ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2015


უკანასკნელი რგოლი

გეგი საქმიანი შეხვედრისთვის მოემზადა. ხელთ იპყრა კეისი, მუქი ფერის, შთამაგონებლად მოლაპლაპე, ასე დიდებულად რომ აგვირვგინებდა მთელ მის შესახედაობას, კარგად დაბანილ-დავარცხნილს, ერთიანად გაკრიალებულს. სუნამოც ბარაქიანად იპკურა, ეგზოტიკური არომატი ჰაეროვანი შლეიფივით აედევნა მის ყოველ ნაბიჯს. მოზომილი ნაბიჯებით გაიარა, ტროტუარის კიდეზე შედგა, თითქოსდა მანქანის გასაჩერებლად, მაგრამ არ ჩქარობდა, დაფიქრებული მზერა ხმაურიანი ქუჩისთვის მიეპყრო. როგორი მანქანა აღარ დადის ქალაქის ქუჩებში, დღითი დღე მატულობს მათი რიცხვი და მრავალგვარობა, თავგზაც კი აგებნევა... ტაქსი თავიდანვე გამორიცხა თამაშიდან, ერთგვარ ჩრდილს მოჰფენს ჩემს სავალ გზასო. მსუბუქი მანქანაა საჭირო, არც ძალიან ძვირფასი და საგანგებო, არც ძალიან ძველი და გადასაგდები. ამდენ წინაპირობას გარკვეული დრო სჭირდებოდა, ამიტომაც არ ჩქარობდა გეგი, ყურადღებით ათვალიერებდა მანქანების ნაკადს.
ერთ მანქანას შორიდანვე დაადგა თვალი. ის იყო ხელის აწევას აპირებდა, სხვამ გადაუსწრო მის არჩივს, ტროტუარისაკენ აიღო გეზი, თან სვლა შეანელა. მძღოლს მზის სათვალე ეკეთა, მაგრამ მაინც აშკარა იყო, ყურადღება აქეთკენ ჰქონდა. მერე რა მანქანა იყო! ბრწყინვალე, კოხტად მოგლუვებული ვერცხლისფერი კორპუსით, სულ ერთიანად ლაპლაპი გაჰქონდა. რომელიღაც დიდ თევზს წააგავდა. კი არ მოდიოდა, მოცურავდა ხავერდოვანი საბურავებით, რბილად, შემპარავად. გეგი ეჭვით შეაჩერდა, მანქანის გარეგნულმა პეწმა, ცოტა არ იყოს, დააბნია. ეს რაღაც ახალი იყო, ახალი და, რა სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ჯერჯერობით მიუწვდომელი. ჰმ, მალე მეც მექნება მანქანა. ცოტაც, სულ ცოტაც მოვითმინო. ასეთი ალბათ ვერ იქნება. თუმცა ვინ იცის, რა ხდება სამომავლოდ...
მანქანა ნელა, სულ ნელა გასრიალდა ასფალტზე, მძღოლმა კისერი მოიღრიცა, თითქოს ნიშანს ელისო. გეგი როგორც იქნა გამოფხიზლდა, ხელი დაუქნია (რაც იქნება, იქნება). მანქანა შეჩერდა. გეგი გაქანდა, კარის სახელურს წაავლო ხელი, მაგრამ სანამ გააღებდა, მანქანა დაიძრა, ათიოდე ნაბიჯზე გასრიალდა და ისევ შეჩერდა. მძღოლმა კვლავ მოიღრიცა კისერი. ,,ალბათ გვიან შემამჩნია~, გაიფიქრა გეგიმ, გაირბინა ის ათიოდე ნაბიჯი, კარის სახელურს ისევ წაავლო ხელი. მანქანა ამჯერადაც დაიძრა, მაგრამ გეგი მომზადებული დახვდა, სახელური მაგრად ჩაბღუჯა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაეჯაჯგურა, თან მძღოლს გასძახა, შეჩერდიო. მძღოლს ერთხელაც აღარ მოუხედავს მისკენ, მანქანამ თანდათან უმატა სვლას, თევზივით გამოუსხლტა ხელიდან გეგის და ქუჩაში მიმქროლავ ნაკადს შეერია.
სიბრაზისგან თავგზადაკარგული გეგი სირბილით გამოენთო უკან, თუმცა მალე მიხვდა, რა უაზროც იყო მისი საქციელი. იქ გაჩერება მაინც არ შეეძლო, სწრაფი ნაბიჯით გაერიდა იქაურობას. უკან მიხედვას ვერ ბედავდა, ეშინოდა უამრავი დამცინავი მზერის... ალბათ რა სიამოვნება მიანიჭა ამ ამბის შემთხვევით მოწმეებს, კეისი მაგრად ჩაებღუჯა... საოცარია, როგორ არ დაკარგა ამდენ ძიძგილაობაში... ბრაზით პირგამეხებული მიარღვევდა ხალხის ნაკადს, გულში ათას წყევლა-კრულვას უთვლიდა იმ მანქანის მძღოლს, ერთი სადმე შემხვდესო, ნატრობდა.
კარგა ხანს იარა, უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, არც ის იცოდა, რამდენ ხანს უნდა ევლო ასე, ან საით მიდიოდა. უცბად თავისი სახელი მოესმა. შეშფოთებით მიიხედ-მოიხედა. ტროტურთან მოყვითალო ფერის მანქანა შენიშნა, საკერებლებიან ძველმანს ჰგავდა. მძღოლის თეთრმა კბილებმა გაიკრიალეს, გეგიმ იცნო თავისი კარის მეზობელი.
- ჯუმბერ, შენ ყოფილხარ?
- მოდი, დაჯექი, - კარი გამოაღო ჯუმბერმა.
სხვა დროს იქნებ არ ჩამჯდარიყო გეგი ამ საკერებლებიან ძველმანში, მაგრამ ახლა არცკი დაფიქრებულა, ისე მოიკალათა უხეშქსოვილგადაფარებულ სავარძელზე. კეისი მუხლებზე დაიდო.
- საით? - იკითხა ჯუმბერმა.
გონებადაფანტულმა გეგიმ ძლივს გაიხსენა, საითკენ აპირებდა ამ დილით წასვლას. ჯუმბერმა უხმოდ დაუქნია თავი და გასაღები გადაატრიალა. მანქანას ხველება აუტყდა, მაგრამ ადგილიდან მალე დაიძრა, საკმაოდ ყოჩაღად გასრიალდა ასფალტზე, მიმავალი მანქანების ნაკადს შეერია. გეგი სიამოვნებით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს, ისიც კმაყოფილებით გაიხსენა, რომ ჯუმბერი არასოდეს თხოულობდა მანქანით ტარების საფასურს. თუ მიაწოდებდი ფულს, გამოგართმევდა. თუ არადა, არც ენაღვლებოდა. ჯერ არავის ახსოვს, ამის თაობაზე რაიმე ეთქვას.
საკერებლებიანი მანქანა დინჯად მიუყვებოდა გზას. ჯუმბერი რაღაც მელოდიას უსტვენდა თავისთვის. გეგიმ სცადა, უფრო მოხერხებულად დამჯდარიყო, კეისი გვერდზე გადადო. გრძნობდა, რომ თანდათან მშვიდდებოდა. უკიდურესად დაჭიმული ნერვები მოეშვნენ, ხელების ცახცახმა გაუარა, გულმაც შეანელა ბაგა-ბუგი. მარცხენა ხელით გულის მსუბუქი მასაჟი გაიკეთა, ყოველივე რიგზეა, ანდა თითქმის... გულისცემა უკვე დამშვიდდა. ახლა ვინმესთან გასაუბრება სწორედ მისწრება იქნება. ჯუმბერი აგერ არ ჰყავს?
- ასე უცებ როგორ ააწყვე მანქანა?
- რა დიდი ამბავი უნდოდა, - მხრები აიჩეჩა ჯუმბერმა.
- ამ დილით ფანჯრიდან რომ გადმოვიხედე, ნახევარი ეზო მანქანის ნაწილებით იყო მოფენილი, - გაკვირვებით ამბობდა გეგი, თუმცა შესანიშნავად უწყოდა, თუ როგორ ეხერხებოდა ეს საქმე მის კარის მეზობელს. ვინ იცის, რამდენჯერ უნახავს იგი სანახევროდ დაშლილ მანქანასთან მოფუსფუსე. შორიახლოს ბიჭების გუნდი დამდგარა, ცნობისმოყვარეობით უთვალთვალებენ და თან სანაძლეოს დებენ, ააწყობს თუ არა ჯუმბერი მანქანას.
- ააწყობს! - დაბეჯითებით ამბობს ერთი.
- არა, ახლა ვეღარ ააწყობს, მთლად გამოსულა მწყობრიდან.
- აი ნახავთ, თუ ვერა.
ჯერ არ მომხდარა, თავისი მომხრეები გაეწბილებინა ჯუმბერს, მათი გულის გასახარად ბოლოს მაინც ააწყობდა მანქანას და დამშვიდებით გამოაგორებდა ქალაქის ქუჩებში. საამისოდ მას უჩვეულოდ ცოტა დრო სჭირდებოდა.
- სანაძლეო მოვაგებინე ბიჭს.
- რომელს?
- ყინტორას.
- ჰოო, - დაამთქნარა გეგიმ, თვალწინ წარმოუდგა ყინტორას გახარებული სახე. მაღალი კისრის გამო ეძახდნენ ასე... ნეტავი რაში დახარჯავს მოგებულ ფულს? ალბათ კინოში წავა, ანდა ნაყინს იყიდის და მეგობრებს დაპატიჟებს... ერთი წამით დაფიქრდა, თუ რაზე გაეგრძელებინა საუბარი. ჰო, მართლა! ჯუმბერი სულ ახლახან ტაქსების კანტორაში მოეწყო სამუშაოდ.
- როგორ შეეწყვე ახალ სამუშაოს?
- წამოვედი.
- რათა, უფროსს ხომ არ ეჩხუბე?
- არც უმაგისობაა, - ჩაიღიმა ჯუმბერმა. - იმ დღეს მეზობლის ბავშვები ვასეირნე ტაქსით. საღამოს ამოვქაჩავ-მეთქი, ვიფიქრე. არ გამოვიდა. როგორღაც არ გამიმართლა, მაინცდამაინც მე გადამეყარა, თუ ვინმე უფულო იყო. დავრჩი ცარიელზე. არ მომიწონა უფროსმა, მომდგა, მაგრამ რა მომდგა, სულ უტვინო მიძახა.
- შენ რაღა უთხარი?
- მართალი ხარ-მეთქი, ასე ვუთხარი. სამსახურში შენს ჭკუაზე დავდივარ, სახლში ცოლის ჭკუაზე, ქუჩაში კლიენტის ჭკუაზე. ჰოდა, რაღად მინდა ტვინი, რაღაში მარგია?
- კარგად გითქვამს, - გაეცინა გეგის.
- ჰო, რამდენი იცინა, - გულიანად იღიმებოდა ჯუმბერი. - იმწამსვე გაუარა გაბრაზებამ. სანამ ის იცინოდა, მე წამოსვლაზე გადავუკარი სიტყვა. ახლა ამაზე გადაირია, მეც არ დავიხიე უკან, მინდა ერთხანს ჩემი ჭკუით ვიარო-მეთქი. ბოლოს დაყაბულდა, სანამ არ მოგწყინდება, იარე შენი ჭკუით და მერე ისევ მოდიო, შენთვის ადგილი ყოველთვის მექნებაო. ჰოდა, დავდივარ ახლა ჩემი ჭკუით.
ჯუმბერი გაჩუმდა, რაღაცას ღიღინებდა თავისთვის. გეგი დაფიქრდა. ო, როგორ ეხამუშა ეს არხეინი ლაპარაკი სამუშაოს შესახებ. სამუშაოდან წამოსვლა ეს ხომ მთელი მოვლენაა. ალბათ ასე არხეინად ვერავინ იტყვის ამ სიტყვას, ჯუმბერის გარდა. რაც გეგი მას იცნობს, სულ ასეთ დღეშია. ნახავ ერთ მშვენიერ დღეს გამოპრანჭულს, კოხტად დავარცხნილს, ზის დიდებულ მანქანაში, სარკესავით ლაპლაპი რომ გაუდის. ,,საიდან ეს მანქანა, ჯუმბერ?~. ,,უფროსისაა~. ამბობს ჯუმბერი და თითს მრავალმნიშვნელოვნად იშვერს მაღლა. მერედა, რა ადვილად ახერხებს იმ დიდებულ მანქანაში მოკალათებას. იმიტომ რომ ყველას აოცებს თავისი იშვიათი ოსტატობით, მანქანის ენა ესმის, ამ საქმეში, შეიძლება ითქვას, ნამდვილი პროფესორია. მანქანა ჩემი მეორე ტყავიაო, ასე იცის თქმა... მეორე დღეს გაიხედავ და ისევ თავის საკერებლებიან მანქანას დააგორებს ქუჩებში. გაუპარსავი, თმაგაჩეჩილი, ზეთით დალაქავებული შარვლით. ,,სამუშაოს საქმე როგორღაა, ჯუმბერ?~, - ჰკითხავ. ,,წამოვედი~. არხეინად იღიმება ჯუმბერი. ჯერ ის რადა ღირს, ამ დანჯღრეულ მანქანას რომ შლის და აწყობს, მის გარდა ალბათ სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. უცნაურია, მაინც ასე საგულდაგულოდ რას ჩაფრენია ამ ყვითელ საოცრებას? რომ მოენდომებინა, აქამდე ალბათ ცხრაჯერ გამოიცვლიდა, მაგრამ ეტყობა, არ აინტერესებს, შეჩვეული ჯაბახანა ურჩევნია.
- დისერტაციის საქმე როგორღაა? - იკითხა ჯუმბერმა. გეგი ფიქრებიდან გამოერკვა, ხელი ნერვიულად შეუტოკდა, უნებლიეთ კეისი ჩაბღუჯა. აქ იყო მისი დისერტაცია. მეზობლებმა იციან, რომ კარგა ხანია დისერტაციაზე მუშაობს, ჯუმბერსაც გაუგია. გეგის არ უყვარდა, როდესაც ამ თემაზე ჩამოუგდებდნენ სიტყვას. ისე რაო, მიკიბულმოკიბულად ჩაიბურტყუნა. მერე კეისი გახსნა, ქაღალდის ფურცელი ამოიღო და ყურადღებით დააცქერდა. ფურცელზე მომცრო ზომის რგოლები იყო გამოსახული, ერთმანეთთან მიმდევრობით შეერთებული, ისე რომ საბოლოოდ მრუდე რკალს ქმნიდნენ. თითოეულ რგოლში ინიციალები ეწერა. გეგის გარდა ამქვეყნად არავინ იცოდა მათი მნიშვნელობა: ეს გახლდათ იმ მეტნაკლებად საჭირო თუ შეუცვლელ პირთა ინიციალები, რომლებთანაც გეგის თავისი დისერტაცია აკავშირებდა. ყოველი კვირის დასაწყისში ადგენდა ასეთ სქემას და მერე სწორედ ასეთი მიმდევრობით მოინახულებდა ყოველ მათგანს. ყოველ შემთხვევაში, მთელი ძალღონით ცდილობდა, ფურცელზე აღნიშნული მიმდევრობა შეენარჩუნებინა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ შეუშლიდა ხელს. როცა მათ ხვდებოდა, ასე ეგონა, ფურცელზე დახატულ რგოლს ვესაუბრებიო, მისთვის ისინი მხოლოდ და მხოლოდ რგოლები იყვნენ, მოარული რგოლები. ხანდახან გეგი წაიფილოსოფოსებდა ხოლმე: ყოველი ჩვენგანი სახლიდან გამოსვლისას რაიმე მრუდე რკალს ასახავს და ისევ საწყის წერტილს უბრუნდება, ამ დროს კი ეჩვენება, სწორხაზოვნად დავდივარო, სწორედ ამიტომ ხსენებული რგოლები მრუდე რკალზე აასხა ლამის ფურცლის ნახევარი რომ ეჭირა. ასე უფრო ეადვილებოდა, ცხადად წარმოედგინა სამომავლო გეგმები, თუ სად და როდის უნდა მისულიყო, ვის უნდა შეხვედროდა, როგორ, რა ვითარებაში. სწორხაზოვანი სქემები თუ ისრები აქ ნაკლებად გამოსადეგი ეჩვენებოდა გეგის, მეტად შორის დგანან ჩვენი გამრუდებული ყოფისაგანო.
ამ დილით გეგი მრუდე სქემის ბოლო რგოლში ჩაწერილ ინიციალებთან მიეშურებოდა, რომელიც ღრუბლებში არა, მაგრამ საკმაოდ მაღალ, ლამის კოშკივით მაღალ რვაკუთხა შენობაში სუფევდა ქალაქის საქმიან უბანში. გეგის დღეს გადამწყვეტი სიტყვა უნდა მიეღო მისგან და სულ მალე უფლება ექნებოდა, მეცნიერი ეწოდებინა საკუთარი თავისთვის. ამას მიელტვოდა თავის ყველაზე იდუმალ ოცნებებში, ამას ჩასჩიჩინებდნენ ბავშვობიდანვე (მიიხედ-მოიხედე, ყველა გამეცნიერდა შენს გვარ-ჯილაგში თუ სამეზობლოში, შენ რითი ხარ მათზე ნაკლები?). გეგისთვის მთელი სამყარო ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ,,ხარისხიანებად~ და ,,უხარისხოებად~. და გეგის არაფრით არ უნდოდა, ,,უხარისხოებში~ დარჩენილიყო, აუცილებლად უნდა მიეღო მეცნიერის ხარისხი. ამ ტიტულისთვის არაფერს იშურებდა, კარგ ცხოვრებას მერეც მოასწრებდა, როცა ხარისხს გაინაღდებდა, ჯერჯერობით კი მზად იყო, ბევრ რამეზე ეთქვა უარი, თავისი შეზღუდული სახსრები (ასე განსაზღვრა საკუთარი შესაძლებლობები გეგიმ) ამ ერთადერთი მიზნის მისაღწევად მიემართა, თან გულში კბილებს აღრჭიალებდა იმის წარმოდგენისას, თუ რა ადვილად ეძლევათ ზოგზოგებს ეს დიდი სიკეთე. მართალია, ისიც კი არ იციან ხეირიანად, რომელ გვერდზე რა წერია ვითომდა მათ დაწერილ დისერტაციებში, მაგრამ მერე რა? თავისას ხომ აღწევენ? გეგის კი რამდენი ჭაპანწყვეტა სჭირდება სწორედ მაგ დაწყევლილი ,,შეზღუდულობის~ გამო.
როდესაც დიდ სიმაღლეებს უტევ, წვრილმანები აღარ არსებობენ, ამიტომაც არჩევდა გეგი ამ დილით ასე საგანგებოდ მანქანებს. ათასი თვალი გიყურებს, ათასნაირად შეგაფასებენ და გადაგახურდავებენ კიდეც. სულაც არაა უმნიშვნელო ამბავი, თუ როგორი მანქანიდან გადმოხვალ იმ ,,ბროლის გოდოლთან~, ანუ მაღალ რვაკუთხა შენობასთან. სასურველია, გამოცანად დარჩეს, თუ ვის ეკუთვნის ეს მანქანა. ვინმე ახლობელისაა, ქუჩაში შემთხვევით გავაჩერე, იქნებ სულაც ჩემია... დამნახავები ამგვარ ვარაუდთა სიმრავლეში უნდა გაიხლართონ. ტაქსი, ცხადია, სრულიად შეუფერებელია ამ დროს... თუმცა ახლა ისეთ მანქანაში ვზივარ, რომელი ტაქსი არ აჯობებსო, გაახსენდა გეგის. ცოტა მოშორებით გავაჩერებ, ,,ბროლის გოდოლთან~ ამით ნამდვილად არ მიმესვლებაო, გადაწყვიტა გუნებაში.
სადისერტაციო თემაც დიდი სიფრთხილით შეარჩია. ეს გახლდათ არც ისე შორეულ წარსულში მეტნაკლებად ცნობილი პიროვნების ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც გეგიმ თანამედროვეობის ერთ ძალზე აქტუალურ და ტევად პრობლემას, კერძოდ, ხელოვნების განვითარების პრობლემას დაუკავშირა. ხელოვნებაზე მსჯელობას ხომ არაფერი სჯობს, ძალზე ფართო ჭურჭელია, რაც გინდა, ჩაყარე, დაიტევს. რაც გინდა, თქვი, ყოველთვის მართალი ხარ, გემოვნებაზე რომ არ დაობენ... (მკითხველთა საყურადღებოდ: ცნობილი პიროვნების ვინაობა, ეს ისეთი თოფია, რომელიც არ გაისვრის. ამიტომ სჯობს, ჩრდილში დარჩეს). ზღვა მასალის შესწავლა მოუხდა გეგის. სიმართლე უნდა ითქვას, ეს ნამდვილად არ დაიზარა, ბიბლიოთეკებში და არქივებში იძრომიალა, უამრავი კინოფირი ნახა... ამ კვლევა-ძიებაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: თუ ერთს გაყვებოდი, ცნობილი პიროვნება უკვალოდ ქრებოდა, თითქოს არც კი არსებულიყო ოდესმე. მეორე მიმართულებით კვლევის გაგრძელება კი ამ პიროვნებას როგორღაც აორმაგებდა, თითქოს ერთის ნაცვლად ორი პიროვნება ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გეგის პირდაპირ გული გაუწყალა ამ გაორებამ. ბოლოს, როგორც ჭკვიანმა კაცმა, იპოვა გამოსავალი, საშუალო ხაზი აირჩია ამ ორ მიმართულებას შორის. ამ ხაზის მიხედვით ცნობილი პიროვნება არც ქრებოდა და არც ორმაგდებოდა. გეგიმ საბოლოოდ დააზუსტა მისი როლი ხელოვნების განვითარების საქმეში და ახლა იმედოვნებდა, ეს საშუალო ხაზი მიიყვანდა თავისი სანუკვარი ოცნების ასრულებამდე, ბოლოს და ბოლოს მოიპოვებდა მეცნიერის ხარისხს და მაშინ გეგი თავის სახლის კედელზე დაჰკიდებდა საკუთარ პორტრეტს, როგორც სხვა, ცოტად თუ ბევრად ცნობილი მეცნიერები ჰკიდებენ, მათ შორის ,,უკანასკნელი რგოლიც~. ეს იყო ძალზე საიდუმლო, საჩუმათო ოცნება, რომელსაც გეგი არავის უმხელდა, საკუთარი თავის გარდა. ახლაც, ამ წუთში ჯუმბერის გვერდით მჯდარს, ეხამუშა ამ ოცნების გახსენება, რგოლებით აჭრელებულ ფურცელს მზერა აარიდა, გზას გაუშტერა თვალი, ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა. ეჰ, გააწამა გეგი ამ დისერტაციამ.
ჯუმბერი მიხვდა, დისერტაციაზე საუბარი რომ არ სიამოვნებდა გეგის, სიტყვა აღარ გაუგრძელებია, კვლავ თავისებურ ღიღინს მოჰყვა. ცოტა ხანში საჭე მკვეთრად მოატრიალა და მყუდრო ქუჩაზე შეუხვია.
- საით მივდივართ? - იკითხა გეგიმ.
- მოკლე გზით მიგიყვან, - თქვა ჯუმბერმა.
გეგის არაფერი უთქვამს, ამ საკერებლიანი ძველმანით ქალაქის მთავარ ქუჩებში სიარული ისედაც არ ეხატებოდა გულზე. ერთი წამით ისევ გაუელვა თავში ამდილანდელმა თავგადასავალმა. იფიქრა, თუ სადმე შევხვდი იმ ვერცხლისფერი მანქანის მძღოლს, მე ვიცი, რასაც ვუზამო, და ისევ გზას მიაპყრო მზერა. ჯუმბერის ღიღინმა ლამის თვლემა მოჰგვარა.
ცხვირწინ რაღაც უცნაური ფიგურა აეკვიატა, წინ მიმქროლავი მანქანების ფონზე ხტოდა და ტრიალებდა. გაბრუებულმა გეგმით ძლივს მოახერხა მხედველობის ფოკუსის შეცვლა. უცნაური ფიგურა ნელნელა ამოცურდა ბურუსიდან, იგი ძეწკვზე ჩამოკიდებული სათამაშო ხბო აღმოჩნდა.
- ეს ხბოა, მგონი, არა?
- ხბოა, - დაუდასტურა ჯუმბერმა, - ბავშვიანი ქალი ჩავისვი მანქანაში იმათ დარჩათ. ავიღე და საქარე მინასთან ჩამოვკიდე, იქნება დაინახონ.
- ნაპოვნი ნივთების ბიუროში წაიღე, - გულგრილად ურჩია გეგიმ.
- ბოლოს ალბათ ასედაც ვიზამ, მაგრამ თვითონვე არ მიაკითხავენ იქ, რაღაც გროშები ღირს, დედიკო თავს არ შეიწუხებს მაგისთვის. მე ბავშვი მეცოდება, როგორ უხაროდა, იმ დღეს ეყიდნათ, ერთი წამით არ იშორებდა ხელიდან. ალბათ მანქანიდან გადასვლისას დაუვარდა. მე რა, ბავშვი არ ვყოფილვარ? ბავშვის ამბავი არ ვიცი? შენ რომ ძვირად გიღირს, ბავშვი იმას არაფრად აგდებს. შენ რომ არაფერი გგონია, სწორედ იმაზე ჰკარგავს ჭკუას. ერთხელ მახსოვს, დედაჩემმა სათამაშო მანქანა მიყიდა. ერთი რომ ჩავავლე ხელი, აღარც გამიშვია. მეც სწორედ ასე დავკარგე მანქანაში. რაც მე მაშინ ვიღრიალე... დედაჩემმა მეორე დღესვე მიყიდა ახალი სათამაშო, ზუსტად ისეთივე. ხელიც არ ვახლე. ის მანქანა მინდოდა, რომელიც დავკარგე.
- რაღა მაინცდამაინც ის მანქანა? - წაიდუდუნა გეგიმ.
- საქმეც სწორედ მაგაშია, რაღა მაინცდამაინც ის მანქანა? - ფართოდ გაიღიმა ჯუმბერმა, - რაღაც განსაკუთრებული მეგონა ალბათ. ანდა ის ვერ ავიტანე, რომ დაიკარგა. - ჯუმბერის ნაამბობმა ბავშვობა მოაგონა გეგის. ერთი ეპიზოდი ამოუტივტივდა თვალწინ. ზოოპარკში ,,მსგავსობანა~ ითამაშა თავის ძმაკაცთან, კახასთან ერთად. ჩამოუარეს გალიებს და ყველა ნაცნობს აღმოუჩინეს ორეული. არავინ გამორჩენიათ, მასწავლებლები, თანაკლასელები, მათი მშობლები. რამდენი იცინეს, როდესაც ისტორიის მასწავლებელი სელაპებთან ერთად ,,აღმოაჩინეს~, დგაფუნით დაცურავდა ფართო აუზში. კახამ შემდეგ ისიც კი ჰკითხა მასწავლებელს, ცურვა თუ იცითო. გაოცებულმა მასწავლებელმა, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა, თუ რატომ ეკითხებოდნენ ამას, ცოტათიო უპასუხა. იქნებ სულაც არ იცოდა, მაგრამ ამის გამხელა საჭიროდ არ ჩათვალა.
გეგისაც აღმოუჩინა კახამ ორეული, პალოზე ჯაჭვით მიბმული ხბო დაანახვა გარეული ხარების სადგომთან და ეს შენა ხარო, უთხრა. ჯაჭვი ისედაც მოკლე იყო, იმ სულელ ხბოს კიდევ უფრო დაემოკლებინა, იმდენი ეტრიალა პალოს ირგვლივ და ახლა პალოზე შუბლმიკრული, დაზაფრული თვალებით იყურებოდა. ჯაჭვი ისე უჭერდა კისერში, საცაა წაახრჩობდა კიდეც. არ მოეწონა გეგის ეს შედარება. იგრძნო, მართლა იყო რაღაც მსგავსება მას და ამ სულელ ხბოს შორის. სცადა, სამაგიერო გადაეხადა კახასთვის, ხან რას შეადარა და ხან რას, გველს, ხვლიკს, მარტორქას, მაგრამ გრძნობდა, მისი შედარებები არ იყო ისე ზუსტი. ეს კახამაც კარგად იცოდა და სიცილით იჭაჭებოდა.
გეგი შენჯღრევამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან. ვიწრო ოღროჩოღრო ქუჩებში მიჯაყჯაყებდნენ, ორივე მხარეს უსწორმასწორო შენობები ჩარიგებულიყვნენ. ,,ისედაც მაგვიანდება~, გაივლო გულში გეგიმ, ეჭვით ათვალიერებდა ვიწრო ქუჩებს, თუმცა მალე შვება იგრძნო, უსწორმასწორო დაბალი შენობების მიღმა რვაკუთხა მაღალი შენობა წამოიმართა, ნიშანსვეტივით აჭრილიყო ცაში. ჯერ კიდევ შორს იყო აქედან, მაგრამ აქედანვე განირჩეოდა მინაპლასტიკის ფართო ფილები. გეგი მისი ყურებით გაერთო, მართლა ნამდვილი ბროლის გოდოლია, ტყუილად არ შემირქმევია ასეო. თითქოს ცხადად ხედავდა, თუ როგორ დააბიჯებენ თანამშრომლები რბილი ხალიჩით მოგებულ დერეფნებში, სადაც ისეთი გაფანტული შუქია, ვერ გაიგებ, საიდანაა მისი წყარო. ამ შენობაში ვერსად დაიმალები, ყველა კედელი გამჭვირვალეა დღის შუქის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით. ცხადია, მყუდრო კაბინეტებიც მრავლადაა, უცხო თვალისთვის სრულიად შეუვალი, მაგრამ ისე კარგად არიან შენიღბულნი, არაფრით არღვევენ ამ მქრქალ გამჭვირვალობას. განუწყვეტლივ ზევით-ქვევით დაჰქრიან ლიფტები, ისინიც გამჭვირვალეა. როცა ლიფტები ერთმანეთს ჩამოუქროლებენ, კაბინაში მყოფები ერთმანეთის შეთვალიერებასაც ასწრებენ.
,,ბროლის გოდოლმა~ თანდათან წინ გადმოინაცვლა, ცხადი იყო უახლოვდებოდნენ, გეგი მას თვალს არ აშორებდა. უცბად ისე შეხტა, კინაღამ საქარე მინას შეეჯახა, ჯუმბერმა მკვეთრად დაამუხრუჭა.
უშველებელ ორმოს მისდგომოდნენ, ეტყობა, დიდი შენობის ასაგებად ამოეთხარათ. ძველი, ჩამპალი სარდაფები ამოექექათ. ხის ფესვებიც ამოეძირკვათ. ბულდოზერი ახლაც იქ იყო, ოღონდ სამუშაოზე არავინ ჭაჭანებდა. გაცეცხლებულმა ჯუმბერმა ლანძღვა-გინებით აიკლო იქაურობა, ერთი პატარა ფიცარი მაინც დაედოთ სანიშნედ, კინაღამ გადავიჩეხეთო. გეგიმაც ბანი დააწია, თან მზის სხივებზე აბრჭყვიალებულ გოდოლს გახედა ხრამის მიღმა. რატომღაც მოეჩვენა, ,,გოდოლი~ თითქოს ხრამის კიდესთან იდგა, სულ ახლოს.
ჯუმბერმა მანქანა შემოაბრუნა. ,,გოდოლმა~ გვერდით გადაინაცვლა, იგი ხან მიიმალებოდა უსწორმასწორო შენობის მიღმა, ხან ისევ ამოყვინთავდა.
სულ მალე ისევ შებრკოლდნენ, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს გადაეყარნენ. სანამ ჯუმბერი მათ უყვიროდა, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, გეგიმ თავი მიაბრუნა და სრულიად უნებურად, მოპირდაპირე სახლის სარკმელს მიაპყრო მზერა. ,,გოდოლი~ სწორედ იმ შენობის მიღმა იყო მიმალული. ფანჯრის რაფაზე ძაღლი გაწოლილიყო და დაჟინებით შემოსცქეროდა. გეგი ზარმაცად, უყურადღებოდ შეჰყურებდა რაფაზე მწოლიარე ძაღლს, ამ სანახაობაში საინტერესო არაფერი ჩანდა. უეცრად სახე გამოუცოცხლდა, წარბები გაკვირვებით ზეასწია: რაფაზე მწოლიარე ძაღლის მიღმა მეორე ძაღლი გამოჩნდა, მან დინჯად ასწია თათი და ფარდა გაასწორა, ნახევრად გამჭირვალე აჟურულმა ნახატმა დაფარა რაფაზე მწოლიარე ძაღლიც და ის მეორეც. მან დაუშვა აწეული თათი. ახლა ორივენი ერთად იყურებოდნენ ფარდის იქიდან.
ჯუმბერმა როგორც იქნა, დასძრა მანქანა, ძაღლები უკან დარჩნენ. გეგის უნდოდა რაიმე ეთქვა ამ სანიმუშოდ გაწვრთნილ ძაღლებზე, მაგრამ ჯუმბერმა დაასწრო.
- რა უცნაური ბავშვები იყვნენ, დაინახე?
- არა, არ მიმიქცევია ყურადღება. ასეთი რა იყო?
- როგორ გითხრა, როგორღაც არ ჰგავდნენ ადამიანის შვილებს.
- აბა რას ჰგავდნენ?
- მეც არ ვიცი.
ჯუმბერი აშკარად შეცბუნებული ჩანდა, გეგიმ უფრო მეტი ყურადღებით მიიხედ-მოიხედა. კიდევ ერთმა სანახაობამ მიიპყრო მისი მზერა: ღია აივანზე კარგად ჩასუქებულ ღორს მოეკალათებინა სარწეველა სავარძელში და არხეინად ქანაობდა. გეგის ჩაციებულ მზერაზე ღორმა მოაბრუნა დინგი, ნამდვილი ღორული წვრილი თვალები შემოაგება და ისევ განზე გაიხედა, აქაოდა ერთ შეხედვადაც კი არ ღირხარო. მომდევნო სახლის ერთ-ერთ სარკმელში მაიმუნი ღრმააზროვანი იერით ჩაფრენოდა ფანჯრის რაფას და მინებს ჩვრით აპრიალებდა. სულ ზევით კი, სახურავთან, ჟირაფს მთელ სიგრძეზე გამოეყო კისერი და სადღაც შორეთს გაჰყურებდა გაშტერებით.
- ეტყობა, აქ ცხოველები ძალიან უყვართ, - თქვა გეგიმ, - მაგრამ რაღაც უცნაურია, თვითონ ადამიანები სად არიან, რატომ არ ჩანან?
ჯუმბერმა პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
- ადრე თუ ყოფილხარ ამ ქუჩაზე?
- არა.
,,ბროლის გოდოლი~ ისევ ამოცურდა შენობების მიღმა, მერე ისევ მიიმალა, მის ძებნაში გეგის მარტორქას მრისხანე დრუნჩმა შემოუბღვირა უახლოესი სახლის ფანჯრიდან. ცოტა ხანში ,,გოდოლი~ ისევ გამოჩნდა, შესამჩნევად გადიდებული. ესე იგი, უახლოვდებოდნენ. გეგიმ შვებით ამოისუნთქა, როცა ეს შეამჩნია.
ნელ-ნელა მიჯაყჯაყებდნენ, ამ ქუჩებში შეუძლებელი იყო ჩქარი სიარული. გზად შემხვედრი თუ ფანჯრებიდან მომზირალი უცნაური არსებანი ადვილი შესათვალიერებელი იყვნენ. ჩანთააკიდებულმა მგელმა გადაურბინათ წინ, ისე რომ ჯუმბერს სვლის ოდნავი შენელებაც არ დასჭირვებია. ტურამ ქვეშქვეშ გამოიხედა პატარა ფარდულის სარკმლიდან, თვალი აღარ მოუშორებია მათთვის, სანამ არ მიიმალა. ღია ვერანდაზე ორი ჭრელი გველი კუდებით გადანასკვოდა ერთმანეთს და მშვიდად თვლემდა, მზის სხივებს მიფიცხებულები. უკანა ჩლიქებზე შემდგარმა თხამ თითქოს საყვედურით გაიქნია თავი, როცა მანქანამ მეტისმეტად ახლოს ჩაუქროლა. საქარე მინასთან ძეწკვზე ჩამოკიდებული ხბო კი ისე ხტოდა და ტრიალებდა, თითქოს უხარია ამ მრუდე ქუჩებში სეირნობაო.
ერთადერთი საშველი ,,ბროლის გოდოლი~ იყო, რომელზეც შეიძლებოდა თვალს დაესვენა. იგი ახლოვდებოდა, მაგრამ რა ნელა... თან განუწყვეტლივ იცვლიდა ელფერს; ხან თვალისმომჭრელად აბრჭყვიალდებოდა, ხან გამქრქალდებოდა, ხანაც სულ მთლად ჩაშავდებოდა ღამესავით, და ეს ძალიან უცნაური იყო. ელფერის ესოდენ მკვეთრი ცვალებადობა ხედვის მეტად ფართო არეალზე მიანიშნებდა, ისეთზე, ლამის სრულ წრეს რომ უახლოვდება. ამ გარემოებამ გეგი ძალიან ჩააფიქრა, ვერა და ვერ გაიგო შუქჩრდილთა უცნაური თამაშის მიზეზი, მის თვალსაწიერზე ფეიერვერკივით რომ იშლებოდა. რას უნდა ჩაეღამებინა ამ ზომამდე ,,გოდოლი~, თუ იგი მათგან მზის მხარეს არ იყო აღმართული. ანდა რატომ აელვარდა ცისარტყელას ყველა ფერებით, თუ ახლა მზის საპირისპირო მხარეს არ მოექცა? თვითონ ,,გოდოლი~, ცხადია, ადგილს არ შეიცვლის, ადგილს იცვლის ჩვენი მანქანა, გამოდის, რომ ირგვლივ ვუვლით ,,გოდოლს~, მაგრამ რანაირად, მაშინ ხომ მთავარი ფართო ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ,,გოდოლს~. ფართო ქუჩა არსად ჩანდა, მანქანა ისევ ოღროჩოღრო ქუჩებში მიჯაყჯაყებდა, სადაც ყოველი მხრიდან გამოუცნობ მზერას აწყდებოდა, ,,გოდოლი~ კი ძველებურად, განუწყვეტლივ იცვლიდა ელფერს.
მოულოდნელად ,,ბროლის გოდოლი~ გაქრა. შეშფოთებული გეგი ამაოდ დაეძებდა თვალებით, ყოველ მხარეს ატრიალებდა თავს. უეცრად ისევ დაინახა... დაინახა ზედ ცხვირწინ, სულერთიანად გაჩახჩახებული. მანქანა ფართო, ისარივით სწორ ქუჩაში იდგა. ჯუმბერი, მოვედითო, ეუბნებოდა.
მიხვდა გეგი, რაც ხდებოდა, მზე უკვე ჩასულიყო, მინაპლასტიკის ფილები აღარ ბრჭყვიალებდნენ, ამიტომ ,,გოდოლი~ ორიოდე წამით ლამის უხილავი შეიქნა. ყოველ შემთხვევაში, მზეზე აჭრელებული თვალებით მისი დანახვა ნამდვილად შეუძლებელი იყო... მერე კი ღამის განათება ჩაირთო.
საშინლად გაცეცხლდა გეგი, როცა ეს ყველაფერი გაისიგრძეგანა, იმდენი დრო რატომ უნდა დაგვეკარგა იმ ჩიხებში ხეტიალით, გზიდან რომ არ გადაგვეხვია, ხომ დროზე მოვიდოდითო. კეისს ხელი დაავლო, უკან არც კი მიუხედავს, ისე მიაჯახუნა მანქანის კარი და სასწრაფოდ წინ გავარდა, ეგებ ,,უკანასკნელ რგოლს~ სამუშაო კაბინეტში მივუსწროო. ფაცაფუცით აირბინა კიბე, ლიფტი გამოიძახა და საჩქაროდ შერგო თავი მინის ხუფქვეშ. შუა გზაზე იყო, როცა მეორე ლიფტის კაბინა დაინახა, ქვემოთ ეშვებოდა, მასში სწორედ ,,უკანასკნელი რგოლი~ შენიშნა, ერთი წამით გაიელვა და გაქრა. გეგიმ მაშინვე დააჭირა ღილაკს ხელი, ისევ ქვევით დაეშვა. ლიფტიდან დამდუღრულივით გამოვარდა, კიბე კისრისტეხით ჩაირბინა. ,,უკანასკნელი რგოლი~ უკვე მანქანაში ჯდებოდა, გეგიმ რომ მიირბინა. მანქანამ ბოლო შემოაფუტა ცხვირპირში და ასფალტზე გასრიალდა.

***
მეორე დღეს, ადრიან დილით, გეგი ისევ ქუჩაში იდგა, მანქანების ნიაღვარს ჩასაფრებული. გუშინდელი თავგადასავლიდან ჯერაც ვერ გამორკვეულიყო ხეირიანად. უკვირდა, ეს როგორ დამემართა, მთელი დღე თვალსა და ხელს შუა გამისხლტა ისე, რომ არაფერი გამიგიაო. მაინც ასე უცებ როგორ დაღამდა. მერე კიდევ ის უცნაური ქუჩები რაღა იყო, ჯუმბერმა რომ შეუხვია. თითქოს სიზმარში ენახოს ეს ყველაფერი, თავს ისე გრძნობდა. დღესაც რომ ვერ მიუსწროს ,,უკანასკნელ რგოლს~, მერე უკვე გვიან იქნება, ,,რგოლი~ ხვალიდან სადღაც მიემგზავრება კარგა ხნით. ყველაფერ ამასთან ერთად, ის ფურცელიც სადღაც დაეკარგა, რგოლების მრუდე სისტემა რომ ჰქონდა აღნუსხული.
ასეთი ფიქრებით თავგამოტენილი გეგი არც ახლა ჩქარობდა მანქანის გაჩერებას, კვლავ შესაფერისის ძიებაში იყო, მანქანების ნიაღვარს თვალს არ აცილებდა. ბოლოს ერთი მანქანა გამოეყო ნიაღვარს, ტროტუარისკენ აიღო გეზი, თან სვლა შეანელა (ზუსტად ისე, როგორც გუშინ). მძღოლს მზის სათვალე ეკეთა, მაგრამ მაინც აშკარა იყო, გეგის შეჰყურებდა. მერე რა მანქანა იყო! ბრწყინვალე, ვერცხლისფრად გაუდიოდა ლაპლაპი. კი არ მოდიოდა, მოცურავდა დიდი თევზივით, რბილად, შემპარავად. გეგის სისხლმა აასხა თავში მისი დანახვისთანავე, სულერთიანად მშვილდივით დაიძაბა. აი, მანქანა რბილად გასრიალდა მის წინ. გეგმით ისკუპა და სახელურს ჩააფრინდა. გუნებაში გადაწყვეტილი ჰქონდა, ხელს არაფრით აღარ გავუშვებ, თუნდაც მთელი ქალაქის ქუჩებში მათრიოსო...
მაგრამ მანქანა იმწამსვე გაჩერდა, როგორც კი გეგიმ სახელურს ჩაავლო ხელი. მძღოლი აშკარად არ აპირებდა გაქცევას და მის გამასხარავებას. 
დინჯად მოიხედა, სათვალე მოიხსნა, აი ნაცნობი გულიანი ღიმილიც...
- ჯუმბერ, შენ?
- ჰო, ახალი სამუშაო ვიშოვნე.
გეგი სავარძელში ჩაებერტყა, გაოგნებული იყო. ჯუმბერმა მანქანა დაძრა, თან რაღაცას უხსნიდა. გეგის ნახევარიც არ ესმოდა მისი ნალაპარაკევი. ბოლოს ჯუმბერმა რაღაც ქაღალდი მიაწოდა, ჩემს მანქანაში ვიპოვე, შენი ხომ არ არისო. თან ბოდიში მოიხადა, ზეთით დასვრილიაო. გეგიმ გამოართვა, უგულისყუროდ დახედა... მაშინვე თვალები დააჭყიტა, ეს ხომ მისი ,,რგოლების~ მრუდე სქემა იყო, გუშინ რომ დაკარგა. იმ საკერებლებიან ძველმანში დარჩენია... მაგრამ ეს რაღაა, ეს უცნაური ნახატი საიდან გაჩნდა, ნამდვილი ხბოს თავი. ზეთიან ჩვარს ქაღალდზე ისეთი ლაქები აღუბეჭდავს, რომელიც საოცრად ჰგავს ხბოს თავს. რა უაზრო თვალებით იყურება. საგანგებოდ რომ მოინდომო, ამაზე ზუსტად ვერ დახატავ ამ საზიზღარ, საცოდავ გამომეტყველებას, რაც ზეთიან ჩვარს აღუბეჭდავს ქაღალდზე. გეგის მიერ მონიშნული ,,რგოლების~ მრუდე ჯაჭვი კისერში უჭერს ხბოს თავს, რომელიც საცაა დაიხრჩობა... ნამდვილი ხბოა, პალოზე მიბმული ხბო, თავისი სისულელით კიდევ უფრო რომ ამოკლებს ისედაც მოკლე ჯაჭვს.
გეგი თვალგაშტერებული დაჰყურებდა ქაღალდის ფურცელს, ხმა ვეღარ ამოეღო. ჯუმბერმა თავისებურად გაიგო მისი დუმილი, ბოდიშებს მოჰყვა.
- შემთხვევით მომივიდა. საჭეს ვუკირკიტებდი. არ მომიხედავს, ჩვარი ისე მოვისროლე. საოცარია, რაღა, მაინცდამ ს...    აინც, მაგას დაეცა. ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი ფურცელია, არა? იქნებ რაიმე ეშველოს, ჩემი თავი შენ გენაცვალო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები