა. დავაკვირდი რომ ლექციაზე აგვიანებდა და აუდიტორიის ბოლოში ჯდებოდა, მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ავდექი და ბოლოში დავჯექი, თან ისე, რომ ჩემი გვერდითა ადგილი ცარიელად შემოვინახე, ჰოდა რაღა დამრჩენოდა, ლოდინი დავიწყე, გული გამალებით მიცემდა, გამალებით წარმოვიდგენდი მის ლამაზ ფეხებს, ტანს, სახეს (სწორედ ამ თანმიმდევრობით). მალე შემოვიდა კიდეც და სწორედ ჩემკენ გამოემართა, გულმა რამდენჯერმე მიყო რეჩხი, მშვიდად ჩამოჯდა ჩემ გვერდით. ლექტორი თავისას უბერავდა, უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი, ასეც ვქენი:
-საზოგადოებრივი გეოგრაფია აირჩიე პროფესიად? - ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის ლექციას ვესწრებოდით (თითქოს საზოგადოებას გეოგრაფია ჰქონდეს), თან მოთავაზიანო ღიმილი მივაყოლე.
შემომხედა, გამიღიმა:
-არა, ჟურნალისტიკა.
არადა ვიფიქრე, ჟურნალისტიკა ექნება არჩეული-მეთქი, რომ გამომეცნო ხომ უკეთეს შთაბეჭდილებას მოვახდენდი. ახლა რაღა ვთქვა? იქნებ ვუშლი ადამიანს ლექციის მოსმენაში ხელს. სხეული ამიწიოკდა, თითქოს უხილავი ცეცხლი წამეკიდა, მტკივნეულად ვიწვოდი, სიმწრისგან აცრემლებული თვალები დავხუჭე და უცებ ვიგრძენი როგორ შემომეპარა სიძულვილი, ალბათ იგრძნო მისი ანტი-ვირუსი დიდი ხნის წინ რომ განვდევნე და ლაღად გაშალა ფრთები: შეხედე რა დღეში ხარო, მითხრა, რა საცოდავად ცდილობ რომ თავი მოაწონო ვიღაცას, გული როგორ გამალებით გიცემს და ხელის გულები რა სწრაფად გიოფლიანდება, წარმოთქმამდე კი რამდენჯერ სწონი სათქმელსო. საცოდავი ხარ და იმას ადიდებ, რასაც ვითომ გმობო. არავინ მიყვარს, ეს პროფესიული მოწონებაა-მეთქი, შევეპასუხე. სიძულვილმა სიძულვილით ჩაიცინა და აგდებით გაიმეორა: პროფესიული მოწონება! შენ მორიგი საცოდავი მონა ხარ დატყვევებული დუნდულების იდეალური ფორმით, რომელსაც ამ გრძელი და სწორი ფეხების მხრებზე შემოგდება უნდა, იქცევი კი ისე, თითქოს რომეო იყო და ჯულიეტას აბამდე! მე უჩინარი თავი ჩავქინდრე, სიძულვილი მართალი იყო. შეპასუხება მაინც ვცადე, მაგრამ ამ დროს გამბედაობა გამოჩნდა, სიძულვილს მხარზე ხელი მოუთათუნა და მომმართა: უნდა თქვა ყველაფერი რასაც ნამდვილად გრძნობ, მეორე ვარიანტი მხოლოდ ლაჩრობაა, ან გააგრძელებ პირფერობას და ამ ნიმფას თავს მოაჩვენებ, რომ აღფრთოვანებული ხარ მისით, რისთვისაც მოგიწევს მხოლოდ დაბეჭდილ-დაკანონებული სიტყვებით მკაცრად ცენზურირებული წინადადების თქმა, რომელსაც ბევრჯერ ასწონი და თითოეული აწოვნისას საკუთარ თავს დარჩენილ ნამუსს ახდი, ან მომიკრებ მე და ეტყვი იმას, რასაც ფიქრობ. არ შეიძლება გრძნობა მახინჯი იყოს, შეიძლება ის უცნაური ან უჩვეულო იყოს, ხოლო მახინჯდება მხოლოდ მაშინ, როცა პლასტიკური ოპერაციებით ცდილობ მათ შეცვლას, მხოლოდ ხელოვნური გრძნობაა მახინჯი! ...ამ ყველაფრის წარმოდგენისას მე შევძრწუნდი და მივხვდი, რომ შეძრწუნებაც მოსულიყო ამ უცნაურ კრებაზე, მან თქვა: მისი რეაქცია იქნება ბუნებრივად საშინელი, შენ მასზე ფიქრობ, როგორც პორნოკადრზე ღამის ფილმიდან, რომელზეც მოზარდობისას მასტურბირებდი, წარმოიდგინე, რას იფიქრებს შენზე... აქ გამბედაობამ გააწყვეტინა: იფიქრებს რომ არ გავხარ იმათ, ვინც ამ ყველაფერს ფიქრობენ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ მარჯვენა ხელს უზიარებენ აბაზანაში! სიძულვილმა კი დაამატა: მთავარია, ორივენი მიხვდებით, რომ ლამაზ გრძნობები ტყუილის გარეშე არ იქმნება. ტყუილისა და ინფორმაციული დეფიციტის გარეშე. ...მე დროებით დავტოვე კრება და გოგოს გავხედე, რომელიც ცოტა ხანში ინანებდა, რომ გვერდით მომიჯდა, ის უინტერესოდ უსმენდა ლექციას და, ალბათ თვითონ მსურდა ასე ყოფილიყო, მაგრამ, შევატყვე, რომ ელოდებოდა ჩემს შემდეგ ნაბიჯს.
დავუბრუნდი კრებას, რომელიც თავისი ყოფნით მოწყენილობასაც გაემდიდრებინა, მომკრა თუ არა თვალი, მომახალა: ახალი განცდა, ახალი ემოცია, ახალი რეაქცია - და ეს ყველაფერი მხოლოდ სიმართლის თქმისთვის, სხვათა შორის, სიმართლეც მომხრეა, რომ ყველაფერი პირდაპირ თქვა. თვითონ სადაა-მეთქი, ვიკითხე. ისე იშვიათად იყენებ, კუნთები გაუქრა და ხმის ამოღებას ძლივს ახერხებსო, მიპასუხა გამბედაობამ. ...ახლა რომ ვფიქრობ, მეჩვენება რომ სწორედ ეს სიტყვები იქცნენ გარდატეხის წერტილად... სწრაფად დავტოვე კრება (გამბედაობამ რამდენჯერმე მომაძახა: არ იფიქრო, თქვი! არ იფიქრო, თქვი!..), კვლავ შევხედე გოგოს, მივხვდი, რომ უნებლიე ექსპერიმენტი იწყებოდა, შემდეგ, ისე როგორც მირჩიეს, ბევრი არ მიფიქრია, მკლავზე ხელი მოვკიდე, მოვახედე (თვალებში გაკვირვება ჩაუდგა), ახლოს მივიწიე და თითქმის ჩურჩულით დავიწყე:
-მომისმინე და არ შემაწყვეტინო, ახლა რასაც გეტყვი, უცნაური და გიჟურიც კი იქნება შენთვის, იმიტომ რომ ეს ყოველდღე არ გესმის და შეიძლება არც არასდროს გაიგო... რამდენი წლის ხარ?
-ოცის...
-რა გქვია?
-...ნინო
-ნინო, იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ? ნუ იღიმი, ეს კომპლიმენტი არაა, იმდენად ლამაზი ხარ, რომ შენი ყურებისას ერექცია მეწყება, იცი რა არის ერექცია?
-...
-წესით უნდა იცოდე, რისგან იტანჯებიან შენი შემყურე ნატურალები, ეს იმის მაუწყებელია, რომ ადამიანს შენთან სექსი უნდა. რატომ შეცბუნდი? რა არის აქ არაჩვეულებრივი? უარესი იქნებოდა, მეთქვა, შენი გაჟიმვა უნდა-მეთქი, მაგრამ არ ვთქვი.. აი, ისევ შეცბუნდი. შენ რა, გგონია, ის მეგობარი ბიჭები, რომლებიც თვალებში შემოგციცინებენ ან ზომიერად გაწვალებენ, იგივეს არ ფიქრობენ? მიპასუხე!
-...
-რატომ იჭმუხნი ლამაზ შუბლს? ფიქრობენ, რა თქმა უნდა, ფიქრობენ, უბრალოდ მე პირველი ვარ, ვინც სიმართლე გაგანდო. ან რა უნდა იყოს იმაში გასაკვირი, რომ შენი ლამაზი სხეულის ტანსაცმლის გარეშე დანახვა და შემდეგ ჩემს შიშველ სხეულზე მიკვრა მინდა? გთხოვ, არ გამაწყვეტინო, მე გიჟი სულაც არ ვარ, უბრალოდ სიგიჟემდე მართალი ვარ. ამ შემთხვევაში მაინც. შენ გიკვირს, მაგრამ, რომ დაუფიქრდე, მიხვდები რა მატყუარაც ხარ. არ გჯერა? აბა დაფიქრდი - რატომ იცმევ ამ ტმასნია ჯინსებს, რატომ იღებავ ლამაზ სახეს, რატომ ხარჯავ ამდენ დროს საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოვლაში? შეიძლება თქვა, რომ გსურს ლამაზად გამოიყურებოდე და ამით კიდევ ერთი ტყუილი შესძინო საკუთარ ტყულების კრიალოსანს. ეს სიმართლეა, სიმართლე, რომელიც ყოველთვის არაა ლამაზი. ცოტა უცნაური კია, აქ და ახლა რომ გეუბნები ამას, მაგრამ სიმართლე არ შეიძლება, უცნაური იყოს, ის მხოლოდ გვეჩვენება უცნაურად, სინამდვილეში კი უბრალოდ უჩვეულოა. ახლა ფიქრობ, ეს ყველაფერი მართლა ხდება თუ არა, ნანობ, რომ ჩემს გვერდით დაჯექი, ეძებ ჩემგან თავის დაღწევის გზებს, მე კი გეტყვი, რომ შენ, სინამდვილეში, ფიქრობ სიმართლეს მართლა ხედავ თუ არა, ნანობ, რომ სიმართლეს გადაეყარე, ეძებ მისგან თავის დაღწევის გზებს. უცნაურია, არა? თვალებგაფართოებული და შეშინებულიც კი მიზიდავ და ახლაც, ამ წამს, მინდიხარ, მინდა... სექსი მქონდეს შენთან, შევეხო შენს ლამაზ ფეხებს, პატარა მკერდს, უფრო პატარა ძუძუს თავებს...
მე თვალები დავხუჭე და ვნების მორევში გადავეშვი, დიდხანს და ნეტარებით ვიტრიალე, ბოლოს ნაპირზე გამორიყულმა კვლავ გავახილე თვალები. უფრო ჩუმად დავამატე:
-მეც ვცდები... ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვითაა მახინჯი, სინამდვილეში კი იმ სილამაზეზე ლამაზია, თავს რომ გვახვევენ.
ნინო ისევ თვალებგაფართოებული და ოდნავპირჩაღებული მიყურებდა, მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ მისი მკლავი კვლავ ხელით მეჭირა, რაღაც მახინჯი ქსოვილის ქურთუკი არ მაძლევდა საშუალებას მის კანს შევხებოდი, მეორე ხელით სახელური ავუწიე და ხელის გული მაჯაზე დავუსვი, ბუსუსებმა დააყარა, წინააღმდეგობა ოდნავადაც არ გაუწევია, მხოლოდ ნერწყვი გადაყლაპა და საკუთარ მაჯას შეხედა, შემდეგ მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე, თან გავიფიქრე - რა ჯანდაბას ვშვები?! რა საცოდავი, სენტიმენტალური ფინალია! - მაგრამ გრძნობა, რომელმაც თავიდან ბოლომდე დამიარა, საპირისპიროს მეუბნებოდა. ერთხანს, შევრჩი მის ლოყას, საოცარი იყო, არც ირხეოდა, არანაირი რეაქცია, თუმცა მეჩვენა, რომ ისიც დაახლოებით იმ გრძნობებს განიცდიდა, რასაც მე. მალე საკუთარივე ხმა მომესმა:
-ახლა კი, ლოგიკური დასასრული იქნება, ავდგე და წავიდე. - ასეც მოვიქეცი, გავიარე მთელი აუდიტორია და გავედი, მერე წავედი, მერე გავიქეცი, მერე დავიღალე, მერე სახლში მივედი.
ექსპერიმენტი დასრულდა.
ახლა, ალბათ გასაგებია, რატომ მარიდებს ნინო თავის ლამაზ თავს ყველგან, სადაც არ უნდა მნახოს. ისე იქცევა, თითქოს არ ვარსებობ. მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი სახით იმ სიმართლეს ხედავს, რომელიც არ მოეწონა, რომელმაც შეაძრწუნა, თავზე დაამხო სუსტი, ილუზიური თავშესაფარი, რომელშიც ცხოვრებამ შეჩურთა. ცდილობს არ შეიმჩნიოს სიმართლე, რომელიც ყველგან თავს ახსენებს.
ექსპერიმენტის შედეგია ის, რომ მე ნინო სიმართლედ აღმიქვამს და თავს მარიდებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები