ავტორი: თ.კომლაძე ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2015
••• მოსაყოლი არაფერია •••
გარდა იმისა, რომ აქ ცივა, მოსაყოლი არაფერია... ქუჩაში ხეებს, სახლებს, ნაცრისფერ ჩიტებს _ უფრო თოლიებს, სულ არ ანაღვლებთ ჩემი სულის მელანქოლია. ამბობენ, უფრო მარტივია უბრალოდ ადგე და დაიკიდო ეს ცხოვრება დაღლილ ფეხებზე. ასე ამბობენ. მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს ეწევი. თვრები. გცივა. გინდება. გტკივა. სიკვდილი. რაც უფრო ახლოა მით უფრო მეტად. დღეს ერთ მივარდნილ, არცთუ ისე მიმზიდველ ქუჩას მივუყვებოდი და ამეკიდა მაწანწალა მშიერი ძაღლი. მე არ მინახავს ამაზე უფრო მშიერი მზერა. და გადავუგდე პურის ნატეხი. ცივად დაყნოსა. თავი აწია და ისევ უკან გამომედევნა. სახლთან კი ერთი შემომხედა კუდის ქიცინით. და მის თვალებში, აღარც შიმშილი და არც სიცივე არ იგრძნობოდა. და მაშინ მივხვდი, რომ იმ მომენტში ის უფრო მეტად იყო ადამანი ვიდრე მე. გარდა იმისა, რომ ცალყბად წვიმდა, აქ მეტი მოსაყოლი არაფერია. დიდი ხანია შევეგუე ასეთ ამინდებს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია ქარი და რა ვქნა?! შენ მაინც იცი, სხვამ თუ არა, შენ მაინც იცი. შენ თავს მაგონებს. დავიწყებულ ქარიან დღეებს... იმ ქუჩის ბოლოს, ძაღლთან ერთად რომ მივყვებოდი კუთხეში, ხმელი თუთის დასვრეტილ ჩრდილში რაღაც ბუნების, ანდა ღმერთის ანდაც.. არ ვიცი.. მოკლედ რომ გითხრა, ერთი კოხტა აივანია. არც კარები აქვს და არც ფანჯარა ჰაერში არის, თითქოს თუთის ჩრდილი აკავებს. იქ იჯდა გოგო მუხის სკამზე და წიგნით ხელში (დანტე ან კაფკა) ხორბლისფერი ლილისფერ კაბით და ზამთრის მუქი ბალახივით მწვანე თვალება. მე არ მინახავს ამაზე უფრო ვრცელი თვალები. და დავუძახე. გეფიცები, რას არ მივცემდი, რომ დამენგრია მთელი მისი უშფოთველობა. და მაშინ მივხვდი, რომ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებსაც ჩუმად აედევნები, იმ მშიერთვალა ძაღლივით უკან. არ გენდომება არაფერი. მიყვები. ისევ. მიაცილებ. კვლავ. გზის ბოლომდე. როდესაც მივა გაბრუნდები სიტყვის უთქმელად და მერე იგრძნობ, რომ რაღაცით უფრო მეტი ხარ ვიდრე იყავი. გარდა იმისა, რომ თუთის ტოტებს ქარი არხევდა აქ მეტი მოსაყოლი არაფერია. და მაინც, ამ ქუჩაზე ხეებს, სახლებს, ნაცრისფერ ჩიტებს უფრო თოლიებს არაფრად უღირთ ჩემი სულის მელანქოლია. მე ვამბობ, უფრო მარტივია უბრალოდ ადგე და წაათრიო ეს ცხოვრება დამჭკნარი მხრებით. მე ვამბობ, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს. გარდა იმისა, რომ ჩემთან ცივა მოსაყოლი არაფერია. და თუკი ერთხელ მაინც, სულ ერთი წამით დავუშვებ, რომ ეს სიცივე სულაც არ არის მხოლოდ სიცივე, რომ ის უბრალოდ გამოხატავს ჩემი სულის მდგომარეობას, მაშინ გავთბები.. და მაინც ამის მეტი მოსაყოლი არაფერია..
მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით საშუალოზე მეტია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძაფზე აცმული მძივის თვალებივითაა ერთიანი განუწყეტელი სასიამოვნო, ემოციურად თბილი და ტკბილი წასაკითხი. ეს ლექსი მთავარ გვერდის ღირსია! ჩემი უმაღლესი შეფასება!
მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით საშუალოზე მეტია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძაფზე აცმული მძივის თვალებივითაა ერთიანი განუწყეტელი სასიამოვნო, ემოციურად თბილი და ტკბილი წასაკითხი. ეს ლექსი მთავარ გვერდის ღირსია! ჩემი უმაღლესი შეფასება!
და თუკი ერთხელ მაინც, სულ ერთი წამით დავუშვებ, რომ ეს სიცივე სულაც არ არის მხოლოდ სიცივე, რომ ის უბრალოდ გამოხატავს ჩემი სულის მდგომარეობას, მაშინ გავთბები..
ძალიან მომეწონა. 5.
და თუკი ერთხელ მაინც, სულ ერთი წამით დავუშვებ, რომ ეს სიცივე სულაც არ არის მხოლოდ სიცივე, რომ ის უბრალოდ გამოხატავს ჩემი სულის მდგომარეობას, მაშინ გავთბები..