ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

== ს ი ჩ უ მ ი ს ა ==

მიტოვებული ადამიანები
მიტოვებულ ეკლესიებს ჰგვანან....
გაჩუმებული ადამიანები - ტბებს.
თავებს იხრჩობენ საკუთარ სიჩუმეში.

მე ტბის ფსკერზე ჩაძირული ეკლესია ვარ,
როცა,
ტკივილები მაყუჩებენ...
...როცა, 
მიფეთქავენ ლაყუჩები
უჟანგბადოდ...


თავიდან,  ჩემი ანარეკლი
ქვევიდან ზევით,
ანუ, პირიქით, -
ტბის ზედაპირზე
მაშინ გამოჩნდა,
როცა, თვალები დავუხუჭე
და
თითებით შევეხე სიკვდილს.
მაშინ პირველად ჩავიძირე
ტბის სიჩუმეში,
როცა, მის პირთან მიმქონდა სარკე,-
არ დაიორთქლა;
და გავიფიქრე:
- ამის მერე რამ უნდა მომკლას?!

მერე სხვაც იყო, კიდევ ბევრი,
ფეხზე სიმძიმედ გამობმული
ქვები,
ლოდები.
მეც უფრო ღრმად და უფრო სწრაფად
ვიძირებოდი...

ხო.
მარტოსულნი -
მიტოვებულ ტაძრებსა ჰგვანან;
გაჩუმებულნი - ხავსჩაკიდულ ტბებს;
თავებს იხრჩობენ  სიჩუმეში.
მე, კი, ტბის ფსკერზე ჩაძირული
ეკლესია ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები