ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2014


*** (ციკლიდან: პატრიოლეტები ილიასათვის)- ნინო დარბაისელი

***
რაღა დროს ღიმილია
ან ტყუილი ფერება,
ყველა თუ გვემტერება,
სული თუ მიილია.
სულ მუშტის მოღერება
გვკლავს. სასომიხდილია
მთელი ერი, ილია,
აბა, რა გვემღერება!



***
ქართველო, გიყვარდეს ქართველი!-
გახსოვდეს ეს შემონათვალი!
უფალმა გარიდოს ავთვალი!
წაგივა, მოგივა მმართველი,
ქართველო, გიყვარდეს ქართველი!

გახსოვდეს ეს შემონათვალი,
შიგ ჩემი დარდია ჩართული,
გამოთქმა ყოფილა რა რთული
ან ცრემლებს გაუძლებს რა თვალი!
გახსოვდეს ეს შემონათვალი!

უფალმა გარიდოს ავთვალი,
არ დარჩე სასოწარკვეთილი,
ბოროტზე იმარჯვებს კეთილი,
ვრცელია ეს ჩამონათვალი.
უფალმა გარიდოს ავთვალი!

წაგივა, მოგივა მმართველი,
ბრძოლისა მოელით მათ ველი,
არ გახდე მტრის გულგასართველი,
შენ ვინც გიერთგულებს, მათ ველი.
წაგივა, მოგივა მმართველი.

ქართველო, გიყვარდეს ქართველი,
სხვა ერი, სხვა რჯული არ თელო,
სჯობს, თავი გამოიჯანმრთელო
და ნახე, დაგიდგეს რა რთველი,
ქართველო, გიყვარდეს ქართველი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები