ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარიათი
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2014


ლედი ლაქნაუდან, ანუ ავანტიურისტ ჯონ ბაძაღუას თავგადასავალი ინდოეთში - თავი III და IV

III.ლაქნაუში მიდის ქარავანი...

ბესოს ქორწილის მეორე დღეს, გვარიანად ნაბახუსევს, გვიან გამეღვიძა... უფრო სწორად რომ ვთქვა, მოლამ გამაღვიძა - ბეიზუოტერზე სანთლით რომ ეძებოთ, ერთ ეკლესიას ვერ ნახავთ, მეჩეთები კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ჰოდა, ერთ-ერთი სწორედ იმ სასტუმროს წინ აღმოჩნდა, სადაც მე ვათევდი ღამეს. ლონდონში თუ ყოფილხართ და ბეიზუოტერზე ჩაგივლიათ, აუცილებლად ნახავდით ამ სასტუმროს რეკლამას - „Sheherazada's Hotel”, ხოლო თუ იქ ერთი ღამის გათევის პატივი მაინც გრგებიათ, ნამდვილად გეცოდინებათ მეტრდოტელი, ცალკბილა აბდულა. სხვათა შორის, ყველა კბილი საღი აქვს, ოღონდ ზემოდან, მარცხენა მხარეს ერთი უზარმაზარი ღოჯი აქვს გამოჩრილი; ამიტომაცაა, რომ ზედა ტუჩი მუდამ აწეული მოუჩანს და მის დანახვაზე სულ ის ძველი ფილმი მახსენდება - „კაცი, რომელიც იცინის”. აბდულა, მრავალი სხვა ბეიზუოტერელივით, არაბია წარმოშობით, თანაც სირიელი.

ცალკბილა აბდულა ჩემი ძმაკაცია - ბესოს ქორწილის წინა დღეს, ლონდონში რომ ჩამოვედი და მის სასტუმროში მოვეწყვე, კარებზე მომიკაკუნა. გამოვხედე და - დგას ვიღაც ჩია, შავტუხა კაცი, ტუჩიდან ღოჯი გამოსჩრია და აშკარად ისე მიყურებს, ლენინი რომ უყურებდა ბურჟუაზიას - აწ უკვე გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში.

- What's going on, sir? - ვკითხე და თან თავით ფეხამდე ჩავათვალიერე.

ჰოდა, აი აქ დაიწყო ცალკბილა აბდულას წამება - ყველა სიკეთესთან ერთად, მას ენაც არ ემორჩილება და, საუბრის დროს ჩემი სოფლელი ცეზარის ტრაქტორივით თუხთუხებს, სანამ რამის თქმას მოახერხებს. მაშინაც ათუხთუხდა, ნერწყვი აქეთ-იქით მიმოაფრქვია და ძლივს გამაგებინა, რომ სასტუმროს მფლობელი იყო და ჩემს გასაცნობად მოსულიყო.

სტუმარი ღვთისაა-მეთქი, ვუთხარი და ოთახში შევიპატიჟე. სტამბოლიდან ერთი მოზრდილი ყუთი ლაზური ჩაი მქონდა წამოღებული და იმაზე დავპატიჟე. იაშარმა კარგა ხნის წინ მასწავლა თურქული წესით ჩასი დაყენება და საამისოდ გამოსადეგი პატარა ჩაიდანიც მაჩუქა, რომელსაც სულ თან დავატარებ და მაშინაც იქ მქონდა. ჩამოვუსხი აბდულას ჩაი და მივაწოდე. იჭვნეული მზერით გამომართვა ჭიქა, დასუნა მეძებარი ძაღლივით, მერე მოსვა, თვალები მოჭუტა და „ჰაი, მაშალლაჰ!”-ო, მაღირსა შექება.

იმდღევანდელი ჩვენი „ქეიფი” იმით დაგვირგვინდა, რომ ცალკბილა მეტრდოტელს მთელი ყუთი ლაზური ჩაი ვუსახსოვრე და სამუდამოდ მოვიგე მისი გული - ოთახის საფასური გამინახევრა, ტელევიზორშიც თავისი ხელით დამიყენა ფასიანი არხები და მერე თვალი ჩამიკრა: თუ გინდა, კაი ქალსაც გამოგიგზავნიო... ვაჰ, კაცო-მეთქი და, ერთმანეთს სულ „მაი ფრენდის” ძახილით დავშორდით.

მეორე დღეს, ბესოს ქორწილში, არ დამიჯერებთ და - შილპი ვნახე, ლამაზმანი ლაქნაუდან. მე რომ გეგმებს ვაწყობდი, იმას თურმე ნიშნობა ჰქონია და ლონდონში საქმროსთან მოდიოდა. ბესოს ქორწილი რომელიღაც ძველ ციხესიმაგრეში გახსნილ საბანკეტო დარბაზში ჰქონდა - მაგის ქირაობას მთელი დანაზოგი შევწირეო, მერე მითხრა. ჰოდა, გვერდით დარბაზში შილპი, მისი საქმრო და მათი მშობლები ისხდნენ, თითო-ოროლა ნათესავთან ერთად. ავდექით და გადმოვიპატიჟეთ ყველანი და, ერთი კარგი ვალსიც ვიცეკვე ლაქნაუელ ლამაზმანთან.

ახლა, ამ ყველაფერს ნაღვლიანად ვიხსენებ, რადგანაც ცეკვისას შილპიმ მეტად დამაფიქრებელი რამ გამიმხილა - აუცილებლად ჩემს საქმროს უნდა გავყვე ცოლად, თორემ თუ კიდევ უარი ვთქვი, დევადასობა არ ამცდებაო. მერე, ჩავეძიე და როგორც იქნა, გამოვარკვიე, რომ უმაღლესი კასტის წარმომადგენელი - ბრაჰმანი ყოფილა. თუ გაუთხოვარი დარჩებოდა, მისი ოჯახი უფრო დაბალ კასტაში გადაინაცვლებდა, ანუ ბრაჰმანობაზე თავს ვეღარ დადებდა, თავად კი მაღალი წრის ოფიციალური ბოზი, ანუ დევადასი უნდა გამხდარიყო - დევადასებს ინდოეთში „სიყვარულის ქურუმებსაც” ეძახიან. ისინი კარჩაკეტილად ცხოვრობენ და მხოლოდ გურუებს აძლევენ. კიდევ სხვა მოვალეობებიც აქვთ, მაგრამ ამაზე მერე მოგიყვებით, თავის დროზე.

მოკლედ, შემეცოდა ლაქნაუელი ლამაზმანი - ან იმას უნდა გავყვე ცოლად, ვინც არ მიყვარს, ან ოფიციალურად გავბოზდეო. მე ვუთხარი: ვინც არ გიყვარს, იმას ნუ გაჰყვები, თორემ ოფიციალურად გაბოზება მერე ნახე-მეთქი. ამას რომ ვეუბნებოდი, ფოთში ბებიაჩემის მეზობელი ოსი ფატიმა გამახსენდა, მთელი უბანი „ბოზად” რომ იხსენიებდა; ის კი ერთი ჩვეულებრივი ქალი იყო, რომელსაც ვერაფრით შეეყვარებინა მომტაცებელი ქმარი. მერე დაჰკრა ფეხი ფატიმამ და მშობლიურ ქალაქ ალაგირიდან ფოთში ძველ შეყვარებულს - ნაპოლეონ დამენიას ჩამოაკითხა, ქმარი კი მიატოვა და აღარც გაუხედავს მისკენ.

ნაპოლეონ დამენიას ცოლიც ჰყავდა და ოთხი შვილიც. თავის დროზე ისიც ისე ძალდატანებით დაოჯახებულიყო, როგორც ფატიმა - ცოლი მამამისმა მოუყვანა, ჩრდილო კავკასიაში რომ აღარ წასულიყო და საქართველოში დაფუძნებულიყო. ასე შერჩა ნაპოლეონს მამამისის მოწონებული ქალი, რომელიც თვითონ არ უყვარდა და არც შეეძლო ჰყვარებოდა, თუმცაღა პატივს სცემდა, მაინც. ფოთში ალაგირიდან რომ ფატიმამ ჩამოაკითხა, მხრებში გაიშალა ნაპოლეონი და ახალგაზრდობაც დაიბრუნა; ფატიმაც ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ბოზის” იარლიყი ეკრა. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ფატიმა და ნაპოლეონი თავიდანვე რომ შეერთებულიყვნენ, არც ერთი ჩაითვლებოდა „ბოზად” და არც მეორე - „ბაბნიკად”.

ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი იმ ლაქნაუში და შილპისათვის მეშველა - როგორ და რა საშუალებით, ეგ კი აღარ ვიცოდი, მაგრამ მთავარი იყო, რომ უნდა წავსულიყავი და თანაც - ხვალვე. რომ იტყვიან, დრო არ ითმენდა, რადგან ორ კვირაში ქორწილიც გაიმართებოდა და მერე კი - კოტრაწ ე კომედია, როგორც იაშარის ძმაკაცი, გენოციდს სასწაულად გადარჩენილი სტამბოლელი სომეხი გარეგინ თუმაჯანიანცი იტყოდა.

ამისთანა საცუღლუტო საქმეებში, ჩემის ღრმა რწმენითა, ცალკბილა აბდულას ნაღდად უნდა ჰქონოდა სულ-მცირედი-რამ-მაინც გამოცდილება და, ბევრი აღარც კი დამიხანებია - ჩავედი პირველ სართულზე და პატარძალივით მორიდებით დავუკაკუნე კაბინეტის კარზე.

- ჰაააა! - მომესმა პასუხად ყროყინი.

„დედიშენისააა!” - მივურითმე გონებაში და კარი კულინარიელი რეკეტიორივით „ნაგლად” შევაღე.

ეს რა სურათი იხილეს თვალთა ჩემთა - „ცალკბილად” ხმობილი მეტრდოტელი ტახტზე წამოგორებულიყო; წელზემოთ გაშიშვლებულიყო, ხელში გიტარა ეჭირა და არაბულად რაღაც „ბებია მყავდა პოვარი”-ს დონის სიმღერას ღიღინებდა. დამინახა თუ არა, წამოხტა და ჩემს ნაჩუქარ ჩაიზე დამპატიჟა. ისე, კაი ბლომად შეესვა უკვე, ყუთში ნახევარიც აღარ იყო.

ერთი-ორი ჭიქა ჩაის შესმისა და, ერთმანეთისადმი „მასა-ლ-ხეირის” სურვების მერე მოვხსენი გუდას პირი - ასეა და ასეა, ლაქნაუში მინდა წასვლა, ქალის ამბავია და ნაცნობი ხომ არავინ გეგულება იქით-მეთქი. ცალკბილა აბდულამ თვალი მოჭუტა და ექვსაზროვნად შემომხედა:

- მერი ჯეინს ეჩალიჩები? მაგარი ქალია ეგ, ხომ იცი... - მითხრა.

ვიფიქრე - ახლა ამას დაწვრილებით მაინც ვერაფერს ავუხსნი და, ჯანდაბას, იყოს ეს მერი ჯეინი, ჯანი გავარდეს-მეთქი და, თავი დავუქნიე.

- ეგრეა. უცებ მივხვდი, რომ მერი ჯეინზე გქონდა ბაზარი, - ძლივს გამიღიმა აბდულამ, იმ ღოჯის გადამკიდე, - მე ლაქნაუში ერთ კაი ბიჭს ვიცნობ; ჩემი სეხნიაა, აბდულ-ჯაბარ ხანს ეძახიან... მასთან მიდი, ის ყველას მოგაძებნინებს, ვინც საჭირო იქნება, - მეტრდოტელი ადგა, იქვე მდგარი კარადა გამოაღო, შიგ ხელი მოაფათურა და რაღაც გამოიღო, - აი, ეს უჩვენე და გიცნობს, ჩემიანი რომ ხარ...

დავხედე - ავგაროზი იყო, მწვანე ფერისა. არაბული ასოებით რაღაც ჰქონდა ამოქარგული ოქროსფრად. გამოვართვი და ჯიბეში ჩავიდე.

- აბდულ-ჯაბარ ხანი, არა? - დავაზუსტე, - შუქრან, აბდულა!

- არაფერს. მოკითხვა მერი ჯეინს! - ხელი ამიწია მან.

ეს მერი ჯეინი ისეთი რამე (და არა ვინმე) აღმოჩნდა, რომ მაგის გამო კინაღამ ციხეში ამოვყავი თავი, მაგრამ მისმინეთ და, ამასაც თავის დროზე გაიგებთ, რა და როგორ იყო.

სანამ ცალკბილა აბდულას ოთახიდან გამოვიდოდი, ყური მოვკარი, თუ როგორ გააგრძელა მეტრდოტელმა სიმღერა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიტყვებიც გავარჩიე:

ლაქნაუში მიდის ქარავანი

იქ მას ელის აბდულ-ჯაბარ ხანი...


IV.რა ყოფილა მერი ჯეინი

ჩემი პირველი დღე ინდოეთის მიწაზე მეტად მოღრუბლული გამოდგა - ქალაქ კანპურის აეროპორტი, სადაც უტარ-პრადეშის შტატის დროით, დღის პირველ საათზე დავეშვით, ერთიანად თეთრ ნისლში იყო გახვეული; ისე, რომ ირგვლივ აღარაფერი ჩანდა, თანაც გვარიანად ციოდა. არადა, მე ინდოეთი თბილი ქვეყანა მეგონა...

კანპური უტარ-პრადეშში ყველაზე დიდი ქალაქია და ამიტომაც, ლონდონიდან იქ უფრო ხშირად დაფრინავენ თვითმფრინავები, ვიდრე ლაქნაუში - ასე ამიხსნა ჰითროუს აეროპორტის სალაროს ქერათმიანმა მოლარემ, როცა ლაქნაუს მიმართულებით ერთი ბილეთი მოვითხოვე. ჰოდა, რას ვიზამდი, დავმორჩილდი - გოგონი, თქვენი ცისფერი თვალების ჭირიმე, მომეცით ერთი კანპურის ბილეთი-მეთქი.

პირველი კლასით ვმგზავრობდი, მაგრამ სწორედაც რომ დიდ გაუგებრობაში ვიყავი მოხვედრილი - იმდენ შავტუხა და ალაგ-ალაგ ჩალმიან ინდოელებში მარტო მე ვიყავი თეთრი-თეთრი, ბულკივით ბიჭი. სალონში პლაზმური ეკრანი დაემონტაჟებინათ, საიდანაც აიშვარია რაი და შაჰრუხ ხანი გვიღიმოდნენ. ერთი-ორჯერ, უკვე ხანში შესული მითჰუნ ჩაკრაბორტიც გამოჩნდა და, ამხელა აუდიტორიას, ჩვეულებისამებრ, ნაღვლიანად მოგვაპყრო ვირივით გიშერა თვალები.

თვითმფრინავში რადგანაც ვიჯექი და ბოლივუდის ბოლო „ვიპუსკს” ვუყურებდი, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი „მიმინო” და მისი დუბლირებული „რაზბიტოე სერდცე” გამახსენდა - „არაა! თქვენ არა ხართ ჩვენი წრის ადამიანი!” „ალი, მაიცა, გენაცვალე!” „გატეხილი სურის გამთელება კიდევ შაიძლება, გატეხილი გულისა კი - არასოდეს!” ბახ-ბუხ! „ვსიო, გათავდა, მორჩა კინო”! ამ დროს სტიუარდესამ ჩამოიარა და ერთი ჭიქა ღვინო ვთხოვე. რაღაც ინდურწარწერიანი ბოთლი მოიტანა და ორიოდე წვეთი ჩამომისხა. თან - წყალი ხომ არ დავამატოო? - მკითხა.

- ქართული ღვინო არ მოგეძევებათ, მემ? - ვკითხე მეც პასუხად.

- ო, ერთი წუთით, სერ... - სადღაც გავიდა და „საფერავის” ბოთლი მოიტანა, ფუჟერთან ერთად. ორივე წინ დამიდგა, გამიღიმა და სხვა მგზავრისაკენ გაემართა.

ეკრანზე ბოლუვუდური ზღაპარი კვლავ გრძელდებოდა - აიშვარია რაიმ იქამდე იცეკვა, იმღერა და ღვარა ცრემლები, ვიდრე შაჰრუხ ხანმა არ უთხრა: აჰა, რაღა გინდა, შენი კარგიცო და, არც თუ ისე მორცხვად არ ჩაუზასა. ეს შავტუხა და ალაგ-ალაგ ჩალმიანი ინდოელები ფინალმა გვარიანად გაამხიარულა და, შაჰრუხ ხანსაც მთელი სალონი - ცხადია, ჩემს გარდა - სიმღერაში აჰყვა. ამ დროს, მთელ თვითმფრინავში ინდოელებისთვის უცხო აქცენტით, კაი ომახიანი ღრიალი გაისმა:

- ოეეე, ეთინდენთ, ქომ ჰია, შე ჩემის გადანგრეულო!

რა თქმა უნდა, ეს მე ვიყავი - გული გამიწვრილა ბოლივუდმა და ვერ მოვითმინე. მიმიშვი, ძმაო და, აიშვარია რაის, ვეზასავები კი არა, სულ „ვაი დედა, ეს რა იყო?!”-ს ვაძახებინებ ტემპში, მაგრამ ამ ბოლივუდურ სიმღერებს ვერ ვიტან და მომკალი!

მოვარდნენ. თანაც, ერთი კი არა - ერთდროულად შვიდი და, მარტო სტიუარდესას ვინ ჩივის - მგონი, პილოტებიც მოჰყვნენ.

- რა მოხდა, სერ?! ხომ არ დათვერით, ასე რომ ბღავით?! თუ, ცუდად ხართ?! - დამაყარა კითხვები დიდმკერდიანმა, ჩვეულებისამებრ შავტუხა სტიუარდესამ და ერთი ალმაცერად გადმომხედა. ფეხზე წამოცვენილი მგზავრებიც ნელ-ნელა და ვიშვიშით დაუბრუნდნენ ადგილებს.

- ეს რა აურზაურია აქა?! - აღვშფოთდი ევროპის ნაჩათლახარი დემოკრატიული საზოგადოებრიობასავით, - რა უმსგავსოებაა?!

სტიუარდესამ და პილოტებმა (თუ ვინც იყვნენ) ერთმანეთს გადახედეს.

- ოჰ, სერ... - მოიბოდიშა მერე სტიუარდესამ, - ამ ფილმმა ინდოეთშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია... იცით, შაჰრუხ ხანს აიშვარია რაისთვის არ უნდა ეკოცნაო, ამბობდნენ... მაგრამ, ევროპელებს მოგწონთ და... თუ რამეა... ბოდიშს გიხდით!

- მე ევროპელი არა ვარ, მემ, - ვთქვი მწარე სიმართლე, - თუ მაინცადამაინც ეგრეა საქმე, ამერიკელი უფრო ვარ!

სტიუარდესამ გამიღიმა; იგი ტყემალზე იჯდა და ფეიხოას ჭამას ცდილობდა - ჩათვალა, რომ მე უოლტერ სკოტის ძმაკაცი, შოტლანდიელი პურიტანი ვიყავი და კოცნაზე ვტეხდი ერთ ამბავს. კიდევ ერთხელ მომიბოდიშა და წავიდა; ცოტა ხანში, ეკრანზე „დისკოს მოცეკვავის” დასაწყისმა კადრებმა გაიელვა...

შენ დაუკააარ! ჯიმი, ძერჟი გიტარუ!!!

ასეთ ამბავში ვიყავი, როცა ჩემი წეღანდელი ღრიალით შეშინებული სტიუარდესას აწ უკვე დამშვიდებულ-ჩაშაქრული ხმა შემომესმა რეპროდუქტორიდან - მგზავრებს გვამცნობდა, რომ ჩვენი თვითმფრინავი კანპურის აეროპორტში ეშვებოდა.

ქალაქი კანპური, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ინდური ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტს გასცდებით თუ არა, ხვდებით ხმაურიან სამყაროში, სადაც ერთმანეთში ირევა ხმები, კადრები, შეგრძნებები და ათასი სხვა რამ. გეგონებათ, სხვადასხვა ლენტის ნაკუწებისგან რაღაც მანქანებით შეკოწიწებული, ზოგან ფერადი და ზოგან შავთეთრი კინოფირი ტრიალებს თქვენს თვალწინ და, მოგვიანებით იმასაც შეამჩნევთ, რომ ამ ყველაფერს თვალს კინოთეატრში კი არ ადევნებთ, არამედ, როგორც იტყვიან ხოლმე -  უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებით.

იმ დღესაც, ხომ გითხარით, ნისლში იყო გახვეული ყველაფერი და, აეროპორტის მისადგომებთან კი მაინც ჯგროდ კანკალებდნენ უპოვარ-უქონელი რიქშები, თავიანთი ეტლი-ველოსიპედებით. გადმოცემით უკვე ვიცოდი, რომ ეს ყველაზე იაფფასიანი და, ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტია მთელ ინდოეთში.

- მისტარ, მისტარ! - შემომესივნენ მაშინვე, როგორც კი მათკენ მიმავალს თვალი მომკრეს, - რიქშა!

- აქედან ლაქნაუმდე შორია? - შევეკითხე ერთ-ერთს.

- მარტო ხართ, სეეეერ? - მრავალმნიშვნელოვნად გაწელა მან, თანაც საკმაოდ შორს გააწიტა, ჩვენებური ძველი ბიჭივით.

- კითხვაზე მიპასუხე, ბიჭო! - ბავშვობიდან ვერ ვიტან წიტიებს.

- ერთი საათის გზაა, სერ! - ნაცემი ძაღლივით მომაჩერდა რიქშა, - თუ კარგად გადამიხდით, წაგიყვანთ!

- რამდენი გინდა?

- ათასი რუპია!

- მაგდენი არა მაქვს, სამასი იყოს! - რიქშას უნდა ევაჭრო, - მოსულა?

- ხუთასი, სერ!

- ჰა, ოთხასი და მოვრჩეთ!

- ო’კეი!

რამდენიმე წუთში უკვე მის „ტუკ-ტუკში” ვიჯექი - რიქშების ეტლ-ველოსიპედებს ასე ეძახიან - და, ის-ის იყო, უნდა დავძრულიყავით, რომ ვიღაცის ყვირილი გავიგონე:

- არე, არე, ანილ!

თურმე, ამ ჩემს რიქშას უხმობდნენ. ერთი წუთით დამიცადეთო, მომიბოდიშა და გადავიდა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ მიუახლოვდა მას ვიღაც ჩასუქებული, ულვაშა კაცი. ცოტა ხანს ელაპარაკა და, მომცრო შავი ტომსიკა გადასცა. რიქშამ ტომსიკა წამოიღო, საბარგულში ჩემს ბარგთან ჩადო, მერე ყველაფერს ბრეზენტი გადააფარა და დავიძარით.

მაშინ არ ვიცოდი, რომ ინდოეთში რიქშებს მგზავრების ბარგთან ერთად, ძალიან ხშირად ნარკოტიკებიც გადააქვთ და, მათი ნდობა არ შეიძლება. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ანილმა (ასე ერქვა ჩემს რიქშას, როგორც თვითონვე მითხრა) ლაპარაკით ტვინი წაიღო; თან გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით და მალ-მალე იწმენდდა ოფლს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა.

- რა სიცივეა, ანილ, თქვენთან... რისი ბრალია, ხომ არ იცი? - ვკითხე მე.

- მუსონია, სერ! - მიპასუხა, - მალე წვიმების სეზონი დაიწყება და ამიტომაცაა მოღრუბლული. დღეს ან ხვალ გაწვიმდება!

ვიფიქრე - ნეტავ, მალე მაინც ჩავიდეთ იმ ლაქნაუში, რომ რომელიმე სასტუმროში შევაფარო თავი-მეთქი; ინდოეთში წვიმების სეზონის დროს გარეთ ყოფნა ხომ აშკარა თვითმკვლელობაა! ალბათ, ამიტომაა კურდღელივით შეშინებული ეს ოხერი რიქშაც-მეთქი.

მოღრუბლულობა კი უფრო და უფრო მატულობდა. ჩვენი „ტუკ-ტუკი” მართლაც ტუკტუკით მიიწევდა წინ. უცბად, რაღაცამ თვალისმომჭრელად შემოგვანათა სახეში და, ავისმომასწავებელი ხმაც გაისმა:

- Stop tuk-tuk, it's the police!

ანილმა მაშინვე შეაჩერა „ტუკ-ტუკი” და ციებიანივით აუკაწკაწდა კბილები - გზაზე პოლიციელებს პიკეტი ჰქონდათ მოწყობილი.

- რა მოხდა?!.. - ვკითხე მე ფარნიან ინსპექტორს, რომელმაც ანილს საკმაოდ უხეშად უბრძანა რაღაც ჰინდიზე, მე კი ბოროტად შემათვალიერა:

- ეს ბარგი თქვენია? - შემომიღრინა ინდური ინგლისურით.

- ჩემია!

- გთხოვთ გვაჩვენოთ, რა მოგაქვთ!

გაოცებული ჩამოვხტი „ტუკ-ტუკიდან” და ანილს გადავხედე - ფერი წასვლოდა. ბარგს ბრეზენტი გადავხადე და, შავი ტომსიკა რომ დავინახე, რაღაც ვიაზრე...

- ეს რა არის? - ბრაზიანი ინსპექტორი ტომსიკას დასწვდა და გახსნა.

ინტერესით შევხედე და თვალებს არ დავუჯერე - კოკნარით იყო სავსე, თან სულ ახალი კოკნარით. ესეც შენი რიქშა ანილი! უხ, მაგისი...

მაგრამ მთავარი საოცრება წინ მელოდა:

- ვაა... მერი ჯეინი გიყვართ, ბიჭო? ჰა ჰა ჰა... - ფანტომასივით გაიცინა ინდოელმა ინსპექტორმა, - საიდან მოდიხართ?

- მე რიქშა ვარ! ეს ბატონი კანპურიდან მომყავს! - აყვირდა უცებ რიქშა.

ამ დროს ერთი მაგრად დაიგრუხუნა, მერე იჭექა და ისეთი წვიმა წამოვიდა, წარღვნა გეგონებოდათ. ინსპექტორს, რომელიც ბორკილებს იღებდა, ერთი მაგრად მოვდე ყბაში და სადღაც ვისკუპე; ცხვირით მიწაში კი წავერჭვე, მაგრამ იმწამსვე წამოვხტი და იმ თავსხმაში მთელი ძალით გავიქეცი წინ, საითაც ლაქნაუ მეგულებოდა.

აი, თურმე რა ყოფილა აბდულას ნაქები მერი ჯეინი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები