ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2015


* * *

მაშინებს ის, რომ არაფერი აღარ მაშინებს
და როგორც ჩვილი, ისე ვუმზერ მარადისობას,
რომ ყველა სიტყვა საპირწონედ წვიმის-პლაშია,
რომ ყველა წვიმა უჩვეულო პარადიგმაა.
მე არაფერი გავაღმერთე, ქვეყნად არცერთი
ღმერთის არა მწამს, ურწმუნო ვარ ყველა თომაზე,
მე ვიმყოფები განუსაზღვრელ დროის კარცერთან,
მადგას ნათელი მწუხრის პირზე ანუ ემბაზი.
ვაჩერებ ბავშვებს, ვიმიზეზებ მოკითხვას დროის,
როდესაც ქარი გამომიხმობს, როგორც ბუდანი,
ვიწამე მხოლოდ მწუხარება და ყველა დრუიდს
ვთხოვ მიწილადოს ელექსირი ვერცხლის ქვაბიდან.
მე მიყვარს წყალი-მორთმეული შენი ხელიდან,
პანდორას ყუთი-ფოტოების მტვრიანი უჯრა
და ყველა მასას სირცხვილივით გამოვერიდე
და ახლა მხოლოდ გაუთევარ ღამეებს ვქენჯნი.
დიდხანს არ ძალმიძს ასე ყოფნა ანუ ვაპირებ
წასვლას, რადგანაც ვიუარე თქვენი ბექობი,
ჩემი სიმყრალე და დე სადის პორნოგრაფია
არ შეიყვაროთ ან რად გინდათ, რაც არ გერგებათ?
ახლა კი მარტო ვრჩები ჩემი შიშით მოზელილ
თიხის მეწყვილედ, მეთიხე ვარ, მაგრამ უთიხო
და როგორც მოზვერს, ამომიდის თვალში მაზოლი
და ჩემი ბინა, ჩუმი, მყუდრო, ბნელი ოთახი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები