ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 დეკემბერი, 2008


''ვეფხისტყაოსანი'' და ეროტიკა

    ნესტანის ამბის შესატყობად გამგზავრებული ავთანდილი გულანშაროშია .
იქ გაიცნობს ვაჭართა უხუცესის ცოლს , ფატმანს.
    ფატმანი, ''პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი'', შინ მიიწვევს სტუმარს, ავთანდილს ნადიმზე მყოფი გულანშაროელი ქალები '' ზოგნი ნდომით შეჰფინვიდნენ, ზოგნი იყვნენ სულ-წასრულად, მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩნენ გაბასრულად''.
    ''ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე,არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი, პირ-მსუქანი, არ პირხმელი. მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი'', საკუთარ გრძნობებს ვეღარ ერევა, ''გულსა ნდომა შეუვიდა''... და ვიდრე მკითხველი შეიტყობდეს, რა მოჰყვება ნდომისაგან ფატმანის ''ცეცხლებრ წვას'', ავტორი წინასწარ ამზადებს, რჩევასაც აძლევს მას :

          სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
          გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
        მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს,რაცა დაესობის,
        მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

        ფატმანმა მისწერა ავთანდილს ''უსტარი შესანახავი, არ ავად დასახეველი'', სადაც სიყვარულში გამოუტყდა და თავისთან ''საწოლს'' მიიწვია .
        თინათინზე გამიჯნურებული ავთანდილი ერთი მხრით ფიქრობს, ''რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერიაო'', მაგრამ მეორე მხრით, თითქოს ''ვეფხისტყაოსნის'' ავტორის იმ აზრს იმეორებდეს, ჩვენ რომ ზემოთ მოვიხმეთ, ოღონდ ისე, რომ ნეგატივიდან პოზიტივში გადააქვს დიაცური ნდობა- პირუმტკიცობის ამბავი:

        თქვა :''დიაცსა ვინცა უყვარს,გაექსვის და მისცემს გულსა,
        აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა,
        რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
        მიჯობს, მივყვე, განღა სამე ვსცნობ საქმესა დამალულსა.''

        ცხადია, ავთანდილს თინათინის სახება მუდამ თან სდევს, ადრის კიდეც ბულბულს, სარომლისო ვარდიც ამჯერად ყვავს - ფატმანს უშოვია.
თინათინისადმი ორგულობის, ღალატის დილემა კი მის წინაშე მაინც არ დგება და ამას თავისი ახსნა აქვს.
          სატრფოსადმი ერთგულება სარაინდო კოდექსის მოთხოვნაა, მაგრამ რაინდს არც ის შეჰფერის, უარი თქვას აშიკობაზე, გააწბილოს სხვა ქალი, თუკი იგი ''საწოლს აწვევს''. ეს უზრახობა, ანუ უჟმურობაა და ამის გამო გმობა-სირცხვილი არ ასცდება.


      გავიხსენოთ:  უფრო ადრე ტარიელი უამბობს ავთანდილს, ნესტანზე გამიჯნურებულს საიდუმლოდ როგორ ეახლა ასმათი /აღმოსავლურსა და დასავლურ სასიყვარულო ნარატივებში ტიპიურია ძიძა - შუამავალი შეყვარებულთა შორის/ . მანამდე ასმათმა სააშიკო წერილი გამოუგზავნა მონის ხელით და გააკვირვა ტარიელი:

      მე გამიკვირდა,''სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
      მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
      ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა,
      დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

        ტარიელის წერილზე პასუხად ასმათმა პაემანი დაუთქვა.
      ''მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსვლისა დაზარებასა'' - დაეთანხმა რაინდი....
        ტარიელის ''საწოლს''მისული ასმათი თაყვანს სცემს მას.
        ტარიელი იხსენებს: ''გამიკვირდა,მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა, ვთქვი, არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა''...
        ასმათი ნესტანის წერილს კრძალვით გადასცემს ტარიელს და სააშიკო პაემანიც ასე დასრულდება.

    კვლავ ავთანდილთან დავბრუნდეთ:
    იგი პასუხად სააშიკო უსტარს გზავნის ფატმანთან და შეხვედრის დროსაც დაუთქვამს. თითქოს ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ გზად რაინდს ფატმანის მონა ეახლება და გადასცემს დანაბარებს, რომ აღარ მივიდეს. ამის მიუხედავად , ავთანდილი არ შეიცვლის გეზს.
      ფატმანთან მისულს ქალი ''წყენითა მჯდომი '' დაუხვდა,მაგრამ მაინც ''ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი''.
      მოულოდნელად თავს დაადგათ ქალის აშიკი ჭაშნაგირი:

      ფატმან რა ნახა შეშინდა,ძრწის და მიეცა ძრწოლასა,
      მან გაკვირვებით უცქირა მათსა ლაღობა- წოლასა,
      უთხრა"' არ გიშლი დიაცო,ფერთა მი და მო კრთოლასა,
      გამითენდების,განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

      გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
      მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად.

      ავთანდილი იძულებულია,მოკლას თავისი წინამორბედი მეტრფე , და არა იმიტომ, რომ ჩამოიშოროს მეტოქე, დაისაკუთროს ქალი , არამედ იმის გამო, რომ დიაცთა ჩვევაა, მეტრფეებთან საიდუმლო გათქვან. მიტოვებული მეტრფენი კი ამ საიდუმლოს გამჟღავნებით შურისძიების ჟინს იკლავენ. / დამშვიდდით, ჩემო ინტერნეტ -მკითხველებო,არიან გამონაკლისებიც!/
      საიდუმლო, რომელიც იცის ჭაშნაგირმა და რომლის შეტყობაც სჭირდება ავთანდილს ფატმანისაგან, ნესტან-დარეჯნის ამბავია!
        საპირისპირო სქესისადმი ამბივალენტურ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ვეფხისტყაოსნის რაინდები, არამედ ფატმანიც ავლენს. რაწამს ავთანდილის ვინაობასა და მისი მიჯნურობის ამბავს შეიტყობს, მეტრფიდან ისევ ''დედისა მჯობ დედად'' იქცევა და ეხმარება მიჯნურებს.
      მე შევეცადე მეჩვენებინა ,რომ ვეფხისტყაოსნის ამ გმირებისათვის მიჯნურობა უზენაესი ღირებულებაა,მაგრამ აშიკობა არ ეწინააღმდეგება მას. თუმცა თავად ნაწარმოების ავტორი პროლოგშივე მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას :

        ხამს მიჯნური ხანიერი,არ მეძავი,ბილწი,მრუში,
        რა მოშორდეს მოყვარესა,მოამრავლოს სულთქმა, უში,
        გული ერთსა შეაჯეროს, კუშტი მიჰხვდეს , გინდა ქუში,
        მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

        იდევნებოდა თუ არა ქართული ეკლესიის მიერ ''ვეფხისტყაოსანი?- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მაინც ძნელია,მიუხედავად რამდენიმე დამადასტურებელი ფაქტის არსებობისა,მაგრამ ,ვფიქრობ, ამ ეპიზოდების შემცველი წიგნის ავტორს სამების ხსენება კი არა, პროლოგში სახარების გალექსვაც ვერ დაიცავდა ეკლესიისაგან, რომელიც მხოლოდ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას მიიჩნევდა მიწიერი სასიყვარულო ურთიერთობის ერთადერთ დასაშვებ ფორმად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები