ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2015


ობლად დარგული ვარდის კოკორი

ობლად დარგული ვარდის კოკორი,
გაბუტული დგას საფლავის ქვასთან,
მარტოდ დარჩენილს წვიმის წვეთები
ჩამოღვენთია ცრემლებად, სანთლად.
კმაყოფილია აქ მდუმარებით,
სრული სიჩუმის მეუფე ხმათა,
დგას ამდენი ქვა მომღიმარ სახით,
ჩუმ ისტორიას მოგივთხრობს ხალხთა.
დაბადების და სიკვდილის თარიღს,
პატარა ტირე ნიშნავს მთელ გზასა,
რაც უცხოვრია, რითაც უვლია,
ვისაც უვლია, ქალსა თუ კაცსა.
რამდენ ტკივილზე მოგვითხრობს ნეტა
ეს საოცარი სიჩუმე ხმათა,
რამდენი კვნესა ერთად შეკრული
        გადაქცეულა უსულო ქვადა!
და პაემანი ყველა მათგანთან
ცრემლების ზღვა და სევდის ღრუბელი,
ერთნაირად ქუხს!.. მარად იქნება
წუხილი, კვნესა, გმინვა ულევი.
აქ განშორების ტრამალი არის,
ღმერთი განაგებს კაცთა სამართალს
ერთად შეკრიბავს მდიდარს და ღარიბს,
ბრძენს, ჭკუამრუდეს, მტყუანს და მართალს.
ჩაფერფლილ გრძნობებს არაფრად აგდებს,
არც გამწარებულ სულის კვნესა სწამს,
დარდიან გულში ჩამკვდარ სიყვარულს
ნატვრად გადუქცევს განშორების წამს.
აქ ჩერდება დრო, არა ღირს დათვლა
მაინც სულ ყველა ერთი წამია,
იცხოვრებ დიდხანს, თუ მალე წახვალ,
ტირე-ტირეა ერთი ხაზია!
ცრემლიან კოკორს, ამ ვარდის კოკორს!
მეც დავამატე ჩემი ცრემლები,
სახლში ჩავირბენ, ჩემო სიცოცხლევ,
ჩავალ, ცოტა ხნით გემშვიდობები!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები