ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2014


ქარი

დგას ჩემი ნავი შენს ღია პორტში,
ჩამოშვებული ნიჩბებით განზე,
გალურჯებამდე ვუჭერ გრძელ ხელებს,
კილს.

ნერგი ხარ სუსტი,
შენს ფოთლებში წყალს ვაგუბებდი,
დაბლა დაცვენილ ნაყოფს ხარბად ვეტანებოდი,
მანდარინისფერს.

ვაგლეჯდი ლებნებს, უცნაური სიმჟავე მკლავდა,
მიწვავდა მუცელს,
ხარბად კი ვჭამდი - კანგაუცლელად.

ლანგრით მორთმეულ ფინიკს მტევნით ჩამოვწურავდი,
როგორც არაბი წამსვლელი ომში,
დამსკდარ ნაპრალებს ვივსებდი პირის,
რძით თავს ვიტკბობდი.

ხან ნუში იყო საგზალი ჩემი,
ვღეჭავდი ღამეს გართული მისით,
ძლივს დავუძვერი დათხრილ თვალივით
დაღებულ ჭის ფსკერს.

ვშლიდი წიგნს ფრთხილად საყვარელ გვერდზე,
ვიცოდი კარგად რაც წინ მელოდა,
და არ ვუფრთხოდი.
ხახაგამშრალი წითელ სანიშნეს ვლოკავდი ენით,
ყვავილს - ჰიბისკუსს.

მზის პირველ სხივზე მითრთოდა ტანი,
ყავის მძაფრ სურნელს ჩრდილავდა მუშკი,
ნოტიო თითებს ვალტობდი მხოლოდ
მე მის მარცვალში.

დგას ჩემი ნავი შენს ღია პორტში,
ქარი არ იძვრის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები