 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 18 დეკემბერი, 2014 |
დაილოცოს, ღერთო, შენი სამართალი! ჭიმიამ თავი მოიკლა საკუთარ რთველში! არავის შერჩენია ცოდვა! შვილებზე გადადის და თაობიდან თაობაზე. რამდენის ცოდო ედო კისერზე! ეს რაც ხალხმა იცოდა და რაც არ იცოდა?! რაც დათესა, ის მოიმკა! როგორც გასცა, ისე დაუბრუნდა, დატკეპნილი და თავმობმული! როგორც მიაგო, ისე მიეგო თითონაც! ესეა,- კარგს დასთეს, კარგს მოიმკი, ცუდს დასთეს და მოსავალიც ეგეთი გექნება! ხორბალივით არი სიკეთე და სიბოროტე,- ერთი მარცვლიდან ამოსულ თავთავს, ზოგს ოცდაათი მარცვალი აქვს, ზოგს ორმოცათი, ზოგსაც ასი. ასი მოიმკა ჭიმიამ. მთელი რაიონი დილიდან მაგაზე ლაპარაკობდა, უცბად გავარდა ხმა. ისე არავინ ჩაივლიდა ჭიმიას სახლთან რომ არ დაეწყევლა. „შენ არ გაიხარე, ჭიმი! შენ არ გეღირსოს სულის სიმშვიდე! ისე ამოწყდეს შენი ოჯახი, როგორც შენ ამოწყვიტე ოჯახები!“ „ისე გამწარდი შენს შვილებზე, როგორც არჩილად დედა გაამწარე!“ „მაგისმა შვილებმა რა დააშავეს, მაგრამ სხვანაირად ვერ მიხვდება სხვის სიმწარეს!“ მართალი კაცისა ლოცვაც მისავალია და წყევლაც. აკი მიეწია კიდევაც ჭიმიას.
... ჭიმიას პირველად იოსებიძიაანთ არჩილა შემოაკვდა. კი არ შემოაკვდა, დასცა თოფი და მოკლა. ღირსიც იყო არჩილა! მა ნინელა რომ მოჰყავდა ცოლად, რა ეგონა?! ხო იცოდა, წითელთმიანი ლამაზი ნინელა ჭიმიას ბავშვობიდან უყვარდა. მაშ რაღათ მოიყვანა?! მერე რა რო ნინელასაც არჩილა უყვარდა? არჩილას რო არ მეეყვანა, ნინელა აუცილებლად ჭიმიას გაჰყვებოდა ცოლად. მერე რა რო არჩილა მაღალი და ტანადი იყო, ჭიმია კიდე დაბალი და გამხდარი? სამაგიეროდ, სახლ-კარი და ცხოვრება არჩილაზე მეტი ჰქონდა. დედოფალივით აცხოვრებდა ნინელას. არც ძროხას მოაწველინებდა და არც ბაღჩაში ამუშავებდა! რამდენჯერ უფიქრია, თმაგაშლილი ნინელა ჩითის ღამის პერანგით არჩილასთან როგორა წვებოდა! რამდენჯერ უნატრია არჩილას სიკვდილი ჭიმიას! რამდენჯერ თავისი ცოლის ადგილას ნინელა წარმოუდგენია და ის ღამე ცოლისთვის დაუვიწყარი გამხდარა! რამდენჯერ უფიქრია, ნინელას თეთრ მხრებზე და გულ-მკერდზე როგორ ეყარა თმა, კაბაგახდილს. ან როგორ ივარცხნიდა თმას. ხანდახან თმა რო მოსახვევიდან გადმოუცვივდებოდა, გეგონება მზე ამოვიდაო,ისე გაანათებდა ნინელას თვალ-წარბს. მა ნინელა არჩილას ცოლი უნდა გამხდარიყო?! ჰოდა მოკლა! უმიზეზოდ კი არა, არჩილა ფრონტიდან გამოიქცა! მაშინვე ამბავი მივიდა მილიციაში. დეზერტირებს კიდე მილიცია ან აპატიმრებდა, უკან აბრუნებდა ომში და წინა ხაზზე უშვებდა, ან კიდე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ნაბრძანები ჰქონდათ, ადგილზე მოეკლათ. ჭიმიამ ჭკუა იხმარა და ომის დაწყებისთანავე ჩკ-ში დაიწყო მუშაობა.ჩკ - თანამშრომლები დაბრონილები იყვნენ ომიდან. ხალხი ამბობდა, „ვიღაცა მაგისი ნათესავი დიდი კაცია, მთავრობაშია და იმან დააწყებინა მუშაობა, თორე მაგას მაშინვე ომში უკრავდნენო თავსა“. არჩილას წინააღმდეგბა არ გაუწევია. „ერთადა ვართ გაზრდილები, დამაცადე, შე ღმერთძაღლო, ცოლსა და დედას ვნახავ და მე თითონ წავალ უკან! ძლივს ვეღირსე იმას, რო მამა გავხდე!“–შეეხვეწა. საბძელში მოხდა ეგ, ხორბლით სავსე ამბარის გვერდით თივაზე. ნინელა ქმარს უკან ედგა და ისეთი თვალებით უყურებდა ჭიმიას, ის თვალები სიცოცხლეში არ დაავიწყდებოდა. აი, იცი, როგორი თვალებით? მთელი ქვეყნის ხვეწნა–მუდარა რო ჩამდგარიყო შიგ, ისეთი თვალებით. თან შიშთან ერთად. ესროლა ჭიმიამ. მა რას იზამდა? არჩილა ფეხზე ადგა, თითქოს ჭიმიასკენ გაიწია, მერე შეტორტმანდა და ხორბლით სავსე ამბარს დაეცა ზევიდან. ნინელა ისევე დარჩა, გაშეშებული და ხელებჩამოყრილი. ჭიმიამ საბძლის კარს ფეხი ჰკრა და გამოვიდა. მეზობლებმა კი გაიგეს სროლის ხმა, მაგრამ შიშით ვინ გამოვიდოდა გარეთ. როცა მივიდნენ, არჩილა უკვე მკვდარი იყო და ნინელა მსხლის ხეზე ეკიდა თოკით. ეგ ჭიმია სინდისზე არ იყო, არა! რათ მაიკლა თავი? არჩილას გარეშე რა, ვერ იცხოვრებდა?! იცხოვრებდა, მაგრამ ეგრე უნდოდა. უნდოდა და როგორც უნდოდა, ისე გააკეთა. მაგრამ სიმშვიდე კი დაეკარგა იმ დღიდან. სადაც გინდა ყოფილიყო იოსებიძიაანთ არჩილა უკან დაჰყვებოდა. შებინდებისას სახლიდან ვერ გამოდიოდა შიშით. სულ არჩილას ხმა ესმოდა „რა შენი სიცოცხლითა ვცხოვრობდი, ჭიმი? რათ გამინადგურე ოჯახი? დედაჩემის გაზრდილი მაინც არ იყო! ტყუპებივით ერთად გვაწოვებდა ძუძუს...“ ეშინოდა ჭიმიას არჩილასი. ცოცხლისა არ ეშინოდა და მკვდარი არჩილა შიშის ზარსა სცემდა. თუ შემთხვევით სიბნელეში მოუწევდა სადმე მარტო წასვლა, არჩილას ფეხის ხმა ესმოდა ზურგს უკან. თითოს სუნთქვასაცა გრძნობდა. „ესე უნდა გდიო, ვიდრე ცოცხალი ხარ!“ ამ დროს შებრუნდებოდა ხოლმე ჭიმია და სიცარიელეში ისროდა. ფეხს აუჩქარებდა. სიზმარშიც ხშირად ხედავდა და დაძინება სიკვდილივით არ უნდოდა. არჩილას დედა იმ ღამით სახლში არ იყო. დასთან იყო წასული. დაბრუნებულზე საბძელს ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ის მსხლის ხე თავისი ხელით მოჭრა ცულით, „ახლოს არავინ გამეკაროთო“. მერე დაჯდა და თავისი სამი მკვდარი ისე იტირა - შვილი, რძალი და დაუბადებელი შვილიშვილი. ხალხი შიშით მიდოდა სამძიმარზე. ეს პირველი მკვლელობა იყო რაიონში. აგვისტოს თვეში მოხდა ეგ ამბავი, პირველ კვირას. ომი ახალი დაწყებული იყო. იმის შემდეგ სადაც კი შემთხვევით სონას გადაეყრებოდა, არჩილას დედას, თაგვივით სოროს ეძებდა. სონასიც ეშინოდა. პირდაპირ ყურება იცოდა სონამ, თვალებში. ამიტომ შორიდანაც რომ დაინახავდა, აუცილებლად გზას აუქცევდა. ყოფილა შემთხვევა, საქმეზე მიმავალი უკან დაბრუნებულა, სახლში.
არასდროს დაუწყევლია სონას ჭიმია, თავისი გაზრდილი იყო. არც თავი მოუკლავს სამი მკვდარის ერთ დღეს დამმარხავს.- „საფლავებს მოვლა უნდა, საძაღლ-ღორედ ვერ დავტოვებო“. კახეთში თითქმის ყველას აქვს ზედმეტი სახელები. ჭიმიასაც სოფელმა დაარქვა ჭიმია. ტანდაბალი და ჩია კაცი იყო, სულ გაჭიმული დადიოტა, თან ისეთი სუფთა იყო, თავსხმა წვიმაშიც რაიონის ცენტრიდან სახლამდე ფეხით ისე ჩამოვიდოდა, გაპრიალებულ „აზიაცკებზე“ ერთი წვეთ ლაფს არ მიისხამდა. ცოლი იმის შემდეგ მოიყვანა, ნინელა რო არჩილას გამოჰყვა - ერთი-ორი თვის შემდეგ. ეს ომის დაყებამდე ექვსი-შვიდი წლით ადრე იყო. ბედად არჩილას შვილი არ ჰყავდა და ჭიმიას უკვე ორი ბიჭი ეზრდებოდა. „ამითი ხო მაინცა ვჯობივარო“. მკვდარი დადიოდა ჭიმიას დედა. ხალხისთვის თვალებში შეხედვისა სცხვენოდა. მაინც უნდოდა შვილი რაღაცით გაემართლებინა „რა ქნას, მთავრობამ დაავალა ეგრეო“. „მა, ის მთავრობა, მთავრობაა, კაცის მოკვლას რო დაავალებს ვინმეს“- ხალხს უკვირდა, მაგრამ ამას ჩუმად ამბობდნენ, ერთიმეორეში. ხმამაღლა თქმას ვინ გაბედავდა?! მეორე შვილიცა ჰყავდა მარიამს, მადლობა ღმერთს, ჭიმიას არა ჰგავდა არც ხასიეთით, არც ტან-ფეხით. მაღალი იყო ვასილა. კარგი ჯანი ჰქონდა. ჭიდაობაშიც თავის ტოლებში ყველასა სჯობდა და სიკეთის ქნაშიც, მიხმარებაშიც. უყვარდა სოფელს ვასილა, მაგრამ ჭიმიას გულისთვის მაინც ერიდებოდნენ: - „რა იცი, ეშმაკს არა სძინავსო!“. მძინარას ცოლმა წისქვილში საირულს მოუხშირა და რაღაცა, ბედნიერების ღიმილი დასთამაშებსო სახეზე. ნამდვილად ბიჭი გამოიქცა ომიდან და წისქვილში იმალება. მძინარაც უნახავთ საღამოთი, შებინდებულზე, წისქვილში მიმავალი. მძინარაანთ ბიჭი ომიდან გამოქცეულა, ვიღაცა თავისი ტოლი რუსი ბიჭიც წამოუყვანია და წისქვილში იმალებაო, მილიციაში ამბავი შევიდა. ჭიმიას დაავალეს იმათი აყვანა. ბინდ-ბუნდზე დაადგათ ჭიმია. ეტყობა, ღამე თვალი არ მოეხუჭნათ, მძინარას ბიჭიც, რუსიცა და მეწისქვილეც სუფრასთან ისხდნენ და პურსა სჭამდნენ. იმის დანახვაზე სამივეს მიწის ფერი დაედო სახეზე. ჯიბეში ხელი ჩაიყო და რევოლვერი ჩაბღუჯა. სათითაოდ მოათვალიერა. ბიჭებს საულვაშეზე ჯერ ისევ ღინღლი ჰქონდათ.წინ გადაუდგა არჩილა. „არ ესროლო, ბიჯო, ბავშვები არიან, ომისა შეეშინდათ!“ გაიყინა ჭიმია. ნამდვილი არჩილა იდგა იმის წინ. ისევ ისეთი არჩილა, როგორიც ბოლოს ნახა საბძელში. „არ გახსომს, სკოლიდან მომავალს დააგდებინეს ჩანთა და „ბორტავოით“ პირდაპირ ომში გააგდეს. დედასაც კი არ აჩვენეს...არ ესროლო...ცოდოები არიან!“ თვალებს ახამხამებდა ჭიმია. იცოდა არჩილა მოჩვენება იყო, მაგრამ ისეთი ნამდვილი იდგა ჭიმიას წინ, შეეშინდა. თითები მიეყინა რევოვლვერზე. „ჩემი სიცოცხლე არ გეყო?! ამ ბავშვებს თავი დაანებე, ვითომ არ გინახამს!“ - ისევ არჩილა ეუბნება. ჯიბიდანვე ესროლა არჩილას. ბიჭებსაც. მეწისქვილეს, ეტყობა, თოფის აღება უნდოდა, ისიც ზედ დააკლა. არც ერთისთვის არ აუცდენია - სამივე კი მოკლა, მაგრამ არჩილა ისევ ფეხზე იდგა: „მაშ, შენ კაცი ხარ?! შენნაირი კაცის!..“ კიდევ ესროლა ჭიმიამ და გამობრუნდა. აკანკალებდა. არ დაუნახავს მკვდრები, მარტო ის დაინახა, როგორ შეტორტმანდნენ სათითაოდ. როგორ დაეცნენ, აღარ შეუმჩნევია, - არჩილა ედგა თვალწინ. დედასა ჰგავდა ისიც. თვალებში იცოდა ყურება. ჰზარავდა იმისი თვალები. სახლში მისვლამდე ჯიბე ჩამოიხია, ტყვიისაგან გახვრეტილი რო არ ენახათ. მისვლისას გამოიცვალა და ფეჩში შეუძახა. მოსვენება ისედაც არა ჰქონდა და ეხლა ხო თითქმის გიჟს დაემსგავსა. უფრო ხშირად ესიზმრებოდა არჩილა. მანამდე თუ მარტო სიბნელეში გრძნობდა არჩილას, ეხლა დღისითაც დაჰყვებოდა უკან. ამის შემდეგ ვისზედაც კი თქვეს, გამოიქცაო, ვერც ერთი ვეღარ ნახა ჭიმიამ. თითქოს ქრებოდნენ. აი, ზუსტად იცოდა, ვინ სად იყო დამალული, - მიდიოდა და არავინ ხვდებოდა. იცოდა, ვისი საქმეც იქნებოდა ეგ. ყველაფერი იმის შემდეგ ხდებოდა, როგორც იფიქრა, რაც არტაშა ომიდან დაბრუნდა და მილიციაში დაიწყო მუშაობა. რამდენჯერმე დაიჭრა არტაშა და ბოლოს დააბრუნეს სახლში. ომამდე მხატვრობდა. „თფუჰ! კაცი რო მხატვარი იქნება!“ მიხვდა ჭიმია, არტაშა აფრთხილებდა ყველას წინასწარ, გამოქცეული გადაემალათ. . სდარაჯობდა არტაშას, მაგრამ ვერ წაასწრო. გეგონება უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, არსად გადაყრია საეჭვოდ. ეს დაბალი, ჩია კაცი შიშის ზარს სცემდა რაიონს.ხანდახან ერთი-ორი დღით ქრებოდა ჭიმია. ამ დროს ხან ვის ნახულობდნენ მოკლულს და ხან ვის. ერთი ცხვარში ნახეს მკვდარი თავისივე თოფით, ერთი ტყეში შეშაზე წასული, ხრამში გადავარდნილი იპოვეს. ჭიმიას ხელს ვერავინ ადებდა, დამამტკიცებელი არაფერი ჰქონდათ. ეგ კი იყო, ყველა შემთხვევის დროს ჭიმია სახლში არ იყო. ერთხელ კი თვითონ არტაშა დაადგა თავზე. ვენახში იყო ჭიმია, სხლამდა. არტაშა ისე წამოეპარა, კატასავით, არაფერი გაუგია. -ვიცი, რო უკან დამდევ. - არტაშამ - თავი დამანებე. იმ ხალხსაც დაანებე თავი, ცოფიანი ძაღლივით რომ დასდევ უკან. შენ არ იცი, ომი რა არის. მიწას რომ ცეცხლი უკიდია და ნახევარი მეტრ სიღრმეზე დამწვარ-დანახშირებულია. ყუმბარები რო ცვივა და არ იცი, სად გაიქცე. ომი მალე დამთავრდება და ცოდვას ნუ დაიდებ, თორე სადაც წაგასწრებ, იქ ამოგართმევ სულს. ჭიმიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი. -ჯიბიდან ხელი ამოიღე! ვიდრე გასროლას მოასწრებ სულს გაგაფრთხობინებ. შენ მე ის ღინღლიანი ბიჭები არ გეგონო!-გაბრუნდა არტაშა და წავიდა. უყურებდა არტაშას ზურგს და სროლა ვერ გაბედა. ვენახი კი იმ წელს სხვას გაასხვლევინა.
მოიკუნტა დარდისაგან ჭიმიას დედა. ამბობდნენ, ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იყოვო. დაბეჩავდა. დაპატარავდა. რძალს თუ ეტყოდა ორ სიტყვას. სულ ჩუმად იყო. არჩილას სიკვდილის შემდეგ ქალი დარდმა გაანახევრა. სხვის გასაგონად კი ამბობდა, ეგეთი სამუშაო აქვსო ჩემს შვილს, მაგრამ თითონ ხო იცოდა, რაცა ჰყავდა. სონას არასდროს გადაჰყრია. ერიდებოდა. სახლიდან გასვლასაც უკლო. მერე კი საერთოდ აკრძალა გასვლა. სამძიმრებზედაც აღარ დადიოდა. არა და განათლებული ქალი იყო, იმისი დატირებული მკვდარი, საიქიოს ცხონდებაო. ამბობდნენ. გულში სულ არჩილას დასტიროდა, სონას სულ პატიებასა სთხოვდა. თავის შვილიშვილებს უყურებდა და წარმოიდგენდა, ვინმეს რო იმათთვის ესროლა. შიშისაგან მუხლები უმტყუნებდა ხოლმე ამ დროს. ეკლესიაში სიარულსაც თავი დაანება. ქალაქელი მღვდელი ჰყვანდათ. ამბობდნენ, მაგასთან ნათქვამი ყველა აღასარება მთავრობამ იცისო. ისედაც, უვარგისი კაცი იყო. ქალებს სულ თვალებში უყურებდა. იმასაც ამბობდნენ, ღამღამობით ლოთობს და საყვარელიც ჰყავსო ქალაქში. მერე ის მღვდელი სხვაგან გადაიყვანეს და მამა დიმიტრი დანიშნეს ეკლესიის მღვდლად. მართლაც ღმერთის მოვლენილი კაცი გამოდგა. სადაც ის იყო, გეგონება, ნათელი იდგაო. იშვიათი გამონაკლისი იყო. იმის ყველა სიტყვას უფლის მადლი ჰქონდა. ისეთი დარიგება იცოდა, ქვის გულსაც ჩასწვდებოდა. ხალხი მიაწყდა ეკლესიას. თითქოს გახალისდა მარიამი, გაახალგაზრდავდა. ღმერთის იმედი დაუბრუნდა. უეკლესიოდაც იცავდა მარხვას და თავის მიცვალებულებს ყოველ შაბათს სანთლებს უნთებდა, მაგრამ მარიამისთვის ეკლესია ყველაზე მთავარი იყო. ხანდახან შვილის ჩუმად შვილიშვილებიც მიჰყავდ. „აი, იქით ვიყავით, სანთლების ასანთებად შევედი და ბავშვებს გარეთ ხო არ დავტოვებდიო“ - ჭიმიასთან ამბობდა. არ უნდოდა ჭიმიას ეკლესია. არც ბავშვებს ნათლავდა.
დიდხანს ფიქრობდა მარიამი, როგორ დაეყოლიებინა შვილი ბავშვების მონათვლაზე, მაგრამ რამდენჯერაც სიტყვა ჩამოუგდო, ჭიმიამ იმდენჯერ სხვა რამეზე გადაიტანა ლაპარაკი, თითქოს დედის ნათქვამი არც გაეგო. ბოლოს მარიამმა მამა დემეტრესთან დალაპარაკება გადაწყვიტა. ზიარების დროს მორიდებით, თავი მაღლა რო არ აუწევია, ისე უთხრა, „ამ საღამოს სახლში გეახლებით, საქმე მაქვს და აქ არ ითქმებაო“ მარიამმა საღამოს შვილებსა და რძალს უთხრა „თამარასთან გადავალ, ბიძაშვილთან, საქმე მაქვსო.“ კალათაში შოთები, ჩურჩხელები, ჩირი და დოქით ღვინო ჩადო, შალი შემოიხვია და სახლიდან გავიდა. ჭიმიას გულმა რეჩხი უყო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ის კი უთხრა „ამ სიბნელეში ძაღლები არ გამოგეკიდნენო“. მარიამს ვითომც არ გაუგია, კარი გაიხურა, „ღმერთო, შენ გვიშველეო“- თქვა და წავიდა. მამა დიმიტრიც ქალაქიდან იყო ჩამოსული. ქავრივი და მარტოხელა დიაკვანის სახლში ცხოვრობდა ცოლთან ერთად. ოთხი შვილი ჰყვანდა. ომი უკვე რამდენიმე თვეში დამთავრდებოდა, როგორც ჩანდა და დაჭრილები სახლში დააბრუნეს, დაჭრილები, მაგრამ ცოცხლები. ყველა უკვე დაოჯახებულ-დაბინავებულები ჰყვანდა ომამდეც და გარდა ღვთის მსახურებისა, სხვა აღარაფერი საქმე ჰქონდა წუთისოფელში. ხალხი უყვარდა და ხალხსაც უყვარდა. იმის ზიარებასა და ქადაგებას როგორ გამოაკლდებოდა ღვთის მოყვარული ადამიანი? მაინც დიმირტის ცოლი დახვდა ეზოში მარიამს. სახლში შეიყვანა და თვითონ გაერიდა, ვითომ საქმე მაქვსო, იქნება, რა აქ სათქმელი და ჩემთან არ ითქმებაო. დიმიტრის ძალიან გაუკვირდა, ჭიმიას დედის ნათქვამი, მოსვლა მინდაო. ელოდებოდა, ქალი როდის დაიწყებდა ლაპარაკს. მარიამი ჩუმად იჯდა. გზაზე რო მოდიოდა, თითქოს უფრო თამამად იყო და ეხლა, როცა დიმიტრის წინ იჯდა, შიშის ჭია შეუჯდა: „ამბობენ, ბოლო დროს ეკლესიაშიც მოვა ეშმაკიო...ვაი თუ...მაგრამ არა, დემეტრე ეგეთი არა ჩანს...არა და რო ამბობენ, ყველა მღვდელი მთავრობის კაციაო?! ნეტა, უნდა მოვსულიყავი, თუ არა...როგორც ღმერთს უნდა, ისე იქნება ყველაფერი, მე კი ჩემი უნდა ვთქო...“ დიმიტრი თავისასა ფიქრობდა: „რა უნდა ჰქონდეს ისეთი სათქმელი, ეკლესიაში რომ არ ითქმებოდა? ან იმდენი სალაპარაკო რა აქვს, რომ იქ ვერ მოასწრებდა?! ამბობენ, მარიამი სამართლიანი დედაკაცია, მაგრამ მაინც ჭიმიას დედაა...“ სტუმარი ხმის ამოღებას რომ არ ჩქარობდა, ისევ დიმიტრიმ დაიწყო ლაპარაკი სასხვათაშორისოდ. -„ომი მალე დამთავრდებაო. ხალხი დაბრუნდებაო სახლში და ესეთი გაჭირვება აღარ იქნებაო. ოჯახებში ახლა ქალები ასრულებნ კაცების მოვალეობას და ეგ სწორი არ არისო. ქათამსაც კი ქალები ჰკლავენო. არ შეიძლება ქალმა სისხლი დაღვაროს, თუ თავის მიწა-წყალს, ან ოჯახს არ იცავსო. ხო გახსოვს, მარიამ, ადრე როგორ იყო, სანამ ყმაწვილს წვერ-ულვაში არ ამოუვიდოდა, მეხრედ არ დასვამდნენ და ვიდრე მეხრედ არ დაჯდებოდა გუთანზე, მანამდე ქათამს არ დააკვლევინებდნენ. ახლა ეგრე აღარ არისო. რა ქნან, როცა სახლში შეშის დამჭრელი და ქათმის დამკვლელი კაცი არა ჰყავთო. ქალის მოწამლულ ვენახს რა ბარაქა უნდა ჰქონდესო?!“. - მამაო, ბავშვების მონათვლა მინდა, შვილიშვილების...- უცბად თქვა მარიამმა. დიმიტრიმ იფიქრა მომესმაო, გაჩუმდა. - ბავშვები მინდა მოვნათლო - რაკი დაიწყო, გათამამდა - ჩემი შვილი ხო იცი, უფლებას არ მამცემს და ჩუმად მინდა მოვნათლო - დედაკაცს ცრემლი მოადგა. - იქნება სჯობია, ჯერ დაითანხმო შვილი და ისე მონათლო. ბავშვები იმისი შვილები არიან და ეგრე სწორე არ იქნება ჩუმად მონათვლა. - რამდენჯერ უთხარ, მაგრამ არაფერი ესმის, ვირზეა შემჯდარი. არც ეკლესია უნდა, არც ბაბშვების მონათვლა. „ ხო არა მცდის ეს დედაკაცი?! იქნება ჭიმიამ გამოაგზავნა?!“- ერთი პირობა გაიფიქრა დიმიტრიმ _ „როგორც ღმერთს უნდა, ისე იქნება, იქნება გულით ამბობს და მე ეშმაკი შემიჯდა ეჭვისთვის...თუ მცდის კიდე და იქნება ღმერთს უნდა ესე..მე მაინც ისე უნდა ვთქვა, როგოც სწორეა-ნეტარ არიან მართალნი!.შიშმა არ უნდა მაჯობოს“ -მერე რას აპირებ? - დიმიტრი ეკითხება.- ან ჩუმად როგორ უნდა მონათლო, ხომ გაიგებს მაინც? -აქ მოვიყვან, მამო, ბავშვებს, შენთან და აქ მონათლე..ვერაფრსაც ვერ გაიგებს. ბიჭები არ იტყვიან. ვასილაც მოსანათლი მყავს. ეგრე უღმერთოები რათ უნდა გაიზარდნენ, მამაჩემიც მღვდელი იყო და პაპაჩემიც... - მღვდლები იყვნენ?! - გაუკვირდა დიმიტრის. -ჰო, მამო, მღვდლები იყვნენ. მერე აესენი რო მოვიდნენ...კომუნისტები..“ეხლა, კარქსა ვშვრები ამეებს რო ვამბობ?!..“ პაპაჩემს თმა-წვერი რო გადაპარსეს და მამაჩემი პანღურით რო გამააგდეს ეკლესიიდან, პაპაჩემი დარდს გადაჰყვა-„ღმერთს რა თვალით შევხედოვო...მამაჩემიც დაიჩაგრა ძალიან და მალე ისიც მოკვდა. ობლად დავიზარდენით მე და ჩემი და, მარტო დედის იმედათ. უყურებდა დიმიტრი ქალს და ეხლა შეამჩნია რო ახალგაზრდა იყო, სამოც წლამდე ძლივს იქნებოდა. ისე კი ძალიან მოტეხილი იყო გაცილებით დიდი გეგონებოდა. -მმაჩემი სუ გვეუბნეოდა, „ღმერთი გიყვარდეთო..“ მაინცა და მაინც ჩემი შვილი გამოვიდა ეგეთი უღმერთო - თითქოს თავს იმართლებსო. -მარიამ, მაინც არ შეიძლება მამის ჩუმად ბავშვების მონათვლა. უთხარი შენ შვილს მოვიდეს ჩემთან და მოინანიოს, რა ცოდვებიცა აქვს. კაცის მოკვლა ყველაზე დიდი ცოდვაა... -ვიცი, მამო. - გააწყვეტინა მარიამმა-რაც ის უბედური არჩილა მოკლა, იმის მერე ვერც დღე ისვენებს და ვერც ღამე. სუ არჩილას ელაპარაკება მძინარე. -ჰო. გავიგე ეგ. ძმებივით ყოფილან გაზრდილები... - ჰო, ძმებივით...როცა ეგ მეყოლა, პატარა ვიყავი და ორმოცი დღე ვებრძოდი სიკვდილს. სონამ აწოვა ძუძუ, მაშინ დაიბადა არჩილაც, ერთ თვეში არიან დაბადებულები. როცა გამოვლეთდი, მე აღარ გამეკარა და ისევ სონა აწოვებდა, ძალიან სუსტი და პატარა დაიბადა, თხაც არავისა ჰყავდა ახლოო-მახლოს, რძე რო გამეგვერთმივნდა. თავისას ერთ წლამდე აწოვა, ჩემსას სამ წლამდე, ძლივას დავანებებინეთ თავი. -მერე, ეგრე როგორ გაიმეტა ძმასავით ტავისთან გაზრდილი?! -არ ვიცი, მამო, რა ეშმაკი შეუჯდა. პატარები იყვნენ, ერთხელ თამაშის დროს ჩხუბი მოუვიდათ და არჩილამ სახლიდან გამააგდო, შენ ორი დედა გყავ და მე არც ერთი, დედაჩემიც დედაშენია და აქ აღარ მოხვიდეო...იმის შემდეგ აიძულა და აიძულა არჩილა. არ ემჩნეოდა, მაგრამ როცა იმ ქალზე მიდგა საქმე, ნინელაზე, მაშინ კი სუ გაგიჟდა, მაშინ დაეტყო, როგო ვერ იტანდა არჩილას და აგე, კიდეც დაიდო იმისი ცოდო. - მოვიდეს ჩემთან. იქნება ჩემმა ლაპარაკმა გაჭრას და დავიყოლიო ბავშვების მონათვლაზე. ეკლესიაში თუ არ მოვა, აქ მოვიდეს, ჩემთან, სახლში. ჩემგან არ გავა და არც თქვენგან უნდა გავიდეს ეგ. მოინანიოს, მარიამ. ღმერთი მოწყალეა, შეუნდობს. მთელ რაიონს ეშინია მაგისი. კარგი არ არი ეგ. ყველაფერი უკან უბრუნდება ადამიანს, რასაც სთესავს. -ვიცი, მამო. სახლში სუ სხვანაირი და ხანდისხან არცა მჯერა, ჩემი შვილი ეგეტია. არც ცოლისთვის არც ჩემთვის ჯერ „წინა ზიხართ, უკან გადაჯექიო“, არ უთქვამს... მაგრამ ხო ვიცი, რისი გამკეთებელიც არი სინამდვილეში...პარტიაში შევიდა. ვეჩხუბებოდი. მაგათთვის მიცემული სიტყვა და ფიცი ეშმაკისთვის მიცემული სიტყვა და ფიცია-მეთქი. არ გამიგონა „ვაიმეე, რეებსა ვლაპარაკობ?! გეგონება მე კი არა, ვიღაცა ლაპარაკობს ჩემიდან უჩემოდ...რო თქოს?!“ - მარიამ, - დიმიტრი ეტყობა მიხვდა ქალის ეჭვს - ისიც კი არა სთქვა სადმე, ეგენი რომ ჩემთან ილაპარაკე...არც რძალთან...ეგეთ რამეებზე ხალხს ხვრეტავენ, ან აციმბირებენ. -არა, რას ამობ, მამო, მაგას როგო ვიტყვი?! - მაგათ მარიამ ჱველაფერი ბილიიდან აქვთ აღებული, რაც კანონები არქვთ, მაგრამ უღმერთოდ. მკვდარ კაცზე ვის გაუგია „ცოცხალია და იცოცხლებსო“ როგორც ეგენი ლენინზე ამბობენ?! ერთი ღმერთია, რომელიც იყო, არის და იქნება. ადამიანი მოკვდავია. შიშსაც იმიტომ სთესავენ რომ ეშმაკისეულები არიან. შიში ეშმაკისაა და არსაც სთესავენ, იმას კიდევაც მოიმკიან. შენ ნუ გეშინია, ღმერთი ჩვენსკენ არის. დაელაპარაკე შვილს და ბავშვებს მოგინათლავ, მაშ რას ვიზამ?! მაგრამ მამის თანხმობით, ისე არა. ჯერ შენ ხარ უფროსი ოჯახში და მერე ეგენი. შვილმა დედისა და მამის სიტყვა უნდა გაიგოს, რამდენი წლისაც გინდა იყოს, მაინც. შენ ხო კარგი გინდა მაგისტვისაც და მაგის შვილებისთვისაც?! ჰოდა, ნუ გეშინია. ამ დროს დიმიტრის ცოლი შემოვიდა, სუფრა უკვე გაშლილია და წამობრძანდითო, მაგრამ მარიამმა იუარა, სახლში დროზე რო არ მივიდე, ჩემ ბიძაშვილთან გადავა და იქ რო არ დავხვდები, გაბრაზდება. დიდი მადლობა ვახშამზე დაპატიჟებისთვისო.
მარიამი სახლში რომ მობრუნდა ჭიმია არ დახვდა, რძალმა თქვა: „ეხლახანს გავიდაო.“ უმცროსი შვილი ეზოში შეშას ჩეხავდა. -ამ შუაღამისას რომ დაგიწყია შეშის დაჭრა, მთელი დღე რას აკეთებდი?! - ჰკითხა შვილს და პასუხს არ დაელოდა სახლში შევიდა. მარიამი გახარებულიც იყო და აფორიაქებულიც. რძალს უცნაურად მოეჩვენა დედამთილის განწყობა. მარიამი მოვიდა და ჭიმიაც ფეხებში მოჰყვა. ჯერ არ ევახშმათ. რძალმა იცოდა, მარიამი სხვაგან არ ივახშმებდა, რაკი არ დაიბარა, ნუ დამელოდებითო. თითქოს სხვა მოვიდა ვიღაც მარიამის მაგივრად. მთელი გზა მამა დიმიტრისთან ლაპარაკზე ფიქრობდა. ბავშვები უნდა მოინათლონ...მერე ღმერთმა იქნება მაგის შვილსაც აპატიოს ამდენი ცოდვა. აპატიებს, ღმერთი მოწყალეა! ეშმაკი ჰყავს შემჯდარი და ღმერთი მოაშორებს ეშმაკს. რძალსაც ჩუმად მიეხმარა სუფრის გაშლაში, მაგრამ აფორიაქებული რო იყო, ჭიმიამაც შეამჩნია. თითო ჭიქა ღვინოც დალიეს, როგორც კახეთშია მიღებული ვახშამზე. ყველამ მიხვდა, მარიამს რაღაცის თქმა უნდოდა და დროს არჩევდა სათქმელად. -ბავშვები უნდა მოვნათლო! - თქვა უცბად. და, გონი, თითონაც კი გაუკვირდა თავისი ნათქვამისა. ჭიმიას ლუკმა გადასცდა. რძალს თეფშზე მიეყინა ხელი. -ბავშვები უნდა მოვნათლო! - მეორედ უფრო თამამადა თქვა, რაკი ნავსი გატეხა.- არ შეიძლება მოუნათლავები. ის კი არა სთქოთ, დედაჩემმა ერთი სტაქანი ღვინო დალია და ის ალაპარაკებსო... -დედი!..- ჭიმიას რაღცის თქმა უნდოდა. -ხმა არვინ ამაიღოთ! ჯერ მე ვარ ამ სახლში უფროსი!-და მუშტი დაჰკრა მაგიდას. თეფშები აზრიალდნენ მაგიდაზე. არავის უნახავს მარიამს როდისმე ხმამაღალი სიტყვა ეთქოს. ეტყობა მთელმა დარდმა და ბოღმამ ერთად ამოხეთქა.-როგორც მე ვიტყვი ისე იქნება! კარქი დედ-მამის შვილები ხართ, ვინმე წინ დამიდექით! ჭიმია ჭიმია იყო, მაგრამ დედის წანააღმდეგი არასდროს წასულა. ოჯახში ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ყველა პირნათლად. არც არაფერი ჰქონდათ ერთიმეორის საწინააღმდეგო და დასამტკიცებელი. როცა რომელიმე იტყოდა ესა და ეს საქმეაო გასაკეთებელი, ყველა უთქმელად აკეთებდა. „ასი ხელის ჭირიმე და ერთი პირისაო“-ამათ ოჯახზე იყო ნათქვამი. ეხლა კი, გეგონება პირველადა ხედავსო დედას. რძალსაც ხმა არ ამოუღია, ჩანდა, დედამთილის მხარეზე იყო და ვერც ქმრის წინააღმდეგ ამობდა რამეს. -ხვალე მოვიყვან მამა დემეტრეს და ბავშვებს მოვნათლამ! მორჩა! ჩემი სიტყვა ბეჭედდასმულია! ვასილაც მოსანათლია. ბავშვებიც. რა მადლი ექნება ჩვენ ოჯახს, როცა უღმერთოებსა ვზრდით?! როგორც მარიამმა თქვა, ისეც მოხდა. ბავშვები მონათლეს. ვასილაც. მაგრამ სახლში არ გამოჰყვათ მამა დემეტრე. ეკლესიაში ნათლობასაც მოერიდნენ და დიაკვნის სახლში მოინათლნენ. ერთი კვირა გარე-გარე დადიოდა ჭიმია, გეგონება სახლში შესვლისა ეშინიაო. „მობრუნდება, სუ ხო ეგრე არ ივლის?!“-თავს იიმედებდა მარიამი. აჯობა ღმერთმა. მაინც მონათლეს ბავშვები. ორიოდე თვე იომა ერთიმეორესთან დედამა და შვილმა რძლისა და უმცროსი შვილის ჩუმად. რამდენჯერ შეეუსწრია რძალს, რო სახეალეწილი დედამთილი რაღაცას ედავებოდა ჭიმიას. ჭიმიაც ხან პასუხობდა, ხან ჩუმად იყო. ვერავინ გაიგო, რაზე დაობდნენ. ყველა ესეთი დავის შემდეგ ჭიმია სახლიდან გავიდოდა. მერე თანდათან ცდილობდა დედასთან მარტო არ დარჩენილიყო. დარდობდა მარიამი. ცდილობდა, ყველაფერი ღმერთის მოსაწონად გაეკეთებინა- ლოცვის გარეშე არ დაიძინებდა, უსანთლოდ შაბათს არ გაატარებდა, ყოველ პარასკებს მარხვას იცავდა - ქონიან კოვზსაც კი არ ჩაურევდა თავისთვის გაკეთებულ საჭმელში, დღე-ღამის გასაყარზე ყველანაირ საქმეს მიატოვებდა - მზის ჩასვლას დაელოდებოდა, კვირა ძალზე ხელსაქმეს ხელს არ მოჰკიდებდა, ორშაბათს თავს არ დაიბანდა, სუფრიდან გადმოწმენდილ პურის ნამცეცებს ფეხს არ დაადგამდა, ჩიტებს დაუყრიდა-ღმერთი ამათზედაცა ზრუნავსო. ყველა ფეხის გადადგმაზე ღმერთს ეხვეწებოდა ჩემ შვილს უშველეო. ყოველი კვირის წირვაზე რამდენჯერაც მამა დემეტრე მარიამს შეხედავდა, იმდენჯერ სახეს არიდებდა ქალი. მამა დემეტრე ხვდებოდა, დედამ ვერ დაიყოლია შვილი. ეცოდებოდა მამა დემეტრეს ეს ავ-კარგიანი დედაკაცი. შვილის დარდს რომ ყვებოდა თან. ერთ კვირას კი მამა დემეტრე მარიამის დანახვაზე მიხვდა, დედაკაცმა გაიმარჯვა. „დაიყოლია!..“ გაიფიქრა დემეტრემ. -ამ დღეებში დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.-უთხრა დიაკვანს.
ცოლი უნდა წეეყვანა საყიდლებზე ქალაქში. ბიჭებს შარვლები შემოეხათ, ახლები უნდათო. ფეხსაცმელიცო, ზამთარი მოდისო. არ უნდოდა ჭიმიას ქალაში წასვლა. რაღა ეხლა მოუნდათ საყიდლებიო. იმდენი იწრიალა, მაინც მარიამი დაითანხმა წასვლაზე. არ დადიოდა ქალაქში, თითქოს რაღაცისა ეშინოდა. ან რისა უნდა შინებოდა, მაგრამ მაინც ცუდი გრძნობა ჰქონდა. თავის რაიონში ერჩივნა ყოფნა, დაცულადა გრძნობდა თავს. საქმეც რო არა ჰქონოდა, გააპრიალებდა აზიაცკებს, ჩაიტანდა გალიფეს აზიაცკებში და მაინც აივლ-ჩაივლიდა სახლიდან ცენტრამდე. გალიფეს ჯიბეში რევოლვერს მოსინჯავდა ხშირ-ხშირად, იარაღის სიგრილე რაღაცნაირად სიმშვიდეს აძლევდა, იმედს. ეხლაც, დედა თითონ მიხვდა, წასასვლელად ფეხს რო ითრევდა და „მე წავალო“, თქვა. ვასილას ბაწრით შარვლის სიგრძე გაუზომა, წელის სიგანეც, ბიჭებსაც და წავიდნენ რძალ-დედამთილი. საინტერესო კიდევ ის იყო, რო ჭიმია ცოლთან ერთად გავლილი არავის დაუნახია-არ დადიოდა ცოლთან ერთად. აი, სადმე რო იყვნენ წასასვლელბი ჯერ ცოლს გაუშვებდა და ცოტა ხნის შემდეგ თითონ მიდიოდა. არ კი იცოდა, რატომ. ესე უნდოდა და იმიტომ! წავიდნენ და წავიდნენ. ქალებმა უფრო იციან ყიდვა. ჭიმიას რა ესმოდა ყიდვისა?! დადექი ეხლა და ქალებთან ერთად არჩიე საქონელი. წავიდნენ და რაც უნდათ, ის იყიდონ. აეგრე! თითონ ვენახში წასვლა გადაწყვიტა. სახლში ყოფნას, ვენახში წასვლა ამჯობინა. თითქოს ბედიაო. რა უნდოდა ვენახში, როცა საქმე არაფერი ჰქონდა იქ?! შემოდგომა მთავრდებოდა. არასდროს გადაჰყრია სონიას ჭიმია. ნადირის გეშითა გრძნობდა, სონა ან სად გაივლიდა უბანში, ან ვენახში როდის წავიდოდა და იმ დროს არ გაივლიდა იმ მხარეს. ეგ კი იყო, ის დედ-მამა აძაღლებული გაიოზა ისევ გვერდით დაჰყვებოდა. ვერ მოიშორა. ახლა კი არც უკანდასახევი გზა იყო, არც გადასახვევი. სონა მოდიოდა ვენახიდან. წინ ხბო გამოეგდო და ჭიმიას პირდაპირ თვალებში უყურებდა. გაჩერდა ჭიმია. ფეხი ვერ გადადგა. ღობეს აეკრა ცუდ საქმეზე წასრებული ბავშვივით. ყურებმა წუილი დაუწყეს. რა უნდა ექნა? არც არაფერი და სიკვდილივით ელოდებოდა, სონიას მოახლოებას. ეტყობა, სონაც შეცბა, მაგრამ არ იმჩნევდა. გაუსწორდა ჭიმიას. რამის იყო და შუბლზე ხელი მოესვა, ხომ არ გამიხვრიტა თვალებითო სონამ. სონა გაუსწორდა. თვალი არ მოუცილებია ჭიმიასთვის,ნაბიჯი არ შეუნელებია: -მოინანიე, უბედურო. ის მაინც ვიცი, ჩემი შვილი საფლავში წევს თავის ცოლ-შვილთან ერთად და აღარაფერი აწუხებს...შენ დადიხარ და ლოდებივითა გკიდია ცოდვები...რატო ძუძუები არ გამიხმა, შენ რო გაწოვე. რა შხამი გაწოვე ეგეთი. - თითქმის ჩურჩულითა თქვა სონამ და წავიდა. ღობეს აკრულმა ჯიბეში ხელი ჩაიყო. იმ დღეს გვიან მივიდა სახლში, კარგად დაღამებულზე. დედა და ცოლი ქალაქიდან დიდი ხნის ჩამოსულები იყვნენ. პურის გამოცხობაც კი მოესწროთ. ბავშვები გახარებულები ჩანდნენ. ჭიმიას შემოსვლისას, გეგონებოდა ვიღაცამ ცივი წყალი გადაასხათო, ყველას სახე შეეცვალა - გაფითრებული იყო, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა. ვირთხასა ჰგავდა, შეშინებულს, ჯოხის დარტყმას რო ელოდება. „ეს ჯიბე რამ გაგიხვრიტაო“,- დედამ. ჭიმიამ პასუხი არ გასცა. შარვალი გამოიცვალა. ჯიბეგახვრეტილი შარვალი ჯერ კიდევ ცხელ თონეში ჩააგდო. იმ საღამოს არ უვახშმია. ადრე დაწვა დასაძინებლად. ცუდ ხასიათზე დადგა ყველა. მიხვდნენ, რაღაცა მოხდა.
მეორე დღეს მთელი რაიონი ფეხზე დადგა - მღვდელი და დიაკვანი ეკლესიის ეზოში იპოვეს მკვდრები, ვიღაცამ დახოცათო. დაიტირა რაიონმა თავისი მღვდელიცა და დიაკვანიც. დიდი პატივით გაასვენეს ორივე. ხალხი მკვლელის ვინაობის დადგენას ითხოვდა, მაგრამ ჩკ-მ ხმა გაავრცელა კომუნისტური პარტიის მტრებმა მოკლესო. ეჭვით ყველამ იცოდა, ვინც იქნებოდა, მაგრამ ვინ გაარჩევდა ტყუილსა და მართალს?! მითუმეტეს, მილიციაში შედიოდა ხმები, რომ მღვდელი პარტიის დავალებებს არ ასრულებდა და ხალხს „სხვანაირად“ მოძღვრავდა. არც ვინმეს აღასრება გაუთქვამს. ეს ის დრო იყო, როცა ომი თითქმის მთავრდებოდა. ახალი წელიც მოდიოდა. ხალხს დიდი გაჭირვება ჰქონდა და მოკლე მახსოვრობა - ცოტა ხანში ყველას დაავიწყდა მღვდელიცა და დიაკვანიც. მარიამს არა ჰქონდა მოკლე მახსოვრობა. გუმანითა გრძნობდა თავისი შვილი იქნებოდა ამ ამბავში გახვეული. თან თავს იიმედებდა, იქნება ეს არ იყო და სხვამ დახოცაო. მღვდლისა და დიაკვნის სიკვდილს ხო თავისთავად გლოვობდა, მაგრამ იმას უფრო გლოვობდა, ვაითუ იმათი ცოდვაც ჩემს შვილს აწევსო კისერზე. ვერც პირდაპირ ეკითხებოდა, ის გახვრეტილჯიბიანი სარვლის ამბავი მაინც ვერ გაიგო. ამ ამბიდან ორი კვირა იქნებოდა გასული, შეშის შემოსატანად გასულმა ვასილამ ძმას უთხრა, არტაშა გეძახისო. მარიამს გაუკვირდა, „ამ დროს არტაშას რა უნდა. მილიციაში ვერ გითხრა, თუ რამე საქმე ჰქონდაო“. გულმა ცუდი უგრძნო ჭიმიას. სისხლი გაეყინა. არტაშამ სხვაგან ვერსად მოიხელთა და სახლში მოადგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა. ბიჭს გახედა, უფროს შვილს. თერთმეტი წლისა ხდებოდა ახალ წლამდე. „ადე!“ უთხრა მოკლედ და მკლავში ხელი მოჰკიდა. კუთხიდან არჩილა გამოვიდა და წინ დაუდგა. „არ წაიყვანო, ბიჯო, ბიჭი, მოსაკლავად მოვიდა!“ ჭიმიამ ხელი აუქნია - „ფეხებს მამჭამს არტაშა!“ და ბიჭი წინ გაიგდო. სახლის კიბეზე ისე ჩავიდა, ბიჭი წინ ჰყავდა აფარებული. ეზოც ისე გაიარა. ცალი ხელთ ბიჭის მკლავი ეჭირა, მეორეთი ჯიბეში იარაღს უჭერდა დაასწრო. იცოდა კი არა, დარწმუნებული იყო, არტაშა ბიჭს არ ესროდა. მაგის გამბედაობა სადა ჰქონდა არტაშას! ჰოდა დასწრო… ბიჭი შიშისაგან გაშეშებულიყო, ვერც მერე ამოაღებინეს ხმა. დიდხანს იყო გაჩუმებული, რამდენიმე დღე. რამის იყო და ხელებში ჩააკვდათ დედასა და ბაბოს. პირველად რაც თქვა: - არტაშა მიწაზე ფართხალებდა და ხელში ჩაბღუჯული ეჭირაო რევოლვერი. ეგეც ეგრე! ხალხი ხალხია და ზოგი კიდევაც ამართლებდა ჭიმიას. „მა რა ექნა, თუკი არტაშა მოსაკლავად მივიდაო“. მარიამი ეხლა კი მიხვდა რასაც ნიშნავდა მაშინდელი ჯიბეგახვრეტილი შარვალი. მილიციამ ჭიმია გაამართლა.- თავდაცვის მიზნით შემოაკვდა სამშობლოს მოღალატე, რომელსაც უნდოდა თანაპარტიელისა და თანამშრომლის მოკვლა. მაგრამ ისე არავინ გაივლიდა ჭიმიას სახლთან რომ არ დაეწყევლა იმის მოდგმა და ჯილაგი. „შენ არ გეღირსოს ლოგინში სიკვდილი, ჭიმი! შენმა ძვლებმა არ დაისვენოს საფლავში! შენმა მოდგმამ არ გაიხაროს, როგორც შენ არ გაახარე ამდენი ხალხი! შენ არ გერიღსოს მშვიდი ძილი! ცეცხლად გექცეს ყველა ლუკმა!“ ეკლესიაშიც სხვა მღვდელი მოვიდა. ცოტა ხანს იყო. წირვა-ლოცვასაც არ ატარებდა წესიერად. მერე ეკლესია გაძარცვა და გაქრა. ამბობდნენ, თურქეთში გადავიდაო. მოკლედ, ცხოვრება თავისი წესითა და რიგით მიდიოდა. ხალხი თანდათან ბრუნდებოდა ომიდან. ერთი-ორითვე და ომიც დამთავრდებოდა. დაჭრილებს სახლში უშვებდნენ უკვე აღარ იძახებდნენ უკან, ომში. დიდმარხვის წინ, ყველიერობას „კაჩელიობა“ იმართებოდა რაიონში. დიდი ზეიმი იყო „კაჩელიობა“. დიდი და პატარა გავიდოდა მინდორში, ამოთხრიდნენ ორმოს, ჩააგდებდნენ დიდ ბოძს, ზემოდანაც ბოძს დააკრავნენ, ისე რომ ერტიალა, ჩამოაბამდნენ საქანელებს და იყო ერთი მხიარულება. იმართებოდა შეჯიბრებები ცხენოსნობაში, ჭიდაობაში, იქით მღეროდნენ, აქეთ საქანელებზე ტრიალებდნენ, ცეკვავდნენ. იმ წელს ვასილა ჩვიდმეტი წლისა გახდა. ძალაც ერჩოდა და ღონეც. „გინდა თუ არა, ეჭიდავე გაიოზასაო“ ამხანაგები აუტყდნენ. წამოიღო კისრულით ვასილამ ეს შენი გაიოზა და დადო ბეჭებზე. ახარხარდნენ გოგო-ბიჭები.
... ეზოდან ვიღაცამ დაიძახა. მთელი ოჯახი მაგიდასთან იყო შეკრებილი და ვახშმობდა: მამა, დედა, შვილი, რძალი და ხუთი წლის შვილიშვილი. რძალი ცუდ ხასიათზე იყო და პირი არაფრისთვის დაუკარებია. მიზეზი ყველამ იცოდა. მეორე ბიჭს ელოდებოდა გაიოზა. -ბიჭი იქნება, მა რა პირველს შეხედა, რა ბიჭი მყავს; მა, მეორეზე რაღა შემეშლება?: - იცინოდახოლმე. -გოგო, შეჭამე რამე, შვილო - უთხრა დედამთილმა. გაიოზიც ცუდ ხასიათზე იყო. ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. „ჩვიდმეტი წლის ვასილასთან ჭიდაობა როგორ წავაგე ოჯახიანმა და ოცდა შვიდი წლის კაცმა.“ ცოლისა სცხვენოდა. „არა და უცბად დამდო ბეჭებზე იმ დედ-მამა გახარებულმა! აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი...კარგი კაცი დადგება ვასილა, კარგი... ძმა კი ჰყავ უვარგისი და ცოდვით სავსე, მაგრამ თითონ კარგი ბიჭია! ვაა!... ერთი ხისგან ბარიც გამოდის და ნიჩაფიც...“ ფიქრობდა გაიოზა და ცოლისა სცხვენოდა. -წადი ქალო, გაიხედე, ვინ იძახის - უთხრა გაიოზას მამამ ცოლს - მეზობელი იქნება - ქალი გავიდა. -შემოიპატიჟე, ვინ არის - მიაძახა კარებში გასულს. სროლის ხმა გაისმა. მამაცა და შვილიც ერთად წამოხტნენ ფეხზე და გავიდნენ. რძალმა ბავშვი ხელში აიყვანა და უკან გაჰყვა... იმ სახლიდან უკანასკნელი კატა გავიდა და იმასაც ესროლა, ისიც მოკლა. სასამართლო თბილისში შედგა. რაიონში არ გაასამართლეს, ხალხი ჩაქოლავსო. ჭიმია რაკი მილიციის თანამშრომელი იყო და დახვრეტას გადარჩა. ათი წელი მიუსაჯეს ექვსი წელი ციხე და ოთხი წელი შრომა-გასწეორების კოლონია. ხანში შესული დედის გამო სასჯელი საქართველოში უნდა მოეხადა. სასამართლოზე ამტკიცებდა, გაიოზამ ძმა მამიწამლაო. ... „კაჩელიობიდან“ ვასილა შინ რომ დაბრუნდა ნასვამი იყო. დედას გაუკვირდა; საერთოდ არა სვამდა. -რა იყო, ვასილ, სიდედრ-სიმამრმა დაგპატიჟა?! -გავიმარჯვე დედი, გაიოზასთან ჭიდაობაში გავიმარჯვე. -მერე, რა ჩინ-მენდლები დაგკიდეს?! - გაეცინა დედას - გაიმარჯვე და გაიმარჯვე. -მერე გაიოზამ სახლში დაგვპატიჟა: - თუ არ წამოხვალთ წაგებულს სახლში არ შემიშვებენო და წავედით. -მერე, შენ რო არ სვამ? -დღეს დავლიე, დედი. -ისეთი ბიჭი ჰყაავს! თურმე, პირველად მაშინა ნახა, რაც ომიდან დაჭრილი დაბრუნდა. -კარგი, შვილო, წადი, დაიძინე - უთხრა დედამ. ვასილა დასაძინებლად წავიდა. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. სასამართლოზე იმ ბიჭებმა თქვეს, გაიოზამ ყველა ერთად დაგვპატიჟა, ყველა ერთად წამოვედითო, სამ-სამი ჭიქა არაყი დავლიეთ და ეგ იყოვო. ფაქტი ერთი იყო,- ვასილა მოკვდა. ეს მოხდა 1945 გაზაფხულზე, ყველიერში, კაჩელიობას.
… ხალისი აჰყვა დილიდან. რთველი ჰქონდა. მერე რა რო შვილები არ ელაპარაკებოდნენ! ერთი მაგათიც! ნუ დაელაპარაკებიან რა! ის დიდი რო ქალაქში გაიქცა, რა ხეირი ნახა რო! ეს კიდე, პატარა, სახლი და ეზო კი გაუყო, მაგრამ რა, ჭიმიას დააკლდა რამე რო?! არც არაფერი! სუ რძლების ბრალია! განა არ იცოდა უფროს ბიჭს ცოლი აუტყდა, გინდა თუ არა, აქედან წავიდეთ, ამ ნაწყევლ ეზო კარზე არ ვიცხოვრებო! ნუ იცხოვრებენ რა! ერთი ეგ იყო, რო შვილიშვილები ენატრებოდა ხოლმე. უყვარდა შვილიშვილები. მაგრამ ვინ აკარებდა ახლოს?! ცხოვრობდა ჭიმია როგორღაც, ყველას გარეშე. ცოლისა და მოხუცი დედის ინაბარას. თითონაც განა პატარაღა იყო, ორმოცდა თექვსმეტი წლისა ხდებოდა გიორგობას. არც დედასა და არც ცოლს არ ახსომდათ ბოლს ჭიმია ხალისიანი როდისა ნახეს. უკვე ათი წლი იყო, რაც ციხიდან გამოვიდა. სულ მოღუშული კი დადიოდა. ორი ადამიანი რო დაენახა ერთად, ეგონა ჩემზე ლაპარაკობენო. ვიღასა სცხელოდა ჭიმიასთვის! ვიღას ახსომდა ჭიმია! ხალხმა ისეთი გაჭირვება გამოიარა ომის შემდეგ, ჭიმიაც დაავიწყდათ და იმისი ნამოქმედარიც. ომის შემდეგ უფრო დიდი გაჭირვება იყო. დღე და ღამე პურის რიგში ათენებ-აღამებდნენ. რამდენჯერ ქატო გაუცრიათ და ის გამოუცხვით შვილები რო შიმშილისაგან გადაერჩინათ. ეხსომებოდათ ჭიმია ვინმეს?! გადაათრია ხალხმა ის გაჭირვება როგორღაც. ცხოვრებაც ნელ-ნელა გამოსწორდა. ისე გასულიყო ათი წელი, იმ გაჭირვებაში ვერც ვერაფერი გაიგეს. გარეთ რო ეგეთი გაჭირვება იყო, ციხეში რაღა იქნებოდა?! ისედაც ჩია ჭიმია კიდე უფრო დაჩიავებული გამოვიდა ციხიდან. ათი წელი ცოტა არ იყო. არჩილას ერთი დღითაც კი არ მიუტოვებია. ციხეშიც იმასთან ერთად იჯდა, მიმაგრებაშიც იმასთან ერთად მუშაობდა და გათავისულლებულიც არჩილასთან ერთად განთავსუფლდა. სულში ჩასჭიდებოდა არჩილა. მოსვენებას არ აძლევდა. აღარ ელაპარაკებოდა, მაგრამ ისევ სულ თან დაჰყვებოდა. ისედაც სიტყვაძუნწი ჭიმია ციხიდან გამოსვლისას, სულ დამუნჯდა. ორ სიტყვას თუ გადაუგდებდა დედას, ან ცოლს. ამიტომ უკვირდათ დღევანდელი ხალისი. იმ ღამეს ნინელა ნახა სიზმარში. ჭიმიას ხალისიც ეგ იყო. არასდროს დასიზმრებია და იმ ღამეს დეესიზმრა. მოსახვევი არ ეკეთა და წითელი თმა გეეშალნა. თეთრი ღამის პერანგი ეცო ჩითისა, განიერი. თეთრი მკლავები უჩანდა მოკლე სახელოებიდან. საიდანღაც მოდიოდა ჭიმიასკენ. ბაღჩიდან თუ ეზოდან, ვერ გაარკვია ჭიმიამ. თითქოს ჯერ ლანდი იყო ნინელასი და მერე თანდათან ხორცი შეისხა. ახლოს მივიდა ჭიმიასთან, აი, სუ ახლოს. ჭიმია კუშეტკაზე იწვა. მითომ გვერდით ჩამოუჯდა და ხელები მოხვია. კოცნიდა ნინელა. ჭიმიაცა ჰკოცნიდა. თითქოს სველი თმები ააქო, გრილად ეხებოდა ჭიმიას გულზე. რაღაცნაირი კარგი სუნი ჰქონდა ნინელას თმას, ატმისა. ეს წესიერი ქალი ეგრე ღამის პერანგით როგო გამოვიდოდა სახლიდან ამ შუაღამისასო, სიზმარში უკვირდა. არჩილას გემეეპარა, უყვარვარო და ჩემთვის გამოიპარაო სახლიდან, სიზმარში ფიქრობდა. რო გაეღვიძა, ოფლში იყო გაწურული. ბედნიერი იყო, ნეტა ჯერ არ გამღვიძებოდა, როგორა მკოცნიდაო. სიბერეში ხო მაინცა ვნახეო. იმის თვალებში რო სიხარული არავის უნახამს, ეხლა სიხარულისაგან თვალები უბრწყინამდა. დილა იყო, ის იყო, ნათდებოდა. ხალისიანად დააწყო გოდრები ცხენის ტაჭკაზე. ხალისიანათ ჩამაასხა ღვინო დოქებში. ჭიმიას ეგეთი ხალისი გაუხარდათ. თითონაც ცოტა გახალისდნენ. იმედი მიეცათ, უფროსი ბიჭი არ გვეკარება, არ გვეკარება და იქნება ამ ბიჭს მაინც შეურიგდესო,. გვერდიგვერდა ჰქონდათ ვენახები. როგორია, შენ გვერდით ვენახში შვილს რო რთველი აქ, მხირულება როა და შენ არ გელაპარაკება. პურ-მარილი ჩააწყეს პრავიზონკებში, ტაჭკაზე დააწყეს და წავიდნენ. ჭიმია ტაჭკაზე იჯდა, ქალები ფეხით მიდიოდნენ, იუარეს ტაჭკაზე დაჯდომა. ახლოსა ჰქონდათ ვენახი. მარიამმაც ნახა იმ ღამით სიზმარი, ვენახში იყო და ყურძენსა ჰკრეფდა. ცუდათა ჰქონდა დაცდილი ყურძნის ნახვა სიზმაში, „შაბათ ღამის სიზმარი, კვირას სადილობამდეო“- გაიფიქრა. მაგრამ თავი დაიმშვიდა, რთველი გვაქ და იმაზე ახდებაო. კვირა დილა თენდებოდა.
... ვაზის ძირში ჩაჯდა. ცოტა ღვინო მეეკიდა და წათვლემაც უნდოდა. ბიჭის სიდერ-სიმამრი მივიდნენ შუადღეს, პურისჭამაზე. გაუხარდა ჭიმიას, მაგრამ შვილმა კი ფეხი არ მოადგა. მამის ვენახისკენ არც გაუხედია. ვერც სიდედრ-სიმამრმა დაიყოლის შერიგებაზე. თვალი გააყოლა მწკრივებს. დახუნძლული იყო ვაზი მტევნებით, ვისთვის უნდოდა?! არც ერთ შვილი არ ეკარებოდა ახლოს. ვერც რძლის ნათესავებმა შეარიგეს. ხელში ატრიალებდა ჯიბის დანას. უყურებდა შვილი და შვილიშვილები გოდორში როგორ ყრიდნენ ყურძენს, როგორ გამოჰქონდათ ვედოერბით. უყურებდა და წარმოიდგინა შვილისთვის რო ესროლა, როგორ წაიქცეოდა. როგორ შეტორტმანდებოდა. ისე გაამწარებდა იმის ცოლ-შვილსაც, როგორც თითონ იყო ეხლა გამწარებული. მაგრამ ეს უცბად წარმოიდგინა და ისევ ვაზის მწკრივებს დააყოლა თვალი. არჩილა დაუჯდა წინ. მეორე მწკრივის ვაზთან. - რა იყო, ჭიმი, დაიღალე? - არჩილამ. - არა. რა დამღლიდა? - მა ეგრე რათა ზიხარ? ჯერ გაჩუმდა ჭიმია. არ უნდოდა ეთქო, მაგრამ იცოდა, არჩილას ვერაფერს გამააპარებდა. ციხეშიც ჭიმიასთან იყო, მიმაგრებაშიც, გამოსვლითაც ჭიმიასთან ერთად გამოვიდა ციხიდან. დიხანს იყო ჭიმია გაჩუმებული, მერე არჩილას შეხედა თვალებში. ადრე თვალებში რო ვერ უყურებდა, ეხლა შიში აღარ ჰქონდა. -კაცის მოკვლა მომინდა..- თვალები ჩასისხლიანებოდა -აი, რო ესვრი, რო შეტორტმანდება, თვალები რო გეეყინება და ბარბაცით რო გადმოდგამს ერთი - ორ აბიჯს, სანამ წაიქცევა... -მერე..მიდი , მოკალი! _ სინანულით გაეცინა არჩილას -როგორ მოვკლა, შვილია. -განა მე შვილზე გითხარი, მოკალი-მეთქი?! - ისევ სინანულით გაეცინა არჩილას. -ხო იფიქრე? - შენ რა იცი, მე რა ვიფიქრე? -როგო არ ვიცი...ვიცი...შენ ყველაფერი იცი, გულში რაც მიდევ...ისიც ცოდი ნინელა რო მიყვარდა და იმიტო მაიყვანე, ჩემთვის რო გეჯობნა ყველაფერში. ჰოდა კარგად გიყავ, რო მოგკალი, შენი ბრალი იყო... -ჭიმი... -ჭიმიას ნუ მეძახი, სახელი მქვიან - გაბრაზდა. -არა, ჭიმი, შენნაირებს სახელი არა ჰქვიათ, არც გვარი აქთ, შენნაირები მგლები არიან... შვილზე ფიქრობდი, რო გესროლა, როგორ წაიქცეოდა... -უჰ, შენი..- ჭიმიამ დანა მოუქნია.
... საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გადრაიცვალა. ექიმმა თქვა, გულში ორ სანტიმეტრამდე ჰქონდაო დანა ჩასული. ეგრე როგო გაიმეტა თავი, რო ჯიბის დანით მაიკლაო თავი, ხალხმა. იმ ჯიბის დანით ჭრიდაო ყურძენს. ან ეგეთი რა მეელანდაო. ცოდვებმა არ მაასვენესო. მაშინ გაახსენდა ხალხს კიდევ ერთხელ ჭიმიას ნამოქმედარი. კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი! ცოდვა არავის შერჩენია! რაც დათესა, ის მოიმკა!
... საღამო იყო, სონას რო ჭიმიას სიკვდილი გააგებინეს მეზობლებმა. ადგა ქალი, სასაფლაოზე წავალო შვილებთან. მეზობელს გაყოლა უნდოდა და არ გაიყოლა, მარტო წავალო. სასაფლაოზე რო ავიდა, უკვე სიბნელე იყო. შვილისა და რძლის საფლავებს შუა ჩაჯდა. საფლავებს ხელი გადაუსვა, თითქოს ეფერებაო. - თქვენ მოგიკვდეთ დედა, შვილო, როგორა ხართ? მოკვდა, შვილო ჭიმია, თავი მაიკლა...მოკვდა. ... დაკრძალვის დღეს იმდენი ხალხი იყო, ეზოში არ ეტეოდა. ზოგი ხალხის დასათვალიერებლად მოვიდა, აბა, ესა და ეს თუ მოვაო გასვენებაში,აი, მაგისი პაპის ძმიშვილი იყოვო მძინარა...აბა, როგორ დაიტირებსო ბოლოს ან ცოლიო და ან დედა..აბა, ბიჭებს როგორი სახეები ექნებათ, დარდობენ თუ არაო. აბა, რძლები რას იტყვიანო...ზოგი კი ნამდვილად უთანაგრძნობდა ოჯახს. სონა მოდისო, ხალხი შეჩოჩქოლდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, გეგონება, ყველა ერთად დაყრუვდ-დამუნჯდაო. ხალხი ორად გაიყო. გაატარეს სახლისკენ სონა. სანამ სახლის კართან მივიდოდა, მარიამს უკვე უთხრა რძალმა, სონა მოდისო. შვილის სიკვდილზე არანაკლები ელდა იყო სონას მოსვლა. ოთახში შემოვიდა სონა, კართან ერთი წამით გაჩერდა და მარიამი, გეგონება, ვიღაცამ ძალით ააგდოვო ფეხზე. დიდი დარდი იდგა სონას თავლებში. ორი დედაკაცი უყურებდა ერთიმეორეს. -სონა, არა მგონია, სიმწარეს ისე გაექვავებინე, შვილის დასაფლავების დღეს ნიშნის მოსაგებად იყო მოსული. -არა, უბედურო, შვილმკვდარი დედა ვარ და სამძიმარზე მოვედი. ვიცი, ეგ სიმწარე რაც არი! ღმერთო, გველსაც ნუ მოუკლავ შვილს!
... p.s. ჭიმიას დასაფლავების მეორე დღეს სონას მეზობელმა დაუძახა. გაუკვირდა სონა რო არ გამოეპასუხა და სახლში შევიდა. სონა ლოგინში მამკვდარიყო იმ ღამეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ადამიანური ტრაგედიის იდეალური აღწერა..ბევრ შედევრს დაუდგება გვერდით! მეომარი. 2017-10-29 22:00:44
მეომარო, გადაჭარბებული შეფასება კი მგონია, მაგრამ რომ ძალიან გამიხარდა, მაგაში ეჭვი არ შეგეპაროთ. უღრმესი მადლობა! :) ადამიანური ტრაგედიის იდეალური აღწერა..ბევრ შედევრს დაუდგება გვერდით! მეომარი. 2017-10-29 22:00:44
მეომარო, გადაჭარბებული შეფასება კი მგონია, მაგრამ რომ ძალიან გამიხარდა, მაგაში ეჭვი არ შეგეპაროთ. უღრმესი მადლობა! :)
15. ადამიანური ტრაგედიის იდეალური აღწერა..ბევრ შედევრს დაუდგება გვერდით! ადამიანური ტრაგედიის იდეალური აღწერა..ბევრ შედევრს დაუდგება გვერდით!
14. იავნანა შენ ჯონიკ, მაგრამ ძალიან ტკბილად არ დაიძინო, ტენდის ყურადღება მიაქციე, ტყუილად არ იტყოდა ცუდად ვარო... 112-ზე ხომ არ დარეკავ? :)
იავნანა შენ ჯონიკ, მაგრამ ძალიან ტკბილად არ დაიძინო, ტენდის ყურადღება მიაქციე, ტყუილად არ იტყოდა ცუდად ვარო... 112-ზე ხომ არ დარეკავ? :)
13. აი, ნეფერტარ, საეჭვოა, სად დადის ტენდი გამოპრანჭული. თან , მე მეუბნება, ჯონიკა, ციდად ვარო. მე ვეუბნები, ტენდი, ძალიან კარგად გამოიყურები-მეთი და რა მითხრა, ნეფერტარ, იცი? - გაკრასკული მკვტარი არ გინახიაოოოო?
განა არ ვიცი, ეგ რო სესილია თაყაიშვილმა თვა თავის მეზობელზე, ოპერის მომღერალზე და ტენდიმ გაიმეორა. ყველაფერიც ვიცი!
იცი, რა განათლებული და ჭკვიანი ბიჭი ვარ? ეხლა უნდა დავიძინო რა. მაგრა მეძინება.
:)))) აი, ნეფერტარ, საეჭვოა, სად დადის ტენდი გამოპრანჭული. თან , მე მეუბნება, ჯონიკა, ციდად ვარო. მე ვეუბნები, ტენდი, ძალიან კარგად გამოიყურები-მეთი და რა მითხრა, ნეფერტარ, იცი? - გაკრასკული მკვტარი არ გინახიაოოოო?
განა არ ვიცი, ეგ რო სესილია თაყაიშვილმა თვა თავის მეზობელზე, ოპერის მომღერალზე და ტენდიმ გაიმეორა. ყველაფერიც ვიცი!
იცი, რა განათლებული და ჭკვიანი ბიჭი ვარ? ეხლა უნდა დავიძინო რა. მაგრა მეძინება.
:))))
12. არა ჯონიკ, მე პირადად ქულები გამიცვდა და ვეღარ ვდებ კომენტარს. :)
არა ჯონიკ, მე პირადად ქულები გამიცვდა და ვეღარ ვდებ კომენტარს. :)
11. მადლობა, ჭაო და ბატონო ლიჩელ :)
შენიშვნების გამო განვათავსე. :) მადლობა, ჭაო და ბატონო ლიჩელ :)
შენიშვნების გამო განვათავსე. :)
10. ფართო პანორამული ტექსტია, კოლორიტული, მონომენტური ხასიათებით. ამ მხრივ გოგლას ასოციაციებს იწვევს. ფართო პანორამული ტექსტია, კოლორიტული, მონომენტური ხასიათებით. ამ მხრივ გოგლას ასოციაციებს იწვევს.
9. თავის დროზე წავიკითხე და ძალიან რო მომეწონა ისაც მახსოვს...:) თავის დროზე წავიკითხე და ძალიან რო მომეწონა ისაც მახსოვს...:)
8. კი, მუხა, მასეა. როცა ნიუნბერგის სასამართლო პროცესზე ზეცლერს ჰკითხეს, ოსვენციმის კომენდანტს, - როდესსაც ამდენ ხალხს ხოცავდით, რას ფიქრობდითო. ზეცლერმა უპასუხა - მე რატომ უნდა მეფიქრა, ამაზე ფიურერი ფიქრობდაო. ასე იყო ჩვენთანაც და ყველა ომში ასეა. კი, მუხა, მასეა. როცა ნიუნბერგის სასამართლო პროცესზე ზეცლერს ჰკითხეს, ოსვენციმის კომენდანტს, - როდესსაც ამდენ ხალხს ხოცავდით, რას ფიქრობდითო. ზეცლერმა უპასუხა - მე რატომ უნდა მეფიქრა, ამაზე ფიურერი ფიქრობდაო. ასე იყო ჩვენთანაც და ყველა ომში ასეა.
7. ჭიმიას ტრაგიკულ თავგადასავალს, როგორი დიდი ადამიანური თანაგრძნობით, ყვები, იმ დროინდელმა პოლიტიკამ დაავიწყა ადამიანს თავისი ადამიანური მოვალეობა, ადამიანის წინაშე, ჩაკლა მასში კაცთმოყვარეობის გრძნობა,ასრულებდა ჭიმია მითითებას, დავალებას, ბრძანებას და არ ფიქრობდა ღმერთი მოსთხოვდა ოდესმე პასუხს,
არადა ადამიანს ბოროტებაზე მეტად სიკეთის ჩადენის კოდი უფრო მეტი აქვს.
ჭიმიას ტრაგიკულ თავგადასავალს, როგორი დიდი ადამიანური თანაგრძნობით, ყვები, იმ დროინდელმა პოლიტიკამ დაავიწყა ადამიანს თავისი ადამიანური მოვალეობა, ადამიანის წინაშე, ჩაკლა მასში კაცთმოყვარეობის გრძნობა,ასრულებდა ჭიმია მითითებას, დავალებას, ბრძანებას და არ ფიქრობდა ღმერთი მოსთხოვდა ოდესმე პასუხს,
არადა ადამიანს ბოროტებაზე მეტად სიკეთის ჩადენის კოდი უფრო მეტი აქვს.
6. მადლობა, ყველას, ვინც წაიკითხეთ. :) მადლობა, ყველას, ვინც წაიკითხეთ. :)
5. მეც მახსოვს ეს სახასიათო ნაწარმოები.... გამიხარდა რომ დააბრუნეთ და კიდევ ერთხელ მომეცა საშულება წაკითხვის სიამოვნებისა555 მეც მახსოვს ეს სახასიათო ნაწარმოები.... გამიხარდა რომ დააბრუნეთ და კიდევ ერთხელ მომეცა საშულება წაკითხვის სიამოვნებისა555
4. მახსოვს "ჭიმია". საინტერესო მოთხრობაა, კარგად შესრულებული.
მახსოვს "ჭიმია". საინტერესო მოთხრობაა, კარგად შესრულებული.
3. მადლობა ნეფერტარო :**** მადლობა ნეფერტარო :****
2. ყოველთვის მომწონდა ეს მოთხრობა. ახლაც ხელახლა წავიკითხე და ხელახლა გამიკვირდა, ამდენი ცოდვის ჩამდენ კაცს სიყვარული რომ შეეძლო.
5 ქულა. ყოველთვის მომწონდა ეს მოთხრობა. ახლაც ხელახლა წავიკითხე და ხელახლა გამიკვირდა, ამდენი ცოდვის ჩამდენ კაცს სიყვარული რომ შეეძლო.
5 ქულა.
1. ახლიდან დავდე. :)) ეგება, მეშველოს და წერის განწყობაზე დავდგე :)))) სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს :)
პატივისცემით, ტენდი ახლიდან დავდე. :)) ეგება, მეშველოს და წერის განწყობაზე დავდგე :)))) სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს :)
პატივისცემით, ტენდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|