ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ჭიტაძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2015


ბაბუ

                        ბაბუ

(ჩემი ბავშვობის უპირველეს მეგობარს)

................................................................

აწი ვინ გარეცხავს ბაბუ ქვევრს,
ყურძნით ვინ გაავსებს საწნახელს,
ვინღა დაუხვდება ბაბუ მტერს
ან ვინ გაუწოდებს მოყვასს ხელს.

აწი ვინ გამიყვანს შუშის წყალს,
ან ვინ გამიტეხავს სერზე ყველს,
ვინღა შეუდგება მთაში ხვნას,
ამბავს ვინღა მეტყვის ძველზე ძველს.

აწი ვინ მასწავლის ტყეში გზებს,
მოკლე ბილიკებს და წყაროებს,
ვინღა გამოკვერავს ბაბუ ცელს,
ან ვინ მომიხარშავს ტაროებს.

აწი ვინ იმღერებს ვორერას,
ბაბუ რომ გიყვარდა ნამთვრალევს,
ვინღას დავუპირებ მორევას
როცა ვეღარ ახელ მაგ თვალებს.

ბებოც ვეღარ ზიდავს ცალ უღელს,
თავსაც ვეღარა გრძნობს დაცულად.
ბაბუ შენთანა ვარ ალავერდს
ერთიც ვიქეიფოთ კაცურად.

ჭურის თავს მე მოვხდი აყალოს,
შენ ორშიმო მომაწოდე ფაქიზად,
მერე თუნდაც ზეცამ სეტყვა გვაყაროს
როცა შენთან ჭიქა ღვინოს დავისხამ.

თონის პურსაც შემოგვაწვდის ბებია,
ყველს მამიდა გაგვიტეხავს დერგიდან,
ეჰ, მოხუცი როგორ მომნატრებია,
ოხ სიკვდილო გაჩენიდან ვერ გიტან!

...............................................................

არავისგან არაფერს არ ითხოვდა,
ეს ცხოვრება გაატარა გლეხურად,
თუკი ვინმემ ვაჟკაცურად იცხოვრა
ბაბუასაც თავზე ქუდი ეხურა.

                                              ლევან ჭიტაძე
                                                      11.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები