ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

== შობა. სტრასბურგი == (ჩემს ძმას - რატის)

სინამდვილეში,
სხვანაირად იყო და მოხდა...
--
ციოდა.
თოვდა.
კათედრალის ზარები თვლემდნენ,
საათში ერთხელ ამოოხვრას
გადაჰფენდნენ შემცივნულ
ქალაქს.
ვიწრო ქუჩებში სახლებს,
თითქოს, ერთმანეთისთვის
ხელები მჭიდროდ ჩაეჭიდათ
გირლიანდებით.
მოედანს ცხელი ღვინისაგან
სდიოდა ბუღი;
ჩვენც იმ  განწყობას უნებურად
ვიზიარებდით.
ჩვენ არ გვციოდა.
საშობაოდ ენთო სტრასბურგი.

სინამდვილეში,
სხვანაირად იყო და მოხდა...
ვთვლიდით ბუდეებს წეროების,
თეატრის ჩრდილში -
მკლავმოკვეთილ
ხეებს ვუცქერდით.
დღის ნათელს ნელა იპარავდა
ღამე -მზის ქურდი.
ჟონგლიორები პირით საპნის
ბუშტებს ბერავდნენ.
აკორდეონებს ამღერებდა ღამით
სტრასბურგი.

სინამდვილეში,
სხვანაირად იყო და მოხდა...
შენ მაცილებდი.
მივდიოდი-
და დღესაც ხშირად
მახსენებ თვალებს,
რომლებსაც
უკვე,
თურმე,ძლიერ
ენატრებოდი.
...მატარებელი...
შენ ბაქანზე ლაქად რჩებოდი...
სინამდვილეში, სხვანაირად იყო
და
მოხდა.

მე არც წავსულვარ.

ახლაც შობაა
და იმ მოედანს,
ალბათ, ახლაც ,
ცხელი ღვინის
აუდის ბუღი.
ხალხით სავსეა მოციმციმე,
ჭრელი სტრასბურგი.
...
მალე დაბრუნდი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები