ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2015


სიმშვიდისა და სიყვარულის უსასრულო საათები

მე ვტირი შენი გახსენებისას, ისე ახლოს ხარ
და ისე შორს ხარ, რომ ვიცინი–რამ შეგაყვარა ჩემი თავი,
ისეთი ჩემიანი ხარ და ისეთი მიუწვდომელი,
დედაც ხარ და მამაც,
დაც ხარ, ძმაც და ცოლიც,
თითქოს უტკბესი სიზმარი ხარ
გამომეღვიძება და აღარ ხარ,
არადა სწორედ ამ დროს მძინავს
შენ მე ხარ და მე შენ ვარ,
ყვავილები ამოდიან სადაც გაივლი
და ცოცხლდება ირგვლივ ყოველი,
სადაც ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ,
რა მარტივი ხარ და რა რთული,
ყოველივე ხარ და ყოველივეში ხარ,
არ მახსოვს არაფერი,
და დამავიწყდა ყოველი სიტკბო და სიმწარე,
ერთია ჩემთვის, თაფლი და ბალღამი,
ერთია ჩემთვის, მიწა და ოქრო,
ო, მშვენიერო ღიაა შენი ბაღი
ო, ღიაა შენი მწვანე დარბაზი
და დარბაზის ვარდისფერი პალატები
შენთან არაფერი მაწუხებს,
და საერთოდ არაფერი მაწუხებს,
რადგან ყველაფერში შენ ხარ,
მხოლოდ ჩემს გონებაში,
შენ დაგკლავენ და სისხლს გადენენ
მწარეა მოკვნეტილ ენასავით ეს სანახაობა
და უმწარესი ყველა ენაზე,
მიყვარხარ და გსვამ და გჭამ
ჩემს უღრმეს საწუხარს რომელიც თავად შენ გეხება,
ისევ შენ გიმხელ, სხვას ვის გავუმხილო?!
მისმენ და გეღიმება ჩემს კოშმარებზე, მამშვიდებ, და მიხსნი,
რომ არ არიან დემონები და კოშმარები
ჩემი გონების გარდა სხვაგან,
ჩაის ვსვამთ და მარადისობაში არაფერიც
არ გადის დროის მსგავსი,
ყოველივე ხარ ჩემთვის ო მშვენიერო...

მე ვტირი შენი გახსენებისას, ისე ახლოს ხარ
შენ თავად მე ვარ, მე თავად შენ ხარ
და ისე შორს ხარ, რომ ვიცინი–რამ შეგაყვარა ჩემი თავი,
ისეთი ჩემიანი ხარ და ისეთი მიუწვდომელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები