ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 დეკემბერი, 2008


ციკლიდან :ქართული სიმბოლიზმი და ეროტიკა

      ძნელი სათქმელია,რამდენად შეესაბამება ვალერიან გაფრინდაშვილის ეს სიმბოლისტური ლექსი ეროტიკას ,იმ გაგებით,რომელსაც დღეს მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს,მაგრამ მასში მინიშნებათა ესთეტიკის წყალობით /'' პირდაპირ დაასახელო საგანი,ნიშნავს წაჰგვარო სიამოვნების ორი მესამედი ''/,ეროტიული ფანტაზია,განცდები და სიტუაციაა გამოსახული:
მამაკაცი - ლირიკული პერსონაჟი - მარტოა თავის გარდერობიან ოთახში./მინიშნება: სადაც გარდერობი და კამოდია,ავეჯის კომპლექტური წყობა იქვე გულისხმობს საწოლს/.
აქ ,ოთახის ბინდში,სიბნელეში მას მრავალგზის ეცხადება უცნაური,ირეალურად რეალური ''ნაფტალინის ქალი''.
''მაგრამ მადონას ნუ შეადარებს მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ'' -  მინიშნებაა იმაზე,რომ ამ ქალისგან შორსაა მადონასებრი,ქალწულებრივი სიწმინდე.
...ცბიერი,,ქურდი განუკურნელი - აი ღია ნიშნები,რომლითაც ხასიათდება თავისუფალი ქცევის ,გამომწვევი ''ნაფტალინის დედოფალი'' და ამით ავტორი იმ კონოტაციურ სივრცეს ქმნის,სადაც ეროტიკული სიტუაცია მ/ო/ინიშნება:ქალი ევედრება, მას ,როგორც მთხოველი,''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი...გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''
აქ კიდევ ერთი ,ფინალური სიმბოლისტური ფიგურა - ორმნიშვნელოვნება სიტყვისა ტახტი- ორთა გასაზიარებელი საბრძანისი და სარეცელი.
    /ჩემი ფიქრით,ამ ლექსში  ეროტიზმზე  კიდევ ორი სიმბოლური მინიშნებაა.მათ შესახებ აზრის გამოთქმას არ ვაპირებ,რადგან ,საქმეში ჩახედული მკითხველი თავადაც ადვილად აღმოაჩენს,ხოლო ჩაუხედავი - არ გაიზიარებს/.

ვალერიან გაფრინდაშვილი

ნაფტალინის დედოფალი


გარდერობიდან იგი გამოდის.
როგორც მარაოს,აისვრის ხელებს.
მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდის
და შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს.
ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ.
თავის ყოფნაში მან დამაჯერა,
მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო,
როს დავაპირე მისი გაჭერა.
ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს.
სხვაგან ჩემსავით არ მოელიან...
უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ,
რომ ჩემი ბინა ასე ბნელია!
მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს.
უხდება მთვარის პირსაბურავი,
მაგრამ მადონას ნუ შეადარებს
მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ.
ის ცბიერია.თუ ჩავიკეტე,
მაინც მეწვევა მაღალ სურნელით
ის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებს
და არის ქურდი განუკურნელი.
ის მევედრება,როგორც მთხოველი:
''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი,
და ყალბი თოვლით მოოქროვილი
გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები