რაც არ უნდა კარგი სტუდენტი იყოს,სწავლა ყველას ეზარება...როცა გავიგეთ,ვინც შრომით სემესტრში წავა,საგნებსაც ადვილად ჩააბარებსო, მაშინვე შემიყვარდა შრომითი სემესტრიც, ბაზალეთის ტბაც და სამშენებლო კომპანია „არ აშენდიც“. ბაზალეთის ტბის პირას ორ კილომეტრში არის სოფელი მლაშე. დუშეთის რაიონი.სანატორიუმის მშენებლობაც მაგ სოფელში მიმდინარეობდა (არაფერს გადავამლაშებ)
მეგობრებმა ჯანმრთელობის ცნობა გავაკეთეთ (აბა ავადმყოფი ვის რად უნდოდა) და თავი ამოვყავით დუშეთში,სანატორიუმის მშენებლობაზე. ივლისი იდგა,საშინელი სიცხე და ბუღი.... პირველივე დღეს ,სადილის მერე, ნება დაგვრთეს,სანამ მუშაობას შეუდგებით,ტბაზე გასეირნება შეგიძლიათო...რაზმში 60 ადამიანი ვიყავით ,მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობდი. ავიყოლიე ახლობლები და საბანაოდ წავედით. ორი კილომეტრი ფეხით უნდა გვევლო...მივდივართ და მივიმღერით...უცებ მანქანების ნაკადი შემოგვხვდა.დიდი ფიქრი არ დაგვიწყია,ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და გზა გადავუკეტეთ....მანქანების მოძრაობა ფაქტიურად შევაჩერეთ. ატყდა სიგნალები და რა ატყდა. ჩვენ კი ცოცხალი თავით, მანქანას არ ვატარებთ.რაღა უნდა ექნა,გადმოვიდა მძღოლი და გვთხოვა,ახალგაზრდებო გაგვატარეთო...
ბაზალეთის ტბა დაგვხვდა ისეთი ლამაზი და ისეთი ამაყი,მისდამი ჩემი წარმოდგენა იმწამსვე შემეცვალა....ლურჯად ლივლივებდა და თავს გვაწონებდა...სასიამოვნო საღამოც იდგა და მეტი რა გვინდოდა.კარგი ცურვით ვერ დავიკვეხნი და მით უმეტეს, ტბაზე ცურვა გამიჭირდა, ზღვაზე შეჩვეულს.... ორი საათის მერე ბანაკში ვბრუნდებით და ჯგუფის ხელმძღვანელი ვიღაც კაცს გვაცნობს: ესაა სამშენებლო ტრესტის მმართველიო....სახეზე ალმურმა გადაგვკრა....იმ მანქანის მძღოლი გვეცნო,ჩვენ რომ გზა გადავუკეტეთ....სიმწრით გვეღიმება....ულვაშებში ეღიმება მმართველსაც....არ შეიმჩნია ,ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და წარმატებები გვისურვა....
პირველი მარცხი გადავიტანეთ...
დღის რეჟიმი გვქონდა ისეთი, დაბმულ ძაღლს ჯაჭვს ააწყვეტინებდა....დილით მსუბუქი საუზმე, შუადღეს სადილი და საღამოს, 6 საათზე მსუბუქი ვახშამი...ამდენი "სიმსუბუქისგან" ტანსაცმელიც კი გაგვიდიდდა. შუა ივლისში, საღამოს 6 საათი თითქმის შუადღეა,თან ჩვენ შუაღამემდე არ ვიძინებდით და გვშივდებოდა გულის წასვლამდე. სოფელში მხოლოდ ერთი მაღაზია იყო ისიც, თითქმის ცარიელი დახლებით....რაც ვადაგასული და ჩაწოლილი ჯემები იყო,ყველა ჩვენ გავასაღეთ და ვიყიდეთ. საღამოობით,როცა ერთმანეთთან გულახდილი საუბრები მოგვენატრებოდა,ღონემიხდილი ვსვამდით ყავას ან ჩაის, საჭმლის ხსენებას კი ვერიდებოდით.. ძირითადი საქმიანობა ვაჟებისათვის მშენებლობა იყო....გალესვა,სილა, ქვიშა და მსგავსი რამეების ადგილზე მიტანა. ბეტონი,მოზელვა ,გასწორება.კედლებსაც აგებდნენ....გოგონებისათვის კი (ათიოდე ვიყავით) ვაჟების გაცდენა...ტვინის ბურღვა და გართობა....45 დღის განმავლობაში,რაც იქ გავატარეთ, ვერავინ დაადგინა , მდედრობითი სქესის სტუდენტებს რა საქმე უნდა შეესრულებინათ....მშენებლობაზე ცივ წყალს თუ მივუტანდით ვინმეს,ანდა ოთახებს დავალაგებდით...სულ ეგ იყო ....სიცილი ხუმრობა,ანეგდოტები და ყველაზე მთავარი,ბაზალეთის ტბაზე ბანაობა ,რუჯის მიღება და მმართველისა და მისი მოადგილისათვის ნერვების აშლა.... ჯოკერსაც ვთამაშობდით , მაშინ, როცა მეოთხე კაცი არ ყავდათ სამეულებს....
ერთი მაგნიტოფონი გვქონდა....როგორც კი მას ავამღერებდით,მაშინვე ოთახი ივსებოდა....ვინ ცეკვავდა და ვინ მღეროდა,გაგება არ გვქონდა....დაღლილობა არავის ახსოვდა.
ერთი საღამოცაა და კახა შემოდის,ჩვენი მეგობარი....შიმშილისგან ფერი აქვს დაკარგული....დიდი მიკიბმოკიბვა არ დაუწყია,პირდაპირ ამბობს: -----რომელია უფრო გამბედავი? -----მე,მე მე----წამოვიძახეთ სამივემ (სამნი ვიყავით ოთახში) ----დღეს უბნისკენ გავიარე და ბაღში კიტრი და პომიდორი დავლანდე, დამწიფებულაო---ნერწყვი მოადგა. ნერწყვი გადავყლაპეთ ჩვენც. სოფელში მართლაც ქონდათ ახლომახლო ბაღ-ბოსტანი იქაურებს, მაგრამ სახტად დავრჩით. ----ანუ,უნდა ვიქურდოთ?----გავაჟღერე მე. -----აბა სირცხვილი არაა? ვითხოვოთ ? მაგრად მიტყდება----უარობს მთავარი „საქმის მიმცემი“ ....მარტო წავიდა...გაბრაზდა და მარტო წავიდა....რასაც მოვიტან,არც კი გაჭმევთო,დაგვემუქრა და წავიდა.გულში გავიფიქრე, მაინც აგერ მოხვალ და ტყუილად რაღაზე ვინერვიულო მეთქი. ბაღჩიდან ისეთი ამოსვრილი მოვიდა, ტალახში თავფეხიანად ამოგანგლური.მავთულხლართზე გადახტომისას "ადიდასის" თეთრი ქათქათა სპორტულები გადაუხევია , ტალახში ფეხი დაცურებია და ძირს დავარდნილა ...და მხოლოდ ნივრის თავების მოთხრაღა მოუსწრია,რადგან ამ დროს თავზე პატრონის ძაღლი დადგომია....
მოვიდა,ნიორი მაგიდაზე დაყარა და გულიანად,მაგრამ უმისამართოდ შეიკურთხა....
ამდენი ნიორი არასდროს მიჭამია....პური და ნიორი.კაი საჭმელი ყოფილა.
სამჯერ გამარეცხინა სპორტულები (მე რას მერჩოდა)და ბოლოს,რომ არაფერი საშველი დაადგა მის გათეთრებას, ჩანთაში შეინახა....მთლიანად ტალახის ფერი დარჩა...
რამდენიმე დღე გავიდა....თბილისიდან ახლობლები ჩამოვიდნენ...ოდნავ მოვსულიერდით.
ბიჭები შრომობდნენ,გოგონები ხელს ვუშლიდით და ვაცდენდით....თვენახევარი ცოტა დრო არაა...ბოლოს საქმე გამოგველია და უკვე მთელი რაზმი ერთ კედელს აშენებს..კედელი მართლაც იმხელაა,ბერლინის კედელი შევარქვით. ვხუმრობდით,ბერლინის კედელი ახლა დუშეთში გადმოაქვთ-თქო.... ბლოკი და აგური არ გვაკლია,ცემენტი და წყალი....თუმცა ხანდახან გვეჩვენება ,რომ ჩვენი აშენებული კედელი ირყევა და მყარი და მედგარიც არაა.იმდენად არამყარი,უკვე ახლოს გავლის გვეშინია... ვშიშობთ,არ დაგვანგრევინონ და ზარალის გამო , თანხის გარეშე არ დაგტოვონ...ამიტომ ,ყველანაირად ვუფრთხილდებით, რომ არ ჩამოინგრეს....
საღამოს მხოლოდ 6 საათამდე ვმუშაობდით.ამიტომ თავისუფალი დრო ბევრი გვქონდა.ადგილობრივებიც გავიცანით და დავმეგობრდით...ვსტუმრობდით და გვმასპინძლობდნენ...ახლაც მახსოვს იქაური ხინკლის გემო... მოკლედ, ჩვენი “სასტავი”, მე ,ქეთუსა,კახა ,მაია და მუთა არ ვიწყენდით და ყველაფრის მიუხედავად, კარგ დროსაც ვატარებდით....
აგვისტოს თვეში ვაჟაობას დაემთხვა ჩვენი იქ ყოფნა...ჩარგალში წაგვიყვანეს ავტობუსით...სურათები გადავიღეთ და კმაყოფილები დავბრუნდით .უკან დაბრუნებულებს ჭერმის უზარმაზარი ხეივანი უნდა გამოგვევლო. ხეივანი ყვითლად იყო დახუნძლული ნაყოფისგან, თან მწიფდა.კი ვიყავით ცოტა მოშიებული,ამიტომ, რაც გზაზე ვჭამეთ,ხომ ვჭამეთ,რაც იქ ვერ შევძელით,ტოტები დავამტვრიეთ და სახლში წამოვიღეთ,“ზაპასად“...ამდენი ჭერმის ჭამით ისე გავხდით, გული აღარ იღებდა და სამი ოთხი დღე ასო ჭ-ს ხსენებაზეც კი გული გვერეოდა....
ერთ შაბათ -კვირას თბილისიდან მეგობარი გვეწვია, გოჩა...ტბის პირას კარავი გაშალეს და იქ დაბინავდნენ, კიდევ სხვა მეგობრებთან ერთად.....თან გიტარა აქვთ და მთელ სანაპიროს ართობენ. ჩვენც ,რაღა თქმა უნდა, თავისუფალ დროს მათთან ვატარებდით ,თან ვირუჯებოდით, წყლის ველოსიპედებზე ვისხედით მთელი დღე და ისეთ, მაგარ , ტბის თუ მთის რუჯს ვიღებდით,ზღვის „ზაგარი" რომ მონაგონია მასთან...
ყვითელი და პრიალა რუჯი და ნამზეური .წყალში იხვებივით ვყურყულამაობდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ამ ამბავს ერთი ინცინდენტი მაინც მოყვა. გოჩას, ვერ გაუთვალისწინებია და მთელი დღე წყლიდან არ გამოსულა..
..ხოდა,დამწვრობა მიიღო ისეთი,პირველი ხარისხის...საერთოდ შემწვარი გოჭივით წითელი იყო და ვერ ირყეოდა, იმოდენა დათვი ...ტკივილები ტანჯავდა...იძულებული გავხდით, ჩვენთან ამოგვეყვანა და გვეპატრონა.... კამეჩის მაწონი ვიყიდეთ და მთლიანად გავთხვარეთ მასში. ჩვენებურად ვუმკურნალეთ...ახლაც თვალწინ მიდგას გოჩას თმიან ტანზე მიმხმარი მაწონი, სიმხურვალისგან გადამწვარი...გაშეშებული და გაფარჩხული. ...საბრალოს მხოლოდ თვალები უჩანდა...
სამი დღის მერე როგორც იქნა ოდნავ მოძრაობა შეძლო,“შევდეთ“ მანქანაში და თბილისისკენ გავამგზავრეთ.. გამოუჩნდა პატრონი,“მყვარებელი“
ამასობაში ჩვენი , აწ უკვე “ბაბილონის გოდოლად” მონათლული კედელი მაღლა მიიწევს....მაგრამ თუ ოდნავ ქარია,მასზე ასასვლელად დიდი რისკია საჭირო...ბიჭები რიგრიგობით ადიან ხარაჩოებზე და მანამდე თვალებით, უსიტყვოდ ანდერძს ტოვებენ...
ვინაიდან, სამუშაოს უმეტესი ნაწილი დამთავრებული იყო, მოპირკეთებაც და სეზონის გახსნაც იმ წელსვე იგეგმებოდა....ამიტომ ,გოგონებს დიდი ვედროები და ტილოები მოგვცეს და დასუფთავება დაგვავალეს. გავასუფთავეთ იატაკი, კაფელი , ფოიეს ვიტრინები...მოკლედ თავი არ დავიზოგეთ,რომ ჩვენი ნაღვაწი როგორმე გამოჩენილიყო და ის მსუბუქი საუზმესადილვახშამი არ დაგვმადლებოდა, რადგანაც, მიუხედავად მათი სიმსუბუქისა,საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა რაზმს და ისედაც, ჩვენი გადასახდელი იყო.
ეს ჩვენი გაპრიალებულლი ვიტრინები და მინები , ლამის , სიცოცხლის ფასად დაუჯდა რაზმის ხელმძღვანელს... მან ვერ შენიშნა ვიტრინის მინა და მასში ისე“ გაიარა“,დევიდ კოპერფილდსაც შეშურდებოდა....შედეგი ნამდვილად არაკოპერფილდისეული დაგვიდგა....დაახლოებით ,ერთი კვირა დუშეთის საავადმყოფოში გაატარა, მთლად დაუსახიჩრდა ხელები და სახე. ვიტრინა ხომ საერთოდ, ნამსხვრევებად იქცა.
მეორე მარცხიც,როგორღაც, გადავიტანეთ....
ერთი შაბათიცაა და უმრავლესობა თბილისშია წასული.რაზმში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვართ დარჩენილი. დომინოს ვთამაშობთ და ვხალისობთ...უცებ ღია ფანჯრიდან მუსიკის ხმა შემოიჭრა....დოლისა და გარმონის ჰანგები... დავძაბეთ სმენა,აშკარაა,სადღაც ახლოს ან ქორწილია ან რაღაც ამდაგვარი.კახამ დაადასტურა,კი, მე ვიცი სოფელში ქორწილია დღესო...დიდხანს ვიჭოჭმანეთ,წავსულიყავით თუ შორიდან გვესმინა ჰანგებისათვის და ნერწყვები გვეყლაპა გოჭის ხორცისა და მწვადების წარმოდგენაზე...ბოლოს მაინც "საღმა" აზრმა გაიმარჯვა და წასვლა გადაწყდა..პირველი და მთავარი,რამდენი წავიდოდით...
ბევრის წასვლა უხერხული იყო... ამიტომ ორი ბიჭი და ორი გოგო ხმათა უმრავლესობით დავამტკიცეთ....ახლა შემადგენლობა... ვისაც გამოსასვლელი ტანსაცმელი გვქონდა და ჩვენი ჩაცმულობა შეეფერებოდა დუშეთის კონსერვატორ საზოგადოებას....ასეთი მე და ქეთო აღმოვჩნდით.ვაჟებიდან ინიციატორი კახა და გიორგი....მოკლედ მოვიკმაზეთ , უხერხულობის განცდა სახლში დავტოვეთ და წავედით.მივდივართ და სად მივდივართ არ ვიცით...ყოველ ხუთ წუთში სიმღების ჟღერადობა ახლდება.
გზადაგზა ვლაპარაკობთ.ეს ასეც უნდა იყოს...მეფე პატარძალი ალბათ უკვე მოსულია და სადღეგრძელოებს შორის დამკვრელები ახალისებენ სუფრის წევრებს....მივდივართ და მუსიკის ხმა არათუ ახლოვდება,ხანდახან გვგონია,რომ გვშორდება....ამის ახსნა შეუძლებელია,მაგრამ მაინც მივიწევთ წინ და არავითარ შემთხვევაში უკან...ყველა მოსახვევში ხალხმრავლობას ვეძებთ...ჯერ ნანატრი ხალხმრავლობა არსად ჩანს...უკვე სოფელს გავცდით და ახლა აშკარად მივყვებით მუსიკის ჰანგებს...ისმის სიმღერა და ტაშის ხმა....გული აგვიძგერდა,ცალკე იმის განცდით,როგორ უნდა შევიდეთ ისე,რომ უხერხულობა გამოვრიცხოთ.ცალკე იმის განცდით,რომ უკვე ერთი თვეა ნორმალურად არაფერი გვიჭამია და საშველი დაგვადგება,კარგად დავნაყრდებით.
მივადექით მუსიკის ხმას ,მაგრამ ჰოი,საოცრებავ, საცოდაობავ და სირცხვილო.....
სოფლის განაპირას მწყემსებს ცხვრისა და საქონლის სადგომები ჰქონდათ და ღამღამობით იქ ათევდნენ ....ფანჯრიდან ,საიდანაც სინათლე გამოდიოდა,ჩვენ დავინახეთ ორი მწყემსი,ხელში ერთს დოლი ეკავა და გამალებით უკრავდა,მეორეს გარმონი და გულიანად წელავდა...მღეროდნენ ისე თავგამოდებით,ისეთი ენერგიით.პირდაპირ შეგშურდებოდა მათი განცდების....წინ პატარა ტაბლაზე კი ხახვი თავის ფოჩებიანად, პური და გაფცქვნილი კარტოფილი ედოთ... პირველი ემოცია იყო შოკი....შემდეგ ეს ემოცია გადავიდა სიცილში და ისტერიული სიცილით დავბრუნდით ჩვენს რაზმში... გზაში,როგორც კი ცოტა სულს მოვიბრუნებდით და ლაპარაკს შევძლებდით,კახა იტყოდა, კი მაგრამ ხახვზე და პურზე თუ ასეთი სიმღერა შეიძლება, ჩვენ რაღას ჩამოგვტირის სულ სახეო....მერე ისევ სიცილი და სიცილისგან ატკიებულ კუჭებზე ხელების მოჭერა...
******************************* ბოლოს დადგა ის ნანატრი დრო,როცა ჩვენ დავამთავრეთ , ეპოქისათვის ფრიად მნიშვნელოვანი, მშენებლობა და თბილისისკენ გავწიეთ.
მე კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან,რათა საბოლოოდ შემევლო თვალი ჩვენი "ბაბილონის გოდოლისათვის" და უკანასკნელად გამაჟრიალა იმის გაფიქრებაზე,რომ სულ მცირე ქარიც კი,როგორიც ალბათ ხშირად იცის ხოლმე მთაში და, კერძოდ, დუშეთში,უეჭველად დაანგრევდა და მიწასთან გაასწორებდა ჩვენ ნაშრომსა და ნაღვაწს....
ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამახსენდა ჩვენი საზაფხულო არდადეგები და შრომითი სემესტრი,როცა 15 სექტემბერს , უნივერსიტეტში მისვლის დღეს , კონვერტებში დაგვხვდა ხელფასი , 30 მანეთის ოდენობით....წავედით და მთელი ფული დავხარჯეთ სახინკლეში . გული ვიჯერეთ მწვადებისა და ხინკლის ჭამით,ზედ ცივი ლუდიც დავაყოლეთ და მოვახდინეთ ორმოცდახუთდღიანი "რეპრესიის" სრული რეაბილიტაცია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ ვიცი, სამწუხაროდ დიდი ხანია, ბაზალეთისკენ არ გამიხედია; ვფიქრობ, არ იქნება კარგ მდგომარეობაში არ ვიცი, სამწუხაროდ დიდი ხანია, ბაზალეთისკენ არ გამიხედია; ვფიქრობ, არ იქნება კარგ მდგომარეობაში
1. +. 13/12/14წ. ნაწარმოებში მითითებული შენობა-ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობა როგორია?. ნექტარი. +. 13/12/14წ. ნაწარმოებში მითითებული შენობა-ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობა როგორია?. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|