ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანიტა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2014


თქვენ რომ 22 წლით პატარა იყოთ...

გთხოვთ, წასვლამდე, მომართვათ თქვენი ხელით მომზადებული ჩაი,
სანამ გემო გაუვა,
და ფინჯნის ფსკერზე ჩამისვათ სარკე,
რომ თქვენი მზერით ვისწორებდე თმას ხოლმე დილით.

თქვენ რომ 22 წლით პატარა იყოთ...
თქვენი უხეშობა არ გამიწვალებდა სიამაყეს,
თქვენი სრულყოფილება არ დათრგუნავდა ჩემს ბავშვურ სითამამეს,
და არ გეტყოდით, რომ სულერთი არ არის ოთახში სივრცე- თქვენით და უთქვენოდ,
და ეს მზერა, კარიდან- მარჯვნივ, ვერ იქნებოდა ასეთი გულწრფელი.

გთხოვთ, წასვლამდე კიდევ ერთხელ მისახსოვროთ თქვენი თითების ფაქსიმილე, ცარიელი თაბახის ქვედა კუთხეში,
რომ არ შემეშინდეს არასდროს თქვენი დაღლილი უყურადღებობის.
და არ დამპირდეთ.
რაიმე უფრო მსუბუქი მითხარით, მხოლოდ ღიმილიანი სახით,
ქვედა ტუჩი რომ ოდნავ დახრილად ეხებოდეს ზედა კბილის წვერს,
როგორც გჩვევიათ.

გთხოვთ, ჩვეული დამშვიდობებით დამემშვიდობეთ,
რომ არ მომენატროს ის თვალები,
დახრილი წამწამებით,
ან მზერით- ზემოთ, ჩემს ბავშვურ სულში.
და დიალოგი უსიტყვოდ, მაშინ,
როცა ორივეს თვალებმა იცის,
რომ ვერასოდეს შემცირდება მათ შორის მანძილი იმაზე მეტად,
ვიდრე თეთრი მაგიდის სიგანე.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ შემოაღეთ კარი წასვლამდე,
და დამირღვიეთ მყუდროება, მოკრძალებული სითამამით და მოხდენილი თავის მართლებით,
იქნებ, იპოვოთ დარჩენილი ცალი ბისკვიტი ჩემს მაგიდაზე.

-როგორი შეყვარების გჯერათ?
-სიზმრად შეყვარების მჯერა. უმომავლოდ. მხოლოდ გრძნობით და მთელი არსებით.
არ შეგვიყვარდეს, არ დავქორწინდეთ და არ დავბერდეთ, რომანის პერსონაჟებივით.

მე მეყვარებით 23 წლის ასაკში ასე:
22 წლით უფროსი ჩემზე, ჭაღარა თმით და დაღლილი სახით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები