ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიდი ძმა
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2014


უცნაური შემთხვევა

როცა ასეთი ლამაზი არსების ჩუმი და თითქოს ამორალურ-უკანონო ცქერით ტკბები, გულისცემის აჩქარება სრულიად ბუნებრივი უკუჩვენებაა. მეც ვიდექი გულაჩქარებული და გარემო რეალობას თითქმის მოწყვეტილი, თან ერთ ადგილზე არ ვჩერდებოდი ისე, რომ სნაიპერივით სულ მიზანში მყოლოდა აყვანილი მდედრობითი სქესის ეს ულამაზესი წარმომადგენელი, მაგრამ, თვითონ არ მოვხვედრილიყავი მის სამიზნეში. თითქოს ჩემდა საამებლად ადგილიდან არ იძროდა (მხოლოდ დროდადრო თუ შეხტებოდა ან აბარბაცდებოდა სიცივესთან გასამკლავებლად). როცა ტკბობის პირველმა ტალღებმა გადაიარეს, მზერა კი, ასე თუ ისე, დანაყრდა, უფრო რეალისტურად დავიწყე ყურება, მინდოდა გამერკვია რა სცენარის გათამაშებით შემეძლო მასთნ გამოლაპარაკება და ამ სცენარის მოსაფიქრებლად რა დრო გამაჩნდა; ხანმოკლე მიმოხედვითი შესწავლის შემდეგ დავასკვენი, რომ ობიექტი რაღაცას ან ვიღაცას ელოდა, ამიტომ დრო ბევრი ვერ მექნებოდა, მომიწევდა პერიოდული იმპროვიზირებაც, მაგრამ ამ უმნიშვნელოდ გართულებულ საშუალებებს დიადი მიზანი მაინც ამართლებდა. მისმა მშვენიერებამ ისე მიმიზიდა, ვერც გავარკვიე, როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით ასე უცებ. პირველი, ყველაზე საპასუხისმგებლო მოქმედება უნდა შემესრულებინა - კონტაქტის დამყარება (თან განგრძობითობის პერსპექტივებით), ამ ნაწილში ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე:
-გამარჯობა... - ეს გაუბედავი სიტყვა ღიმილით განვამტკიცე, მანაც შემომხედა.
-გამარჯობა? - ვინ ხარ, რა გინდაო?
სანამ უხერხული დუმილი ჩამოვარდებოდა, ანუ ჩემი გამბედაობა კრახს განიცდიდა, რამდენიმე წამი მქონდა,  ამ მოკლე ხანში მოვასწარი და გავიოფლე, ფიქრები ელვის სისწრაფით მთავაზობდნენ ვარიანტებს, მისი თვალები კი სასწრაფოდ მოითხოვდნენ პასუხს, სწრაფად, სწრაფად, სწრაფად, სწრაფად, სწრაფად! და როგორც იქნა, ყველაზე სოლიდურმა ფიქრმა მომაწოდა ყველაზე სოლიდური იდეა, რომელიც ყველაზე სარისკოც იყო:
-ისეთი ლამაზი ხარ, არ შემეძლო, არ მოგსალმებოდი, ჩემი სქესის წინაშე ცოდვა იქნებოდა და მეტი არაფერი.
და წავხალისდი, გაიცინა! თავშეკავებულად, ღიმილივით, მაგრამ მაინც - გაიცინა, არ შემომიბღვირა და არც ცხვირი აიბზუა, ეს კი ნამდვილად კარგი დასაწყისი იყო, იმაზე ბევრად უკეთესი, მე რომ ველოდი. გულისცემა ცოტათი შემინელდა.
-ცოდვაში არ ჩავარდნილხარ. იმედია, ამით დაკმაყოფილდები. - უფრო სერიოზულად მითხრა.
-იმედი უნდა გაგიცრუო, ჩემი სქესი კიდევ ბევრ რამეს მაკისრებს და მავალდებულებს. - როლი კი ბოლომდე მოვირგე, მაგრამ ის გრძნობა დამეუფლა, უნებლიე სისულელის თქმის შემდეგ რომ მეუფლება ჩვეულებრივ.
-მაინც რას გავალდებულებს? - დემონსტრაციული გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა.
-ჩემი სქესის საიდუმლოს ასე მარტივად როგორ გაგიმხელ?!
ისევ გაიცინა, მაგრამ უფრო თავშეკავებულად.
-არანაირი საიდუმლო შენს სქესს არა აქვს. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ყველა კაცი ერთნაირია? - ახლა მე მივმართე დემონსტრაციულ გაკვირვებას.
-თითქმის ყველა კაცი ერთნაირია.
-მადლობთ მოწყალებისთვის. - ირონიულად დავუკარი თავი.
და უცებ ყველაფერი მობეზრდა:
-რა გინდა?
-...არაფერი - დამაბნია ამ რადიკალურმა ცვლილებამ და ისღა მოვიფიქრე, ჩემი სახელი მეთქვა და ხელი გამეწოდებინა.
-მედეა. - ხელის ჩამორთმევა არც უფიქრია, უმოწყალოდ, დამცინავად, აგდებულად შემომხედა. მათხოვარივით ხელგამოწვდილი ვიდექი, სანამ მივხვდი, მოწყალება არ გაიღეს.
-რა დავაშავე? - უნებურად წამომცდა, თავი კვლავ სწრაფად ავამუშავე, როგორ გავალღო ყინული? ამასობაში კი ყინული მყინვარად იქცა, მე კი პასუხს ვერც მივუახლოვდი. როცა გამოვერკვიე დაძაბული დაბნეულობისგან, ის უკვე, თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად მიაბიჯებდა თავის გზაზე, მშორდებოდა. გული მომივიდა საკუთარ უსუსურობაზე, დაუფიქრებლად ვუყვირე - სამაგიეროდ შენი სქესია საიდუმლოებებით სავსე! - ფეხი არც შეუნელებია. არა, ეს ასე ვერ დამთავრდებოდა, ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობა ასე ვერ გაცამტვერდებოდა! სასწრაფოდ გამოვედევნე, წინ დავუდექი, ამან შუბლი შეიჭმუხნა, წარბები კი მბრძანებლურად ზეაღმართა, რას ვშვები?! გამატარეო, კი არ მითხრა, ზიზღით მომიგდო, მეც უაზროდ გავჯიუტდი და ხავსს მოვებღაუჭე - ამიხსენი, რა დავაშავე?!
პასუხს არ მცემდა.
-ამიხსენი! - ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა.
-რა მნიშვნელობა აქვს?!
-დიდი მნიშვნელობა!
-რატომ?
-იმიტომ!
და ისევ, ოღონდ იარაღდაყრილივით გაიმეორა:
-რა მნიშვნელობა აქვს?! - გაჩერდა.
დროებით ჩავცხრით, ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით, მე გაფაციცებით ველოდი განმარტებას, ის ალბათ ფიქრობდა.
-...კარგი. ასეთი სიჯიუტე დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ პირველად წავაწყდი მსგავს გართულებას.
მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ ხმის ამოღების შემეშინდა, თითქის ამით მის ხმას გავაქრობდი, ალბათ თვალებზე დამეტყო გაკვირვება და იმანაც გაგებით ჩაიღიმილა, ვითომ, ასეც ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდაო. მერე კი დაიწყო:
-მე სატყუარა ვარ, ხაფანგი, შენ კი გაები, არ შემაწყვეტინო, რა თქმა უნდა, შენც გაქვს საკუთარი კოზირები, ორიგინალური მიდგომა, იუმორი, რომლითაც სხვებისგან გამოირჩევი ასე თუ ისე, მაგრამ მთავარში სხვებს ზუსტად ემთხვევი. დღეს ნებისმიერი შენი ‘მოძმე’ შენ ადგილას შენნაირადვე მოიქცეოდა, მეთოდი და მიდგომა ალბათ სხვანაირი, მაგრამ ქცევა იგივე იქნებოდა. მე გამოგცადე და შენ ჩაიჭერი, მაგრამ ეს მხოლოდ მორიგი იმედგაცრუებაა ჩემთვის... გატყობ, მაინც ვერაფერი გაიგე... მე თვითნასწავლი ექსპერიმენტატორი ან მკვლევარი ვარ, სულერთია, ერთხელ ამ ჩემმა სილამაზემ ერთი იდეა მაჩუქა, რომელიც თანდათან განვითარდა და დასრულებული სახის მიღების შემდეგ მის მიღმა მიზანიც გამომიჩნდა - შენნაირების შესწავლა, თქვენი ერთნაირობის უარყოფა ან დამტკიცება... ჯერ იმედის მომცემი არაფერია, შენ დაახლოებით ჩემი მეორმოცე ობიექტი ხარ. ისე გამოდის, თითქოს მაგნიტი ვარ და ჯართს ვიზიდავ, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. ვიცი, შენ შენი თავი გეგონა მონადირე, სანამ მე ჩემთვის წყნარად ვიდექი, ალბათ რამდენიმე სამოქმედო გეგმა და სცენარი შეიმუშავე რომ გამომმლაპარაკებოდი, მანამდე კი, მაღალსავარაუდოდ, ჩემი უკანა ფონის ცქერით გამოძეხი (ამას ხომ მივეჩვიე და მივეჩვიე), მაგრამ როგორც ხედავ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, გგონია, რომ კურდღელზე ნადირობ და უცებ კურდღლის ნანადირევი ხდები. თუმცა, ვერ წაგართმევ, პირველი ხარ ვინც ბოლომდე და თან ასე ჯიუტად ჩამეძია, შესაბამისად, პირველიც ვისაც ამ ყველაფერს ვუყვები, შეგიძლია ამით იამაყო.
...ჩემს სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა! გაოცების ტალღები მიტევდნენ და მიტევდნენ, ადგილიდან არ დავძრულვარ, თანდათან ვიაზრებდი ამ ერთბაშად და გულუხვად მოყრილ სიმართლეს, ამან ფრთხილად გამწია გზიდან, მხარზე ხელი (თითქოს თანაგრძნობით) მომითათუნა და გზა განაგრძო აჩქარებული ნაბიჯებით. მე კვლავ ვერ ვაშორებდი თვალს, ფიქრებმა რა დაწმენდა დაიწყეს კვლავ გამიელვა იდეამ, ისევ გამოვდევნებოდი, შემეჩერებინა და დაწვრილებითი ახსნა-განმარტება მომეთხოვა ახალშობილი კითხვების დასმის ფონზე, მაგრამ ეს იდეა მკვდრადნაშობი იყო, ეს უცნაური დიალოგიც და მოკლე ნაცნობობაც მორჩა, მათ აღდგენას მხოლოდ იმიტირებული მოგონებებითღა შევძლებდი, რადგან დასმული წერტილი გადაულახავი იყო და მეც, დანებებული, ყოვლადუჩვეულო მოულოდნელობისაგან რეტდასხმული იქვე დავჯექი სადაც ვიდექი, ისე, რომ მის დაპატარავებულ ფიგურას თვალს არ ვწყვეტდი, მერე კი, სანამ მთლად გაქრებოდა ჩემი თვალთახედვიდან, მოულოდნელად, ყოველგვარი ფიქრითი პროცესების გარეშე, პირი ხელებშუა მოვიქციე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე: ნახვამდის!
შეიძლება მომეჩვენა კიდეც, რომ წამით მობრუნდა და წარმოვიდგინე, როგორ გაეღიმა.
ეს იყო და ეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები